§140. თავის შინაარსი და კავშირი წინა თავებთან. როცა მეორე თავში ვაანალიზებდით სულის მოქმედ ანუ სურვილისმიერ უნარებს, ჩვენ ვთქვით, რომ გასაჭირი სულში მოუსვენრობას ბადებს, მოუსვენრობა აღძრავს დაკმაყოფილების ლტოლვას, ანუ მისწრაფებას; ნება კი არის სულის გადაწყვეტილება, გარკვეულად იმოძრაოს (არჩევანი), ანდა გარკვეული მოქმედების თავად დასაწყისი. ამ თავში ჩვენ გადავწყვეტთ ყველა საკითხს ნების მოქმედების შესახებ, განსაკუთრებით კი მთავარს - საკითხს ნების თავისუფლების შესახებ. ეს უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიური საკითხი მრავალგზის ყოფილა მრავალი მეტაფიზიკოსის ღრმა გამოკვლევის საგანი, და როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ყველა მეტაფიზიკური საკითხის განხილვისას, ამ საკითხმაც დაბადა ბევრი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი. საკითხის არსება ასეთია - თავისუფალია თუ არა ნება თავის მოქმედებაში, ე.ი. თავისუფლად, იძულების გარეშე გადაწყვეტს თუ არა ის იმოქმედოს ასე ან სხვაგვარად, თუ ნებამ ყოველთვის აუცილებლობით უნდა ისურვოს და იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად. ჩვენ შევეცდებით გადავწყვიტოთ ეს საკითხი ჩვენი ფსიქოლოგიის საფუძვლების შესატყვისად.
§141. თავისუფლების ცნების განსაზღვრება. თუ ყურადღებით ჩავწვდებით თავისუფლების ჩვენს ცნებას, დავინახავთ, რომ ეს ცნება აუცილებლად გულისხმობს, ჯერ ერთი, გონებას, მეორე, გარკვეული მოქმედების ძალას ან შესაძლებლობას.
ადვილად დაეთანხმება ყველა აზრს იმის შესახებ, რომ სადაც არ არის გონება ან განაზრება, იქ შეუძლებელია იყოს თავისუფლება და რომ თავისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ მოაზროვნე არსების ხვედრი და უნდა იყოს მხოლოდ აზროვნების შედეგი. უსულო, გონებას მოკლებული არსება არ შეიძლება იყოს თავისუფალი, რადგან ის მოქმედებს მექანიკურად, ისე, რომ თავის მოქმედებას არ აცნობიერებს და აუცილებლობით ექვემდებარება გარეგან ძალებს. ქვა ვარდება, ანდა წყლის ორთქლი მიიწევს ზემოთ: ესაა მექანიკური ძალების შედეგი და მათ მექანიკური ინერტული მოვლენები ეწოდება. ამის საპირისპიროდ არსება, რომელიც აცნობიერებს თავის მოქმედებებს, გაიაზრებს მათ, განასხვავებს ცუდს კარგისაგან და ამ უკანასკნელისაკენ მიისწრაფვის, აუცილებლობით თავისუფლად არის მიჩნეული. ამიტომ გონებისა და თავისუფლების კავშირის აუცილებლობა ეფუძნება იმას, რომ მხოლოდ გონებას ძალუძს აირჩიოს კარგი და ნება მისკენ მიმართოს. მეორე მხრივ, გონების მქონე ადამიანს რომ არ ჰქონდეს თავისუფლება, მაშინ მას შეეძლებოდა კარგის ცუდისგან განსხვავება, მაგრამ ის ვერ აირჩევდა მათგან ერთ-ერთს. ე.ი. ვერ იმოქმედებდა თავისი გაგების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში გონება უსარგებლო იქნებოდა. გარდა ამისა, თუ მოცემული იქნება თავისუფლება გონების გარეშე, მაშინ სავსებით ვერ წარმოვიდგენთ, რას უნდა ნიშნავდეს ის და როგორი თვისებები ექნება მას, რადგან თავისუფლება ნიშნავს, აკეთებდე მას, რაც უკეთესად მიგაჩნია, გონების გარეშე კი თავად თავისუფლება ვერ განისაზღვრავდა მოქმედების მიმართულებას. მაშასადამე, თავისუფლება უნდა იყოს განუყრელ კავშირში გონებასთან. გონების გარეშე თავისუფლება არის არარა, ოცნება.
მეორე, თავისუფლება აუცილებლობით გულისხმობს ძალას, ანუ მოქმედების შესაძლებლობას. იქ, სადაც არ არის მოქმედების შესაძლებლობა, არც თავისუფლებაა. მართლაც, წარმოვიდგინოთ, რომ გონებამ აირჩია რაღაც კარგი. თუკი ადამიანს არა აქვს ძალა და შესაძლებლობა ამ კარგისკენ მისწრაფებისა და მისი მიღწევისა, მაშინ მას არც თავისუფლება აქვს. აი, რატომაა, რომ ადამიანის თავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ საზღვრებამდე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანთა ძალებს. ციხეში მოხვედრილს არა აქვს იმის თავისუფლება, რომ გამოვიდეს იქიდან. სიმაღლიდან ვარდნილს არ ძალუძს შეაჩეროს ვარდნა შუა გზაზე, არა აქვს ამის თავისუფლება. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ადამიანის თავისუფლება შემოსაზღვრულია, მხოლოდ ღმერთია უსაზღვრო საკუთარ თავისუფლებაში. ადამიანის თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია მოქმედების იმ საშუალებებსა და იარაღებზე, რომლებიც მას უბოძა შემოქმედმა ღმერთმა. ჩვენ გვაქვს ფეხები და ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვიაროთ ან ვიჯდეთ, მაგრამ არ შეგვიძლია ვიფრინოთ.
მგონი არავინ დაგვიწყებს კამათს იმის თაობაზე, რომ თავისუფლების ცნება აუცილებელ კავშირშია ამ ორ არსებით თვისებასთან, კერძოდ, გონებასთან და გონების ნაკარნახევის შესრულების შესაძლებლობასთან. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ თავისუფლების ამ ორი თვისების საფუძველზე ავხსნით ნების მოქმედების ყველა მოვლენას.
§142. მოქმედების მოტივების შესახებ. ნება, როგორც აღვნიშნეთ მე-2 თავში, არის სულის თავად გადაწყვეტილება, დაიწყოს ესა თუ ის მოქმედება. მაგრამ ეს გადაწყვეტილება არასოდეს არ არის მიზეზის, ანუ მოტივის გარეშე: მაშინ ხომ იგი ბრმა, არაცნობიერი იქნებოდა. გადაწყვეტილება, ანუ ნება, ყოველთვის წარმოიშობა ადამიანში სხვადასხვა მოტივის შედეგად. მივუთითებთ მათ შორის ყველაზე არსებითებზე:
ჯერ ერთი, ნება ხშირად, უმეტესწილად მოქმედებს წმინდა გრძნობადი მოტივების, ე.ი. სიამოვნების ან უსიამოვნების წარმოდგენათა ზეგავლენით. ასეთია, მაგალითად, ნება ბავშვებისა, რომლებიც ყოველგვარ სხვა მოსაზრებათა გარეშე, მიისწრაფვიან მხოლოდ იმისაკენ, რაც მათ სასიამოვნოდ ეჩვენებათ. ასეთივეა ნება ბევრი მოზრდილი ადამიანისა, რომლებიც თავისი მოქმედების არჩევისას მუდამ გრძნობათა შთაგონებით ხელმძღვანელობენ. მაგრამ ამ მოტივებში მრავალი ვითარება უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან. ნება ზოგჯერ არჩევანს განსაზღვრავს სწრაფად, არაცნობიერად, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ბავშვების და ბევრ ნაკლებად განვითარებულ ადამიანთა მოქმედებაში, ზოგჯერ იძულების ზეგავლენით, როგორც ეს ხდება, მაგალითად, ძლიერ გრძნობათა, რისხვის, შეძრწუნების, ძლიერი ვნების ზეგავლენით, ანდა შეშლილ ადამიანთა მოქმედებისას. ცხადია, ამ შემთხვევების დროს ცოტაა თავისუფლება, რადგან გონება სულ არ მონაწილეობს მოქმედებაში.
თუ ნება - თუმცა დაბალი გრძნობადი ლტოლვების ზეგავლენით, მაგრამ მაინც ცნობიერად, განაზრების საფუძველზე - აკეთებს არჩევანს და გონება გრძნობების იარაღია, ეხმარება არჩევანს, ხელმძღვანელობს ნებას, მაშინ უნდა ვცნოთ, რომ მოქმედება სავსებით თავისუფალია, ნებისეულია. მაგალითად, დავუშვათ, რომ ვინმე შეპყრობილია ანგარებით ან გამდიდრებისაკენ ლტოლვით. როცა ამ მდგომარეობაში მყოფი ძაბავს თავის გონებას, ყველა სულიერ ძალას, რათა მიზანს მიაღწიოს, ის თუმცა მდაბალი გრძნობების საამებლად მოქმედებს, სიამოვნების მიღებისაკენ მიისწრაფვის, მაგრამ მაინც თავისუფლად მოქმედებს. თუკი ამბობენ ხოლმე - ვნებები თავისუფლებას გვართმევენო, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანისათვის ძნელია ვნებებისგან განთავისუფლება, როცა ის ემორჩილება მათ. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი მისულიყო ამ დამონებამდე, იმისათვის, რომ ვნება ჩვევად, ბუნებად ქცეულიყო, საჭირო იყო ვნებისათვის ნების დამორჩილება, ვნების გაბატონება ნებაზე. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანი ნების სიმტკიცით ამარცხებს თავის მავნე ჩვევებს, ზოგჯერ კი იშორებს თავიდან უძლიერეს ვნებებს, მაშასადამე, აქაც რჩება არჩევანის შესაძლებლობა.
მეორე. ვნება ზოგჯერ მოქმედებს წმინდა გონებისეული მოტივების შედეგად და მოქმედებს გრძნობათა მისწრაფებების საპირისპიროდ. ნების თავისუფლებაში შეიძლება შევეჭვდეთ, როცა ის სხეულის საჭიროებას ექვემდებარება და სასიამოვნო წარმოდგენის ზეგავლენით აკეთებს არჩევანს. მაგრამ როცა ის ემორჩილება გონების მრწამსს და მოქმედებს თავისი გრძნობების მისწრაფების საპირისპიროდ, თავისი სურვილის საპირისპიროდაც კი, აქ უკვე შეუძლებელია უარვყოთ ადამიანის თავისუფლება. ასეთია ნების მდგომარეობა, როცა სული მოქმედებათა არჩევისას უყურებს არა იმას, რაც ჩვენი გრძნობებისთვისაა სასიამოვნო, არამედ უფრო მეტად იმას, რაც შესატყვისია ჭეშმარიტებისა, როცა ნებას განსაზღვრავენ არა შინაგანი მოტივები, არამედ თავად საგნების ღირსებები. ჩვენ, მაგალითად, ნებაყოფლობით ვუმორჩილებთ ნებას კანონის ავტორიტეტს, მივისწრაფვით კეთილი ქცევისკენ, თუმცა წუთიერი გრძნობებისათვის უფრო სასიამოვნო იქნებოდა ამის საპირისპირო მოქმედება, ამიტომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება თავისუფლების უარყოფა.
§143. ნების მოტივებისა და მოქმედებათა კავშირების შესახებ. ამგვარად, ნათელია, რომ მოტივებს, რომლებიც განსაზღვრავენ ნების მოქმედების გარკვეულ წესს, არ ძალუძთ თავისუფლება წაართვან ადამიანებს. ეს უკანასკნელი ვითარება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კავშირი მოტივსა და მოქმედებას შორის მკაცრად დაემორჩილებოდა აუცილებლობას, ე.ი. თუ გარკვეული მოტივი გარდაუვალად და უსათუოდ წაიყვანდა ნებას, აი, ამ და არა სხვა მოქმედებისაკენ, როგორც სიმძიმე იზიდავს სხეულს ცენტრისაკენ და არა ცენტრიდან. მოტივები ყოველთვისაა, მაგრამ მათი კავშირი მოქმედებასთან არ არის აუცილებელი, ე.ი. ნებას შეუძლია დაეთანხმოს მას, მაგრამ შეუძლია მას არ მისდიოს. საკითხის ამგვარ გადაწყვეტას შემდეგნაირად ედავებიან: „ყოველი სურვილი, ანუ ნება არის გონების ბოლო განსაზღვრა, გონების ბოლო მსჯავრი, მაგრამ არავინ არ დაიწყებს იმის უარყოფას, რომ გონების გადაწყვეტილებები აუცილებლობით არიან აღბეჭდილი, რადგან გონებამ აუცილებლობით უნდა აღიაროს ზოგი წინადადება ჭეშმარიტებად, ზოგი კი - მცდარობად. ზუსტად ასევე გონებას აუცილებლობის ძალით მოსწონს ზოგი მოქმედება, რადგან ისინი ჭეშმარიტნი და სასარგებლონი არიან თავად თავისი არსებით, ზოგი კი არ მოსწონს, რადგან ისინი თავისი არსებით მავნე და ჭეშმარიტების საპირისპირონი არიან. მაშასადამე, არ შეიძლება ვაღიაროთ, რომ ნება, რომელიც მისდევს გონების ამ მსჯავრს, თავისუფალია. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ გაცილებით სჯობია მისდიოს თავისი გრძნობების ჩაგონებას და ისწრაფვოდეს ამქვეყნიური ცხოვრების სიამოვნებისაკენ, ვიდრე დაელოდოს მომავალ სიკეთეს, მოქმედებს ზუსტად იმავე აუცილებლობით, რომლითაც ამტკიცებს მათემატიკოსი სამკუთხედის სამი კუთხე ორი სწორის ტოლიაო. აქედან გამომდინარეობს, რომ თუ ადამიანი ყველა თავის ქცევაში გონების მსჯავრს მისდევს, ის არ არის თავისუფალი. მაგრამ თუ ის არ მისდევს გონებას, მაშინ ბრმად მოქმედებს". ასეთი იყო საბუთები თავისუფლების წინააღმდეგ ფატალიზმის ერთ-ერთი უძლიერესი დამცველისა - კოლენისა - ინგლისელ განსწავლულ მეტაფიზიკოსთან - კლარკთან მიწერილ წერილებში. მაგრამ ბრძენი კლარკი ამ დებულებებს ძალზე საფუძვლიანად უარყოფს. გონების მსჯავრი ყოველთვის აუცილებელია, რადგან საგანთა ბუნებაზეა დაფუძნებული; მაგრამ ნება არ არის აუცილებელ ფიზიკურ კავშირში ამ მსჯავრთან; რადგან ის მუდამ როდი მისდევს ამ მსჯავრს. მოქმედება და თავისუფლება ორი იგივეობრივი იდეაა. სადაც არ არის თავისუფლება, იქ მხოლოდ პასიურობაა და არა მოქმედება. ჭეშმარიტება და ცდომილება გონებისათვის იგივეა, რაც თვალისათვის სინათლე. ჩვენ არ ძალგვიძს არ დავინახოთ, როცა თვალები ღია გვაქვს, არ შეგვიძლია არ ვაღიაროთ ჭეშმარიტება, როცა გონება ჯანმრთელია. მაგრამ ერთია - განსჯა, მეორეა - მოქმედება. ეს ორი რამ სავსებით დამოკიდებულია ორ განსხვავებულ საწყისზე. პირველი პასიურია, მეორე თავისუფალია. პირველი ისევე განსხვავდება მეორისგან, როგორც მხედველობის მქონე ადამიანისათვის განსხვავებულია გზის ხილვა და თავად გზაზე სიარული. არ შეიძლება იმის თქმა, რომ გზაზე სიარული არის შედეგი გზის ხილვისა. ზუსტად ასევე, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ნების გადაწყვეტილება არის აუცილებელი შედეგი გონების მსჯავრისა. რა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გონება გარწმუნებს ამა თუ იმ მოქმედების სიკეთეში, მაგრამ ნება არ მისდევს მის მრწამსს. ასევე, ხშირად ხდება ხოლმე, რომ გონება გიბიძგებს რაიმესაკენ, ნება კი თავისი გრძნობების საწინააღმდეგოს აკეთებს. მაშასადამე, ნების განსაზღვრებებში აუცილებლობა არასოდეს არ არის.
§144. შინაგანი ბრძოლა - თავისუფლების საბუთი. გრძნობათა ჭიდილი გონებასთან, შინაგანი გაორება, რომელსაც ყოველი ადამიანი ამჩნევს თავის თავში, ყველაზე ნათლად ასაბუთებს ადამიანთა ნების თავისუფლებას. იქ, სადაც მოქმედება ექვემდებარება აუცილებელ ფიზიკურ კანონებს, არ შეიძლება ლაპარაკი არავითარ ბრძოლაზე. ამიტომ თუ ნება გარდუვლად წარიმართებოდა აუცილებლობის კანონის მიხედვით, მას აღარ შეეძლებოდა მერყეობა, არჩევანის გაკეთება, არამედ მოიმოქმედებდა ყოველივეს გადაწყვეტილების მიღების გარეშე; სადაც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გავაკეთოთ არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის, მრავალ მოძრაობათაგან ავირჩიოთ რომელიმე ერთი, უსაფუძვლოა იქ ვივარაუდოთ, არათავისუფალი ნების არსებობა. შინაგანი გრძნობა ყველას გვარწმუნებს, რომ თვით იმ წუთებშიც კი, როდესაც რაღაც ვნება დაუოკებლად მიგვაქანებს რაიმესკენ, შეგვიძლია შევჩერდეთ და დავადანაშაულოთ თავი ჩვენს მოქმედებაში. სინდისი გვკიცხავს ჩვენ ცუდი საქციელისათვის. მისი შინაგანი ხმა შეგნებულად და უტყუარად შთაგვაგონებს, რომ საჭიროა ბრძოლა, საჭიროა მივენდოთ არა ქვენა წარმოდგენებიდან მომდინარე ლტოლვებს, არამედ გონების კარნახს. გრძნობათა შეკავებით, ვნებებზე გამარჯვებით გამოწვეული შინაგანი კმაყოფილება ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ გაიმარჯვა სწორედ ნებამ, რომ იგი იბრძოდა და არ დაუკარგავს თავისუფლება, არ ქცეულა მონად. ყოველი განვითარებული ადამიანისათვის აუცილებელია ასეთი შინაგანი ბრძოლა. იგი შეიძლება ხანდახან შესუსტდეს, მაგრამ გაქრობით მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება გაქრეს: 1. როდესაც მებრძოლი მხარეებიდან ერთ-ერთი სრულიად გადასძლევს მეორეს, მაგ., როდესაც გრძნობები და ვნებანი ისე დაეუფლებიან ადამიანს, რომ მისი ნება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ემორჩილება მათ. მაშინ ქვენა ზრახვათა დაკმაყოფილებისაკენ მისწრაფება მისთვის ნორმალური ვითარებაა. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ბევრი, ვინც მხოლოდ დაბალ ხორციელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ცხოვრობს. 2. შინაგანი ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ გაქრება მაშინაც, როდესაც განსჯა იმარჯვებს გრძნობებზე, ხოლო ნება კი ისე სრულქმნილი გახდა, რომ ადამიანი ძლევს საკუთარ თავში გრძნობად ლტოლვებს და ცხოვრობს მხოლოდ ზნეობრივი კანონის შთაგონებით. ვიმეორებთ, ბრძოლა შეიძლება შესუსტდეს, მაგრამ არ შეწყდება, ვინაიდან სრულყოფის რა საფეხურზეც არ უნდა იდგეს ადამიანი, მასში თითქმის მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა ქვენა მისწრაფებებთან.
§145. უმაღლესი თავისუფლების შესახებ. უმაღლესი, დედამიწის ზურგზე შესაძლებელი თავისუფლების მატარებელია მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც შეეჩვია, დაუმორჩილოს თავისი ნება ზნეობრივ კანონს და ცხოვრობს ქრისტიანულ მითითებათა შესატყვისად. ამის მიზეზი შემდეგია: არავინ დაიწყებს დავას იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანად იწოდება მხოლოდ ის, ვისაც შეიძლება სურდეს ყველაფერი ყოველგვარი შინაგანი თუ გარეგანი იძულების გარეშე და ისრულებს კიდეც თავის სურვილებს არა მხოლოდ იძულების გარეშე, არამედ სიხარულით, სიყვარულით, შინაგანი ტკბობითაც კი.
ჭეშმარიტი ქრისტიანის სურვილები სრულიად ძალდაუტანებელია: არც შიშს, არც სირცხვილს, არც რაიმე გარეშე ძალაუფლებას არ შეუძლია განსაზღვროს მისი სურვილები. მას ებადება სურვილი მხოლოდ გონების თავისუფალი მრწამსის საფუძველზე, იმის საფუძველზე, რომ თავისი მისწრაფების საგნის უპირატესობაშია დარწმუნებული. ის ირჩევს სიკეთეს და განუდგება ბოროტებას ბუნებრივად, გულის კარნახით. სავსებით მართებულია, რომ კეთილი სურვილები არასოდეს არ იბადებიან ძალმომრეობითი მოტივებით. შეიძლება აიძულო ადამიანი იმოქმედოს ასე და არა სხვაგვარად, მაგრამ შეუძლებელია აიძულო - ისურვოს ასე და არა სხვაგვარად. ამდენად, თუ ადამიანს გულწრფელად, პირუთვნელად სურს სიკეთე, მაშინ მას იგი სურს სრულიად თავისუფლად. მაგრამ თუ ქრისტიანი თავისუფალია თავის სურვილებში, მით უმეტეს თავისუფალია იგი მოქმედებაშიც. ქრისტიანული ზნეობრივი კანონი იმით გამოირჩევა სხვა ადამიანური კანონებისაგან, რომ იგი გადაჭრით გამორიცხავს ყოველგვარ იძულებასა და ძალდატანებას. ჭეშმარიტად ქრისტიანად ყოფნა უნდა ნიშნავდეს სიკეთისაკენ შინაგანად მიდრეკილებას. ჭეშმარიტი ქრისტიანია ის, ვინც კმაყოფილებას პოულობს სათნოებაში, აღასრულებს თავის კანონს შინაგანი ლტოლვის შედეგად, იმის შედეგად, რომ მას ამის გაკეთება სიამოვნებს. დიდი ბრძოლა და ძალისხმევაა საჭირო, რომ მიიყვანო თავი ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ვინც კი მიაღწია აქამდე, მოიპოვა ჭეშმარიტი ქრისტიანული თავისუფლება.
შეიძლება გვითხრან - იმ ადამიანთა მდგომარეობაც, ვინც ვნებებსაა აყოლილი, ხომ ისეთივეა, როგორც აღწერილი მდგომარეობაო: აქაც ადამიანი მოქმედებს შინაგანი ლტოლვების მიხედვით და მოქმედებს სიამოვნებით და სიყვარულით. ნამდვილად, აქ გვაქვს მსგავსება კეთილმოქმედ ადამიანთან, აქაც მოქმედება თავისუფალია (იმიტომაც ისჯება ცოდვა), მაგრამ რაოდენ დიდია განსხვავებაც! გრძნობადობის ბრმა ლტოლვებისა და ვნებების დაკმაყოფილებას ყველაზე უმძიმესი გავლენა აქვს სულის შინაგან ცხოვრებაზე. ვნება იმონებს ნებას, იწვევს შინაგან განხეთქილებას, ბრძოლას და ხშირად უკმაყოფილებასაც, სასოწარკვეთას და მოყირჭებას. ვნების ყოველი დაკმაყოფილება კი არ აწყნარებს, აღელვებს ადამიანს. ერთი სიტყვით, უზნეო ცხოვრება წარმოადგენს სულის არანორმალურ მდგომარეობას, მის მოშლილობას. მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანი ატარებს თავის სულში ღვთიურ სამყაროს.