მართლმადიდებლური სარწმუნოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას, რომელთა გახელებაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანს და მეტად აშორებს მას ღმერთს. ერთ-ერთი მათთაგანი მრისხანების ვნებაა, რომელიც ესოდენ არის ჩვენთან ფეხმოკიდებული და რის გამოვლენასაც ხშირად შეხვდები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ხშირად დიდად არც აქცევენ ყურადღებას, მაინცდამაინც არც წუხდებიან ამით. რა მოხდა, ვინ არ გაღიზიანებულა, უთქვამს გაბრაზებისას უკადრისი სიტყვები, უჩხუბია - ფიქრობენ ასე, მით უმეტეს, თუ მძიმე ცხოვრებისეული ყოფა ამას ხელს უწყობს, რამდენს აქვს ნერვები დაჭიმული, აწუხებს მრავალი პრობლემა, მიდი და გაამტყუნე ზედმეტად. ამ ფონზე ადამიანისთვის ჩვეულებრივ მოვლენად მოჩანს ეს ყველაფერი, ხშირად დასაძრახი რომ მაინცდამაინც არც არაფერია და ძალიან ცოტა თუ აცდება ალბათ ამას, ისიც ის, ვინც ბუნებით, თავისთავად არის მეტად მშვიდი.
არადა, სულ სხვაგვარად მოჩანს მრისხანების ვნების ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გამოვლინებები, როცა მართლმადიდებლური კუთხით ხდება მათი განხილვა. როგორც წმიდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „თუ სულიწმიდის მადლი - ეს არის სული სიწმინდისა და სიწყნარის, ხოლო მრისხანება კი აღშფოთებაა სულის, მაშინ აქედან გამომდინარე არაფერი ისე არ უკეტავს გზას ამ მადლის შემოსვლას ჩვენში, როგორც იგი".
წყობიდან გამოსვლა, გაბრაზება იმდენად არასათნო, არამადლმოსილ მდგომარეობად ითვლება ეკლესიური თვალსაზრისით, რომ მის წიაღში ასეთ გამონათქვამსაც ვხვდებით: „მრისხანებამ გარდაცვლილიც რომ აღადგინოს ლოცვით, მისი ლოცვა მიუღებელი იქნება უფლისთვისო". აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, თითქოს ამ ვნებით გახელებულს მართლაც შეუძლია მიცვალებულის მობრუნება სიცოცხლისაკენ, უბრალოდ ამ ფრაზით ხატოვნად არის ნაჩვენები, თუ როგორი არასათნოა ღვთისთვის წყობიდან გამოსული კაცის საუბარი, ვედრებაც კი მისადმი.
მრისხანების ვნების სხვადასხვა სახეებს ვხვდებით, რომელთა შორის პირველიც გაშმაგება, გააფრთებაა. ამ დროს ზოგჯერ შეურაცხად, ჭკუადაკარგულ მდგომარეობასაც კი უახლოვდებიან და იმდენად გამოდიან წყობიდან, რომ დიდი სურვილი უჩნდებათ, არ დაინდონ, გაამწარონ, დასაჯონ ის, ვისაც თავისი სიბრაზის მიზეზად თვლიან. კაცი დიდი სიავის, ბოროტების სათავედ ეჩვენებათ და მეტად იჩრდილება ის დადებითი, კარგი, რომელსც მასში ამჩნევდნენ, სიკეთე, რაც შესაძლებელია არცთუ იშვიათად უნახავთ მისგან. ხშირად გაშმაგებისას ისეთი სიტყვები სცდებათ, იმგვარად შეურაცყოფენ სხვას, რომ დამშვიდებისას შემდეგ ზოგჯერ სინანულს, სირცხვილის გრძნობასაც კი განიცდიან მომხდართან დაკავშირებით, ფიქრობენ, რომ მეტად შეტოპეს შორს.
არცთუ იშვიათად მრისხანებისას გაჩენილი განცდებისას მათი მოქმედებაში გადასვლის ტენდენციაც შეინიშნება. გააფთრებისას, გაშმაგებისას ეს კარგად ჩანს. შეიძლება კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენონ, მაგრამ აღგზნებას, მოძრაობათა გააქტიურებას მაინც ჰქონდეს ადგილი, რაც შეიძლება რაიმე ნივთის სროლაში, დაზიანებაში, დამტვრევაში გამოიხატოს.
მრისხანების გამოვლენის ერთ-ერთი სახეა გულღრძოობა, როდესაც დიდ ხანს ინარჩუნებენ წყენას, უჭირთ აპატიონ, მიუტეონ სხვას, ხშირად იხსენებენ შეურაცხმყოფელი სიტუაციის, საუბრის დეტალებს და ზოგჯერ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის გეგმებსაც კი სახავენ მათ წინააღმდეგ, ვინც ასე გააბრაზა. გულღრძოობის გამოვლენის მეტად ცხოვრებისეულ მაგალითს ვხვდებით მამა ანემპოდისტეს ნაამბობში: „დემონი მშვიდად მჯდარ კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: „გუშინ კამათისას მოსაუბრემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგმართა, რაზეც იმ მომენტში ვერ შეძელი სათანადო პასუხის გაცემა", - ადამიანი კრთება, რადგანაც დემონურმა ისარმა თავის სამიზნეს მიაღწია.
ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი. კაცი სკამიდან დგება და გონებაში შემდეგი აზრი გაუელვებს: „მართლაცდა იმ მომენტში მე ვერ მოვნახე საჭირო სიტყვები, რომლითაც უნდა მეპასუხა, არადა ასე და ასე შეიძლებოდა მიმეგო".
იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი იწყებს მუშტების ქნევით ოთახში წინ და უკან სიარულს. გონებაში აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: „უნდა ესა და ეს მეთქვა, რა საწყენია, რომ სათანადო სიტყვები მხოლოდ შემდეგ გახსენდება. დიახ, დიახ, საჭირო იყო, ასე გამეცა საკადრისი პასუხი. ერთი მინდა ვიცოდე, რას მიპასუხებდა?"
ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო იპყრობს. იწყება დემონთა მხრიდან გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ.
ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, შურისძიების გეგმებს აწყობს მეორე დღისათვის, როცა შეძლებს რაც მოამზადა, ყველაფერ იმის გამოყენებას. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების გრძნობის ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად რომ ვინმემ წარმოიდგინოს, უხილავად როგორ აბურთავებს თურმე დემონური ძალა".
მრისხანების ვნების სახეებია აგრეთვე სიძულვილი, ადვილად წყენა, ზედმეტი ეჭვიანობა, როცა ხშირად საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართულ ხრიკებს ხედავენ, დაცინვას, ზიანის მიყენების მცდელობას. აქვე უნდა აღინიშნოს წრეგადასული უნდობლობა მეუღლის, ოჯახის წევრების, ახლობლების თუ ნაცნობების მიმართ. ასეთ დროს რა მართალიც არ უნდა ეჩვენებოდეს კაცს საკუთარი თავი, მისი შინაგანი მდგომარეობა დემონური ხელწერის მატარებელია, იგი ამ ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება.
ზოგჯერ მთელი ცხოვრება არ სცემენ ხმას ერთმანეთს დედმამიშვილები, ძველი მეგობრები, მეზობლები, რაღაც ეწყინათ, არ მოეწონათ, იჩხუბეს, გულში ჩარჩათ და ვერაფრით თავისუფლდებიან ამისგან. როგორც არ უნდა გაუჭირდეს მწყენინებელს, ავად გახდეს, ახლობელი გარდაეცვალოს, მაინც ვერ ძლევს საკუთარ თავს და ადრინდელი გაბრაზების გამო არ იჩენს ელემენტარულ სიბრალულს, ყურადღებას, ადამიანურობას, რაც ყველაზე ღვთისნიერი, გამართლებული ქცევის გამოვლენა იქნებოდა იმ ვითარებაში.
არის კიდევ ერთი სახე მრისხანებისა, რომელიც ერთი შეხედვით ნაკლებ საშიშად მოჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის. ზოგიერთი თავის გასამართლებლად ამბობს: „თუმცა ვიფეთქებ, მაგრამ მალევე მივლის". წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „... ზოგჯერ მრისხანების ცბიერი დემონი სწრაფად გშორდება იმ მიზნით, რომ არ შეინანო და ამით საკუთარი სნეულება უკურნებელი გახადო (სათნოებათა კიბე. სიტყვა 8,9). ამ წმიდა მამის მიხედვით ამ დროს ნაკლს დიდად არაფრად თვლიან და ამით მას საბოლოოდ უკურნებელს ხდიან".
მრისხანების ვნების ყველაზე მძაფრ სახეს აფექტური მდგომარეობა წარმოადგენს, როცა კაცის ცნობიერება იმდენად ვიწროვდება, ერთი, მხოლოდ წყობიდან გამომყვანი, ტრავმის განმცდელი მიზეზის მიმართულებით, რომ ამ დროს ყველა სხვა სახის აზრებს, ფიქრებს გონებაში გზა ეკეტებათ. ასეთ მდგომარეობაში მყოფს არაფერი არ ესმის, ვერ იგებს სხვის საუბარს, რჩევა-დარიგებებს, გონება სრულიად გადაკეტილია ზემოქმედებისთვის. კაცი შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფება, თავს ვერ აკონტროლებს და ყველაფერი შეუძლია მოიმოქმედოს. აფექტური სტრესის თანმხლები მოვლენებია სისხლის მიმოქცევის გაძლიერება, თვალის გუგების გაფართოება, წამოწითლება, გონებაში ფიქრთა სწრაფი მონაცვლეობა გამღიზიანებლის მიმართულებით. მრისხანების ვნებით განპირობებული აფექტისას უმთავრესად ამგვარ სურათს ვხვდებით, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგთან ეს უმწვავესი ემოციური მდგომარეობა სულ სხვაგვარად ვლინდება. ამ დროს შეიძლება შინაგანი მდგომარეობის გააქტიურებას კი არა, მოდუნებას, მოშვებასაც ჰქონდეს ადგილი: გაფითრებას, ერთ ადგილას გაშეშებას, აზრთა მიმდინარეობის მეტად შენელებას. უნდა ითქვას, რომ აფექტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმწვავეს ემოციად ითვლება, არ ახასიათებს დიდი ხანგრძლივობა, ის მალე ნელდება, თუმცაღა მცირე ხნის განმავლობაშიც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოგვცეს.
მრისხანების სხვადასხვა სახეს გამოყოფს მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე): „პირველი, აღნიშნავს იგი, როცა სამართლიანად ჯავრობენ რაიმე მძიმე მიზეზის გამო, მაგალითად, როდესაც ღვთის, უფლის მგმობელ სიტყვებს გაიგონებენ, დაცინვას სარწმუნოებისას, ასევე გაბრაზებას აქვს ადგილი სხვა საპატიო მიზეზიდან გამომდინარე... წუხდებიან, ჯავრობენ სხვისი გარყვნილების შემხედვარე, თავად რომ არასწორად ცხოვრობენ და სხვებსაც არსებობას უმრუდებენ ამით, როცა უყურებენ ბოროტ, არასამართლიან ადამიანს, მოყვასს ვინც ტანჯავს და არღვევს ღვთის, სახელმწიფოს რჯულს. ასეთ შემთხვევებში, გარემოებისას კაცის მრისხანება დასაძრახი კი არ არის, არამედ ღვთისთვის მისაღებია, სათნო. რატომ? მისთვის, რომ ამგვარი მრისხანება სიმართლის სიყვარულით არის განპირობებული, საღმრთო შურით და კაცის სიკეთეს, არაბოროტებას წარმოაჩენს.
მრისხანების მეორე სახე თუმცა ესოდენ წმინდა და სათნო არ არის როგორც პირველი, მაგრამ მაინც არც ის არის დასაძრახი და გასამტყუნი. კაცს ხშირად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც ვინმე ჩაგრავს სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილი დასწამა, უსამართლოდ უჩივლა, წაართვა რამე, არ შეიძლება მაშინ ადამიანს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი, ჩივილი ამის გამო, რომ ისიც ცოცხალი არსებაა და ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ასეთ შემთხვევებში როცა გჩაგრავენ, გემტერებიან, გული რომც მოგივიდეს და გაჯავრდე, მაინც შეეცადე დააკავო შენი გრძნობები, გეშინოდეს არ წარგიტაცოს მან, ცოდვაში არ ჩაგაგდოს. თუ იმ ზომით განრისხდი, რომ შურისძიება დაიწყე სიტყვით ან საქმით, მაშინ თავადაც მას დაემსგავსები და შენი გაბრაზება უფლისთვის საწინააღმდეგო, ცოდვილი იქნება.
ზოგჯერ მრისხანება სრულიად არასამართლიანია, სხვადასხვაგვარად ჩნდება და ხანდახან დიდ უგნურებას აჩენს კაცისას, მაგალითად, ხშირად ბრაზობენ, რა ცუდი, შეჩვენებული დღე არისო. ამით საკუთარ უგუნურებას, მოუთმენლობას, სულმოკლეობას აჩვენებენ. უფრო ხშირად პირუტყვზე ბრაზდებიან, ცოფდებიან, რამდენჯერ დაინახავ, როგორ სცემს გაჯავრებული გლეხი თავის საქონელს, ურტყამს თავში. უნებურად იფიქრებ ასეთ დროს, თვითონ ის კაცია პირუტყვი თავის ჭკუით და გონებით. ნეტავ სხვასთან მაინც სამართლიანად ვიქცეოდეთ, არ ვუბრაზდებოდეთ ერთმანეთს უსაფუძვლოდ. რამდენჯერ მომხდარა, თვითონ ადამიანი გააფუჭებს საქმეს და ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს გაუბრაზდეს, საკუთარ ხელქვეითს, მოსამსახურეს უჯავრდება. ცხადია, ამგვარი უბრალოდ სხვაზე მრისხანება თავხედობით, ამპარტავნებით არის გამოწვეული".
უნდა ითქვას, რომ არა მხოლოდ ტყუილუბრალო, მიკერძოებითი მიზეზით გამოწვეული მრისხანება, არამედ წმიდა მამათა მიხედვით სამართლიანი გაბრაზებაც კი გაუმართლებელია ადამიანისთვის. „მრისხანებით ნათქვამი სიმართლეც კი ცოდვად ეთვლებაო კაცს" ვხვდებით მართლმადიდებელ მამათა ამგვარ გამონათქვამს და როგოც ვხედავთ, ამ ვნებით გახელება თვით ჭეშმარიტებასაც კი აუბრალოებს, უსვამს ხაზს. შეიძლება მართალი იყო შენს ახლობლებთან, მეგობრებთან თუ უბრალო შემხვედრთან დამოკიდებულებაში, სხვამ არასწორად იფიქროს, მოიქცეს, მაგრამ თავისთავად ზედმეტი გაღიზიანება, გაანჩხლება უკვე ქმნის შენში დემონურ მდგომარეობას, ამის ფონზე კი საკუთარი სისწორე უკვე დიდად არაფრად მოჩანს. რაც არ უნდა იყოს, უკვე ბოროტის კლანჭებში ხარ მოქცეული და ამის გამო არასათნოა უფლისთვის შენი შინაგანი მდგომარეობა.
ასეთ შემთხვევებს, როცა თვლიან, რომ სიმართლე მათ მხარესაა და სხვა ცდება, არასწორად ესმის რაღაც, ხშირად აქვს ადგილი ოჯახურ გარემოში. ეკამათებიან ერთმანეთს, უმტკიცებენ სიმართლეს, მაგრამ უმთავრესად რამდენიც არ უნდა მოინდომონ, მაინც არაფერი გამოდის. ნელ-ნელა უწევენ ხმას, უფრო და უფრო ღიზიანდებიან, ბრაზდებიან, იძაბება სიტუაცია და შედეგი კი არ ჩანს. აქვს კი სიმართლის ამგვარად თქმას აზრი, მოიტანს ის რაიმე სარგებლობას?! სხვას ვერაფერს უმტკიცებ შენი აზრის გამოთქმით, პოზიციის დაფიქსირებით, წინააღმდეგობის გაწევის სურვილს კი უღვივებ და თავადაც ხელდები? ისიც საკითხავია, რამდენად მართალი ხარ. ასეთ დროს, თუ საღად შეაფასებ ყველაფერს, მიხვდები, რომ გაჩერება ჯობს და არა დიდი მონდომებით საკუთარი სისწორის ჩვენება.
"შეიძლება კი ვიკამათოთ აზრთა სხვადასხვაობის პირობებში ახლობლებთან? წმიდა მამები ბარსანოფი დიდი და იოანე ასეთ შემთხვევაში შემდეგნაირ მოქმედებას გვირჩევენ: „სამჯერ უთხარი სხვას შენი აზრი, შეხედულება და თუ არ მოინდომებს მის გაგებას, დაანებე თავი, რადგანაც კამათი ცუდი საქმეა. ყველა შემთხვევაში გთავაზობენ შველას თუ შენ გინდა დახმარების ხელი გაუწოდოს სხვას, თქვი საკუთარი აზრი სამჯერ და თუ არ დაგეთანხმებიან, დაშორდი მშვიდობით, არ შეურაცხყო იგი. ასეთია ჭეშმარიტი გზა უფლის". ამიტომაც უნდა მოვერიდოთ კამათს, დავას თავის ჩვეულებრივი ფორმით, მას გაღიზიანება მოაქვს, ამიტომაც ზიანის მომტანია იგი, უკარგავს სულს სიმშვიდეს, ღვთაებრივ სულთან თანაზიარობას. ამასთან კამათს შედეგი არ მოაქვს, თუკი მოდავეებს, როგორც ეს უმეტესწილად ხდება, სურვილი აქვთ დაიჟინონ თავისი, არ ეძიონ ჭეშმარიტება".
წმიდა მამები არა მხოლოდ არ გვირჩევენ მივიღოთ მონაწილეობა კამათში, არამედ მათი შეხედულებით უნდა განვეშოროთ კიდევაც იმ ადგილს, სადაც სხვები დაობენ...
არა მხოლოდ კამათი, ყვველა შემთხვევაში გაღიზიანებული საუბარიც კი, დაუშვებელია ქრისტიანისთვის. ამგვარი გახელება უკვე მიუთითებს მასზე, რომ ადამიანთან არ იმყოფება ღვთაებრივი (მადლი) სული. გაღიზიანება დასაწყისია მრისხანების, იგი წყობიდან გამოსულზე ბოროტი სულის მბრძანებლობაზე მიუთითებს და ამიტომაც ამგვარი საუბრიდან მხოლოდ ცუდს შეიძლება ველოდოთ.
უნდა ითქვას, ოჯახური გარემო მეტად რთულად ითვლება თავშეკავების თვალსაზრისით. რასაც ითმენენ სახლს გარეთ, ცდილობენ არ მისცენ მას რეაქცია, იმას ხშირად ვეღარ ახერხებენ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან მიმართებაში. როცა შინ არ არიან, მაშინ მეტად აკონტროლებენ თავს, უცხო ხალხთან ურთიერთობისას უფრო ცდილობენ გამოიჩინონ ტაქტი, არ აყვნენ ემოციებს. ხშირად მათთან კონტაქტი საკმარისად დიდ დაძაბვას, ყურადღებას მოითხოვს, ვინმეს რომ არ აწყენინო, გაიფუჭო ურთიერთობა. სურათი იცვლება, როცა საქმე უკვე ოჯახის წევრებს შეეხება. აქ არცთუ იშვიათად დიდ გარდასახვას აქვს ხოლმე ადგილი. შეიმჩნევა ერთგვარი მისწრაფება, განთავისუფლდნენ იმ შებოჭვისაგან, რომელიც უცხო ხალხთან ურთიერთობას ახლავს თან. სახლში უკვე თავისუფლად, მოურიდებლად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, გამოხატავენ ემოციებს, შთაბეჭდილება ისეთია, რომ დიდად აღარ ცდილობენ თავშეკავებას, თითქოს ეს გარეთაც კმარა, შინაც იგივე ზედმეტი იქნება, დამთრგუნველი. ასეთი მისწრაფება კი იწვევს იმას, რომ ხშირად სათანადო განსჯის, გააზრების გარეშე, გრძნობებს აყოლილები ამბობენ სათქმელს, მიუთითებენ სხვას შეცდომებზე, თან ნაკლებად ცდილობენ შეარჩიონ საუბრის ტონი, სიტყვები, დრო, რათა ახლობელი არ გაღიზიანდეს, დაბრკოლდეს, გამოვიდეს წყობიდან. არცთუ იშვიათად ისეთი სცენები იმართება ოჯახის წევრებს შორის, რომ გარეთ მათი ქცევის შემხედვარე, ძნელად რომ ეს წარმოიდგინო.
უკანასკნელ ოპტინელ მამათა ლოცვაში ვხვდებით სიტყვებს: „მასწავლე სწორი და გონიერი მოქმედება ჩემი ოჯახის ყველა წევრთან, არავის ვაწყენინო, არავინ შევაშფოთო". წმ.მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: „დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს, აქ ყოველ დღეს და ყოველ წამს მოთმინებით და სულგრძელობით უნდა იქცეოდე. თუ ადამიანებმა ერთმანეთს ნაკლი და შეცდომები არ მოუთმინეს, ერთად ვერ გაძლებენ. დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა კაცისთვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვეძლევა. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდეს და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენ და ვერ განამტკიცებ, როგორც ოჯახში. ადამიანის ხასიათი არსად ისე კარგად არ მჟღავნდება, როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი სახე დამალოს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება სინამდვილეში ვინაა - კეთილი თუ ბოროტი. შინაური ცხოვრება სარკეა, სადაც კაცის ჭეშმარიტი ბუნება, ხასიათი ჩანს. ქრისტიანთათვის სახლი ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა. როგორც ტაძარში, ოჯახშიც სიწმინდით და მორიდებით უნდა იქცეოდეს".
თავად ოჯახშიაც ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახე, რომელიც გვხვდება, ეს ცოლ-ქმარს შორის დამოკიდებულებაა. ერთმანეთთან ცხოვრების ეს სახე თავისი განსაკუთრებული ნიშნებით გამოირჩევა და ორივე მხარეს დიდი ტაქტი, მოთმინება, სულგრძელობა მართებს, რათა მყარი იყოს ოჯახური კავშირი. სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ამას ადგილი არა აქვს, რაც იწვევს გაუთავებელ კინკლაობას, დაპირისპირებას, ჩხუბს ცოლ-ქმარს შორის, რისი ბოლოც ზოგჯერ განქორწინება, დაშორებაა. მისთვის, რომ ასეთი სავალალო შედეგი არ მივიღოთ, საჭიროა, ჯერ ერთი, დიდი სიფრთხილით შეირჩეს მეწყვილე, ხოლო ამის შემდეგ ჯეროვანი მზრუნველობა იქნას გამოჩენილი მეორე მხარესთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ეს კი მრისხანებისგან, გაღიზიანებისგან რაც შეიძლება თავის შეკავებას გულისხმობს. ამ ამოცანის შესრულება არ არის ადვილი. ხშირად როცა მცირე ხნის კონტაქტი აქვთ, ვთქვათ, რამდენიმედღიანი სახლს გარეთ, არა ოჯახის წევრებთან, მაშინ ვერ ინარჩუნებენ სიმშვიდეს, გამოდიან წყობიდან, აღიზიანებთ ერთმანეთი, უპირისპირდებიან ერთი-მეორეს და რაოდენ ძნელია, როდესაც ორ ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთად უწევს არსებობა, ჭაპანის ზიდვა. აქ გაცილებით მეტად გვხვდება ისეთი ცხოვრებისეული სიტუაციები, როცა აზრთა სხვადასხვაობას, შეცდომებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და ოჯახური ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ურთიერთმოპყრობის თავისუფალი სახეც ერთგვარად ხელს უწყობს ხშირად დაუფარავად, მოურიდებლად, უტაქტოდ ითქვას სათქმელი, გამოხატულ იქნას საკუთარი პოზიცია.
ამერიკელი ფსიქოლოგი აარონ ბეკი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ხშირად შესამჩნევ ხუთ შეცდომას გამოყოფს. პირველი ეს „გვირაბული" ხედვის გამოვლენაა, რაც გულისხმობს მას, რომ აღიქვამენ მხოლოდ იმას, რაც მათ განწყობას შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ შემჩნეული მოვლენა შეიძლება მხოლოდ უფრო მრავლისმომცველი სიტუაციის ნაწილი იყოს. ამგვარი ხედვის მაგალითია ქმარი, რომელიც ვერაფერ დადებითს ვერ ხედავს იმაში, რასაც მისთვის ცოლი აკეთებს.
მეორე შეცდომა მიკერძოებითი ახსნაა: თუკი ერთმანეთან ურთიერთობა ადამიანებს ტკივილს ანიჭებს, მაშინ ისინი მიდრეკილნი ხდებიან ერთმანეთს მიაწერონ უარყოფითი გრძნობები, განცდები, მოქმედებები, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ პარტნიორის „შეურაცხმყოფელი" საქციელის მიღმა იმალება ავი ზრახვები, უკადრისი მოტივები. მაგალითად, ცოლ-ქმართან ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე ოჯახურ პრობლემებს შეიძლება მეორის ცუდი ხასიათით ხსნიდეს.
ასევე შეცდომას წარმოადგენს ერთმანეთისთვის იარლიყების მიწებება. ეს მიკერძოებითი ახსნის საფუძველზე ხდება. პარტნიოორები მუდმივად ამკობენ ერთმანეთის ქცევას კრიტიკული იარლიყებით, ამასთან, მწვავედ რეაგირებენ მათზე, მაგალითად, ისეთ ბრალდებებზე, როგორიცაა უყურადღებო, ხულიგანი, თითქოსდა იარლიყი მართლაც რეალობის გამომხატველი იყოს.
მეოთხე, რასაც ამერიკელი ფსიქოლოგი გამოყოფს, ეს აზრების კითხვისას დაშვებული შეცდომებია, რომელთა ორ სახეზეც ამახვილებს იგი ყურადღებას. „მე შემიძლია გავიგო, რას ფიქრობს ჩემი პარტნიორი და მას, უნდა ვივარაუდოთ, შეუძლია წაიკითხოს ჩემი აზრები". ცოლ-ქმარს შეუძლია ზიანი მიაყენოს ერთმანეთთან ურთიერთობას, თუკი აკეთებს დაშვებებს ამ შეცდომებიდან გამომდინარე.
მეხუთე, ეს სუბიექტური არგუმენტაციაა, რომლის საფუძველსაც შემდეგი ცდომილი დაშვება წარმოადგენს: „თუკი ადამიანი რაიმე ძლიერ ემოციას განიცდის, მაშინ იგი გამართლებულია".
წმ.იოანე ოქროპირი წერს: „ცოლ-ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს ორივეს მხრიდან ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული იქნება მათ შორის, თუკი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას, ისე, რომ თავად არაფრის გაღებას არ მოისურვებს. თავ-თავიანთი მოვალეობების აღსრულებას შედეგად მოსდევს სიმყუდროვე, მშვიდობა ოჯახში, სიმტკიცე და ძლიერება. ისინი არ უკირკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მოთმინებით და დიდსულოვნად იტანენ წყენას, სიბრაზეს, დაძაბულ და გამოუვალ სიტუაციებს".
წმ. მამის მიხედვით, ცოლის უჟმური ხასიათი ქმრისთვის ღვთით მოვლენილი სასჯელია და ქმარი ვალდებულია უდრტვინველად აიტანოს ეს განსაცდელი. ამიტომაც არავითარი გასამართლებელი საბუთი არ ექნება ასეთი ცოლის მიმართ სიმკაცრის გამოჩენას მეუღლის მხრიდან. წმ.იოანე ოქროპირი სასტიკად კრძალავს ქმრის სიმკაცრეს თანამეცხედრისადმი და მიიჩნევს მას ბარბაროსობად, ყოველმხრივ გაუმართლებელ საქციელად. ცოლის მანკიერებათა დასაძლევად იგი გვირჩევს კეთილგონივრულ მოთმინებას და არა ჩხუბსა და აყალმაყალს. ცოლის უზნეობის დასათრგუნად ამ წმიდა მამის მიხედვით, ყველაზე გამართლებული ქმრის მხრიდან მოთმინება და ყურადღების გამოჩენაა. თანამეინახე ცხოვრებაში, შვილების დედა, მრავალი სიხარულის მომნიჭებელი, არ უნდა გავწიროთ მრისხანებისა და ბოროტებისთვის, არამედ სიყვარულით და სინაზით უნდა მოვეპყრათ.
უნდა ითქვას, ადრე ძველ ქრისტიანებთან ერთგვარი ჩვევაც კი არსებობდა, რომ გამოეცადათ საკუთარი თავი, განთავისუფლებულიყვნენ მრისხანებისგან, პატივმოყვარეობისგან, სიამაყისგან, სხვა ნაკლოვანებებისგან, ზოგი სპეციალურად ცხოვრობდა რთული ხასიათის ადამიანთან, რათა მასთან ურთიერთობაში გაემჟღავნებინა საკუთარი სუსტი მხარეები, დაფარული ვნებები. ახლა ასეთი რამ ჩვენთვის წარმოუდგენლადაც კი მოჩანს, დღეს ვინ გააკეთებს ამას, ერთი სული აქვთ, როდის დაშორდებიან ჭირვეული ბუნების კაცს, შეწყვეტენ ან მეტად შეზღუდავენ მასთან კონტაქტს. ადრინდელი ქრისტიანები კი ზოგჯერ, როგორც ვხედავთ, სულ სხვაგვარად იქცეოდნენ.
მრისხანების განმაპირობებელი შეიძლება სხვადასხვა მიზეზი გამოიყოს, რომელთა შორის ერთ-ერთიც საკუთარი სურვილების არშესრულებაა. როცა არ ხერხდება იმის განხორციელება, რაც გვსურს, ეს ხშირად ჩვენს წყობიდან გამოსვლას, გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც, რათა მოვერიოთ თავს, უნდა ვისწავლოთ ნაკლებად ავყვეთ საკუთარ მოთხოვნებს, მივენდოთ უფალს, მას კი ხშირად ჩვენთვის არა ის სურს, რაც გვინდა, არამედ სულ სხვა რამ. მრისხანების გამომწვევად წმ.იოანე კიბისაღმწერელი ასევე ასახელებს პატივმოყვარეობას, მრუშობას, ვერცხლისმოყვარეობას და სხვას. ამ წმიდა მამის მიხედვით, ეს ვნება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, რომელთა შორისაც, ალბათ ცალკე უნდა გამოიყოს ამპარტავნება. როცა ფიქრობენ, რომ სათანადო პატივს არ მიაგებენ, ნაკლებად ან არ იზიარებენ მის შეხედულებებს, პოზიციას, ხშირად ეს გაღიზიანებას, ერთგვარ აფეთქებასაც კი იწვევს. სათანადოდ არ მაფასებენ, იგნორირებას მიკეთებენ, არ ესმით ჩემი, დაუდევრად მექცევიან - ფიქრობენ ასე და ამის გამო ხშირად ადგილი აქვს სხვის განკითხვას, ჩხუბს, აყალმაყალს, ერთმანეთის დადანაშაულებას. აძლევენ ემოციებს გაქანების საშუალებას და ვარდებიან მრისხანებაში.
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წერს: „წმიდა თეოფანე განმა ნათლებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ამპარტავნება თითის დაკარებისთანავე გაჰკივის - „ტყავს მაძრობენ"-ო. ამიტომაც ვართ ასე წყენიები. კარგად რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ამგვარი ბუტიაობა პატიმოყვარეობისაგან მომდინარეობს. აი, თურმე სად ყოფილა ბოროტების ფესვი! ჩვენ, უფალო, პატივმოყვარენი ვართ, გვიყვარს მხოლოდ ქება, უკიდურეს შემთხვევაში კი უსიტყვო აღიარება ჩვენი მოჩვენებითი ღირსებებისა და მცირე შენიშვნასაც კი ვერ ვიტანთ თვით სულიერი მოძღვრისაგან (ან სამსახურში უფროსისაგანაც კი). სახლში მშობლები ვერ აგვიტანია. არადა, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, რომ ადამიანების პირით ჩვენს მანკიერებაზე მიგვითითებს".
ველით ქებასა და მოწონებას და როცა ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, ვკარგავთ სიმშვიდეს, ქედმაღლობის სენით შეპყობილნი ვერ ვითმენთ სხვისი სრულყოფილების ხილვას.
უნდა ითქვას, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ზოგი უფრო მდგრადია მრისხანების ვნების მიმართ, ზოგი კი უფრო მეტად ექვემდებარება მის ზემოქმედებას. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „ზოგიერთი, თავადაც არ ვიცი რატომ, ბუნებით მიდრეკილია თავშეკავებისკენ, მდუმარებისკენ, თავმდაბლობისკენ ან გულჩვილობისკენ. სხვებთან კი იგივე ბუნება ეწინააღმდეგება ამ კარგ თვისებებს, მაგრამ ისინი თავს აიძულებენ ამისთვის და მიუხედვად იმისა, რომ მარცხდებიან ხანდახან, მე მათ, როგორც საკუთარ ბუნებაზე მოძალადეებს (კარგი გაგებით), პირველზე მეტად ვაქებ".
ფსიქოლოგიური თვალთახედვით ადამიანის ემოციათა აღმოცენების, განვითარების ძირითად საფუძვლად ტემპერამენტი ითვლება და მისი ოთხი სახე გამოიყოფა. პირველი, ეს სანგვინიკური ტიპის ადამიანია, რომელსაც გრძნობათა დიდი აღგზნებადობა ახასიათებს, მაგრამ, ამავე დროს, მათი სწრაფი წარმავლობაც. ამ ტემპერამენტის ხალხს ემოციები ადვილად უჩნდება, დიდ ინტენსივობასაც აღწევს, მაგრამ ისინი ადვილად და სწრაფადვე ქრებიან. შინაარსის მიხედვით სანგვინიკის გრძნობებში დადებითი, სასიამოვნო განცდებისკენ მიდრეკილება შეიმჩნევა, იგი უდარდელია, ოპტიმისტურად არის განწყობილი, მომავლისთვის უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს და ცხოვებაშიც უფრო დადებით მხარეებს ამჩნევს. სანგვინიკური ტემპერამენტის კაცს ასევე ახასიათებს მოქმედების, მოძრაობის სწრაფი ტემპი, ცოცხალი მიმიკა, გრძნობების ძლიერი, თაშეუკავებელი, იმპულსური გამოხატვა. იგი ცოცხალი, აქტიური ადამიანია.
ტემპერამენტის მეორე, ქოლერიკული ტიპის ადამიანისთვისაც ისევე როგორც წინა შემთხვევაში, გრძნობების დიდი აღგზნებადობაა დამახასიათებელი; მასთან ემოციები ადვილად ჩნდება. ამ ტემპერამენტის კაცი ადვილად ინთება, აფექტურობა ახასიათებს, მაგრამ სანგვინიკისგან განსხვავებით, გრძნობების შედარებითი სიმტკიცე და ხანგრძლივობა შეინიშნება. განცდათა შინაარსის მხრივ იგი უფრო უარყოფით ემოციებისკენ იხრება. ქოლერიკისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია გაჯავრება, უკმაყოფილება. ცხოვრებაში იგი ხშირად აქცენტს უარყოფით მომენტებზე აკეთებს, რაც არცთუ იშვიათად, მის წყობიდან გამოსვლას იწვევს.
ფლეგმატური ტემპერამენტის კაცი გრძნობების აღმოცენების თვალსაზრისით ზემოთ აღწერილი ტიპების საწინააღმდეგოა. მას ამ სახის განცდათა სუსტი აღგზნებადობა ახასიათებს. იგი არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი. მისთვის უცხოა აფექტური აღგზნება. გრძნობები აღმოცენდებიან ნელა, გვიან და არ აღწევენ დიდ ინტენსივობას. სამაგიეროდ, ისინი სიმტკიცით გამოირჩევიან და დიდხანს არ ქრებიან. გრძნობათა შინაარსის მხრივ ფლეგმატიკი სანგვინიკს უახლოვდება. მასთან უფრო დადებითი ემოციებისკენ მიდრეკილება შეიმჩნევა, ვიდრე უარყოფითისკენ. ფლეგმატიკს დინჯი, აუჩქარებელი მოქმედება ახასიათებს და გრძნობებსაც ნაკლებად ავლენს.
მელანქოლიკური ტემპერამენტის ხალხს განსაკუთრებით უარყოფითი ემოციების აღმოცენებისკენ მიდრეკილება ახასიათებს. მათ გრძნობებში ბევრად ჭარბობს არადადებითი განცდები. ისინი პესიმისტები არიან - თავისთვის უფრო ცუდს მოელიან და ცხოვრებაშიც უსიამოვნო მხარეებს ადვილად გამოყოფენ. გრძნობათა დიდი აღგზნებადობა მათთან არ შეიმჩნევა და სუსტი, მოდუნებული, თუმცა მტკიცე განცდებია დამახასიათებელი. მოძრაობებიც შედარებით სუსტი, ზანტი აქვთ.
როგორც ვხედავთ, ამა თუ იმ მიზეზის, მათ შორის თუნდაც თანდაყოლილი ტემპერამენტის გამო ზოგი მეტად არის სიფიცხისკენ, მრისხანებისკენ მიდრეკილი, ზოგი კი - ნაკლებად, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ის, ვისაც უფრო დიდი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება ამა თუ იმ ვნებასთან საბრძოლველად, ვთქვათ, თანდაყოლილი ბუნებრივი მონაცემის გამო, წარმატების შემთხვევაში უფრო მეტ მადლს მოიხვეჭს, დიდ ღვაწლს გაწევს, ვიდრე ის, რომელსაც ამისთვის მაინცდამაინც ბრძოლა არ სჭირდება. არსებობს ასეთი შეხედულება: იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოდან მოდის კაცი ეკლესიაში, ცდილობს დაიწყოს ქრისტიანული ცხოვრება, შესაბამისად, სხვადასხვაგვარ მადლს ღებულობს ამასთან დაკავშირებით. თუ ეკლესიისგან შორსმდგომ ბოროტმოქმედთა ან მეძავთა ხალხის წრიდან ახერხებენ თავის დაღწევას და მისვლას ტაძარში, ბუნებრივია, ეს უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ის, თუ ეს მოხერხდა, მაშინ, როცა კაცს ბევრი რამ უწყობს საამისოდ ხელს, მშობელთა რწმენა, ღვთისმოსავი ოჯახური გარემო და ა.შ.
როგორც წმიდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: „ზოგჯერ ბოროტი განეშორება კაცს, რათა შეუწყდეს მას ამა თუ იმ მიმართულებით ბრძოლა, რათა გამარჯვების შემთხვევაში ღვაწლი არ აიღოს საკუთარ თავზე". დემონური ძალა სხვადასხვაგვარად ამჟღავნებს თავის მზაკვრობას. მისი ერთ-ერთი გამოვლენა კი არის ის, რომ კაცს არ მისცეს საშუალება, სულიერ გზაზე სირთულეების დაძლევით დიდი უფლისმიერი მადლი მოიხვეჭოს ამით. როცა ეს ხდება ადამიანის მხრიდან ძალისხმევის გამოჩენის შედეგად, რა თქმა უნდა, იგი ბოროტი ძალის დამარცხების ტოლფასია. არადა, თან ამ დროს ძნელად რომ ვინმემ, თუ დიდი სულიერი გამოცდილება, სიბრძნე არ აქვს, წარმოიდგინოს, რომ ეშმაკი კაცთან საბრძოლველად თურმე ასეთ ხერხსაც იყენებს.
როგორ ვებრძოლოთ მრისხანების ვნებას. პირველი ეტაპი გულისხმობს მას, რომ როცა ვბრაზდებით, წყობიდან გამოვდივართ, დავდუმდეთ და სიტყვიერად არ გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი. წმიდა მამები კრძალავენ მრისხანების ჟამს საუბარს, სხვისთვის პასუხის გაცემას, სანამ არ დამშვიდდები, არ დაცხრება შენში ვნება. მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი ამ შემთხვევაში დუმილს გვირჩევს და თან იესოს ლოცვის დაწყებას, რათა ჩვენი თავშეკავება ლოცვით იქნას განმტკიცებული. ეს ღვთისმსახურებითი წესი ასუსტებს იმ მომენტში მრისხანების დემონის ზემოქმედებას და მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე შეიძლება ვერ მოხერხდეს სიმშვიდის მოპოვება, შედეგი მაინც აუცილებლად ჩანს. ერთ-ერთ მოძღვარს იესოს ლოცვის შესახებ დაუსვეს კითხვა მრისხანების ჟამს: ზოგჯერ ამ ლოცვას ვკითხულობ და თან განვიკითხავო სხვას, სიბრაზეს, გაღიზიანებას განვიცდიო მის მიმართ, ღირს კი საერთოდ ასეთ დროს ლოცვა და მისი დაკნინება, გაუბრალოება ხომ არ არისო ამ შემთხვევაში. პასუხი ამგვარი იყო: რომ არ ლოცულობდე, შეიძლება ისე გაშმაგდე, გამოხვიდეო წყობიდან, რომ საკუთარ თავსაც და სხვასაც მეტად ავნოო ამით.
მრისხანების ჟამს თუ გაჩუმება არ შეიძლება და აუცილებლად პასუხი უნდა იქნას გაცემული, მაშინ გამოცდილ ქრისტიან მოღვაწეთა რჩევით კარგი იქნება, თუ ოცდაცამეტჯერ წაიკითხავ იესოს ლოცვას და შემდეგ იტყვი სათქმელს. გაბრაზებისას ხშირად ის, ვისკენაც ჩვენი რისხვაა მიმართული, მრავალი სიავის, ბოროტების სათავედ გვესახება და ამ შემთხვევაში ასევე, ქრისტიან მამათა მიხედვით, სასურველია, თუ გავიხსენებთ იმ სათნოებებს, დადებით თვისებებს, რომელიც ახასიათებს ჩვენს წყობიდან გამომყვანს, წარმოვიდგენთ, თუ რამ კარგი გვახსოვს მისგან. მართალია, უმთავრესად გაბრაზებისას არავითარი სურვილი არ შეიმჩნევა ამის, მაგრამ მაინც, თუ ამას მოვახერხებთ, ვაიძულებთ თავს, დიდ ნაბიჯს წავდგამთ მრისხანების ვნების დასაცხრომად; ავცდებით ცალმხრივობას, სუბიექტურობას. მონდომების შემთხვევაში ხშირად ბევრი კარგი რამ შეიძლება გავიხსენოთ სხვაზე.
როგორც უკვე ითქვა, მრისხანების ვნებასთან ბრძოლის პირველი საფეხური გულისხმობს მას, რომ როცა რაიმე გვწყინს, შესაძლოა ყველაფერი ბობოქრობს ჩვენში, მაინც შევიკავოთ თავი, მოვკუმოთ პირი და თუნდაც დიდი ძალისხმევის ფასად, არ გამოვავლინოთ ჩვენი სიბრაზე სიტყვიერად. მამა იოსებ ათონელი თავის ერთ-ერთ სულიერ შვილს სწერს: „თუკი შეძლებ დღის განმავლობაში გმირობის გამოვლენას, თითოეულ შემთხვევაში, როცა კი აიძულებ საკუთარ თავს, მოითმინო ცივი სიტყვები, დაცინვა, მხილება, მაშინ უკვე აღმსარებელი ხდები. ყოველთვის, მოთმინების გამოვლენისას, გვირგვინს ღებულობ და ეს უფლის წინაშე ყოველდღიურ მოწამეობად გეთვლება".
წმიდა მამები მრისხანების ვნების დაძლევის თვალსაზრისით რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ. წმ.იოანე კიბისაღმწერელს სამი ბერის შემთხვევა აქვს განხილული, რომლებმაც სხვადასხვაგვარად გადაიტანეს შეურაცხყოფა: პირველი გაჩერდა და არაფერი თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ეწყინა. მეორეს გაუხარდა, წყენის დათმენით უფლისთვის ღვაწლის გაწევის საშუალება რომ მიეცა, მაგრამ ამასთან დამწუხრდა მის გამო, ვინც ცუდად მოექცა, მესამე კი ცხარე ცრემლებს ღვრიდა თავის შეურაცხმყოფელისთვის. ახლანდელი მრევლის დიდი უმრავლესობისთვის მხოლოდ პირველი სიმაღლეა მისაღწევი, ხოლო დანარჩენ ორამდე კი მეტად შორი გზაა გასავლელი, თუმცა შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებ, ყველაფრის მიღწევას შეძლებ უფლის დახმარებით.
წმ.იერემია დაყუდებულის მიხედვით, მრისხანების ვნება სამი სახით ვლინდება. „მძიმე ცოდვაა სიშმაგით აღაშფოთო გული, - წერს ეს წმიდა მამა, - უფრო მძიმე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოგივიდეს პირიდან, მაგრამ ის უკვე სრულიად შეუთავსებელია ანგელოზებრივ ცხოვრებასთან, თუ საქმე ხელით შეხებაზე მიდგება. ასევე ურისხველობასთან დაკავშირებითაც სამი საფეხური გამოიყოფა: მისი დასაწყისი მდუმარებაა - გულის აღშფოთებისას, შუა ეტაპი ფიქრთა სიჩუმე - სულის უკიდურესი შეშფოთებისას, ბოლო კი შეურყეველი სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება - ვნებითი შემოტევებისას".
სხვისადმი გაღიზიანებას, გაბრაზებას ასუსტებს, აქარწყლებს იმ კაცის ადგილას თავის წარმოდგენა, ვის მიმართაც ჩნდება მრისხანების ემოცია. თუ შეეცადე გაიგო მისი ქცევის მოტივები, მიზეზები, მოინდომე მისი თვალით დაინახო ის, რაც გაღელვებს. ხშირად ეს დამხმარე საშუალებაა, რათა ნაბიჯი წადგა წინ სიმშვიდის მოსაპოვებლად.
ყველა ვნების, მათ შორის მრისხანების წინააღმდეგაც მეტად მძლავრი საშუალებაა ლოცვა. ხშირად შეიმჩნევა, გაღიზიანებას, წყენას, სიძულვილსაც კი განიცდი სხვისადმი, ბობოქრობს შენში უარყოფითი განცდები, იწყებ ლოცვების კითხვას, თუნდაც ძილის წინ საკითხავის და სურათი მალევე იცვლება. ის განცდები, ფიქრები შენს სიბრაზეს რომ ახელებდა, თანდათან ქრება და შემოდის მიმტევებლობის, სინაზის, პატიების, სიყვარულის გრძნობები, გულში სითბოსავით გეღვრება. ბობოქარი ვნება ცხრება და ზოგჯერ სინანულსაც კი განიცდი, სინდისის ქენჯნას იმ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რასაც ცოტა ხნის წინ იჩენდი სხვისადმი. არადა, თითქოს რა შეიცვალა, არაფერი, მხოლოდ ლოცვა იქნა დაწყებული, რამაც შენგან უხილავად განდევნა მრისხანების დემონი, ყურთან რომ იყო გაჩერებული და შთაგაგონებდა სხვადასხვა წყობიდან გამომყვან აზრებს, იწვევდა შენში გახელებას.
დამცირების, შეურაცხყოფის უდრტვინველად, გაბრაზების გარეშე გადატანის საოცარ შემთხვევებს ვხვდებით ქრისტიან მამათა ცხოვრებაში. წმ.იოანე კიბისაღმწერელს თავის წიგნში „სათნოებათა კიბე" რამდენიმე ასეთი შემთხვევა აქვს აღწერილი. „როცა ერთხელ ვტრაპეზობდი, - წერს ეს დიდი წმიდა მამა, - მონასტრის წინამძღვარმა ყურში ჩამჩურჩულა: გინდა უფლისმიერი სიბრძნის გამოვლენა გიჩვენო ღრმა სიბერეში? ვთხოვე რა ამის შესახებ, ღირსმა მამამ მეორე სატრაპეზო მაგიდიდან ერთ-ერთ ბერს დაუძახა, სახელად ლავრენტის, რომელიც დაახლოებით უკვე ორმოცდარვა წელიწადი ცხოვრობდა იქ და ტაძრის მეორე მოძღვარი გახლდათ. იგი მოვიდა, მიწამდე თაყვანი სცა წინამღძვარს და მისგან კურთხევა მიიღო. მაგრამ როცა წამოდგა, იღმენმა მას არაფერი უთხრა და ფეხზე მდგარი საჭმლის გარეშე დატოვა. სადილი მხოლოდ იწყებოდა და ის ასე იდგა დაახლოებით ერთიდან ორ საათამდე. მე მისი შეხედვის მრცხვენოდა, - ამბობს წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, - ის ოთხმოცამდე წლის იყო და ასე, მისალმების, პასუხის გარეშე იდგა, სანამ ტრაპეზი არ დამთავრდა. შემდეგ წინამძღვარმა სხვასთან გაგზავნა, რათა ეთქვა, რომ ორმოცდამეათე ფსალმუნი დაეწყო.
როცა ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ტრაპეზის დროს ფეხზე დგომისას, პასუხად მივიღე: წინამძღვარი მაცხოვრის სახედ მყავდა წარმოდგენილი, ვფიქრობდი, რომ ბრძანებას მისგან კი არა, ღმერთისგან ვიღებდი, თითქოს უფლის შესაწირავის და არა ადამიანთა ტრაპეზის წინაშე ვიდექი, თან ვლოცულობდი მისადმი. მოძღვრისადმი სიყვარულის, რწმენის გამო კი არანაირი მაცდური ფიქრი არ შემოდიოდა მის მიმართ".
"ერთხელ მონასტრის წინამძღვარი, - წერს იოანე კიბისაღმწერელი, - სხვებისთვის სარგებლობის მოტანის მიზნით მოჩვენებით გაუბრაზდა ეკონომოსს და უბრძანა, დროზე ადრე დაეტოვებინა ეკლესია. ვიცოდი რა, რომ იგი უდანაშაულო იყო იმაში, რაშიც წინამძღვარი ბრალს სდებდა, შევეცადე გამემართლებინა იგი. პასუხად ბრძენმა ბერმა მომიგო: მეც ვიცი, რომ მას დანაშაული არ მიუძღვის, მაგრამ როგორც არასამართლიანი და დასანანი იქნებოდა გამომეგლიჯა პური მშიერი ჩვილისთვის, ასევე სულთა წინამძღვარი ზიანს მიაყენებს საკუთარ თავს და სხვა მოღვაწესაც, თუკი გვირგვინის დადგმის საშუალებას არ მისცემს მას ამა თუ იმ შემთხვევაში, რაც წყენის, შეურაცხყოფის, დამცირების, გალანძღვის გადატანით შეიძლება გაკეთდეს. ამით სამგვარ საგულისხმო ზიანს იღებს კაცი. პირველი, თავად წინამძღვარი კარგავს ჯილდოს, რაც მას კეთილისმზრახველი საყვედურების, სხვისი დასჯის გამო შეეძლო მიეღო, შემდეგ ერთის სათნოებით შეეძლო მეორისთვის მოეტანა სარგებელი და მესამე, ყველაზე მძიმე ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად ისინი, რომლებიც ვაჟკაცურად იტანენ სიძნელეებს, მომთმენნი არიან და ამის გამო, როგორც სათნოებებში განმტკიცებულნი, დროებით მიტოვებული არიან წინამძღვრისგან, არ ღებულობენ რა მხილებას, ძაგებას, კარგავენ მოპოვებულ მოთმინებასა და სიმშვიდეს".
წმ.სერაფიმე საროველის ცხოვრებაში ასეთ შემთხვევას ვხვდებით. ერთხელ, როცა იგი შეშას ჭრიდა, მასთან სამი გლეხი მივიდა და უტიფრად მოითხოვა მისგან ფული, რომელიც, მათი თქმით, ბერთან ხალხს მიჰქონდა. წმ.მამამ უპასუხა, რომ იგი არავისგან ფულს არ იღებდა, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და თავს დაესხნენ. ერთს, რომელსაც უკნიდან უნდოდა მასზე თავდასხმა და წაქცევა, ფეხი დაუცდა და თვითონ აღმოჩნდა მიწაზე. მამა სერაფიმე მარჯვე და მეტად ძლიერი იყო, ნაჯახით ხელში შეეძლო ადვილად გამკლავებოდა ბოროტმოქმედებს, მაგრამ სახარების სიტყვები გაახსენდა: „მახვილის ამღები, მახვილითვე დაიღუპებაო" და გადაწყვიტა, თავი არ დაეცვა. ნაჯახი მიწაზე დააგდო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და თავდამსხმელებს უთხრა: რაც გინდათ, ის მიყავითო. მათ აწამეს იგი, მაგრამ ღვთის შემწეობით წმინდანი გადაურჩა სიკვდილს და დროთა განმავლობაში გამოკეთდა კიდეც, თუმცა არა ბოლომდე. ამის შემდეგ იგი მოიხარა და ჯოხზე ან ნაჯახზე დაყრდნობის გარეშე ვეღარ გადაადგილდებოდა. ხშირად ასე ხვდებოდნენ წმიდა მამები განსაცდელს, მაშინ, როცა მათ ადგილას ადამიანი სამართლიანად განრისხდებოდა, თავს დაიცავდა, ისინი ჩვეულებრივი ერისკაცისგან განსხვავებით, შეიძლება სულ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. მათი სულიერება იმდენად დიდი იყო, რომ ყველანაირ განსაცდელს უდრტვინველად იტანდნენ.
უნდა ითქვას, სხვების გამოსასწორებლად ზოგჯერ გამოცდილი ქრისტიანი მამები მოჩვენებით მრისხანებასაც ამჟღავნებენ. წმიდა სებასტიან ყარაგანდელმა ერთხელ ეკლესიაში რამდენჯერმე ჯოხი უთავაზა თავის სულიერ შვილს, დედა ანასტასიას. დედა სალოსობდა და დიდი სულიერებით გამოირჩეოდა. იგი იმ მაგიდასთან მიიჭრა, სადაც პანაშვიდისთვის გამზადებული საკურთხი იყო და იქიდან რაღაც-რაღაცეებს ხელი დასტაცა. მამა სებასტიანემ საქვეყნოდ გაკიცხა ამის გულისთვის, შენ მოიტანე კი აქ რამე, ან ილოცებ კი იმათთვის, ვისაც ამ დროს ვიხსენიებთო. ეს სხვის დასანახად გათამაშებული სცენა იყო, მათთვის, რომლებსაც ჩვევად აქვს უკითხავად აიღოს საჭმელი საპანაშვიდო სუფრიდან. დედა ანასტასია იმდენად დიდი სულიერებით გამოირჩეოდა, რომ სხვების ჭკუის სასწავლებლად მას არ გაუჭირდებოდა საქვეყნოდ დამცირების გადატანა.
მონასტერში ასეთი ჩვევა არსებობს, ახლადმისულებს ერთი შეხედვით ღირსების შემლახავ მორჩილებაში ამყოფებენ, აძლევენ შავ სამუშაოს, რათა მათ თავმოყვარეობის შელახვით საშუალება მიეცეთ იმუშაონ საკუთარ თავზე. შემდეგ აჩვევენ უდრტვინველად საჯარო მხილების, საყვედურების, შეურაუცხყოფის გადატანას, მაშინაც კი, როცა ისინი უდანაშაულოები არიან.
ჩვენს დროში დასჯის, დამცირების, შეურაცხყოფის ისეთი დათმენა, როგორც ადრინდელ ქრისტიანებთან გვხვდებოდა, მართლმადიდებელ მამებთან ძნელი წარმოსადგენია. ასეთი სულიერების ხალხს ახლა იშვიათად შეხვდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორც შეგვიძლია, ისე არ ვებრძოლოთ მრისხანების ვნებას. მცირედით უნდა დავიწყოთ - ჯერ მდუმარებით გაღიზიანებისას, წონასწორობის დაკარგვისას და თანდათანობით ეკლესიური მადლის შემწეობით მეტ თავშეკავებას, მოთმინებას გამოვავლენთ დროთა განმავლობაში.
როცა მრისხანების შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ასკეტურ ლიტერატურაში გამოყოფილ მის ერთ, ზოგიერთი ქრისტიანი მამისთვის მისაღებ სახეს: როდესაც ვბრაზდებით საკუთარ თავზე, ჩვენში შემოსულ ცოდვილ ფიქრებზე ან მოყვასის ცუდი საქციელის გამო. მაგრამ უნდა ითქვას, არა ყველა წმიდა მამა თვლის მრისხანების ასეთ სახეს მისაღებად, გამართლებულად. წმ.ნილოს სინელის მიხედვით არ არსებობს მრისხანების გამოვლინების სახე მოყვასის მიმართ, რომელიც საბოლოოდ მაინც შეიძლება გამართლებული იყოს. ანტონი დიდი კი განმარტავს რა, თუ რატომ არ შეიძლება სამართლიანად განვრისხდეთ ცოდვაში ჩავარდნილებზე, ამბობს: „რადგანაც მრისხანება მოქმედებს მხოლოდ ვნებით და არა სიმართლით, სასამართლოთი, იმდენად საშიშია ეს ვნება თავისი ბუნებით, რომ უცოდველ მოვლენასაც კი ცოდვილად აქცევს. ბუნებრივი მდგომარეობიდან არაბენებრივში გადაყავს და სხვა ვნებებს გვერდში უყენებს".
მრისხანების ვერაგი ბუნება, უნდა ვიფიქროთ, გულისხმობს მას, რომ ჯერ შეიძლება, ერთი
შეხედვით სამართლიანად განვრისხდეთ საკუთარი ცოდვების ან მოყვასისთვის სიკეთის,
სარგებლობის მოტანის გამო, მაგრამ ამასთან, შეუმჩნევლად, შესაძლოა ისეთი განწყობა
შეიქმნას ჩვენში, რომ სხვა, უკვე გაუმართლებელ შემთხვევაშიც ვერ ავარიდოთ თავი ამ
ვნებით გახელებას. მით უმეტეს, როცა შეიმჩნევა ერთი მეტად საყურადღებო
კანონზომიერება: თუ ერთხელ გაბრაზდი, გამოხვედი წყობიდან, მეორედ ამას უფრო ადვილად
შეძლებ, მესამედ კიდევ უფრო და სანამ აღსარებაში არ მოინანიებ ამ ვნებით
შეცოდებებს, მანამდე ძნელად რომ მოიპოვო სიმშვიდის ის მდგომარეობა, რომელიც გქონდა
ამ ვნების შემოტევებამდე. ეკლესიურ გზაზე ერთ-ერთი, რასაც უნდა ებრძოდეს
მართლმადიდებელი ქრისტიანი, მრისხანების ვნებაა. ბევრი ჩვენგანი მრავალჯერ სცოდავს
ამ მხრივ ცხოვრებაში, უშვებს შეცდომებს. ეს ასეა, მაგრამ ამან არ უნდა
დაგვაბრკოლოს, გადაგვიწუროს იმედი. საჭიროა მონდომება, ბრძოლა და უფალი შეგვეწევა,
რათა ქრისტიანისთვის აუცილებელი ნაბიჯი წავდგათ წინ, გამარჯვება მოვიპოვოთ ამ
მიმართულებით.