1. გამოცხადებაჲ იესუ ქრისტესი, რომელ-იგი მოსცა მას ღმერთმან, ჩუენებად მონათა მისთა, საქმეთა მათ, რომელთაჲ ჯერ-არს ადრე აღსრულებაჲ, და გამოუცხადა მოვლინებითა ანგელოზისა მისისაჲთა მონასა მისსა იოვანეს, 2. რომელმანცა წამა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და წამებაჲ იესუ ქრისტესი, რაოდენიცა იხილა და რომელიცა არს და რომელსა ეგულების ყოფად. 3. ნეტარ არს, რომელი იკითხვიდეს და რომელნი ისმენდენ სიტყუათა ამის წინაწარმეტყუელებისათა და დაიმარხონ, რაჲ-იგი მას შინა წერილ არს, რამეთუ ჟამი ახლოს არს.
4. იოვანე, შჳდთა ეკლესიათა ასიაჲსათა: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისაგან, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, და შჳდთა მათ სულთაგან, რომელნი წინაშე საყდარსა მისსა არიან. 5. და იესუ ქრისტესგან, მოწამისა მის სარწმუნოჲსა, პირმშოჲსა შესუენებულთაჲსა და მთავრისა მეფეთა ქუეყნისათა, რომელმან შემიყუარნა ჩუენ და განგუბანნა ცოდვათა ჩუენთაგან სისხლითა თჳსითა. 6. და მყვნა ჩუენ სამეუფო მღდელ ღმრთისა და მამისა თჳსისა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7. აჰა ესერა მოვალს ღრუბელთა თანა, და იხილოს იგი ყოველმან თუალმან და რომელთა-იგი უგუმირეს მას; და გოდებდენ ტომნი ქუეყანისანი: ჰე, ამინ. 8. მე ვარ ანი და ჵ, იტყჳს უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი.
9. მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა. 10. ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ, 11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის. 12. და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი; 13. და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსაჲ ძუძუთა თანა მისთა. 14. და თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი, და თუალნი მისნი, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ 15. და ფერჴნი მისნი მსგავს იყვნეს რვალსა გუნდრუკსა, ვითარცა ცეცხლსა შინა გამოჴურვებულნი, და ჴმაჲ მისი, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ. 16. და მარჯუენესა ჴელსა მისსა აქუნდეს ვარსკულავნი შჳდნი, და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული; და პირი მისი, ვითარცა მზე, ბრწყინავს ძალითა თჳსითა. 17. და რაჟამს ვიხილე იგი, დავვარდი ფერჴთა თანა მისთა, ვითარცა მკუდარი. და დადვა მან მარჯუენე მისი ჩემ ზედა და თქუა: ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკუანაჲსკნელი; 18. და რომელი ცხოველ ვარ; და ვიქმენ მკუდარ და, აჰა ესერა ცხოველ ვარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. და მქონან კლიტენი სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი. 19. დაწერე უკუე, რაჲ-ესე იხილე და რაჲ-ესე არს და რაჲ ეგულების ყოფად შემდგომად ამისა. 20. საიდუმლოჲ შჳდთა ამათ ვარსკულავთაჲ, რომელნი იხილენ მარჯუენესა ზედა ჩემსა, და შჳდნი ესე სასანთლენი ოქროჲსანი. შჳდნი ესე ვარსკულავნი ანგელოზნი შჳდთა ეკლესიათანი არიან, და შჳდნი ესე სასანთლენი შჳდნი ეკლესიანი არიან.
1. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: 2. ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. 3. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. 4. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. 5. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო. 6. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან. 7. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.
8. და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა: 9. ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ. 10. ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ. 11. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.
12. და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული: 13. ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს. 14. არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად. 15. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ. 16. შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა. 17. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.
18. და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა. 19. ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა. 20. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა. 21. და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა. 22. აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა. 23. და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ. 24. ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირას შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე. 25. არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე. 26. და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა, 27. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან. 28. და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ. 29. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
1. და ანგელოზსა სარდისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა ჰქონან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი და შჳდნი იგი ვარსკულავნი: ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ სახელი გაქუს და ცხოველ ხარ და მკუდარ ხარ. 2. იქმენ მღჳძარე და დაამტკიცენ სხუანი იგი, რომელთაჲ გეგულებოდა განგდებაჲ, რამეთუ არა მიპოვნიან საქმენი შენნი აღსრულებულად წინაშე ღმრთისა ჩემისა. 3. იჴსენებდ, უკუეთუ ვითარ მიიღე და შეინანე. ხოლო უკუეთუ არა მღჳძარე იყო, მოვიდე შენ ზედა, ვითარცა მპარავი, და ვერ სცნა, რომელსა ჟამსა მოვიდე შენ ზედა. 4. არამედ მცირედი სახელები გყავს სარდეს შინა, რომელთა არა შეუგინებიეს სამოსლები მათი, და ვიდოდიან იგინი ჩემ თანა სამოსლითა სპეტაკითა, რამეთუ ღირს არიან. 5. რომელმან სძლოს, ესრეთ შეიმოსოს სამოსელი სპეტაკი და არა აღვჴოცო სახელი მისი წიგნისაგან ცხოველთაჲსა და აღვიარო სახელი მისი წინაშე მამისა ჩემისა და წინაშე ანგელოზთა მისთა. 6. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
7. და ანგელოზსა ფილადელფიისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს წმიდაჲ იგი და ჭეშმარიტი, რომელსა აქუს კლიტე დავითისი, რომელი-იგი განაღებს, და არავინ დაჰჴშას, გარნა განმღებელმან მან, და არავინ განაღოს დაჴშული იგი. 8. ვიცნი საქმენი შენნი. აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დაჴშვად ვერვინ შემძლებელ არს, რამეთუ მცირე ძალი გაქუს, და დაიმარხე სიტყუაჲ ჩემი და არა უარ-ჰყავ სახელი ჩემი. 9. აჰა ესერა მიგცემ კრებულისაგან ეშმაკისა, რომელნი იტყჳან თავსა თჳსსა ჰურიად, და არა არიან, არამედ ტყუვიან; აჰა ესერა ვყვნე იგინი, რაჲთა მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე ფერჴთა შენთა და ცნან, რამეთუ შეგიყუარე შენ. 10. რამეთუ დაიმარხე შენ სიტყუაჲ მოთმინებისა ჩემისაჲ, და მეცა დაგიცვა შენ ჟამისა მისგან განსაცდელისა, რომელსა ეგულების მოსლვად ყოვლსა ზედა სოფელსა გამოცდად მკჳდრთა მათ ქუეყანისათა. 11. აჰა მოვალ ადრე. იპყარ, რომელ-ეგე გაქუს, რაჲთა არავინ მიგიღოს გჳრგჳნი შენი. 12. რომელმან სძლოს, ვყო იგი სუეტად ტაძარსა შინა ღმრთისა ჩემისასა, და გარე არღარა განვიდეს და დავწერო მას ზედა სახელი ღმრთისა ჩემისაჲ და სახელი ქალაქისა ღმრთისა ჩემისაჲ ახლისა იერუსალჱმისაჲ, რომელი გარდამოვალს ზეცით ღმრთისაგან ჩემისა, და სახელი იგი ჩემი ახალი. 13. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
14. და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ: 15. ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. 16. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა. 17. რამეთუ იტყჳ: მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაჲ მეჴმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ. 18. განგაზრახებ შენ, რაჲთა იყიდო ჩემგან ოქროჲ გამოჴურვებული ცეცხლითა, რაჲთა განჰმდიდრდე, და სამოსელი სპეტაკი, რაჲთა შეიმოსო, და არა გამოცხადნეს სირცხჳლი სიშიშულისა შენისაჲ და საოლავი, რაჲთა იოლნე თუალნი შენნი და ჰხედვიდე. 19. მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ. ეშურებოდე უკუე და შეინანე. 20. აჰა ესერა ვდგა კარსა ზედა და ვჰრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი, და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა. 21. რომელმან სძლოს, მივსცე მას დაჯდომაჲ ჩემ თანა საყდარსა ჩემსა, ვითარცა-იგი მე ვსძლე და დავჯედ მამისა ჩემისა თანა საყდარსა მისსა, 22. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.
1. შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა. 2. მეყსეულად ვიქმენ სულითა, და აჰა დგა საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე. 3. და მჯდომარე იგი იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისე იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ. 4. გარემო საყდრისა საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხნი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და თავთა მათთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი. 5. და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი; და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელნი არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი. 6. და წინაშე საყდარსა მისსა, ვითრაცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ; და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ. 7. და პირველი იგი ცხოველი მსგავსი იყო ლომისაჲ, და მეორე ცხოველი მსგავსი იყო კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისაჲ, და მეოთხე მსგავსი არწივსა მფრინვალესა. 8. და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა. და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, რომელი იყო და რომელი არს და რომელი მომავალ არს. 9. და რაჟამს მისცენ ცხოველთა მათ დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდარსა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, 10. დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი წინაშე საყდარსა ზედა მჯდომარისა მის და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან: 11. ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაიბადნეს.
1. და ვიხილე მარჯუენით საყდარსა ზედა მჯდომარისა მის წიგნი, დაწერილი შინაგან და გარეგან, დაბეჭდული ბეჭდითა შჳდითა. 2. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, რომელი ქადაგებდა ჴმითა დიდითა, ვითარმედ: ვინ-მე ღირს არს განღებად წიგნისა ამის და განჴსნად ბეჭედთა მისთა? 3. და ვერვინ შემძლებელ იყო ზეცათა შინა, არცა ქუეყანასა ზედა, არცა უფსკრულთა შინა განღებად წიგნისა მის, და არცა მიხედვად მისა. 4. და მე ვტიროდე ფრიად, რამეთუ არავინ იპოვა, რომელსამცა განეღო წიგნი იგი, ანუმცა მიეხედნეს მისა. 5. და ერთმან მღდელთა მათგანმან მრქუა მე: ნუ სტირ, აჰა ესერა სძლო ლომმან თესლისაგან იუდაჲსა, ძირმან დავითისმან, რომელმან აღაღოს წიგნი და შჳდნი იგი ბეჭედნი მისნი.
6. და ვიხილე შორის საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა კრავი მდგომარე, ვითარცა დაკლული. და აქუნდეს შჳდნი რქანი და შჳდნი თუალნი, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი, რომელნი მოივლინებიან ყოველსავე ქუეყანასა. 7. და მოვიდა და მიიღო წიგნი მარჯუენისაგან საყდარსა ზედა მჯდომარისა. 8. და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოც და ოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი. 9. და გალობდეს გალობასა ახალსა და იტყოდეს: ღირს ხარ შენ მიღებად წიგნისა მის და აღებად ბეჭედთა მისთა, რამეთუ დაიკალ და გჳყიდენ ჩუენ ღმრთისა სისხლითა შენითა ყოვლისაგანვე თესლისა და ენისა და ერთა და წარმართთა, 10. და ჰყვენ იგინი ღმრთისა ჩუენისა მეფედ და მღდელად, და სუფევდენ იგინი ქუეყანასა ზედა. 11. და ვიხილე და მესმა, ვითარცა ჴმაჲ ანგელოზთა მრავალთაჲ გარემო საყდრისა და ცხოველთა და მღდელთაჲსა. და იყო რიცხჳ მათი ბევრნი ბევრთანი და ათასნი ათასთანი, 12. რომელნი იტყოდეს ჴმითა დიდითა: ღირს არს კრავი იგი დაკლული მიღებად ძალისა და სიმდიდრისა და სიბრძნისა, და პატივისა და დიდებისა და კურთხევისა. 13. და ყოველთავე დაბადებულთაჲ, რომელნი არიან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა და უფსკრულთა შინა და ზღუათა, ყოველთაჲ მესმა, რომელნი იტყოდეს: რომელი ზის საყდართა ზედა და კრავისა, კურთხევაჲ და პატივი და დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 14. და ოთხთა მათ ცხოველთა თქუეს: ამინ! და მღდელნი იგი დავარდეს და თაყუანის-სცეს.
1. და ვიხილე, რამეთუ აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე. 2. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევითა, და სძლოსცა.
3. და რაჟამს აღაღო მეორე ბეჭედი, მესმა მეორისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარმედ: მოვედ! 4. და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ, და მიეცა მას მახჳლი დიდი.
5. და რაჟამს აღაღო მესამე ბეჭედი, მესმა მესამისა მის ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე! და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. 6. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი - დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი - დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ.
7. და რაჟამს აღაღო მეოთხე ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე, 8. და აჰა ცხენი მწუანე, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა.
9. და რაჟამს აღაღო მეხუთე ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა. 10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა? 11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.
12. და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. 13. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან. 14. და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი. და ყოველნი მთანი და ბორცუნი ადგილთა თჳსთაგან შეიძრნეს. 15. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასისთავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა. 16. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა. 17. რამეთუ მოვიდა დღე იგი დიდი რისხვისა მისისაჲ და ვინ შემძლებელ არს დადგომად?
1. და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი იგი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა. 2. და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, აღმომავალი აღმოსავალით მზისაჲთ, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისა და ზღჳსაჲ, ვითარმედ: 3. ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა. 4. და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ: ას ორმეოცდაოთხი ათასი დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათა: 5. თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან გადისა ათორმეტი ათასი, 6. თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასესა ათორმეტი ათასი, 7. თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, 8. თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამინისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.
9. და შემდგომად ამისა ვიხილე: და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა და წინაშე კრავისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკებითა და ჴელთა მათთა აქუნდა ფინიკები. 10. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდარსა ზედა, და კრავისა. 11. და ყოველნივე ანგელოზნი დგეს გარემოჲს საყდრისა და მღდელთაჲსა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა 12. და იტყოდეს: ამინ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნე და მადლობაჲ და პატივი და ძალი ღმრთისა ჩუენისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 13. და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? 14. და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი. და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. 15. ამისათჳს, არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა, და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან მან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის. 16. არღარა მოემშიოს მათ, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზე, არცა ყოველივე სიცხე, 17. რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა, და აღჴოცოს ღმერთმან ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა.
1. და რაჟამს აღაღო მეშჳდე ბეჭედი, იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა. 2. და ვიხილენ შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელნი წინაშე ღმრთისა დგანან, და მიეცნეს მათ შჳდნი საყჳრნი. 3. და სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა. 4. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. 5. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა, და იქმნნეს ქუხილნი და ჴმანი და ელვანი და ძრვაჲ.
6. და ანგელოზთა მათ, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი საყჳრნი, განჰმზადნეს თავნი თჳსნი ცემად. 7. და პირველმან მან დასცა, და იქმნა სეტყუაჲ და ცეცხლი, შეერთებული სისხლითა, და მოვიდა ქუეყანად, და მესამედი ქუეყანისაჲ დაიწუა და მესამედი ხეთაჲ დაიწუა და ყოველივე თივაჲ ნედლი დაჲწუა. 8. და მეორემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა და, ვითარცა მთაჲ დიდი, მოტყინარე ცეცხლითა, შთავარდა ზღუად, და მესამედი ზღჳსაჲ იქმნა სისხლ, 9. და მოსწყდა მესამედი დაბადებულთა ზღჳსათაჲ, რომელთა თანა არს სული, და მესამედი ნავთაჲ განიხრწნა. 10. და მესამემან ანგელოზმან დასცა, და გარდამოვარდა ზეცით ვარსკულავი დიდი, მოტყინარე ვითარცა ლამპარი, და დავარდა მესამედსა ზედა მდინარეთასა და წყაროთა ზედა წყალთასა. 11. და სახელი ვარსკულავისაჲ მის არს აფსინთი. და გარდაიქცა მესამედი წყალთაჲ აფსინთად, და მრავალნი კაცთაგანნი მოსწყდეს წყალთა მიერ, რამეთუ დამწარდეს. 12. და მეოთხემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იწყლა მესამედი მზისაჲ და მესამედი მთოვარისაჲ და მესამედი ვარსკულავთაჲ, რაჲთა დაბნელდეს მესამედი მათი, და მესამედი მათი არღარა გამოჩნდეს. და დღე და ღამე ეგრეთვე.
13. და ვიხილე და მესმა ერთისა არწივისა მფრინვალისაჲ ჰაერთა შინა, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: ვაჲ არს, ვაჲ არს, ვაჲ არს მკჳდრთა ქუეყანისათა სხუათა მათ ჴმათაგან საყჳრთაჲსა სამთა მათ ანგელოზთა, რომელთა ეგულების ჴმობად!
1. და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. 2. და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. 3. და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. 4. და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. 5. და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა. 6. და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი. 7. და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი. 8. და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს. 9. და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად. 10. და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე. 11. და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ. 12. ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა.
13. მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა, 14. რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა. 15. და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ. 16. და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი. 17. და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ. 18. სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა. 19. რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ. 20. და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად. 21. და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.
1. და ვიხილე ანგელოზი ძლიერი, გარდამომავალი ზეცით, და ემოსა ღრუბელი; და ირისე, რომელ არს მშჳლდი ცისაჲ ბერძლებრ, იყო თავსა ზედა მისსა; და პირი მისი, ვითარცა მზე; და ფერჴნი მისნი, ვითარცა სუეტნი ცეცხლისანი. 2. და აქუნდა ჴელთა მისთა წიგნი განღებული. და დადვა ფერჴი მისი მარჯუენე ზღუასა ზედა და მარცხენე - ქუეყანასა ზედა. 3. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარცა ლომი რაჲ ყჳრინ. და რაჟამს ჴმა-ყო, თქუნეს შჳდთა ქუხილთა ჴმანი მათნი. 4. და რაჟამს თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, მეგულებოდა წერად. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა: დაჰბეჭდე, რაჲ-ეგე თქუეს შჳდთა მათ ქუხილთა, და ნუ დასწერ. 5. და ანგელოზმან მან, რომელი-იგი ვიხილე ქუეყანასა ზედა და ზღუასა ზედა მდგომარე, აღიღო ჴელი თჳსი მარჯუენე ზეცად 6. და ფუცა მისა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, რომელმან დაჰბადა ცაჲ და რაჲ არს მას შინა, და ქუეყანაჲ და რაჲ არს მას შინა, და ზღუაჲ და რაჲ არს მას შინა, ვითარმედ: ჟამი არღა იყოს. 7. არამედ დღეთა მათ ჴმისა მეშჳდისა ანგელოზისა, რომელსა ეგულების დაცემად საყჳრისა, და აღესრულა საიდუმლოჲ ღმრთისაჲ, ვითარცა ახარა მონათა თჳსითა წინაჲსწარმეტყუელთა. 8. და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა პირველ, კუალად მეტყოდა მე, ვითარმედ: წარვედ და აღიღე წიგნი იგი განღებული ჴელთა შინა ანგელოზისა მის, მდგომარისა ზღუასა ზედა და ჴმელსა. 9. და წარვედ ანგელოზისა მის და ვარქუ მას მოცემად ჩემდა წიგნი იგი. და მრქუა მე, ვითარმედ: აღიღე და შეჭამე წიგნი ესე, და დაამწაროს მუცელი შენი, არამედ პირსა შენსა ტკბილ იყოს ვითარცა თაფლი. 10. და აღვიღე წიგნი იგი ჴელთაგან ანგელოზისათა და შევჭამე. და იყო პირსა შინა ჩემსა ტკბილ ვითარცა თაფლი. და რაჟამს შევჭამე იგი, დაამწარა მუცელი ჩემი. 11. და მრქუა მე: ჯერ-არს შენდა კუალად წინაწარმეტყუელებაჲ ერთა ზედა და წარმართთა და ენათა და მეფეთა ქუეყანისათა.
1. და მომეცა მე ლერწამი, მსგავსი კუერთხისაჲ, და მრქუა: აღდეგ და განზომე ტაძარი ღმრთისაჲ და საკურთხეველი და თაყუანის-მცემელნი მას შინა. 2. და ეზოჲ იგი, რომელი არს გარეგან ტაძრისა, განაგდე გარე და ნუ განჰზომ მას, რამეთუ მიეცა იგი წარმართთა, და ქალაქი იგი წმიდაჲ დათრგუნონ ორმეოცდაორ თთუე 3. და მივსცე ორთა მათ მოწამეთა ჩემთა, და წინაწარმეტყუელებდენ ათას ორას და სამეოც დღე, შემოსილნი ძაძითა. 4. ესენი არიან ორნი იგი ზეთისხილნი და ორნი სასანთლენი, მდგომარენი წინაშე უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 5. და რომელსა უნდეს ვნებად მათა, ცეცხლი გამოვალს პირისაგან მათისა და შესჭამს მტერთა მათთა; და რომელსაცა ენებოს ვნებაჲ მათი, ესრეთ ჯერ-არს მოკუდომაჲ მისი. 6. ამათ აქუს ჴელმწიფებაჲ დაჴშვად ცათა, რაჲთა არა წჳმდეს დღეთა მათ წინაწარმეტყუელებისა მათისათა; და ჴელმწიფებაჲ აქუს წყალთა ზედა, რაჲთა გარდააქციონ სისხლად და რაჲთა შემუსრონ ქუეყანაჲ, რაოდენ-გზისცა ენებოს, ყოვლითავე წყლულებითა. 7. და რაჟამს აღასრულონ წამებაჲ მათი, მჴეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. 8. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქისა მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგჳპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯუარს-ეცუა. 9. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ, და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებად სამარებსა შინა. 10. და მკჳდრთა ქუეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშუებდენ და ძღუენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინაჲსწარმეტყუელთა ტანჯნეს მკჳდრნი ქუეყანისანი. 11. და შემდგომად სამისა მის და ნახევრისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შევიდა მათ თანა; და აღდგეს ფერჴთა ზედა მათთა. და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. 12. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. 13. მას დღესა შინა იქმნა ძრვაჲ დიდი, და მეათედი ქალაქისაჲ დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შჳდ ათასნი, და სხუანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა ცათასა. 14. ვაებაჲ იგი მეორე წარჴდა, და აჰა ესერა ვაებაჲ იგი მესამე მოვალს ადრე.
15. და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და იქმნეს ჴმანი დიდნი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: იქმნა სუფევაჲ სოფლისაჲ უფლისა ჩუენისაჲ და ქრისტჱს მისისაჲ. 16. და კუალად ოც და ოთხნი იგი მღდელნი, რომელნი სხენან წინაშე საყდარსა ღმრთისასა საყდართა ზედა მათთა, დავარდეს პირსა ზედა და თაყუანის-სცეს ღმერთსა, 17. და თქუეს: გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელი ხარ, და რომელი-ეგე იყავ, რამეთუ მიიღე ძალი ეგე შენი დიდი და ჰსუფევ. 18. და წარმართნი განრისხნეს. და მოვიდა რისხვაჲ შენი და ჟამი მკუდართა შჯისაჲ, და მიცემად სასყიდელი მონათა შენთა - წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა და მოშიშთა სახელისა შენისათა, მცირეთა და დიდთა.
19. და განეღო ტაძარი ღმრთისაჲ ცათა შინა, და იხილვა კიდობანი იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ ტაძარსა შინა მისსა. და იქმნნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და სეტყუაჲ დიდი.
1. და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედაკაცი, რომელსა ემოსა მზე, და მთოვარე იყო ქუეშე ფერჴთა მისთა, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნი ვარსკულავთა ათორმეტთაჲ, 2. და მუცლად-ეღო და ღაღადებდა, რამეთუ ელმოდა და იგუემებოდა შობად. 3. და იხილვა სხუაჲ სასწაული ცათა შინა: და აჰა ვეშაპი ცეცხლისაჲ დიდი, რომელსა ედგნეს თავნი შჳდნი და რქანი ათნი, და თავთა ზედა მისთა შჳდნი გჳრგჳნნი. 4. და კუდი მისი მიითრევდა მესამედსა ვარსკულავთა ცისათა, და გარდამოყარნა იგინი ქუეყანად. და ვეშაპი იგი დგა წინაშე დედაკაცისა მის, რომელსა ეგულებოდა შობაჲ, რაჲთა ოდეს შვეს, შთანთქას შვილი მისი. 5. და შვა მან ძე წული, რომელსა ეგულების მწყსაჲ ყოველთა წარმართთაჲ კუერთხითა რკინისაჲთა, და წარტაცებულ იქმნა შვილი მისი ღმრთისა მიმართ და საყდრისა მიმართ მისისა. 6. და დედაკაცი იგი ივლტოდა უდაბნოდ, სადა-იგი აქუს მუნ ადგილი განმზადებული ღმრთისა მიერ, რაჲთა მუნ გამოზარდონ იგი ათას ორას და სამეოც დღე. 7. და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. 8. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. 9. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. 10. და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე. 11. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. 12. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას.
13. და რაჟამს იხილა ვეშაპმან მან, ვითარმედ გარდამოვარდა ქუეყანად, დევნა-უყო დედაკცსა მას, რომელმან შვა ძჱ იგი წული. 14. და მიეცნეს დედაკაცსა მას ორნი ფრთენი არწივისა მის დიდისანი, რაჲთა ფრინვიდეს უდაბნოდ ადგილსა მისსა, რაჲთა გამოიზარდოს მუნ წელსა და წელთა და კერძოსა წელიწდისასა პირისაგან გუელისა მის. 15. და აღმოასხა გუელმან მან პირისაგან თჳსისა წყალი, ვითარცა მდინარე, შემდგომად დედაკაცისა მის, რაჲთამცა წარიღო დედაკაცი იგი მდინარემან მან. 16. და შეეწია ქუეყანაჲ დედაკაცსა მას. და აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქა მდინარე იგი, რომელი აღმოასხა ვეშაპმან მან პირით თჳსით. 17. და განრისხნა ვეშაპი იგი დედაკაცისა მისთჳს და წარვიდა ბრძოლის-ყოფად სხუათა მათ თანა თესლისა მისისათა, რომელნი იმარხვენ მცნებასა ღმრთისასა და აქუს წამებაჲ იესუჲსი.
1. და დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი ერთი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს ათნი რქანი და შჳდნი თავნი, და რქათა ზედა მისთა ათნი გჳრგჳნნი, და თავთა ზედა მისთა სახელნი გმობისანი. 2. და მჴეცი იგი, რომელ ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ. და მისცა მას ვეშაპმან მან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი. 3. და ერთი თავთა მისთაგანი, რომელი-იგი დაკლულ იყო სიკუდილდ, და წყლულებაჲ იგი სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს. 4. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმანცა მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა? 5. და მიეცა მას პირი დიდადმეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე. 6. და აღაღო პირი თჳსი გმობად ღმრთისა მიმართ, გმობად სახელისა მისისა და სამკჳდრებელისა მისისა, და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ. 7. და მიეცა მას ბრძოლისაცა ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა. 8. და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა. 9. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ. 10. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ და სარწმუნოებაჲ წმიდათაჲ.
11. და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისა, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი. 12. და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას პირველსა, რომლისა წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა. 13. და იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაჲთა ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით წინაშე კაცთა. 14. და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცნეს მას ქმნად წინაშე მჴეცისა მის, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის, რომელსა-იგი აქუნდა წყლულებაჲ და ცხოვნდა მახჳლისგან. 15. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მჴეცისაჲ მის და ქმნას. ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მჴეცისასა, მოიკლნენ. 16. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი, და მდიდარნი და გლახაკნი, და აზნაურნი და მონანი, - რაჲთა მიიღონ ბეჭედი ჴელსა მათსა მარჯუენესა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა. 17. და რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მჴეცისა მის, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ. 18. აქა არს სიბრძნე; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.
1. და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარე მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა. 2. და მესმა ზეცით ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. 3. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და წინაშე ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთასა. და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობისა მის, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან. 4. ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის; ესენი იესუჲს მიერ სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა. 5. და არა იპოვა პირსა მათსა ტყუვილი, რამეთუ უბიწო არიან წინაშე საყდრისა ღმრთისაჲსა.
6. და ვიხილე ანგელოზი მფრინვალე შორის ცისა და ქუეყანისა, და აქუნდა სახარებაჲ საუკუნოჲ ხარებად მკჳდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა, და ენათა და წარმართთა. 7. იტყოდა ჴმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ჟამი სასჯელისა მისისაჲ, და თაყუანის-ეცით მას, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და ზღუაჲ და წყარონი წყალთანი. 8. და სხუაჲ, მეორე ანგელოზი შეუდგა მას და იტყოდა: დაეცა, დაეცა ბაბილონი იგი დიდი, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა. 9. და სხუაჲ ანგელოზი მესამე შეუდგა მას და იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა თაყუანის-სცეს მჴეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა მისსა, 10. მანცა სუას ღჳნისა მისგან გულისწყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა. 11. და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის, და არა აქუნდეს განსუენებაჲ დღე და ღამე, რომელთაცა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაჲ. 12. აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ იესუჲსი.
13. და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე: ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმე მათი შეუდგეს მათ თანა.
14. და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარე, მსგავსი ძისა კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი აღლესული. 15. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი ეგე შენი და მომკე, რამეთუ მოვიდა ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანისაჲ. 16. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ. 17. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი. 18. და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა, რომელსა-იგი აქუნდა მანგალი მახჳლი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ვენაჴისა მის ქუეყანისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ. 19. და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნეხელსა მას გულისწყრომისა ღმრთისა დიდისასა. 20. და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოჴდა სისხლი საწნეხელისა მისგან ვიდრე აღვირადმდე ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს.
1. და ვიხილე სხუაჲ სასწაული ცათა შინა დიდი და საკჳრველი: ანგელოზნი შჳდნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი უკუანაჲსკნელნი, რამეთუ მათ წყლულებათა ზედა აღესრულა გულისწყრომაჲ ღმრთისაჲ. 2. და ვიხილე, ვითარცა ზღუაჲ ჭიქისაჲ, შერეული ცეცხლითა. და რომელთაცა სძლიან ხატსა მას და მჴეცსა და რიცხუსა მას სახელისა მისისასა, მდგომარე იყვნეს ზღუასა მას ზედა ჭიქისასა და აქუნდა ათძალები ღმრთისაჲ. 3. და გალობენ გალობასა მოსეს, მონისა ღმრთისასა, და გალობასა მას კრავისასა და იტყჳან: დიდ და საკჳრველ არიან საქმენი შენნი, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო; მართალ და ჭეშმარიტ არიან გზანი შენნი, მეუფეო წმიდათაო. 4. ვინ არა შეუშინდეს, უფალო, და ადიდებდეს სახელსა შენსა? რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმიდა, და ყოველნი წარმართნი მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოცხადნეს.
5. და შემდგომად ამისა ვიხილე, რამეთუ განეღო ტაძარი კარვისაჲ მის საწამებელისაჲ ცათა შინა. 6. და გამოვიდეს შჳდნი იგი ანგელოზნი, რომელთა აქუნდეს შჳდნი იგი წყლულებანი, რომელთა ემოსა სამოსელი სელისაჲ წმიდაჲ და ბრწყინვალე, და მკერდთა მათთა ზედა ერტყა სარტყელები ოქროჲსაჲ. 7. და ერთმან ოთხთა მათ ცხოველთაგანმან მისცნა შჳდთა მათ ანგელოზთა შჳდნი ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი გულის-წყრომითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე. 8. და აღივსო ტაძარი იგი კუამლითა დიდებისაგან ღმრთისა და ძლიერებისაგან მისისა. და ვერვინ შემძლებელ იყო შესლვად ტაძარსა, ვიდრემდის აღესრულნეს შჳდნი იგი წყლულებანი შჳდთა მათ ანგელოზთანი.
1. და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულისწყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა. 2. და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა. 3. და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა. 4. და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად. 5. და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე. 6. რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს, და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან. 7. და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისამპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან საშჯელნი შენნი. 8. და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა. 9. და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა; და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა, რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ. 10. და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ, და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან 11. და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან. 12. და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ. 13. და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუწინაჲსწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი. 14. რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა. 15. აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა. 16. და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ. 17. და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა. 18. და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი, რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი ძრვაჲ, ესრეთ დიდი. 19. და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქნი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილოვნი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულისწყრომისა რისხვისა მისისაჲ. 20. და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს. 21. და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ მისი ფრიად.
1. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ და გიჩუენო შენ საშჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა, 2. რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა. 3. და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 4. და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსე საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა. 5. და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ. 6. და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა. 7. და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი. 8. მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს, და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს, და მოვიდეს. 9. აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნე. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის. 10. და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ. 11. და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვე არს, და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს. 12. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა, ვითარცა მეფენი, ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა. 13. ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ. 14. ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფე მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
15. და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი. 16. და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი, და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა. 17. რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი. 18. და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.
1. შემდგომად ამისა ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ დიდი. და ქუეყანაჲ განათლდა დიდებისაგან მისისა. 2. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა, ვითარმედ: დაეცა ბაბილონი დიდი, და იქმნა სამკჳდრებელ ეშმაკთა, და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა, და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა, 3. რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა სუეს ყოველთა წარმართთა; და მეფეთა ქუეყანისათა მის თანა ისიძვეს, და ვაჭარნი ქუეყანისანი ძალისაგან სიბორგილისა მისისა განმდიდრდეს.
4. და მესმა სხუაჲ ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: გამოვედით მისგან, ერო ჩემო, რაჲთა არა ეზიარნეთ ცოდვათა მისთა, და წყლულებათა მისთაგან არა მიიღოთ. 5. რამეთუ მისწუდეს ცოდვანი მისნი ცადმდე, და მოიჴსენნა ღმერთმან უსჯულოებანი მისნი. 6. მიაგეთ მას, ვითარცა-იგი მან მოგაგო, და შეკეცეთ ორკეცი იგი, ვითარცა მან ქმნა, და საქმეთა მისთაებრ ბარძიმსა შინა მისსა, რომელ გიწდია, უწდიეთ მას ორკეცი. 7. ვითარ-იგი ადიდა თავი თჳსი და განცოფნა, ესეზომად მიეცა მას ტანჯვაჲ და ტკივილი, რამეთუ გულსა თჳსსა იტყჳს, ვითარმედ: ვზი დედუფლად და ქურივ არა ვარ, და გლოვაჲ არა ვიხილო. 8. ამისთჳს ერთსა დღესა მოვიდენ წყლულებანი მისნი, სიკუდილი, გლოვაჲ და სიყმილი, და ცეცხლითა დაიწუას, რამეთუ ძლიერ არს უფალი ღმერთი, რომელმან განიკითხა იგი. 9. და ტიროდიან და გოდებდენ მის ზედა მეფენი ქუეყანისანი, რომელთა მის თანა ისიძვეს და განჴურდეს, რაჟამს ჰხედვიდენ კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა. 10. შორით მდგომარენი შიშისათჳს ტანჯვისა მისისა იტყოდიან: ვაჲ, ვაჲ, ქალაქო დიდო ბაბილოვნო, ქალაქო ძლიერო! რამეთუ ერთსა ჟამსა მოვიდა საშჯელი შენი. 11. და ვაჭარნი ქუეყანისანი ტიროდიან და იგლოვდენ მის ზედა, რამეთუ ტჳრთსა მათსა არღარავინ იყიდდეს. 12. არღარა იყოს ტჳრთები ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ქვისა პატიოსნისა და მარგალიტისაჲ და ბისონისა და პორფირისა და მეწამულისა და ძოწეულისაჲ და ყოველივე შეშაჲ სულნელი და ყოველივე ჭურჭელი პილოჲს-ძულისაჲ, და ყოველივე ჭურჭელი შეშისა პატიოსნისაჲ და რვალისა და რკინისა და მარმარილოჲსა 13. და კილამონისა და საკუმეველნი და მიჰრონი და გუნდრუკი და ზეთი და სიმინდი და იფქლი და ცხოვარი და ზროხაჲ და ცხენნი და ეტლნი და ჴორცნი და სულნი კაცთანი. 14. და ხილი გულის-თქუმისაჲ სულისა შენისაჲ წარვიდა შენგან და ყოველი პოხილი და ბრწყინვალე წარჴდა შენგან, და ვერღარა ჰპოვნე ესე ყოველნი. 15. ვაჭარნი ამის ყოვლისანი, რომელნი განმდიდრდეს მისგან, შორს დადგენ შიშისათჳს ტანჯვისა მისისა და ტიროდიან და იგლოვდენ 16. და იტყოდიან: ვაჲ ქალაქი იგი დიდი, შემოსილი ბისონითა და პორფირითა და ძოწეულითა და შემკული ოქროჲთა, და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა! 17. რამეთუ ერთსა ჟამსა განირყუნა ესოდენი იგი სიმდიდრე. და ყოველივე წყალთა ზედა მავალი და მენავენი, და რომელნიცა შურებიან ზღუასა ზედა, შორით დგეს. 18. და ხედვიდეს კუამლსა მას ჴურვებისა მისისასა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს ქალაქსა მას დიდსა?! 19. და დაისხეს მიწაჲ თავთა ზედა მათთა და ღაღადებდეს ტირილით და გლოვით და იტყოდეს: ვაჲ, ვაჲ ქალაქი იგი დიდი, რომელსა შინა განმდიდრდეს ყოველნი, რომელთა აქუნდა ნავები ზღუასა შინა პატიოსნებისაგან მისისა! რამეთუ ერთსა ჟამსა აღოჴრდა. 20. იხარებდი მის ზედა, ცაო და წმიდანო მოციქულნო და წინაჲსწარმეტყუელნო, რამეთუ საჯა ღმერთმან სასჯელი თქუენი მისგან.
21. და აღიღო ერთმან ანგელოზმან ძლიერმან ქვაჲ, ვითარცა წისქჳლი დიდი, და შთააგდო იგი ზღუასა და თქუა: ესრეთ შთავარდეს ბაბილონ, ქალაქი იგი დიდი, და არღარა იპოოს. 22. და ჴმაჲ მეათძალეთაჲ და მეწინწილეთაჲ, და მესტჳრეთაჲ, და მესაყჳრეთაჲ არღარა ისმეს შორის შენსა, და ყოველი ჴელოვანი ყოვლისა ჴელოვნებისაჲ არღარა იპოოს შენ შორის, და ჴმაჲ წისქჳლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის. 23. და ნათელი სანთლისაჲ არღარა იხილვოს შენ შორის, და ჴმაჲ სიძისა და სძლისაჲ არღარა ისმეს შენ შორის, რამეთუ ვაჭარნი შენნი იყვნეს მთავარნი ქუეყანისანი, რამეთუ მწამლველობითა შენითა სცთეს ყოველნი წარმართნი. 24. და შენ შორის სისხლნი წინაწარმეტყუელთანი და წმიდათანი იპოვნეს და ყოველთა მოკლულთაჲ ქუეყანასა ზედა.
1. შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუჲაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ! 2. რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან საშჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა, და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა. 3. და მეორედ თქუეს: ალელუჲაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე. 4. და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი და ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამინ! ალელუჲა!
5. და ჴმაჲ გამოვიდა საყდრით, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი - მცირენი და დიდნი. 6. და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ, და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუჲა! რამეთუ სუფევს უფალი ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი. 7. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ, და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი, 8. და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალე. რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან.
9. და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან. 10. და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.
11. და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის. 12. და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. 13. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 14. და მჴედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა. 15. და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, რაჲთა მით მოსრნეს წარმართნი, და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა. და იგი დასწნეხს საწნეხელსა მას ღჳნისა მის გულის-წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა. 16. და არს წერილ სამოსელსა მისსა ზედა და თეძოსა მისსა სახელი, ვითარმედ: მეუფე მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ.
17. და ვიხილე ანგელოზი, მდგომარე მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა: მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა, 18. რაჲთა შჭამნეთ ჴორცნი მეფეთანი და ჴორცნი ათასის-თავთანი, და ჴორცნი ძლიერთანი, და ჴორცნი ცხენთანი და მათ ზედა მსხდომარეთანი, და ჴორცნი ყოველთა აზნაურთა და მონათა, და მცირეთა და დიდთანი. 19. და ვიხილე მჴეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მჴედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის-ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მჴედრობისა მისისა მიმართ. 20. და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუწინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მჴეცისაჲ და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა. 21. და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.
1. და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტე უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. 2. და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელი არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. 3. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ. 4. და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტეს თანა ათასსა მას წელსა. 5. და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხოვნდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. 6. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტესა, და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა. 7. და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. 8. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლე ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ. 9. და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. 10. და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
11. და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ. 12. და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა. 13. და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა; და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა. 14. და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორე არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. 15. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.
1. და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს. 2. და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი, ვიხილე გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა. 3. და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა, სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის. 4. და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს. 5. თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან. 6. და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. 7. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე. 8. ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცისმკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთმსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორე.
9. და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თანა და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ. 10. და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან. 11. და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა. 12. და აქუნდა ზღუდე დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ. 13. აღმოსავალით ბჭენი სამნი, და სამხრით სამნი და ჩრდილოჲთ სამნი, და დასავალით სამნი. 14. და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი. 15. და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი. 16. და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძე მისი, ვითარცა სივრცე. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძე და სივრცე და სიმაღლე მისი სწორ არიან. 17. და ზღუდე მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ. 18. და იყო მოსწორებაჲ ნაშენები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა. 19. და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორე საფირონი, მესამე ქალკიდონი, მეოთხე სამარაგდე, 20. მეხუთე სარდონიხოჲ, მეექუსე სარდიოჲ, მეშჳდე ოქრო-ქვაჲ, მერვე ბივრილი, მეცხრე ტოპაზი, მეათე ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტე იაკინთი, მეთორმეტე ამეთჳსოჲ. 21. და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი. თითოეული ბჭე იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის - ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალე. 22. და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს, და კრავი იგი. 23. და ქალაქსა მას არა უჴმს მზე, ანუ მთოვარე მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი. 24. და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ. 25. და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამე მუნ არა იყოს. 26. და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს. 27. და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.
1. და მიჩუენა მდინარე ერთი წყლისა ცხოველისაჲ, ბრწყინვალე, ვითარცა ბროლი, გამომავალი საყდრისაგან ღმრთისა და კრავისა. 2. შორის სივრცესა მის ქალაქისასა, და მდინარისა მის ამიერ და წიაღ, ძელი ცხორებისაჲ, გამომღებელი ათორმეტსა ნაყოფსა, ყოველთა თუეთა მომცემელი თჳსისა მის ნაყოფისაჲ, და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა. 3. და ყოველი წყევაჲ არა იყოს მუნ. და საყდარი იგი ღმრთისაჲ და კრავისაჲ მას შინა იყოს. და მონანი მისნი ჰმსახურებდენ მას. 4. და იხილონ პირი მისი, და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა. 5. და ღამე არა იყოს მუნ, და არა საჴმარ იყოს ნათელი და მზე, რამეთუ უფალმან ღმერთმან განანათლნეს იგინი, და სუფევდენ უკუნითი უკუნისამდე.
6. და მრქუა მე: ესე სიტყუანი სარწმუნო და ჭეშმარიტ არიან, და უფალმან ღმერთმან სულთა წინაწარმეტყუელთამან მოავლინა ანგელოზი თჳსი ჩუენებად, რაჲ-იგი ყოფად არს ადრე. 7. და, აჰა ესერა მოვალ ადრე. ნეტარ არს, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი. 8. და მე, იოვანე, რომელსა მესმოდა და ვხედევდი ამას ყოველსა, და რაჟამს მესმა და რაჟამს ვიხილე, დავვარდი თაყუანის-ცემად წინაშე ფერჴთა ანგელოზისა მის, რომელი მიჩუენებდა ამათ. 9. და მრქუა მე: იხილე ნუ, რამეთუ შენ თანა მონაჲ ვარ და ძმათა შენთა თანა წინაწარმეტყუელთა, და რომელთა დაიცვნენ სიტყუანი ამის წიგნისანი. ღმერთსა თაყუანის-ეც. 10. და მრქუა მე: ნუ დაჰბეჭდავ სიტყუათა წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისათა, რამეთუ ჟამი ახლოს არს. 11. უსამართლოჲ იგი უსამართლოებდინ ჯერეთ, და შეგინებული შეიგინებოდენ ჯერეთ, და მართალი სიმართლესა იქმოდენ ჯერეთ, და წმიდაჲ იგი წმიდა იქმნებოდენ ჯერეთ. 12. და აჰა ესერა მოვალ ადრე, და სასყიდელი ჩემი ჩემ თანა მიგებად თითოეულსა, ვითარცა საქმე მისი იყოს. 13. მე ვარ ანი და ჵ, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული.
14. ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად. 15. გარე იყვნენ შეგინებულნი და მწამლველნი და მეძავნი და კაცის-მკლველნი და კერპთმსახურნი და ყოველი მოყუარე და მოქმედი ტყუვილისაჲ.
16. მე, იესუ, მოვავლინე ანგელოზი ჩემი, რაჲთა გიწამოს ესე ყოველი თქუენ, ეკლესიათა. მე ვარ ძირი და ნათესავი დავითისი, ვარსკულავი ბრწყინვალე განთიადისაჲ.
17. და სული და სძალი იტყჳან: მოვიდოდე! და რომელსა ესმას, თქუნ: მოვიდოდე! და რომელსა სწყუროდის, მოვიდოდენ, რომელსა ჰნებავს მიღებად წყლისა მის ცხოველისა უსასყიდლოდ.
18. ვწამებ მე ყოვლისა მიმართ, რომელსა ესმოდიან სიტყუანი წინაწარმეტყუელებისა ამის წიგნისანი: უკუეთუ ვინ შესძინოს ამათ ზედა, შესძინენ ღმერთმან მის ზედა წყლულებანი იგი, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა. 19. და უკუეთუ ვინ მოაკლოს სიტყუათა წიგნისა ამის წინაწარმეტყუელებისათა, მოაკლენ ღმერთმან ნაწილი მისი ძელისა მისგან ცხორებისა. და ქალაქისა მისგან წმიდისა, რომელ წერილ არიან ამას წიგნსა.
20. იტყჳს, რომელი წამებს ამას: ჰე, მოვალ ადრე! ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!
21. მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა. ამინ.