§27. თავის შინაარსი. წინა თავში ჩვენ დავასაბუთეთ ადამიანში სულიერი საწყისის ანუ სულის არსებობა, ამ თავში კი ვეცდებით ავხსნათ, რა უნარებითა და ძალებით აღჭურვა სული შემოქმედმა. ამისთვისაც ჩვენ ვისარგებლებთ ცდის მონაცემებით, მაგრამ ცდა, რომლითაც ჩვენ აქ ვიხელმძღვანელებთ, რამდენადმე განსხვავდება იმ ცდისაგან, რომელიც პირველი თავის საფუძველს შეადგენდა. იმისათვის, რომ გავიგოთ, რა უნარები აქვს სულს, ჩვენ ვეცდებით დავაკვირდეთ მას მაშინ, როცა იგი თავის ძალებს ამჟღავნებს, სახელდობრ, როცა იგი ცდილობს მოიპოვოს ცოდნა, ან შეასრულოს რაიმე განზრახვა.
§28. სულის უნართა დაყოფა. სულის მოქმედება ორგვარია იგი თავის ძალისხმევას მიმართავს ან რაიმე ცოდნის მოპოვებისაკენ, ან თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. ამიტომ სული ორგვარ უნარს გვიჩვენებს: შემეცნებითს და სურვილისეულს ანუ მოქმედებისეულს. სულიერ უნართა ასეთი დაყოფა წინა თავსაც ემყარება, რამდენადაც ის ორი ნიშანი, რომლებიც მყარად ასაბუთებენ ადამიანში არამატერიალური საწყისის არსებობას, კერძოდ, შეგრძნება და მოძრაობა, - ორი ძირითადი სულიერი უნარია. პირველი შემეცნებითია, მეორე კი, მოქმედებისეულია.
§29. ძირითადი სულიერი ძალის ანუ უნარის შესახებ. წინა თავის გამოკვლევებმა გვაჩვენეს ისიც, რომ სულის მთავარი ძალაა, ძირეული უნარია უნარი შეგრძნებისა, რამდენადაც ჩვენ ადამიანის, არამატერიალური არსების, ყოფიერება იმის საფუძველზე დავასაბუთეთ, რომ ეს არსება თავის თავს თავის შეგრძნებებში ამჟღავნებდა. თუმცა თავისუფალი მოძრაობის უნარი ასევე მისი თავდაპირველი ძალაა, მაგრამ, ცხადია, იგი უკვე მგრძნობელობის შედეგია, რამდენადაც სული მოძრაობაში ვერ მოიყვანდა თავის შემადგენელ ნაწილებს, შეგრძნებებს რომ არ აღეძრათ იგი ამისაკენ. ამრიგად, მგრძნობელობა ანუ შეგრძნების უნარი წარმოადგენს საფუძველს და ჩანასახს სულის ყველა ძალისა და უნარისა. ეს ასეა, ჯერ ერთი, დროის თვალსაზრისით, რამდენადაც ყველამ უწყის, რომ ახალშობილში, მისი სიცოცხლის პირველ დღეებში არ მეიმჩნევა რაიმე სხვა უნარი, გარდა მგრძნობელობისა, ნოლო უკვე მგრძნობელობის შედეგად - ასოთა მოძრაობისა. ყველა დანარჩენი ძალა და უნარი შემდეგ წარმოიშობა თანდათანობით. მეორე, შეგრძნების ძალა ძირითადი უნარია იმის გამო, რომ მისგან, როგორც თავისი წყაროსაგან, გამომდინარეობენ ადამიანის სულის ყველა დანარჩენი უნარები.
§30. ყურადღება. როცა მე რამდენიმე საგანს ვუყურებ ერთდროულად, შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთ მათგანს ვერ ხედავ ჯეროვნად. მაგრამ თუ მსურს ისინი რიგიანად შევისწავლო, თითოეულ ამ საგანზე, თუნდაც რამდენიმე წამით, თვალი ისე უნდა შევაჩერო, რომ ამ წამს მე სხვას არაფერს ვხედავდე და სხვაზე არაფერზე ვფიქრობდე, გარდა განსახილველი საგნისა. მოვიყვან სხვა მაგალითს: თუ მე ერთდროულად ბევრი ხმა მესმის, სმენის შეგრძნება აღრეული, განუსაზღვრელი იქნება. მაგრამ თუ მინდა გავარჩიო ხმები, გავიგო ვის ან რას ეკუთვნის ისინი, მაშინ ჩემამდე მოღწეულ თითოეულ ხმას ცალკე უნდა დავუგდო ყური. კიდევ ერთი მაგალითი: დავუშვათ, მე შევდივარ ორანჟერეაში, რომელსაც ყვავილთა სურნელი ავსებს. ჩემი ყნოსვა ერთდროულად შეიგრძნებს მრავალ სუნს, და ეს შეგრძნებაც აღრეულია, განუსაზღვრელია. მაგრამ თუ მსურს გავარჩიო, რომელი სუნი რომელ ყვავილს ეკუთვნის, მე ცალ-ცალკე უნდა ვუყნოსო თითოეულ ყვავილს. თვალის ეს შეჩერება საგნებზე ანუ შეხედვა, ეს ყურის მიგდება, ეს დაყნოსვა, წარმოადგენს სულის მოქმედებას, ანუ მის იმ უნარს, რომელსაც ყურადღებას უწოდებენ. ამრიგად, ყურადღება არის სულის ის მოქმედება, როცა სული მასში წარმოქმნილ მრავალ შეგრძნებათაგან რომელიმე ერთზე ჩერდება ან რიგრიგობით თითოეულზე. ორგანოსთან მიმართებით კი ყურადღება არის მისი ისე მართვა, რომ მიღებულ იქნეს სწორედ ის შთაბეჭდილება, რომელსაც სული ირჩევს თავისი ყურადღების საგნად.
აშკარაა, რომ ყურადღებით იწყება ყოველგვარი შემეცნება, რადგანაც არ შეიძლება ვიცოდეთ ის, რისთვისაც ჩვენ ყურადღება არ მიგვიქცევია. ყურადღების ძალა მოწმობს თვითონ სულის ძალას, და ტყუილად როდია ნათქვამი, რომ გენია არის ყურადღების სიღრმე და ძალა, მაგრამ ამ უნარის უდიდესი მნიშვნელობა ფსიქოლოგისათვის ისაა, რომ იგი არის სულის პირველი თავისუფალი მოძრაობა. სული შეგრძნებისას თავისუფალი არაა, რადგანაც იგი უნებურად გრძნობს იმას, რასაც იძლევიან ორგანოთა შთაბეჭდილებები. მას არ შეუძლია არ დაინახოს, როცა თვალები გახელილია, არ გაიგონოს, როცა ახლო გაისმის ბგერები, და ამასთან, მას არ შეუძლია შეიგრძნოს სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ ხუთი გრძნობის ორგანოს მეშვეობით, მაგრამ ყურადღება არის მისი თავისუფალი გამოვლინება.
როცა სული ბევრ საგანს ხედავს, მასზეა დამოკიდებული, შეაჩეროს მზერა ამა თუ იმ საგანზე და ასეთი თუ ისეთი დროით. როცა მას ბევრი ბგერა ესმის, მასზეა დამოკიდებული, რომელიმე მათგანს მიუგდებს ყურს თუ არა. ამასთან, რაც უფრო მეტი ენერგიის გამოყენებით ხდება ეს პროცესი, რაც უფრო მეტი ძალისხმევით იყენებს სული ამ ძალას, ე.ი. რაც უფრო დაბეჯითებით აქცევს ყურადღებას რაიმეს, მით უფრო დიდ თავისუფლებას ამჟღავნებს, რადგანაც ამისათვის საჭიროა ნების მნიშვნელოვანი ძალისხმევა, ხდება, რომ ადამიანი რომელიმე ერთ საგანს მიაჩერდება, სხვას ვერაფერს ხედავს და სხვა არა ესმის რა, ან რომელიმე აზრს ჩაუღრმავდება და, როგორც იტყვიან, ყოველივე დანარჩე მიმართ ბრმაა და ყრუ.
მაგრამ ყურადღების ასეთი დაძაბვის უნარი ყველას არა აქვს, ზოგიერთს არ შეუძლია დიდხანს შეჩერდეს რაიმეზე. ასეთ ადამიანებს დაბნეულებს უწოდებენ - და ეს სახელწოდება შესანიშნავად გამოხატავს მათ ნაკლოვანებას. ისინი თავისი გრძნობებითა და ყურადღებით თითქოს დაეხეტებიან საგნიდან საგნისკენ.
თუკი ეს უნარი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე შეუძლებელია რაიმე შემეცნება, ხოლო მისი ძალისხმევა თვითონ ნიჭიერებასა და ძლიერებაზე მეტყველებს, მაშინ განა გასაკვირი არაა, რომ მის შესახებ არაფერია ნათქვამი ფსიქოლოგიის ბევრ წიგნში, რომელნიც ჩვენ საუკუნეში გამოსულა და გამოდის. ცხადია, სულიერ უნართა შესწავლა ყურადღებით უნდა დაიწყოს, რადგანაც თვით სული ყოველ შემეცნებითს მოქმედებას იწყებს შემეცნების საგანზე ყურადღების მიმართვით.
§31. შედარება ანუ მსჯელობა. როცა სული ყურადღებას აჩერებს რომელიმე საგანზე, იგი მაშინვე ამჩნევს მის თვისებებსა და განმასხვავებელ ნიშნებს, ანუ, სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ნახულობს გარკვეულ რაიმეს, რაც საგანს ეკუთვნის. თუ საგანი ხილულია და გრძნობადი, სული მასში ამჩნევს ფერს, ფიგურას, სიდიდეს, მდგომარეობას, რომელიც მას უკავია სხვა საგანთა შორის, შემდეგ კი, უფრო ყურადღებიანი დაკვირვებისას, ამჩნევს მის ყველა ფიზიკურ თვისებასაც. თუ სული ყურადღებას მიმართავს რაიმე განყენებულ წარმოდგენაზე, რომელიც თვითონ ჩვენშია მოცემული და რომელსაც არა აქვს გრძნობადი თვისებები, მაშინ იგი ამჩნევს რა ნიშნებისაგანაა აგებული ეს წარმოდგენა, რა კავშირშია სხვა წარმოდგენებთან და სხვ., ერთი სიტყვით, ხილულ საგანს აქცევს ყურადღებას, თუ განყენებულ წარმოდგენას, სული ყოველთვის დაძებნის მასში რაიმე ნიშნებს. ხოლო თუ იგი ყურადღებას აქცევს ერთდროულად ორ საგანს, მაშინ ამჩნევს მათ მსგავსებას თუ განსხვავებას და, საერთოდ, მათს ურთიერთმიმართებას. მაშასადამე, ყურადღების მიმართვა ერთ ან ორ ხილულ თუ აზრითს საგანზე უკვე ნიშნავს მათს შედარებას, მაშასადამე, მათზე მსჯელობასაც. ამრიგად, შედარება არის ყურადღება, მიმართული ორ საგანზე ერთდროულად, ან, რაც იგივეა, ერთ საგანსა და მის თვისებაზე. სულის ამ ძალას ეწოდება განსჯა, ხოლო მის მოქმედებას ანუ გამომჟღავნებას - მსჯელობა.
ამრიგად, კარგად მსჯელობს ის, ვინც უფრო სწრაფად პოულობს საგნის თვისებებს და მის მსგავსებასა და განსხვავებას სხვა საგნებთან. ამიტომ აშკარაა, რომ ამ უნარის ღირსებები და ნაკლოვანებები ნაწილობრივ ყურადღების თვისებებში მდგომარეობს, ე.ი. ვინც უფრო სწრაფად პოულობს საგნის თვისებებს და მის მსგავსეასა და განსხვავებას სხვა საგნებთან. ამიტომ აშკარაა, რომ ამ უნარის ღირსებები და ნაკლოვანებები ნაწილობრივ ყურადღების თვისებებში მდგომარეობს, ე.ი. ვინც უფრო სწორად ახერხებს, შეამჩნიოს საგანთა განმასხვავებელი თვისებები, სწორედ მისი მსჯელობაა უკეთესი. ზოგ ადამიანს მახვილი განსჯის უნარი აქვს, ე.ი. შეუძლია უფრო სწრაფად და სწორად აღმოაჩინოს საგანთა მსგავსებები და განსხვავებები, სხვების განსჯის უნარი კი, პირიქით, ჩლუნგია ე.ი. ისინი ვერ ახერხებენ საგანთა მსგავსების გამოძებნას. ღრმა და ძლიერი განსჯა საგნებში ისეთ თვისებებსა და მიმართებებს ხედავს, რომელნიც შეუმჩნეველი რჩება ზედაპირულ განსჯას. მსჯელობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმაში მჟღავნდება, რომ ხშირად იგი ასწორებს გრძნობის ორგანოების შთაბეჭდილებებს, მაგალითად, ზოგჯერ ჩვენ ბგერები გვესმის არა იმ მხრიდან, საიდანაც ისინი მოდიან, ზოგჯერ შორს მყოფი საგანი ახლოს მდებარედ გვეჩვენება და პირიქით, ზოგჯერ ავადმყოფური მდგომრეობა ცვლის საგნის ფერს, გემოს და სხვ., ყველა ასეთ შემთხვევაში განსჯის უნარი ბრმად კი არ ენდობა შთაბეჭდილებებს, არამედ ასწორებს მათ.
§32. განაზრება. სულს თავისი ყურადღებით შეუძლია, თანდათანობით გადავიდეს საგნიდან საგანზე, წარმოდგენიდან წარმოდგენაზე, და ამ გადასვლის კვალობაზე ერთმანეთს შეუდაროს მრავალი საგანი ან საგანთა ნაწილები, მრავალი თვისება და მოვლენა, და ამ შედარების გზით იმსჯელოს მათ შესახებ. როცა სული ამ გზით აწარმოებს მსჯელობათა რიგს, ის თითქოს აისახება ერთი საგნიდან მეორეზე გადამსვლელ ყურადღებაში, რის გამოც სულის ამ მოქმედებას უწოდებენ განაზრებას (reflexio). ამიტომ განაზრება სხვა არაფერია, თუ არა ყურადღება, რომელიც ერთი წარმოდგენიდან გადადის მეორეზე და ადარებს მათ. მაშასადამე, ეს უკანასკნელი უნარი სულისა გამომდინარეობს ყურადღებიდან, როგორც ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, გამომდინარეობს შეგრძნების უნარიდან. მაგრამ ამ ახალ უნარში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს სულის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვიდრე ყურადღებაში, რადგანაც სულს უფრო მეტად და ადვილად შეუძლია მართოს თავისი განაზრება, მისცეს მას გარკვეული მიმართულება, უფრო მეტად შეჩერდეს ზოგიერთ საგანსა და ცნებაზე, ვიდრე სხვებზე, საჭიროებისდა მიხედვით.
§33. წარმოსახვა. როცა განმტკიცებულმა ყურადღებამ სულში შთაბეჭდა საგანთა მრავალი სახე და გრძნობადი თვისება, როცა სულმა უკვე მიიღო და დაიმახსოვრა შეგრძნებათა საკმარისი რაოდენობა, შეამჩნია საგანთა ბევრი თვისება და მათ შორის არსებული მიმართება, განსაკუთრებით კი როცა ადამიანმა ისწავლა სიტყვათა მნიშვნელობა და სწორი მოხმარება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მან ყოველი საგნის შესახებ წარმოდგენა შეადგინა, მაშინ ყოველი სიტყვა მასში ბადებს იმ საგნის წარმოდგენას, რომელსაც აღნიშნავს. ესაა წარმოსახვის პირველი საფეხური, და მას, ჩანს, თავის საგნად აქვს რეალური სამყაროს სახეები. ამიტომ, არსებითად რომ ვთქვათ, წარმოდგენები მხოლოდ გრძნობადი საგნებისა შეიძლება გვქონდეს. მაგრამ სიტყვა წარმოდგენა იხმარება განყენებულ საგანთა მიმართაც, აგრეთვე უხილავ არსებათა მიმართაც, მაგალითად, წარმოდგენა ანგელოზთა შესახებ და სხვ. ადამიანი ცდილობს ყველაფერი გრძნობად ფორმებში წარმოიდგინოს, რის გამოც ყველაზე უფრო განყენებულ და უხილავ საგნებს იგი ხილულ საგანთა ფორმით წარმოიდგენს.
მაგრამ ჩვენს ყურადღებას შეუძლია უეცრად ისეთ საგნებსა და ხატებს მიმართოს, რომლებიც ბუნებაში კი არიან, მაგრამ განცალკევებულად არსებობენ. ასეთ შემთხვევაშიც სული ერთ ხატად აერთიანებს ისეთ წარმოდგენებს, რომელთა შესატყვისი საგნები ბუნებაში განცალკევებულად არსებობენ, მაგალითად, მას შეუძლია ყველა ადამიანისაგან შეარჩიოს მათი ყველა საუკეთესო თვისება: სიბრძნე, სიმამაცე, გულმოწყალეობა, სილამაზე, სიყვარული და ა.შ. და ყველაფერი ერთ სახედ გააერთიანოს, რაც შეადგენს ეგრეთწოდებულ იდეალს ადამიანისა. სულის ეს მოქმედება წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. მას შემოქმედებით უნარს უწოდებენ, და მართლაც, ის თითქოსდა ქმნის საგნებს, რადგანაც აერთებს ისეთ თვისებებსა და ნიშნებს, რომლებიც ბუნებაში ერთად არ არსებობენ.
ამ უნარის უმაღლეს ხარისხს ფანტაზიას უწოდებენ და შემოქმედება, უმთავრესად, მას ეკუთვნის. ფანტაზიაში ყველაზე უფრო ძლიერად ვლინდება სულის თავისუფლება, რადგანაც ყველა სხვა მოქმედებისას იგი ბრკოლდება და იზღუდება უკვე იმით, რომ შემეცნების საგანი არის რაღაც მოცემული, და შემეცნება მთლიანად უნდა შეესაბამებოდეს მას, ფანტაზია კი თვითონ ქმნის თავისთვის ახალ სამყაროს და ახალ საგნებს. აი, რატომაა, რომ პოეტთა და მხატვართა ნაწარმოებებს თავისუფალი შემოქმედების ნაყოფად მიიჩნევენ.
§34. დასკვნა. ზოგიერთი სიტყვებით გამოხატული მსჯელობა ფარულად შეიცავს სხვა მსჯელობას. მაგალითად, როცა მე ვამბობ. „პეტრე არის ადამიანი", ამ მსჯელობაში მოცემულია სხვა მსჯელობებიც: - „პეტრე მოკვდავია", „პეტრეს აქვს სული და სხეული" და სხვ. ეს იმიტომ, რომ თუ მე პეტრეს ადამიანი ვუწოდე, ამით მე მას მივაწერე ყოველივე ის, რაც მიეწერება ადამიანა. ან თუ მე ვთქვი, რომ ქვა მძიმეა, ამით მე ისიც ვთქვი, რომ ის ძირს ჩამოვარდება, რამდენადაც სიმძიმის ცნება შეიცავს ვარდნის ცნებას. უკანასკნელი მსჯელობები პირველთა შედეგია, და საკმარისია მათგან ეს შედეგები გამოვიყვანოთ, რომ მოგვეცემა ახალი მსჯელობა. სხვა მსჯელობებში ფარული სახით არსებული ახალი მსჯელობების ასეთ პოვნას და მათ გამოყვანას დასკვნა ეწოდება. დასკვნის მოქმედება ასეც შეიძლება განვსაზღვროთ: დასკვნა არის უნარი შევამოწმოთ ან, ასე ვთქვათ, გავზომოთ ორი წინადადება მესამის საშუალებით, რომელიც მათ აკავშირებს. პირველ მაგალითში ორი წინადადება: „პეტრე არის ადამიანი", „მაშასადამე, პეტრე მოკვდავია", შემოწმებულია და გაზომილია მესამით, რომლის ჭეშმარიტობა ცხადია, სახელდობრ წინადადებით: „ადამიანი მოკვდავია". პეტრეს მიეწერება მოკვდავობა იმის გამო, რომ მას მიეწერება ადამიანობა, რომელსაც, თავის მხრივ, მიეწერება მოკვდავობა. აქედან ჩანს, რომ დასკვნა არის ყურადღების შემდგომი განვითარება, და რომ მას თავისი ჩანასახი აქვს იმ საერთო წყაროში, რომლისგანაც მომდინარეობს ყველა ჩვენი უნარი.
ძალიან ხშირად ხდება, რომ, თუმცა ერთი მსჯელობა მოიცავს მეორეს, მაგრამ მოიცავს არც ისე ნათლად, რომ ამის დანახვა პირველი შეხედვისთანავე იყოს შესაძლებელი; ასე რომ, ზოგჯერ ორი წინადადების კავშირის აღმოჩენისათვის საჭირო ხდება გავყვეთ გამაშუალებელ წინადადებათა მთელ რიგს და ყოველთვის გადავიდეთ ცნობილიდან უცნობზე. ახლო მაგალითს რომ მივმართოთ, ავიღოთ შემდეგი წინადადება: „ადამიანს აქვს არამატერიალური სული". ეს წინადადება ფარულად მოცემულია მეორეში: „ადამიანს აქვს შეგრძნების უნარი". ან სხვა მაგალითი: წინადადება - „სინდიყი ბარომეტრში გარკვეულ სიმაღლეზე დგას" მოცემულია მეორეში: „ჰაერი მძიმეა". მაგრამ რამდენადაც ამ წინადადებათა შორის კავშირი თავიდანვე ცხადი არაა, საჭირო ხდება მივმართოთ რამდენიმე გამაშუალებელ მსჯელობას, რათა ვწვდეთ ამ კავშირს. ასე მოვიქეცით წინა თავში, სადაც ჩვენ მოვიყვანეთ გამაშუალებელ წინადადებათა მთელი რიგი, ე.ი. ყველა ხუთი გრძნობის მთელი განხილვა, რათა მიგვეკვლია კავშირისათვის წინა ორ წინადადებას შორის. ამაშია დასაბუთების მთელი ხელოვნება, ხელოვნება, რომელიც ესოდენ დიდია და აუცილებელი მეცნიერებაში. დასკვნის უნარს სხვა ფსიქოლოგები აზროვნებას ან გონებას უწოდებენ. იგი სულის შემეცნებითი მოქმედების უმაღლესი გამოვლინებაა.
მისი ძალა ადამიანს ღრმააზრისანსა და გამჭრიახს ხდის, რადგანაც რა არის გამჭრიახობა, თუ არა უნარი პირდაპირ და უშუალოდ ხედავდე კავშირს ისეთ წინადადებათა შორის, რომელთაც ჩვეულებრივი გონებისათვის არავითარი კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან. ღრმად მოაზროვნე გონება უშუალოდ ხედავს ყველა შედეგს, რომლებსაც შეიცავს ყოველი მსჯელობა, ყოველ მიმართებას, რომელიც მსჯელობას შეიძლება ჰქონდეს სხვა მსჯელობებთან. ერთი სიტყვით, მას უშუალოდ ესმის ის, რისთვისაც სხვებს ახსნა-განმარტებები და შეუპოვარი შრომა დასჭირდებოდა.
§35. მეხსიერება. როდესაც სული ყურადღებას ძაბავს იმისათვის, რომ განაახლოს თავის თავში ყოველივე, რაც მასში ადრე ყოფილა, ე.ი. ყველა შეგრძნება, წარმოდგენა, დასკვნა, მსჯელობა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც უნართა მეშვეობით მოუპოვებია, მის ამ მოქმედებას მეხსიერება ეწოდება. მეხსიერება შედგება შემდეგი სამი ნაწილისაგან: 1. აღქმა, 2. შენახვა ანუ საკუთრივ მეხსიერება, და 3. გახსენება.
მეხსიერებამ რომ შეძლოს შეინარჩუნოს ყოველივე, რაც მას შესანახად გადასცემია, საჭიროა სულმა მოიხმაროს ყურადღების სათანადო ძალა. მეხსიერებაში მტკიცედ მხოლოდ ის ინახება, რაზეც მიმართული იყო მტკიცე და, ასე ვთქვათ, დაძაბული ყურადღება სულისა, ხოლო ის, რამაც მხოლოდ გაიელვა მის წინ, რაც წამიერი ყურადღების საგანი იყო, არასოდეს არ შეიძლება მეხსიერების ველში შევიდეს.
საკუთრივ მეხსიერება არის ის ძალა, რომელიც ინახავს ყოველივეს, რაც სულში ყოფილა, რომ პირველი მოთხოვნისთანავე გამოაჩინოს თავისი მარაგი. სულის ეს უნარი, ჩანს, ყველაზე უფრო ძნელი გასაგებია. მართლაც, სად და როგორ ინახავს სული სახლების, საგნების, მსჯელობების, რიცხვების, მოვლენების, ხატების ასეთ სიმრავლეს, ერთი სიტყვით, ყოველივე იმას, რაც ნახა და გაიგო მრავალი წლის მანძილზე? რა სახით ინახება მეხსიერებაში ყოველივე ეს, ე.ი. ფაქტობრივად, თუ მხოლოდ როგორც შესაძლებლობა - განაახლოს კვლავ ყოველივე, რაც სულში ყოფილა? ამ საკითხის გადაჭრაზე ბევრს მუშაობდნენ მეცნიერები, რომლებმაც ათასობით ვარაუდი გამოთქვეს ამ უნარის არსის ასახსნელად.
დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამაა ცნობილი, სახელდობრ, რომ მეხსიერებაზე უდიდესი გავლენა აქვს ორგანიზმის, განსაკუთრებით კი ტვინის, ჯანმრთელობას. მძიმე დაავადებები ასუსტებენ მას, ხოლო ტვინის უმცირესი აშლილობებიც კი დიდი ხნით სპობენ მას. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ადამიანს ავადმყოფობის შემდეგ ზოგჯერ ავიწყდება თავისი წარმოდგენათა ნაწილი და ხშირად - ერთგვაროვანი წარმოდგენები, მაგალითად, რიცხვების წარმოდგენები, ან საკუთარი სახელები, ან რომელიმე უცხო ენა და ა.შ. მეხსიერება აგრეთვე სუსტდება მოხუცებულობისა და მოუწესრიგებელი ცხოვრების შედეგად. ყოველივე ეს უფლებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ამ უნარის მოქმედებაზე დიდ გავლენას ახდენს ტვინი, რის გამოც მეხსიერების ფიზიკურ მიზეზს ზოგიერთების აზრით, უფრო სავარაუდოა წარმოადგენდეს ტვინის ჩვევა, ანუ ის შთაბეჭდილებები, ის კვალები, რომელთაც იდეები და აზრები ტოვებენ ტვინში, და რომლებიც ადვილად განახლდებიან ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში. ამ შეხედულებას უფრო დაწვრილებით მომდევნო თავში განვიხილავთ.
მხსიერების თავად მოქმედებას ეწოდება მოგონება. მისი თვისებები და ღირსებები დამოკიდებულია მეხსიერების იმ ნაწილებზე, რომლებიც აქამდე განვიხილე.
§36. ცნება. ცნების როგორც უნარის მნიშვნელობა რომ ავხსნათ, ამისათვის განვიხილოთ წარმოშობა თვითონ სიტყვისა ცნება - „понятие". ეს სიტყვა წარმოიშვა სლავური სიტყვიდან „понять", რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა, და ახლაც სლავურ ენაზე ნიშნავს, აღებას, მითვისებას, შეთვისებას. ხოლო როცა ეს სახელწოდება მისცეს სულიერ უნარს, უდავოა, მხედველობაში ჰქონდათ ამ მოქმედების მსგავსი რამ. და მართლაც, ცნება ნიშნავს სულის იმ უნარს, რომლის საშუალებითაც იგი ითვისებს ცოდნას, მაშასადამე, იგი ერთგვარად საერთო სახელია ყველა უნარისა. ყოველივე, რაც ჩვენ მოგვიპოვებია ყურადღების, მსჯელობის, დასკვნის, წარმოსახვის საშუალებით და შესანახავად გადაგვიცია მეხსიერებისათვის, ყოველივე ეს არის ცნება. სწორედ ასეთივე მნიშვნელობით ვხმარობთ ჩვენ ამ სიტყვას, როცა ვინმეს ვეკითხებით: გაიგე თუ არა ეს? (понял ли ты это?) ან: შეიმუშავე თუ არა ამის შესახებ ცნება? (составил ли ты об этом себе понятие?). ამიტომ ცნება არის არა რაიმე ცალკეული მოქმედება სულისა, არამედ თავის თავში მოიცავს მის ყველა დანარჩენ მოქმედებებსა და უნარებს.
§37. გასაჭირი. ადამიანი იბადება და ცხოვრობს გარკვეული გაჭირვებებით და მოთხოვნილებებით, რომელთა დაკმაყოფილებაც შეადგენს მისი ამქვეყნიური მოქმედების საგანს. ამიტომ ადამიანში მამოძრავებელ ძალთა გამოვლენის თავდაპირველი აღმძვრელი გასაჭირია. სიტყვა „გასაჭირი" რომ უფრო კარგად გავიგოთ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ადამიანისათვის გასაჭირად, მოთხოვნილებად იქცევა არა მარტო ბუნებრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, არამედ, თვითონ ჩვეული სიამოვნების არქონებაც კი. სიტყვა „ტანჯვა" ჩვეულებრივ ესმით როგორც რაიმე არასასიამოვნოს გრძნობა, მაგრამ იმ სიამოვნების არქონებაც, რომელსაც ჩვენ შევჩვევივართ, ასეთსავე უსიამოვნებას ბადებს ჩვენში. არ გქონდეს რაიმე იგივე როდია, რაც გაკლდეს რაიმე. თუ ჩვენ არა გვაქვს ის, რაც არასოდეს არა გვქონია და რასაც არ მივჩვევივართ, ეს ჯერ კიდევ არ არის გასაჭირი. მაგრამ თუ ჩვენ დაგვაკლდა ის, რასაც მივჩვევივართ, ჩვენს წინაა დანაკლისი, გასაჭირი.
§38. მოუსვენრობა. ყოველი დანაკლისი ადამიანში უსიამოვნო, მძიმე გრძნობას აღძრავს. ეს მოუსვენრობის მდგომარეობაა, რადგანაც გვაიძულებს გარკვეულ მოძრაობებს მივმართოთ, სულიერ სიმშვიდეს გვართმევს. რაც უფრო მეტი თარჯი ეღობება ამ მოუსვენობისაგან განთავისუფლებას, ე.ი. გასაჭირის მოშორებას, მით უფრო ძლიერდება იგი და ზოგჯერ ტანჯვაშიც კი გადადის.
§39. სურვილი. მოუსვენრობის მდგომარეობაში, რომელსაც რაიმე გასაჭირი იწვევს, ადამიანი თავის ყურადღებას და ყველა უნარს საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ მიმართავს. განსჯა ეუბნება მას, თუ რა მოცულობით უნდა მიიღოს მან საჭიროების საგანი, წარმოსახვა უხატავს იმ სიამოვნებას, რომელსაც იგი მიიღება საჭიროების დაკმაყოფილებით, გააზრება უჩვენებს დაკმაყოფილების საშუალებებს, ერთი სიტყვით, სულის ყველა უნარი მიმართულია გასაჭირისაკენ, და სულის ასეთ მდგომარეობას სურვილი ეწოდება. მაშასადამე, სურვილი წარმოდგენათა წარმონაქმნია.
§40. ვნებები. ჩვენს სურვილებს აქვს ხარისხები. ძლიერ სურვილებს, რაიმესადმი მუდმივ სწრაფვებს ვნებებს უწოდებენ.
§41. იმედი. თუ სურვილს ახლავს აზრი, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველს, მაშინ ჩვენ წინაშეა იმედი. ამრიგად, იმედი არის აზრი, მსჯელობა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ სასურველს, რომ მიღწევას გადაულახავი დაბრკოლებები ვერ გადაეღობება.
§42. ნება ანუ ნდომა. ნება სულის უკვე თავად გადაწყვეტილებაა, თავად განზრახვაა, მიმართოს თავისი ძალები სურვილის შესრულებისაკენ. იგი შედეგია ჩვენი მსჯელობისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვსურს, რისკენაც მივყავართ საჭიროებას. მე მინდა, ეს ნიშნავს, მე მსურს და ვერაფერი შემიშლის ხელს სასურველის მიღწევაში. შემდეგ მაგალითში მოცემულია სურვილისეულ უნართა ყველა ზემოაღწერილი მოქმედებანი. თუ კაცს დიდი ხანია არაფერი უჭამია, თავს იჩენს ჭამის საჭიროება. ეს საჭიროება ბადებს მოუსვენრობას, რომელსაც შიმშილი ეწოდება. ამ მდგომარეობისას, ე.ი. შიმშილის დროს, ადამიანი თავის სულიერ ძალებს მიმართავს ამ საჭიროების დაკმაყოფილებისაკენ, ე.ი. განსჯა ეუბნება მას რაოდენ აუცილებელია საჭმელი, წარმოსახვა წარმოუდგენს მას იმ სიამოვნებას, რომელსაც მას საჭმელი მოუტანს, - სულის ეს მდგომარეობა არის სურვილი. ბოლოს, ადამიანი ხედავს პურს და გადაწყვეტს აიღოს იგი. ეს გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა, შერწყმულია აზრთან, რომ მას შეუძლია აიღოს პური, რომ ამას წინ არ ეღობება წინააღმდეგობა, არის ნება, ნდომა.
§43. თვითონ საქმე ანუ მოქმედება. ბოლოს, ყველა ამ სულიერ პროცესთა შედეგად, განსაკუთრებით კი ნების გადაწყვეტილების შედეგად გვეძლევა თვითონ საქმე, ქცევა. აშკარაა, რომ ეს უკანასკნელი აქტი, ეს ქცევა, მუდმივ, აუცილებელ კავშირშია ნებასთან, რადგანაც ნება, ვიმეორებთ, მაშინ გვაქვს მხოლოდ, როცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს გარკვეული მოქმედება ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ. ნების გადაწყვეტილების შედეგად ჩვენ აუცილებლად ვიწყებთ მოქმედებას, თუმცა ზოგჯერ ვერ ვაღწევთ სასურველს, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებისა გამო.
§44. აზრი. სიტყვა აზრი, აზროვნება ზოგადი სახელია ყველა სულიერი მოქმედებისა, როგორც შემეცნებითი, ისე სურვილისეული ყველა ძალისა. მაშასადამე, მას უფრო ზოგადი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ცნებას, რომელიც სულის მხოლოდ შემეცნებით მოქმედებას აღნიშნავს. აზროვნება ნიშნავს ყურადღების მიპყრობას რაიმეზე, განსჯას, გააზრებას, დასკვნის გაკეთებას, ცნებების, სურვილების, იმედის, ნების ფლობას, ერთი სიტყვით, აზროვნება ნიშნავს ყველა სულიერი უნარის გამოვლენას.
§45. ცნობიერება და თვითცნობიერება. სულს შეუძლია თავისი ყურადღება მიაპყროს, და მართლაც აპყრობს კიდეც, საკუთარ მოქმედებებს. მას შეუძლია საკუთარი თავი და საკუთარი ყოფიერება თავისი მსჯელობის, თავისი დასკვნების საგნად აქციოს, და მისი ეს მოქმედება არის ცნობიერება ან თვითცნობიერება. ბუნებრივია, რომ ჩვენი ყოველი შინაგანი სულიერი მოვლენა, მარტივი შეგრძნებებიდან დაწყებული ვიდრე გონების ყველაზე უმაღლეს მოქმედებამდე - დასკვნამდე, ჩვენ თვითონ ჩვენს თავზე მიგვითითებს, შთაგვაგონებს ჩვენი ყოფიერების გრძნობას. მართლაც, როცა მე რაიმეს შევიგრძნებ, ამ შეგრძნებას ჩემს თავს მივაწერ; როცა რეფლექსიისას ფიქრს ვეძლევი, მე მაქვს აზრი ჩემს შესახებ. უფრო მეტად მიგვითითებს ჩვენს თავზე ჩვენი სურვილისეული უნარები, რადგანაც გასაჭირი, მოუსვენრობა, სურვილები, ვნებები ისეთ მოვლენებს წარმოადგენენ, რომელთა საგანი სარბიელი არის ჩვენი საკუთარი ყოფიერება, ჩვენი მე. ამიტომ ცხადია, რომ ყველა ამ მოვლენის შემთხვევაში ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ჩვენს ყოფიერებაზე, ჩვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. მაშასადამე, ცნობიერება არის უნარი, რომელიც თან ახლავს ყველა სულიერ მოქმედებას: იგი შემადგენელ ნაწილად შედის ყველა სხვა უნარში. თუ ცნობიერება საჭიროა და შესაძლებელი გავარჩიოთ თვითცნობიერებისაგან, შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერება არის რაიმეს წმინდა შეგრძნება, გრძნობა, თვითცნობიერება კი არის გრძნობა ანუ, უფრო სწორად, გამოყოფილი წარმოდგენა ანუ აზრი საკუთარი თავის, საკუთარი ყოფიერების შესახებ. ბავშვს აქვს ცნობიერება, რადგანაც მას აქვს შეგრძნებები, მაგრამ არა აქვს თვითცნობიერება, რადგან მას ჯერ კიდევ არ შეუძლია იმსჯელოს და ჯერ კიდევ არ შეუდგენია ცნებები თავისი ყოფიერების შესახებ, მას ჯერ კიდევ არ გამტკიცებია ყურადღება. ასევე უნდა ითქვას ცხოველებზე. მათ აქვთ ცნობიერება, რამდენადაც გრძნობენ თავის თავს, განასხვავებენ მას სხვა საგნებისაგან, მაგრამ მათ არა აქვთ თვითცნობიერება, რამდენადაც მათ არ შეუძლიათ თავის თავზე იაზროვნონ, აწ წარმოიდგინონ მე.
§46. ზნეობრივი თვითცნობიერება. თვითცნობიერება ახალ ელფერს იძენს, როცა განიხილავს ჩვენი მოქმედებებისა და ქცევების ღირსებებს. მას ასეთ შემთხვევაში სინდისი ეწოდება და ის წარმოადგენს საკუთარ ქცევათა მოწონებას ან დაწუნებას და ამ საფუძველზე წარმოშობილ სიამოვნების ან უსიამოვნების გრძნობას.
ასეთია ცდაზე დაფუძნებული განხილვა ცნობიერებისა. იგი არის აზრი, გრძნობა საკუთარი ყოფიერების შესახებ. მაშასადამე, ეს არის რაიმე ახალი უნარი, - ეს იგივე ყურადღებაა, ოღონდ მისი საგანია თვითონ ადამიანი.
§47. როგორ განსაზღვრავენ თვითცნობიერებას სხვა ფსიქოლოგები. ჩვენს მიერ შემოთავაზებული განსაზღვრება სულიერი უნარებისა მეტად მარტივია. იგი იმდენად მარტივი და ადვილად გასაგებია, რომ საეჭვოდაც კი შეიძლება მოეჩვენოთ იმათ, ვინც მიჩვევია ფილოსოფიური გამოკვლევების შეფასებას მათი სიბნელის, სიგრძის და უბრალო მოკვდავისათვის ძნელად მისაღწევი სიღრმის მიხედვით. ვაღიარებთ, რომ ჩვენ თვითონ, როცა ვადარებდით გრძელ, უსასრულოდ დანაწევრებულ, უცნაური ტერმინების შემცველ აღწერებს სულიერი უნარებისა მათ იმ ანალიზთან, რომელიც აქაა წარმოდგენილი, ხშირად ეჭვი გვეპარებოდა ამ უკანასკნელის ღირსებაში, რის გამოც გადავწყვიტეთ განვიხილოთ თუნდაც ერთი რომელიმე უნარის ახსნა სხვა „ფსიქოლოგიაში". ამრიგად, გადავშალოთ თუნდაც გ.ნოვიცკის „ფსიქოლოგია" [6] და ვნახოთ, როგორაა გაანალიზებული მასში, მაგალითად, თვითცნობიერება.
„თვითცნობიერების საგანი, ანუ უფრო სწორად თუ ვიტყვით, შინაარსი არის შინაგანი სინამდვილე, სახელდობრ თვით სული მისი თვისებებითა და უნარებითურთ, მისი მოქმედებებითა და მდგომარეობებით". თვითცნობიერების მოქმედების ანუ საგნის ეს განსაზღვრება სავსებით ეთანხმება ჩვენს შეხედულებას. თუ თვითცნობიერების საგანია საკუთარი თავის, საკუთარ ძალთა და მოქმედებათა დაკვირვება, მაშინ, უფრო მარტივად თუ ვიტყოდით, ეს იქნებოდა სულის ყურადღება, მიმართული საკუთარ თავზე, მისი რეფლექსია საკუთარ თავზე. მაგრამ მოვუსმინოთ შემდეგ.
„სული რომ თავის თავს აკვირდება მის უშუალო მოქმედებაში, ამას, პირველ ყოვლისა, ამჟღავნებს ასეთი გარემოება: მას რომ თავისი თავი რეფლექსიის საშუალებით სცოდნოდა, მაშინ უნდა დაეშვა თავისი თავის შესახებ გაშუალებული აზრის ან ბუნებრივი წარმოდგენის არსებობა, მაგრამ არ არსებობს ასეთი წარმოდგენა და ასეთი აზრი სულის შესახებ, არსებობს მხოლოდ სიტყვ „სული", მაგრამ მასაც აქვს ცოცხალი მნიშვნელობა, მხოლოდ თვითდაკვირვებისას".
შეუძლებელია მოძებნოთ ესოდენ აშკარა წინააღმდეგობები, რომლებიც ასე გაბედულად იქნებოდა დალაგებული ერთმანეთის გვერდით. ერთი მხრივ, გვაქვს იმის მტკიცება, რომ სული თავის თავს აკვირდება თავის მოქმედებაში, მეორეს მხრივ კი ნათქვამია, რომ სულმა თავისი თავი იცის არა რეფლექსიის გზით. მაგრამ რა არის სულის მიერ თავის თავზე დაკვირვება, თუ არა იგივე რეფლექსია თავის თავის შესახებ? შეიძლება რაიმეს აკვირდებოდე და რეფლექსი არ გქონდეს მასზე? რაიმეზე დაკვირვება ნიშნავს, მოძებნო დასაკვირვებელ საგანში ნიშნები, თვისებები, მოქმედებები. ასევე, როცა სული თავის თავს აკვირდება, მას სურს აღმოაჩინოს თავისი ძალები და უნარები, სურს შეისწავლოს თავისი თავი, შეადგინოს მის შესახებ ცნობა. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სული თავის თავს აკვირდება, მაგრამ არაფერს არ აღმოაჩენს, მაშინ ეს დაკვირვება იქნება ჩლუნგი, უაზრო და უსარგებლო. შემდეგ, რა არის ბუნებრივ წარმოდგენა ან გაშუალებული აზრი და რით განირჩევა იგი ყველ სხვა წარმოდგენებისა და აზრებისგან, - ამის გაგება ძნელია. ჩვენ გვაქვს აზრი ანუ ცნება საკუთარი თავის შესახებ. სული თავის შესახებ აზრს ან წარმოდგენას იმით ადგენს, რომ აკვირდება თავის საკუთარ მოქმედებებს და ამავე დროს ქმნის მსჯელობებს საკუთარი, თავის შისახებ. შემდეგ ნათქვამია: „შინაგნი დაკვირვება, არსებითად რომ ვთქვათ, არც ცოდნაა და არც მგრძნობელობა, პირველისათვის მას აკლია საგნობრიობა თავის შინაარსში, მეორისთვის - დაპირისპირება, სასიამოვნო და არასასიამოვნო შეგრძნება, რამდენადაც ამ დაკვირვების შინაარსი არ შემოისაზღვრება მხოლოდ მდგომარეობებით".
შეუძლებელია რაიმეს აკვირდებოდე და ამავე დროს არ იმეცნებდე დასაკვრვებელს. ამიტომ დაკვირვებაში ცოდნა მოცემულია, როგორც შედეგი. სიტყვები - „დაკვირვება", „შემჩნევა" სახელდობრ ნიშნავს გაიგო რამე, შეადგინო რაიმეს შესახებ ცნება. დაკვირვება არ არსებობს, თუ თვალებით ვუყურებ რაიმეს, მაგრამ მასში ვერავითარ თვისებას ვერ ვამჩნევ, ან თუ თავში რაიმე წარმოდგენა მიტრიალებს, მე კი ვერაფერს ვერ აღმოვაჩენ მასში. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როცა სული შინაგანად აკვირდება თავის თავს, ამას იგი იმ მიზნით აკეთებს, რომ შეიმეცნოს თავისი თავი. ამრიგად, იმისი თქმა, რომ შინაგანი დაკვირვება არ არის ცოდნა, შინაგანი წინააღმდეგობაა. გაცილებით უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ დაკვირვება არის ცოდნა. მაგრამ თუ თქვენ მკაცრად მოითხოვთ გამოთქმის სიზუსტეს, მაშინ უნდა ვთქვათ: დაკვირვება არის ცოდნის მიზეზი. [7]
§48. შეიძლება თუ არა სულის უნარები დავყოთ დაბალ და მაღალ უნარებად? კიდევ ერთი გარემოებაა, ჩვენი აზრით, განსაკუთრებით უცნაური ყველა ფსიქოლოგიურ გამოკვლევაში სულის უნართა შესახებ. ესაა უნარების დაყოფა მაღალ და დაბალ უნარებად. ასეთ დაყოფას არა მარტო არა აქვს არავითარი საფუძველი, არამედ იგი მიუთითებს სულისა და მისი უნარების უცოდინარობაზე.
ჯერ ერთი, სულის უნარები ძალზე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ერთმანეთს შეიცავენ და იმდენად განუყოფლად და ერთდროულად მოქმედებენ, რომ საკმარისია სულს თუნდაც ერთ-ერთი მათგანი მოაცილოთ, თუნდაც ის, რომელსაც დაბალს უწოდებენ, რომ სული საერთოდ ვერ შეძლებს აზროვნებას. მაგალითად, ყურადღება არის შემეცნებითი ძალის პირველი გამოვლინება საერთოდ, მაგრამ წაართვით იგი სულს და სული ვერ ისწავლის ვერაფერს.
მეორე, თუმცა შეიმჩნევა ზოგიერთი განცალკევებულობა შემეცნებითი უნარებისა მოქმედების უნარებისაგან, მაგალითად, შეიძლება ადამიანი შესანიშნავად აზროვნებდეს და იმეცნებდეს, აგრეთვე ძლიერი სურვილები ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ნებისყოფა, და მაინც ეს განცალკევებულობა ჩვენ უფლებას არ გვაძლევს განვიხილოთ თვითონ ნება სხვა უნართა მთლიანობისაგან გამოცალკევებით, რამდენადაც ნება მაინც სხვა უნართა შედეგია და მათ გარეშე არ არსებობს.
მესამე. სულის უნარები თვითონ სულის გამოვლინებებია. სადაც სული მოქმედებს რომელიმე ერთი თავისი ძალით, იქ აუცილებლა არის უკვე სხვა ძალები და უნარები, იქ არის მთელი სული და ძნელია წარმოვიდგინოთ ან ვნახოთ შემთხვევა, სადაც სული მხოლო ერთი უნარით მოქმედებს თავის სხვა ძალთა ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე.
ამრიგად, სწორი აზროვნებისათვის სულის ყველა უნარი თანაბრად აუცილებელია, რის გამოც სწორი არაა მათი დაყოფა დაბალ და მაღალ უნარებად. მაგრამ თუ უნაყოფოა მათი დაყოფა დაბალ და მაღალ უნარებად, მაშინ რაღა უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ზოგიერთ ხელნაწერ „ფსიქოლოგიებში" თვით სულს ან მოაზროვნე არსებას ყოფენ ორ ნაწილად - დაბალ და მაღალ ნაწილებად და პირველს დაბალ უნარებს მიაწერენ, მეორეს კი - მაღალთ. ცხადია, აქ თავს იჩენს სინამდვილის უცნაური და სრულიად გაუმართლებელი შეცვლა თეორიით, რასაც ჰიპოთეზების სიყვარულის გამო სჩადიან.