§197. სულის უკვდავების ძირითადი საბუთები. ჩვენი შრომის დასკვნაში რამოდენიმე სიტყვას ვიტყვით სულის უკვდავებისა და მისი დანიშნულების შესახებ.
თავისთავად იგულისხმება, რომ უკდავება სულის იმ თვისებებს არ განეკუთნება, რომლებიც ცდითა და დაკვირვებით შეისწავლებიან. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ცდისეულ ფსიქოლოგიას შეუძლია მოგვაწოდოს ისეთი საბუთები, საიდანაც დასკვნის გზით შეიძლება ვირწმუნოთ სულის უკვდავების ჭეშმარიტება ისევე, როგორც მხოლოდ იგი ფლობს სულის ყველა სხვა თვისების შესასწავლად საიმედო ხერხებს. ცდისეულმა ფსიქოლოგიამ უტყუარად დაასაბუთა ორი ჭეშმარიტება, რომელიც შეიძლება და უნდა გამოდგეს კიდეც სულის უკვდავების საბუთადაც: ა) სული წარმოადგენს ორგანიზმისაგან განსხვავებულ სუბსტანციას, რომელსაც გააჩნია ცნობიერებისა და ნების სახით გამოვლენილი დამოუკიდებელი პიროვნულობა; ბ) იგი განუწყვეტლივ სრულყოფაშია.
ამ ორი ჭეშმარიტებიდან, დასკვნების მთელი ჯაჭვის გამოყენებით, გამომდინარეობს ადამიანური სულის უკვდავების დასაბუთება.
თავიდან განვიხილოთ პირველი დებულება.
თუ სული თვითმყოფადი სუბსტანციაა და არა დროებითი თვისება ან კერძო სახე სხვა სუბსტანციის ყოფიერებისა, მაშინ მისი სიკვდილი ორგვარად შეიძლება იქნეს გაგებული: იგი შეიძლება მოკვდეს ან სხეულისდაგვარად. ე.ი. დაიშალოს შემადგენელ ნაწილებად, ან მოისპოს რაიმე გარეშე სუბსტანციის ზემოქმედებით. მაგრამ არც ერთი ამგვარი სიკვდილი მას არ შეიძლება ახასიათებდეს. სული არ შეიძლება მოკვდეს სხეულის მსგავსად, ვინაიდან იგი ნაწილებისაგან არ შედგება. ჩვენი სხეული კვდება იმის გამო, რომ მისი სტიქიური ელემენტები იშლებიან, მათი ურთიერთკავშირი, ძალა, რომელიც კრავდა მათ ერთი ფორმის მთლიანობად, სუსტდება, მისი ორგანოები ასე ვთქვათ, ცვდება როგორც მანქანის ბორბლები და მისი ყველა შემადგენელი ნაწილი უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას - მიწას, ჰაერს და სხვას. მაგრამ სული მარტივი სუბსტანციაა, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი აღრევა. მას არ გააჩნია არა მარტო რაიმე ნაწილი, მასში არაფერია რაიმე მატერიალური. იგი მატერიალურის რაღაც საპირისპიროა და ამდენად, არ შეიძლება დაიშალოს.
სიკვდილის მეორე სახეს კი - მოსპობას რაღაც გარეგანი ძალის ზემოქმედებით, არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი არა მარტო სულის, არამედ თვით მატერიის მიმართ, ვინაიდან მოსპობა არც მატერიაზე ვრცელდება. თუ ჩვენ ბუნებაში ვამჩნევთ ერთი სახის სხეულთა გაქრობას და სხვათა აღმოცენებას, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად ქრებიან სხეულთა შემადგენელი ნაწილებიც. ქრება ამ სხეულის ყოფიერების ცალკეული სახე, ცალკეული შემთხვევითი შენაერთი და არა თვით მათი შემადგენლობა. თუ ათასობით ხე ლპება მიწაში, ან ცეცხლში იწვის, ცხადია ქრებიან ხეები და არა ნახშირბადი, ჟანგბადი თუ მათი სხვა შემადგენელი ნაწილები. ჭაობები და მდინარეებიც შრებიან, მაგრამ მათგან წყალი ჰაერში ორთქლდება. ერთი სიტყვით, მატერიის მასა დედამიწის ზურგზე ყოველთვის ერთი და იგივეა, ვინაიდან ყოველი ცალკეული ატომი მუდმივად არსებობს, თუმცა სხვადასხვა სახით და სხვადასხვა შენაერთებში. თუ მოსპობა არ ვრცელდება მატერიალურ ატომზე, მით უფრო იგი არ შეეხება სულს. ვის, ან რას შეუძლია მოსპოს იგი? სამყაროს სტიქიები მათზე გავლენას ვერ ახდენენ, ხოლო რაც შეეხება გონიერ არსებებს, აქ მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა მოუსპოს მას ყოფიერება, მაგრამ ცხადია, ის ამას არ ჩაიდენს.
§198. სული არსებაა, რომელიც განუწვეტლივ მიდის სრულყოფისაკენ. ადამიანის სული არსებაა, რომელიც განუწყვეტლივ სრულყოფაშია და ამ მიმართებით უფრო, ვიდრე ყველა სხვა მიმართებით, დაპირისპირებულია ყოველ მატერიალურ და ხილულ არსებასთან. ყოველ მატერიალურ სუბსტანციას დაწესებული აქვს განვითარების გარკვეული ფორმა, რომლის საზღვრებს ის ვერ გაცდება. მცენარის ყოველი სახე ვითარდება მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში, რომლის შემდეგ იწყება უკუსვლა. ყველა ცხოველიც, ასევე, იზრდება და განიცდის გარეგნულ სრულყოფას გარკვეულ საზღვრამდე. მაგრამ სულის სრულყოფას თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით არ შეიძლება გააჩნდეს საზღვრები.
თეორიული თვალსაზრისით სულს შეუძლია და კიდეც უნდა სრულყოფოდეს უსასრულოდ, ვინაიდან ადამიანურმა აზრმა არ იცის საზღვრები, ადამიანური გონება არა მარტო არ კმაყოფილდება განვითარების გარკვეული დონით ან ცოდნათა გარკვეული ჯამით, არამედ, პირიქით - ყოველი ახალი ნაბიჯი შემეცნებაში, ასე ვთქვათ, მას უფრო „გაუმაძღარს ხდის", ყოველი ახალი შემეცნებითი შენაძენი მისთვის იქცევა საფუძვლად და საფეხურად მეცნიერებისა და აღმოჩენების სფეროში ახალი მწვერვალების დასაპყრობად. ასეთივე ხასიათისაა სულის ყველა სხვა უნარიც. ადამიანების წარმოსახვას ხომ არა აქვს საზღვრები; მისი მეხსიერებაც ცნობათა სიმრავლით როდი სუსტდება და ითრგუნება. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმას გვისაბუთებს, რომ სული ყველა თავის უნარებსა და ძალებში შეიცავს მარადიული ყოფნისა და მოღვაწეობის შესაძლებლობას და საწინდარს. სულის უნარები არ ჰგვანან მანქანის ბორბლებსა და ზამბარებს, რომლებიც ყოველწამიერად ცვდებიან და კლებულობენ. პირიქით, ეს უნარები რაც უფრო მეტს შრომობენ, მით გამძლე და ძლიერნი ხდებიან. ის მოვლენა, რომ მოხუცებულობის ჟამს ადამიანური უნარები სუსტდებიან, სრულიად არ ეწინააღმდეგება აქ ნათქვამს, ვინაიდან ცხადია, რომ უნარების ეს შესამჩნევი დასუსტება აზროვნების ორგანოთა დასუსტების შედეგია, ხოლო ამ ორგანოებზე, როგორც ადრე ითქვა, მჭიდროდაა დამოკიდებული სულის უნარები.
უფრო შესანიშნავია მუდმივი ზნეობრივი სრულყოფის უნარი ადამიანებში. ადამიანის სულს შეუძლია განუწყვეტლივ და მუდამ გახდეს ზნეობრივად მაღალი და უკეთესი. ეს ხდებოდა სიკეთის დამკვიდრებით, აზრებითა და სურვილებით შემოქმედთან მიახლოებით, იმ უსასრულო იდეალთან მიახლოებით, რომელიც ჩვენი მიახლოებისას უფრო დაშორებული გვეჩვენება. ერთიც ცხადია, - საპირისპირო მდგომარეობა - ბოროტებასთან უწყვეტი და მარადიული თანყოფა ისევე შესაძლებელია სულისათვის, როგორც მისი მარადიული სრულყოფა სიკეთეში. მაგრამ როგორც ყველასათვის ცნობილია, დედამიწაზე ჩვენი სული როდი აღწევს სრულყოფას თეორიული თუ პრაქტიკული მიმართებით. რომ არაფერი ვთქვათ გაუნათლებელ ადამიანებსა და ბავშვებზე, რომლებიც ესაა იწყებენ ცხოვრებას, თვით ისინიც კი, ვინც მიაღწიეს განვითარების უმაღლეს დონეს, ცხადად განიცდიდნენ იმას, რომ მათ მხოლოდ სუსტი საფუძველი მოუმზადეს თავის სრულყოფას და რომ მათი სულიერი მოღვაწეობისათვის უსასრულო ასპარეზი კიდევ წინ იყო.
§199. ზნეობრივი საბუთი. და მაინც ყველაზე მაღალი და უკეთესი საბუთი სულის უკვდავებისთვის ზნეობრივი საბუთია, რომელიც მარადიულ ღვთიურ სიმართლესთან ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების მიმართების განხილვიდანაა აღებული.
არაა საჭირო გონების დიდი ძალისხმევა და დაკვირვებულობა იმის შესამჩნევად, რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება მრავალ შეუსაბამობას ამჟღავნებს უცვლელი ღვთიური სიმართლის ზნეობრივ კანონთან. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საკმარისია ვთქვათ, რომ ამ ქვეყნად ერთობ ხშირად, უმეტესწილადაც კი, სიკეთე ვერ იმკის ჯილდოს, ხოლო ბოროტება - სასჯელს; ბევრი, ზნეობრივი მიმართებით ღირსეული ადამიანი, ხშირად დაჩაგრულია და მოკლებულია ნუგეშს, ხოლო ბოროტი და უკეთური - ტკბება სრული კეთილდღეობით. ყველა სწორად და მიუკერძოებლად მოაზროვნე ხვდება, რომ ასეთი წესრიგი არაბუნებრივია, შეიძლება დროებითიც, და რომ უნდა დადგეს დრო, როდესაც უპირობო ზნეობრივი სიმართლე სრულად დამკვიდრდება: ეს კი მხოლოდ სულის უკვდავების შემთხვევაშია შესაძლებელი.
თუ სამყაროს ფიზიკურ განხილვას მიყავს ადამიანი ღმერთამდე - უბრძენეს შემოქმედამდე და კეთილ გამგებლამდე და იგივე განხილვა გვისაბუთებს ჩვენ იმასაც, რომ მთელ ფიზიკურ სამყაროს ღმერთი განაგებს, მით უმეტეს ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ ზნეობრივი სამყაროს შემოქმედმა და გამგებელმა უნდა გაასწოროს ამქვეყნიური ცხოვრების ზნეობრივი შეუსაბამობა მომავალი ჯეროვანი ზღვევით.
§200. ადამიანის მნიშვნელობის შესახებ. თუ ადამიანის სული უკვდავია და თუ თავისი არსის მიხედვით მას შესწევს განუწყვეტელი სრულყოფის უნარი, აქედან ადვილად შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა ადამიანის დანიშნულების შესახებ. ადამიანის დანიშნულება, უეჭველად, სწორედ ისაა, რომ თვით იგი განუწყვეტლივ და უსასრულოდ განიცდიდეს სრულყოფას როგორც გონებრივი, ისე განსაკუთრებით ზნეობრივი მიმართულებით. ამ მანუგეშებელ ჭეშმარიტებას, რომელზეც ჩვენს გონებას, შეუძლია მხოლოდ იმკითხაოს, საკმარისად ხსნის და უდავოდ ასაბუთებს ქრისტიანული რწმენა. ეყრდნობა რა ღვთიურ გამოცხადებას, იგი გვასწავლის, რომ ადამიანი მთელი თავისი შემადგენლობით, ე.ი. სულითა და სხეულით, შექმნილია მისი ამქვეყნიური დამსახურების შესატყვისი მარადიული ცხოვრებისათვის. იგი შთაგვაგონებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ შემზადებაა მომავალი მარადიული ცხოვრებისათვის. ვინც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე აზიარა სული სიკეთეს, იგი მომავალ ცხოვრებაშიც იპოვის უმაღლეს ჯილდოს იმავე სიკეთეში. მაგრამ ვისი სულიც კი ბოროტებით განიმსჭვალა, მისთვის სასჯელი იმ ქვეყნად თვითონ ბოროტება იქნება. მაგრამ ეს მაღალი აზრი, გამოცხადება რომ შთაგვაგონებს, საოცრად შეესატყვისება იმ შედეგებს, რომელსაც ფსიქოლოგი აღწევს სულის ბუნებასა და თვისებებზე დაკვირვებისა და შესწავლის გზით.