წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი
„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“

მ სიტყვებს მრავალი გაუმხნევებია და უნუგეშებია; ეს სიტყვები ყველას თანაბრად ეკუთვნის, რადგან ადრე თუ გვიან მისი საჭიროება ყველას დაუდგება. მაგრამ რიგ შემთხვევებში, დგება ჟამი, როდესაც ჩვენთვის ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიწიერ ბედნიერებას, სიჭაბუკის აღფრთოვანებულ ოცნებებსა და მგზნებარე იმედებს ძალზედ მალე ენაცვლება იმედის გაცრუება და მოწყენილობა, როდესაც ჩვენ თითქოს მთელ ქვეყნიერებასთან ერთად ვიზიარებთ ყოვლისმომცველ წუხილს (ანუ ვეძლევით ე.წ. მსოფლიო სევდას. - მთარგმნ.).

ამჟამადაც ასეთ მდგომარეობაში ხომ არა ვართ? დრო და დრო ხომ არ გვეჩვენება, რომ მრავალი შფოთისა და მღელვარების შემდეგ ჩვენთვის ზნეობრივი მყუდროება დადგა, სრული გულგრილობა ყოველივეს მიმართ?

ურწმუნოსათვის გასაგებია სულის ასეთი მდგომარეობა, მაგრამ ჩვენთვის, უფრო ბედნიერთათვის ჭეშმარიტებისა და ნათლის შემეცნებაში, ჩვენთვის, ვისთვისაც განხმულია ცანი, შეუფერებელია და შეუძლებელია მივეცეთ სასოწარკვეთას და დღემუდამ ვიმეორებდეთ, რომ სიცოცხლე მოგვბეზრებია. ნუთუ ჩვენ არ გვსმენია სიტყვები: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი...“

მაგრამ, - იტყვით თქვენ, - მაშვრალსა და ტვირთმძიმეს აღარ ჰყოფნის გამბედაობა, არ ჰყოფნის ძალა ადგილიდან დაიძრას, რათა გაეშუროს იესუსაკენ. გარნა, თუკი იესუ ითხოვს ჩემგან ამ ძალდატანებას, თუკი მიხმობს და სურს გამოვეხმაურო, მაშინ იგი თავისი სიტყვით მე ამ ძალასაც მომანიჭებს. როდესაც იგი ამბობს: „მოვედით ჩემდა“, - თითქოს გვიზიდავს თავისკენ, და სიტყვანი მისნი, გამომხატველნი ესოდენი სიყვარულისა, ესოდენი მოწყალებისა, განგვამტკიცებენ რთულ გზებზე. როცა ამბობს: „მაშურალნი და ტვირთმძიმენი“, - მის სიტყვებში ჩვენთა უძლურებათა მიმართ ისეთ დიდ თანაგრძნობას და თანადგომის სურვილს ვხედავთ, რომ სულიერი ძილისაგან გამოფხიზლებულნი, ვდგებით, მივეშურებით მისკენ და მასში ვპოულობთ საუკუნო განსვენებას სულთა ჩვენთათვის.