§146. თავის შინაარსი. სულის, მისი ძალებისა და უნარების, განსაკუთრებით წინა თავში აღწერილ მის მდგომარეობათა ზუსტი და სწორი შემეცნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება სულსა და ორგანიზმს შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულება და ორგანიზმის გავლენა სულზე. ფსიქოლოგიისათვის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის - სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა ჩვენს დროში წინ წავიდა რიგ გერმანელ მეცნიერთა გამჭრიახობის წყალობით (ნაიე, განსაკუთრებით კარუსი და კოლენკე) [14]. ჩვენ ხშირად, განსაკუთრებით კი ფაქტიური მასალის გადმოცემისას, ვიხელმძღვანელებთ მათი მითითებით. მაგრამ მიუხედავად მათი ღრმა განსწავლულობის აღიარებისა, ჭეშმარიტებისადმი სიყვარული მაინც გვაიძულებს ბევრ არსებით პუნქტში დავუპირისპირდეთ მათ შეხედულებებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ დაპირისპირებულობას არავინ მიაწერს ჩვენს თავდაჯერებულობას. ჭეშმარიტება უმეტესწილად წარმოადგენს საგნის შესახებ ბევრი დავისა და მრავალ მოსაზრებათა შედეგს. ერთეული ადამიანი, რაგინდ განსწავლული და გამჭრიახი უნდა იყოს ის, შეძლებს განიხილოს საგანი ყოვლმხრიობაში.
§147. როდისაა შესაძლებელი სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვება? ჯერ ერთი, ყოველი მიუკერძოებელი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულებას შეიძლება და უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიცა და სხეულიც აღწევენ გარკვეულ განვითარებას და ავლენენ თავიანთი სიცოცხლის ძირითად ფორმებს; ეს კი შეიმჩნევა ბავშვის დაბადებიდან არა უადრეს რვა-ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მასში რამდენადმე თავს იჩენს მიხვედრის და ზოგიერთ სხვა სულიერ უნართა ნიშნები. საერთოდ კი ამ ორ ნაწილს შორის მიმართებას უკეთესია დავაკვირდეთ მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ამ ასაკში ყველა გარემოება აადვილებს და ხელს უწყობს ამგვარ დაკვირვებას. რომ ვინმემ მოინდომოს კიდეც ამგვარი დაკვირვების წარმოება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის ორგანიზმი იწყებს არსებობას ჩანასახის სახით, არ უნდა ველოდეთ მისგან რაიმე წარმატებას განზრახვის შესრულებაში. კიდეც რომ შეძლოს მან თანმიმდევრულად შეისწავლოს ჩანასახის განვითარება მისი ყველა ცვლილებებით განაყოფიერების მომენტიდან სრული ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე, ეს მაინც იქნება საკითხის ცალმხრივი შესწავლა; საკითხის მეორე მხარე, ე.ი. სულის საწყისი და მისი მიმართება წარმოქმნად ორგანიზმთან ყოველთვის დარჩება მისთვის საიდუმლოებად, რადგან შეუძლებელია გაიგო და ამოხსნა - რა მიმართებაში იმყოფება სული წარმოქმნად ორგანიზმთან.
2. ალბათ, ასევე, ყველა ადვილად დაგვეთანხმება, რომ ბავშვი ვითარდება და სრულყოფას აღწევს თანდათან, ამასთან იმ საშუალებებისა და უნარების წყალობით, რაც მან ღმერთისგან მიიღო; ვითარდება მისი როგორც სხეული, ისევე სული: ბავშვი იწყებს იმით, რომ სწავლობს წოვას, ხელ-ფეხისა და სხეულის სხვა ნაწილების გამოყენებას, გრძნობების მოხმარებას და ამთავრებს ბჭობის, დასკვნების გაკეთებისა და შემეცნების უნარის დაუფლებით. ყოველივე ამას იგი იძენს თანდათანობით. ეს ორი დებულება არ საჭიროებს არავითარ დასაბუთებას, ვინაიდან ყოველდღიური გამოცდილება სრულიად უეჭველად გვარწმუნებს მათ სისწორეში. ასე რომ, ისინი შეიძლება აქსიომებად მივიჩნიოთ, მაგრამ, ამასთან, ეს დებულებანი სრულ წინააღმდეგობაშია ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ მეცნიერთა ძირითად ნააზრევთან.
კლენკე თავის „ორგანულ ფსიქოლოგიაში" სულსა და სხეულს შორის მიმართების შესწავლას იწყებს არა მხოლოდ ახალშობილში რაიმე სულიერ უნართა გამოვლენამდე, არამედ დედის საშოში ჩანასახის წარმოქმნამდეც კი: მას მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმს თვით განაყოფიერების აქტიდან სიკვდილამდე აყალიბებს ადამიანის სული. აი, მისი სიტყვებიც: „თუ თვალს გავადევნებთ საერთოდ ორგანიზმის განვითარებას, გენეტიკური გამოკვლევა დაგვანახებს, რომ რაღაც გაურკვეველი წერტილიდან თანდათანობით თავს იჩენს სასიცოცხლო მოქმედება და შინაგანი კანონების შესატყვისად, ამ გაურკვევლობიდან ვითარდება მთელი რიგი მეტამორფოზებისა და წარმონაქმნებისა, თავიანთი დაპირისპირებულობითა და ურთიერთდამოკიდებულებით მუდმივ მიმართებაში რომ იმყოფებიან მთელთან, რომელიც დროსა და სივრცეში ხორციელდება. მაგრამ პერიოდებსა და ფორმებში ორგანიზმის განვითარება ისეთი სიზუსტით ხდება, რომ შეუძლებელია არ ვაღიაროთ სიცოცხლის ყოველ მომენტში პირველსახის, როგორც უმაღლესი იდეალური ძალის, შემოქმედებითი ძლიერება, ორგანიზმის ყოველ წარმონაქმნში რომ იჩენს თავს. ეს იდეალური ძლიერება [15] ქმნის განუწყვეტლად და თანაც ისეთი წინდახედულობით, თითქოს ადრევე მოფიქრებული აქვს ყველა შემდგომი პერიოდი და უკვე არსებული შენაქმნით ამზადებს მომავალს. ამიტომ ორგანიზმის ეს იდეა ამასთანავე წარმოადგენს მთელის პირველსახეს, რომლის სწორ მოძრაობასა და განვითარებაში ვლინდება ცნობიერი აზროვნება. უკვე ჩანასახშივე, თითქოს მთელი მომავლის წინასწარხედვით, იგი ატმოსფეროსა და ამ სამყაროს მოვლენებში ორგანიზმის საცხოვრებლად ისე მომართავს ორგანოებს, ისე გონივრულად განალაგებს განვითარების პერიოდებსა და მეტამორფოზებს, რომ ერთი პერიოდიდან გამომდინარეობს მეორე და ყოველი პერიოდით ნათლად და თანდათანობით მჟღავნდება ინდივიდუალური სიცოცხლის განმსაზღვრელი იდეის ყოფიერება და ნება რეალურ სამყაროში".
„სხვადასხვაგვარ ნაწილთაგან შედგენილი ასე ლამაზი ადამიანური ორგანიზმი, როდესაც პირველად იდგამს ფეხს ბუნებაში, წარმოადგენს კვერცხის სითხის მხოლოდ წვეთს, თუმცა ინდივიდუალობის იდეა განუყოფლად თან ახლავს მას, ვინაიდან ამ წვეთში იწყება უკვე მომავალი მრავალფეროვნების განვითარება და ჩამოყალიბება. ამ წვეთში იდეა ყველაზე მცირედ ვლინდება, ვინაიდან ბუნების სიცოცხლე ქმნის დროსა და სივრცეში; კვერცხის სითხის წვეთში ჯერ კიდევ საერთოდ არ შეიმჩნევა ის მრავალფეროვნება, რომელიც მომავალ ორგანიზმს ახასიათებს, მაგრამ იმავე წვეთიდან შემოქმედებითად ვითარდება ორგანიზმი. შემოქმედებითი მოღვაწეობა, აღსავსე ცნობიერი, უსასრულო მომავლით, წარმოადგენს იდეას, რომელსაც სულს ვუწოდებთ. იგი იმ ფენომენის ყოფიერების გაგებაა გონების საშუალებით, რომელიც აზროვნებს და მარადიულად არსებული პირველსახიდან ქმნის, გარდაქმნის და აყალიბებს მატერიას. რაც უფრო იზრდება იდეა თავისი რეალური ინტენსიობით, მით უფრო სახესრულია მატერია, როგორც იდეის ექსტენსიური უკუფენა".
„ორგანიზმი განუწყვეტლივ მოქმედებაშია. ეს მოქმედება თავს იჩენს მხოლოდ ინდივიდუალური იდეის მთელი სისრულის გამოვლენით სხვადასხვა ფორმებში, დროსა და სივრცეში, რიგი მეტამორფოზების წყალობით კი აღწევს იმას, რომ ყოველი შემდგომი განვითარება უახლოვდება თავის მიზანს. განუწყვეტელი მოქმედება გულისხმობს წინამავლის მოსპობას, მაგრამ იდეალური განვითარება თუმცა დროში მიმდინარეობს, თავისი არსებით მუდამ რჩება იდეალურად. ამიტომ მოსპობა ორგანიზმის მხოლოდ სხეულებრივ მხარეს ახასიათებს, რაც ვლინდება სუბსტანციის გაქრობასა და ცვალებადობის ფენომენში. ორგანული იდეა ყალიბდება იდეალურად და მისითვე ყალიბდება მატერია პირველსახეშივე წინასწარ დასახული შესაძლო მრავალფეროვნებით. როგორც კი იდეა შეამზადებს ორგანიზმს ბუნებასთან ახალი ურთიერთქმედებისთვის, მაშინვე გამოჩნდებიან ახალი ორგანოები. ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი გარედან ღებულობს გარკვეული მიზნით, აღმოჩნდება თუ არა ინდივიდუალურ სიცოცხლესთან ურთიერთობაში, იშორებს გარეგანი სამყაროს ყველა თვისებას და ორგანიმზის საფუძვლის - კვერცხის სითხის ერთგვაროვნებაში ითქვიფება. მაშასადამე, ყოველ წამს მეორდება ძირითადი ფენომენი, - მარტივის გადასვლა მრავალსახეობაში და ა.შ."
§148. ამ მოძღვრების განხილვა. აქ მოყვანილი სიტყვებიდან ყველას შეუძლია დაინახოს, რომ მათში მტკიცდება სწორედ ის აზრი, რომ სული, ანუ იდეა თვითონვე ქმნის თავის ორგანიზმს. ეს აზრია გაბატონებული კლენკეს მთელ ფსიქოლოგიაში, მაგრამ იმის ვარაუდი, თითქოს სული, ანუ იდეა თვითონ ქმნიდეს თავის სხეულს, შეიცავს უამრავ შეუსაბამობას და არ შეიძლება გაზიარებული იქნეს დადებითი მეცნიერების მიერ.
ჯერ ერთი, ეს ვარაუდი არ შეიძლება დასაბუთდეს როგორც ფაქტი, როგორც ნამდვილი მოვლენა, და მუდამ დარჩება ჰიპოთეზის სფეროში. განა შესაძლებელია, თვალი მივადევნოთ იდეის, ანუ ფსიქეს მოქმედებას ჩანასახის საწყისი განვითარებიდან, როდესაც თვით ამ განვითარების ხასიათი, ჩანასახის რაგვარობა, მისი მეტამორფოზები და სხვა, წარმოადგენენ დაკვირვებისათვის იმდენად რთულ მოვლენებს, რომ მათი მთლიანად არც გაგებაა შესაძლებელი და არც ახსნა. ამაში ყველა ფიზიოლოგია შეთანხმებული. თუ იდეის შემოქმედუნარიანობის დაშვებამდე მივყავართ იმ მოვლენას, რომ ჩანასახი ვითარდება საოცრად გონივრულად და რომ ორგანიზმის ჩამოყალიბების ყოველი მეტამორფოზა სრულდება საოცარი წინასწარდასახულობით, მიზანშეწონილობით, მაშინ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედის საშოში ადამიანის ორგანიზმი წარმოიშობა ზუსტად იმავე კანონების მიხედვით, როგორც მცენარე თესლიდან. ისე ჩანს, რომ ჩანასახში წინასწარაა ჩადებული მთელი მომავალი ორგანიზმის ფორმა, არისტოტელე რომ ენტელექიას უწოდებდა და მამაკაცის თესლი ანაყოფიერებს, ე.ი. აძლევს ბიძგს მას წარმოქმნისთვის ისევე, როგორც მცენარის მარცვალში მოცემულია მომავალი მცენარის მთელი ფორმა, რომელიც იწყებს სიცოცხლეს მაშინვე, როგორც კი მიწის ტენი გააღვივებს მას. ამ შეხედულებას გვიდასტურებს ბევრი სწავლული ფიზიოლოგის დამოწმება. აი, ვალენტინის სიტყვები: „ორგანულ სხეულთა თვითმოქმედებას ხშირად იმ ვარაუდამდე მივყავართ, რომ სხეულის მატერიას მართავს განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა, რომელიც ასრულებს არაორგანული ბუნებისაგან განსხვავებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მოქმედებას და მისი საშუალებით განაპირობებს სასიცოცხლო მოქმედებებს... მაგრამ ეს ვარაუდი არა მხოლოდ ვერ გვიხსნის ბევრ უცნობ პირობებს, არამედ, პირიქით, გვიბიძგებს დასკვნებისაკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზუსტი ფიზიოლოგიური ცნების შედეგებს. იგი აღმართავს ბუნებაში არარსებულ კედელს ცოცხალ და არაცოცხალ ფიზიკო-ქიმიურ მოვლენებს შორის. მართალია, ეს ვარაუდი ერთი შეხედვით გვაცდუნებს იმით, რომ სასიცოცხლო პროცესებს მიაწერს განსაკუთრებულ, მაღალი ზეგავლენის უნარს, მაგრამ შედარებით ზუსტი და მიუკერძოებელი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ იგი მხოლოდ აბუნდოვნებს უფრო საოცარი პირობის შესახებ ცნებას: როგორ ახორციელებს ბუნება ცოცხალ ქმნილებაში ამდენ განსაკუთრებულ და მრავალფეროვან მოქმედებას საკვირველად მოწყობილი ორგანიზაციის საშუალებით და ისიც მხოლოდ საერთო ძალებზე დაყრდნობით".
„თუ ვიფიქრებთ, რომ სასიცოცხლო მოვლენები წარმოადგენენ უბრალოდ ბრძნული ორგანიზაციული გეგმის შედეგებს, მაშინ ყველა სიძნელე ქრება: ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩანასახში უკვე ჩაქსოვილია პირობები, რომელთა საშუალებითაც საკვებ ნივთიერებათა შეთვისების შედეგად აღმოცენდებიან საერთო მიზნის შესატყვისი ახალ-ახალი წარმონაქმნები. ამგვარად აღმოცენდებიან, მაგალითად, უჯრედები და ბუშტულები, რომლებიც თავიანთი ბუნების მიხედვით მოქმედებენ უკვე არსებულ ელემენტებზე და განსაზღვრავენ საკვების გარდაქმნას".
ამ სიტყვებიდანაც და იმ ფიზიოლოგთა ყველა ცდა-დაკვირვებიდან, რომელნიც არ მიმართავენ ჰიპოთეზებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის - ისევე, როგორც მცენარეთა - სხეულის ჩამოყალიბების პროცესი გაბატონებულია მხოლოდ ფიზიკური, ქიმიური და ორგანული კანონები. ფიზიოლოგთა დიდი უმრავლესობა იმ დაშვებისკენ უფრო იხრება, რომ ორგანიზმის ჩანასახი ყალიბდება მხოლოდ ორგანული კანონების მიხედვით. გამოცდილ ფიზიოლოგთა შორის იშვიათად თუ ვინმე დაეთანხმება იმას, რომ თვით სული შეგნებულად აყალიბებდეს სხეულს.
მეორეც, ამ დაშვებიდან გამომდინარეობს, ადამიანის სული ჯერ კიდევ თავის ნამდვილ სრულყოფამდე (კერძოდ, მანამდე, ვიდრე შეიძენდეს წარმოდგენის, აზროვნების და ა.შ. უნარებს) მოქმედებს გონიერად, შეგნებულად და უფრო უკეთ და სწორადაც კი, ვიდრე შემდგომ; დაგვეთანხმებით, თავისთვის ასეთი მშვნიერი ორგანიზმის ჩამოყალიბება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ძნელი საქმეა, ვიდრე სულის მთელი შემდგომი მოღვაწეობა. თუ სულმა იმიტომ შექმნა თვალნი, რომ წინასწარ იცოდა სამყაროში სინათლის არსებობა, რომელიც უნდა აღგვექვა, ასევე შექმნა ყურნი იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნებოდა ჰაერის რხევათა აღქმა და სხვ., მაშინ იგი გაცილებით გონიერი ყოფილა მანამდე, სანამ ნამდვილად დაიწყებდა აზროვნებას და მოქმედებას. მაგრამ როგორღა გავიგოთ ვითარება, როდესაც დედის საშოში ასე გონიერი და გამჭრიახი სული ჩვილის დაბადებისთანავე კარგავს ამ თვისებებს და იძულებულია თავიდან დაიწყოს ყველაფრის სწავლა? როგორ ხდება, რომ სული სრულიად ვერ აცნობიერებს თავის ამ შემოქმედებით მოღვაწეობას? ამ კითხვებისაგან თავის დასაღწევად კლენკე არაცნობიერი აზროვნების შესახებ ჰიპოთეზას გვთავაზობს. მისი შეხედულებით, სულში ორგვარი აზროვნებაა - ცნობიერი და არაცნობიერი. უკანასკნელის წყალობითაა, რომ სული აყალიბებს თავის ორგანიზმს. მაგრამ რას წარმოადგენს ეს არაცნობიერი აზროვნება? აზროვნება ცნობიერებაა, ცნობიერება კი აზროვნება. სხვაგვარი აზროვნება არაა და არც შეიძლება იყოს. თქმა იმისა, რომ არსებობს არაცნობიერი აზროვნება, ნიშნავს იგივეს, რომ ვამტკიცოთ შეუგრძნობელი შეგრძნების, უძრავი მოძრაობის არსებობა. ასეთი დაშვებისას ისიც ხომ უნდა ვამტკიცოთ, რომ სკამი, რომელზედაც ჩვენ ვსხედვართ, შეიგრძნობს და აზროვნებს, ოღონდ არაცნობიერად.
ბოლოს, მესამე. არ შეიძლება არ ვახსენოთ კიდევ ერთი შეუსაბამობა. თუ სული მართლაც განზრახ და გონიერად აყალიბებს თავის ორგანიზმს, მაშინ რატომაა, რომ ბევრი ადამიანის ორგანიზმი ასე არასრულყოფილია, ავადმყოფურია, დიდად ნაკლოვანი ორგანოებით აღჭურვილია? უფრო მეტიც, რატომაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზმის ნაცვლად ზოგჯერ ჩნდებიან მახინჯები, რომლებიც არ გვანან ადამიანებს? საოცარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მათ სული წარმოქმნის. რატომ უნდა უმტროს მან თავის თავს! და საერთოდ, აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რადგანაც დაშვებულია, რომ იდეა, ან სული წარმოადგენს ხუროთმოძღვარს, ხოლო ჩანასახი - მასალას, რომლისგანაც იგი ქმნის საკუთარი შეხედულების მიხედვით. თუ ვინმე იტყვის, რომ არანორნალურ ორგანიზმს წარმოშობს არანორმალური მდგომარეობა თვით ამ მასალისა, ჩანასახისა, რომლისგანაც იდეა ან სული ქმნის ორგანიზმს, მაშინ მან ისიც უნდა დაუშვას, რომ ორგანიზმის წარმოქმნა ფიზიკურ ძალებსა და კანონებს ექვემდებარება და, ამდენად, არაა დამოკიდებული სულზე.
§149. ასეთი მოძღვრების საფუძვლის შესახებ. იმ ფილოსოფიური სისტემის თვალსაწიერიდან, რომლის პრინციპებითაც გამსჭვალულია კლენკეს ფსიქოლოგია, ჩვენს მიერ განხილულ ფსიქოლოგიას, როგორც ჩანს, შეიძლება მოეძებნოს თავისი საკმაო საფუძველი. ეს სისტემა არსებითად არ ასხვავებს სულს და ორგანიზმს, მიიჩნევს რა მას ერთიან არსად. „ორგანიზმი წარმოადგენს იდეის, ან სულის გამოვლინებას, ან იდეა, განხორციელებული სინამდვილეში - ესაა სამყაროს საყოველთაო სასიცოცხლო ძალის ინდივიდუალური გამოვლენა. ორგანიზმი თავის გამოვლინებაში, როგორც გრძნობებს დაქვემდებარებული მთელი, წარმოადგენს ორგანულ სხეულს, არსებითად კი - როგორც იდეალური მთელი, წარმოადგენს ორგანულ იდეას, ანუ სულს". „იდეა და მატერია განაპირობებენ ერთურთს. იდეალური მთელი განივთებული სახით იქცევა რეალობად; ამდენად, ორივეს მიზეზი ერთი და იგივე უნდა იყოს. რეალობად ქცეულნი, მათ არსებით შეერთებულობაში სული და მატერია წარმოადგენს ორგანიზმს, ორგანულ ერთიანობას, რომლის დანაწევრება სხეულებრივ და იდეალურ მხარეებად მეცნიერების თვითნებობის შედეგია". ბოლო ტირადა უორჭოფოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს სისტემა არ უშვებს გენეტიკურ (არსებით) განსხვავებას იდეასა (სულსა) და ორგანიზმს შორის: ისინი წარმოადგენენ რაღაც ერთიანს, როგორც ერთი და იმავე არსის ორი მხარე. ამასთანავე კლენკეს მთელი წიგნის გულდასმით გააზრება საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ მისი აზრით, სული და სხეული არ განეკუთვნებიან სხვადასხვა არსთ; სული წარმოადგენს სამყაროს იდეალური სიცოცხლის იმ განსაკუთრებულ გამოვლენას, კერძო სახეს, რომელსაც ორგანიზმში ინდივიდუალური და ცნობიერი მდგომარეობა იღებს. მაგალითისთვის ავიღოთ შემდეგი სიტყვები: „მეცნიერებას სინთეზური გონებაჭვრეტით უცბად არ შეეძლო მიეღწია განუყოფელი ერთიანისათვის; თავდაპირველად განსჯა ეძებს განსხვავებულობებს და გაყოფით მიღებულ ნაწილებს, რომელნიც სხვათაშორის თვით საგანს როდი ახასიათებენ, არამედ ეფუძნებიან განსჯისეულ სუბიექტურ გააზრებას. და ასე მეცნიერებად ინტელექტუალური გზით გაყო მთელი იდეად ანუ სულად და ა.შ." ე.ი. გაყოფა არ ემყარება თვით საგნის არსს. უფრო ნათლად ეს აზრი გამოთქმულია სხვა ადგილას: „იმდენად, რამდენადაც ადამიანის სული წარმოადგენს ბუნებისა და ღვთაებრივი სულის უმაღლესი ერთიანობის იმ სფეროს, რომელიც გამოიხატება ადამიანის ინდივიდუალურობით" და განეკუთვნება ინდივიდუალურ მოვლენას, ყოველი ორგანულად გამოხატული მიმართულება, როგორც სულიერი გამოვლენა არ შეიძლება დარჩეს იმ ინდივიდუალურ სფეროში, რომელიც განეკუთვნება სამყაროს სულს და წარმოადგენს ცნობიერ ინდივიდუალობას - ფსიქეს".
ცხადია, ამგვარი მოძღვრება წარმოადგენს პანთეისტური მიმდინარეობის შედეგს და არასგზით არ შეიძლება გამართლებულ იქნას არც საღი აზრით და არც ცდით. აქ არაა ადგილი საერთოდ პანთეისტური მოძღვრების უარსაყოფად; ხსენებულ შეხედულებას განვიხილავთ მხოლოდ იმ კუთხით, რომლითაც იგი ჩვენს საკითხს ეხება.
ჯერ ერთი, ეს შეხედულება აღრევაა სხვადასხვა საგნებისა და ცნებებისა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან პანთეიზმი ხომ სუბსტანციებს ურევს ერთმანეთში, თვლის რა თითოეულ მათგანს ერთი საყოველთაო სუბსტანციის სახესხვაობად.
ფიზიოლოგიური ფაქტების მოუკერძოებელ განხილვას მივყავართ სრულიად სხვა შედეგებთან. პირველი თავის შინაარსმა ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ ადამიანში არ შეიძლება არ დავუშვათ არსებობა რაღაც ისეთი არამატერიალური არსებისა, რომელიც სრულიად განსხვავდება მისი ორგანიზმისაგან; სხვაგვარად ვერ ავხსნიდით იმას, თუ როგორ წარმოიშობიან მასში შეგრძნებები. თვით კლენკეც კი მიდის ამავე შედეგებამდე, როცა ფაქტებს არ ღალატობს, მაგრამ სადაც მას გაიტაცებს სურვილი - დაუქვემდებაროს ეს ფაქტები პანთეისტურ სისტემას, იქვე ეხვევა ბურუსში და მისი სიტყვები შეიცავენ აშკარა წინააღმდეგობას. ავიღოთ თუნდაც ზემოთ მოტანილი ტირადა. ძნელი გასაგებია, რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა: „იდეალური მთელი განვითარებული სახით იცქევა რეალობად, ამიტომ მიზეზი უნდა იყოს ერთი და იგივე". შემდეგ კი ვკითხულობთ: ორივე (ე.ი. მატერიაც და იდეაც), რომელნიც რეალობად ქცეულან და სხვ. იბადება კჲთხვა: რა არის მატერია, რომელიც რეალობად ქცეულა? სიტყვა „მატერია" აქამდე ნიშნავდა რაღაც რეალურს, ნივთიერს და ახლაც არ შეიძლება იგი სხვა რამეს აღნიშნავდეს. ამიტომ გამოთქმა - „იდეალური მატერია" შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებში. ანდა დავაკვირდეთ ასეთ გამოთქმას - „ნივთიერების იდეა იქცევა რაელურად". გამოდის, რომ იდეას ადრე არ გააჩნდა რეალობა, ე.ი. ყოფიერება, ვინაიდან იდეის რეალობა მდგომარეობს არ მის ნივთიერობაში, არამედ მის იდეალურ ყოფიერებაში!
იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველი მცდარი სისტემა თვით ამხელს მის ახლოს გაცნობისას თავის თავს საკუთარი ბუნდოვანებითა და შინაგანი წინააღმდეგობებით, ვნახოთ კიდევ ასეთი ადგილი: „ორგანიზმის არსს წარმოადგენს მისი ყოფიერების სასიცოცხლო იდეა, რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად, ე.ი. მიიღოს ნივთიერი ფორმა. განივთება იმდაგვარად მიმდინარეობს, რომ კერძო იდეა ზოგჯერ იქცევა ბუნების მომენტად, ე.ი. დროისა და სივრცის კანონების მიხედვით თავის განვითარებაში მემკვიდრეობითად იმყოფება იდეალურ პირველსახეში დავანებული სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან ურთიერთგანპირობებულობაში. ცალკეული სიცოცხლის ყოფნა წარმოადგენს იდეის განხორციელებას, ე.ი. მის გამოვლენას ჩამოყალიბებულ სხეულში". რაც უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ დახლართულ ფრაზაში, მით უფრო ნათლად წარმოჩნდება მათში წინააღმდეგობანი და შეუსაბამობანი. რა უნდა ვიგულისხმოთ „იდეაში", რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად? თუ ეს შემოქმედებითი იდეაა, რომელიც მარადიულად გააჩნდა ღმერთს და მანვე განახორციელა თავის დროზე, მის შესახებ არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი ისწრაფვის ბუნების კანონების მიხედვით განსახორციელებლად, ვინაიდან შემოქმედებითი იდეა არ ემორჩილება ბუნების კანონებს, არამედ თვითონ ქმნის მათ; თუ ეს ასე არაა, მაშინ საკითხავია - როგორღა გააჩნია იდეას ყოფიერება? პიროვნებაა იგი თუ განსაკუთრებული სუბსტანციის თვისება? ერთი სიტყვით, ეს წარმოდგენა რაღაც იდეის შესახებ თვით ავტორის აზრის გამოვლენაა. განსწავლულმა ფსიქოლოგმა თავის საკუთარ წამოდგენას მიაწერა დამოუკიდებელი არსებობა და აიძულა იგი შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი. ამის შემდეგ ავტორი გამოყოფს კიდევ სიცოცხლის რაღაც ცალკეულ იდეას, რომელიც „ხორციელდება ორგანიზმში, ავლენს თავის თავს დროსა და სივრცეში და იმყოფება პირველსახის სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან ურთიერთობაში". შემდეგ „დავანება ცალკეული იდეისა, რომელიც სიცოცხლის მომენტად (?) იქცა, წარმოადგენს იდეის განხორციელებას ჩამოყალიბებულ სხეულში". ყოველივე ეს, ვიმეორებთ, გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა გვეცოდინებოდა, თუ რას წარმოადგენს თვით ეს იდეა, ყველა ამ სასწაულს რომ მოიმოქმედებს, და თუ რა უფლება გვაქვს განვაპიროვნოთ ეს იდეა, ე.ი. მივაწეროთ ნებელობა, გონიერება, პიროვნული მოღვაწეობა და სხვ.
მეორეც, უკვე ვილაპარაკეთ არაცნობიერი აზროვნების შესახებ არსებულ უცნაური ჰიპოთეზაზე, მაგრამ სისტემაში, რომელსაც ვიხილავთ ჩვენ, კიდევ უფრო უცნაურ რამეს ვაწყდებით; ესაა შეხედულება, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ორგანიზმი მზის სისტემის განმეორებაა, წარმოადგენს კოსმიური სიცოცხლის ინდივიდუალურ განსახიერებას. მზე და პლანეტები მეორდებიან ადამიანში, სასიცოცხლო დაძაბულობა მზის სისტემის ცენტრსა და პერიფერიებს შორის, მოძრაობის, სინათლის, სიმძიმის, ქიმიზმის, ელექტრობის და გალვანიზმის ფენომენები ზოგადი კანონების მიხედვით მეორდებიან ორგანიზმში სასიცოცხლო ქმედებათა სახით. ორგანიზმის მზისეული პრინციპი თავისი კონკრეტული ფორმით თავს იჩენს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ხოლო პლანეტებს იმეორებენ გარეგანი გრძნობები [16].
ერთი შეხედვით, ეს აზრები მაცდუნებლად გვეჩვენება, ვინაიდან თითქოს გვიფართოებენ გონით თვალსაწიერს, მაგრამ ცივი განსჯის კრიტიკის წინაშე ისინი უძლურნი არიან. ორგანიზმის შედარება მზის სისტემასთან რჩება მხოლოდ შედარებად და მას არ შეიძლება გააჩნდეს სხვა მნიშვნელობა. უფრო მეტიც, იგი აშკარა წინააღმდეგობაშია ფსიქოლოგიის ჩვენს მიერ განხილულ ადრინდელ დებულებებთან. დიდი ხანია, რაც დასაბუთებულია და ვერანაირი საღად მოაზროვნე გონება ვერ უარყოფს იმას, რომ მთლიანად მზის სისტემა, სინათლის, ელექტრობის, მაგნეტიზმისა და სხვა ფენომენები წარმოადგენს მატერიის მკვდარ, მექანიკურ მოვლენებს, რომლებიც ემყარებიან მათემატიკის მკაცრ კანონებს. მაშასადამე, თუ ისინი მეორდებიან ორგანიზმში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ ორგანიზმს მართავს მხოლოდ მექანიკური კანონები და რომ ეს ორგანიზმი არ არის რაღაც გონიერი იდეის გამოვლენა. დროებით დავეთანხმოთ ავტორის შეხედულებას და ვირწმუნოთ, რომ ადამიანის ნერვული სისტემა მზეა, ხოლო მისი გარეგანი ორგანოები პლანეტებია და ა.შ. რას უნდა ველოდეთ ამ დებულებიდან? სიცოცხლის რა მხარე შეიძლება აიხსნას მათი საშუალებით? ნუთუ უკეთ გავიგებ ნერვული სისტემის დანიშნულებასა და მოქმედებას, თუ ვიტყვი, რომ იგი მზეს წარმოადგენს? ანდა, განა უკეთ გავიგებ გრძნობების ორგანოების აგებულებას, თუ მათ პლანეტათა როლს მივანიჭებ? არა გვგონია! ამგვარ შედარებებს შეუძლიათ უფრო მცდარი დასკვნებისაკენ გვიბიძგონ, ვიდრე ჭეშმარიტი ცნებებისაკენ.
მესამეც. სული, იდეა და ფსიქე წარმოდგენილია ერთი და იმავე სუბსტანციის სამ განსხვავებულ მდგომარეობად. ეს სამი სახელწოდებაა იმ ერთი სასიცოცხლო ძალისა, რომელიც ქმნის ორგანიზმს. მაგრამ ამ სიტყვათა მოხარების დროსაც ვაწყდებით სხვადასხვა წინააღმდეგობებსა და გაუგებრობებს. მაგალითად, „იგი, ე.ი. ფსიქე, როგორც გრძნობებისადმი დაუქვემდებარებელი ყველა წარმოდგენათა ერთობლიობა (მაშასადამე, ფსიქე წარმოდგენათა ერთობლიობაა??) ფლობს სხეულებრივ ორგანიზმს მხოლოდ მის დაძაბულობაში, ტვინზე კი ზემოქმედებს მხოლოდ იდეალურად (??), მაგრამ არ უნდა ავურიოთ აქ ფსიქე სულთან. სული, როგორც ინდივიდუალური სიცოცხლის ძირითადი იდეა, რომელიც დროებით ამჟღავნებს თავს ორგანიზმის საშუალებით, ცოცხლობს ორგანიზმის მთელ შემადგენლობაში, ორგანიზმისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა და თვით განსხეულებული სული. იგი, როგორც უმაღლესი გონიერი ყოფიერების კერძო შემთხვევა, აზროვნებს არაცნობიერად და ყოველი აზროვნება ორგანიზმში წარმოადგენს მასთან ჰარმონიულ განვითარებაში შეუღლებულ მოქმედებას".
თუ ფსიქე და სული ერთი და იგივე სუბსტანციაა, მაშინ არ შეიძლება იგი ისე თანშეწყობილად გაიყოს, რომ ერთი ნაწილი გარდაიქმნეს სხეულად და იაზროვნოს ორგანიზმში არაცნობიერად. ცხადია, აქ ან სრულიად უარყოფილია განსხვავება ადამიანის ორგანიზმსა და მის სულიერ სუბსტანციას შორის, რაც კლენკეს სისტემის სხვა ადგილებიდანაც ნათლაც ჩანს, ანდა სულის სახელში ფსიქეს სახელისგან განსხვავებული რამ იგულისხმება.
მეოთხე. ბოლოს, ამ სისტემის უკანასკნელ შეუსაბამობას ცდისეულ დაკვირვებებთან ქმნის ის გარემოება, რომ გარეშე ორგანოთა გაღიზიანებები ან ის შთაბეჭდილებები, რომელთაც ორგანოები ნერვების საშუალებით აწვდიან ტვინს, აღრეულია საკუთრივ შეგრძნებებთან. ცდისეულმა ფსიქოლოგიამ დაამტკიცა, რომ ტვინის გარეშე, ორაგანოთა შთაბეჭდილებების გარეშე არ არსებობენ შეგრძნებები, რომ ორგანოები თვითონ კი არ შეიგრძნობენ შთაბეჭდილებებს, არამედ გადასცემენ მათ ნერვულ ცენტრს. კლენკეს სისტემის მიხედვით კი ყოველი ორგანული სფერო ფლობს შეგრძნების უნარს, ყოველ მათგანს ნერვების დახმარების გარეშე შეუძლია შეიგრძნოს. კლენკე ამასაც არ სჯერდება - ორგანული სფეროები არა მარტო შეიგრძნობენ, არამედ აზროვნებენ კიდეც; უფრო ზუსტად, სული აზროვნებს მათში, თუმცა არაცნობიერად, მაგრამ მაინც გონივრულად.
ყველა ამ მოსაზრებათა მიხედვით ძნელია დაუშვა, რომ სული თვითვე ქმნის თავისთვის სხეულს: ჩვენ ამას ვერ ვგებულობთ, არ გვესმის და ვერ ავხსნით. პირიქით, ჩვენი ორგანიზმის ჩამოყალიბება საერთოდ დამოუკიდებელია სულის თვითნებობისაგან. ორგანიზმი თვითონვე ყალიბდება იმ თავისი ორგანული კანონების მიხედვით, რომელთა გამოკვლევას ცდისეული ფსიქოლოგია ახდენს. ეს საერთოდ იმას როდი ნიშნავს, რომ არ არსებობდეს რაიმე დამოკიდებულება და ურთიერთგავლენა ორგანიზმსა და სულის განვითარებას შორის. ასეთ რამეს აუცილებლად აქვს ადგილი, მაგრამ, როგორც შემდეგ დავინახავთ, სხვა სახით.
§150. საიდან წარმოიშვა ასეთი უცნაური შეხედულებები? ერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც ემყარება წინამდებარე პარაგრაფში განხილული მცდარი დებულებანი, ეს არის ბევრი მეცნიერის ჩვევა, პიროვნებათა სახით გაიაზროს ბუნების კანონთა გონებისეული წარმოდგენები, ილაპარაკოს მათზე, როგორც დამოუკიდებლად და მიზანდასახულად მოქმედ პიროვნულ არსებაზე.
ასეა, მაგ. წარმოდგენილი სული, ანუ ფსიქე, რომელიც ქმნის ადამიანის ორგანიზმს. უდავოა, რომ ადამიანის სული პიროვნული არსებაა, მაგრამ კლენკე იმ სულზე არ ლაპარაკობს, რომელიც ცხოვრობს და მოქმედებს მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ეს სული, ცხადია, თანდათანობით ვითარდება და არ შეუძლია შექმნას თავისი ორგანიზმი. იდეა, რომელიც კლენკესთან ქმნის ორგანიზმს, წარმოადგენს იმ კანონის წარმოდგენას პიროვნებას სახით, რომლის მიხედვითაც ვითარდება ორგანიზმი დედის საშოში. აქ, ავტორი, ცხადია, აპიროვნებს ბუნების ზოგადი სიცოცხლის შესახებ თავის განყენებულ წარმოდგენას, აჯილდოვებს მას ნება-გონებით და ანიჭებს რაღაც იდუმალი მოღვაწის როლს.
გაპიროვნების ასეთი მაგალითები მასთან ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ბუნების ყველაზე მექანიკური კანონები, უმარტივესი ფენომენია, მასთან პიროვნების მსგავსად მოქმედებენ. ამის მაგალითად მოვიყვანოთ საჭმლის მონელების აღწერა. ეს პროცესი ასეა აღწერილი [17]: „განუყოფელსა და გარესამყაროს შორის დაპირისპირება მდგომარეობს ურთიერთზემოქმედებაშიც და იმ მომენტშიც, რომელშიც ერთი მეორის განადგურებით ძალმოსილნი მაინც კვლავ დამოუკიდებელ არსებობას ინარჩუნებენ. განუყოფელი ცდილობს გაანადგუროს გარესამყარო და იმსგავსებს მას თავისი ცხოვრების სფეროში.
გარესამყარო კი ანადგურებს განუყოფელს იმით, რომ გადაჰყავს იგი თავის პირვანდელ საკუთარ ტერულურ მდგომარეობაში. ამასთან, განუყოფელი მუდმივად ადგენს გარესამყაროს იმით, რომ წარმოიდგენს მას და მასში თავის თავს ასახავს. საჭმლის მონელება ინდივიდუალური ორგანიზმის ისეთი სფეროა, რომლის საშუალებითაც განუყოფელის მოქმედება გარე სამყაროზე უარყოფითია. მაგრამ ეს უარყოფა აქ უაღრესად მატერიალური და უმდაბლესი ფორმით ხდება. როგორც კი გარესამყარო მოდის საჭმლის მომნელებელ სფეროსთან შეხებაში, მაშინვე სრულიად კარგავს მატერიალურ თვისებებსა და ხასიათს, იქცევა, ასე ვთქვათ, მასალის აბსტრაქტად, გარდაიქმნება ქიმიურ წვენად, რომელიც შემდეგ ექვევა ინდივიდუალური სიცოცხლის გავლენის ქვეშ. ასე ანადგურებს ორგანიზმი გარესამყაროს თვისებებს. ამით გამოიხატება ინდივიდუალურის აღმატება ზოგადზე და ამაშივე მოჩანს ორგანიზმის თვითშენახვისა და ეგოიზმის ნიშანი: ორგანიზმს თითქოსდა სურს იყოს ერთადერთი, შეითვისოს, გარდაქმნას საკუთარ სხეულად ყველაფერი, რაც კი ემსახურება მის არსებობას".
ცხადია, ამ აღწერაში საჭმლის მარტივი და ადვილად განსამარტავი ფიზიოლოგიური პროცესი წარმოდგენილია გაპიროვნების საშუალებით: კუჭში მოხვედრილი საჭმლის ქიმიური დაშლის პროცესი იწოდება გარესამყაროს განადგურებისაკენ მიმართული ინდივიდუალური სიცოცხლის ძალისხმევად, წარმოდგენილია რაღაც ბრძოლად გარესამყაროსა და ინდივიდუალურ სიცოცხლეს შორის, რომელშიც გამარჯვება უკანასკნელის მხარეზეა. მაგრამ ორგანულ კანონთა ამგვარი გაპიროვნება სრულიადაც არ ფენს ახლებურ შუქს რამეს. უბრალოდ რომ ვთქვათ, კუჭი მოქმედებს მარტივად ფიზიკური და ქიმიური კანონების მიხედვით, არაცნობიერად; ამიტომ არაა საჭირო, წარმოვადგინოთ მისი ქმედება, როგორც რაღაც ცნობიერი და მიზანდასახული.
ამ მიდრეკილებას, ყოველივე აიხსნას გაპიროვნებით, წარმოშობს ის, რომ ფიზიოლოგიის საშუალებით ძალიან ადვილად ასახსნელი, მატივი მოვლენები, რომელთა გასაგებად არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა, წარმოდგენილნი არიან რაღაც საიდუმლო სახით. მაგალითად, არაფერია იმაზე ადვილი, რომ ახსნა თვალის მოქმედება. ის ჩვენ აღვწერეთ კიდეც პირველ თავში. ახლა კლენკეს მოვუსმინეოთ [18]: „თვალში მოცემულია იდეა იმ ძაბვის ათვისებისა, გარესამყაროში ექსცენტრულად რომ მოქმედებს და სინათლედ იწოდება. სხვა სიტყვებით: ინდივიდუალური სასიცოცხლო იდეა თვალის საშუალებით ისწრაფვის აღმოჩნდეს სინათლის ქმედებასთან ურთიერთობაში. გარესამყარო მოქმედებს თვალზე ნათელი ძაბვით და ამით იწვევს ორგანული სფეროს ცვლილებას. ნერვი მონაწილეობს თვალის ამ შეცვლილ მდგომარეობაში და იმავე დროს თვალის ტვინის საფარველ მასას იმდაგვარად გარდაქმნის, რომ სასიცოცხლო იდეა განიცდის ამ ცვლილებას სინათლის სახით".
დაე, მიუკერძოებელმა მკითხველმა მშვიდად გაარჩიოს მოყვანილი ტირადის ყოველი გამოთქმა და თვითვე დარწმუნდება, რომ მათში ყველაფერი დამყარებულია სიტყვათა თამაშსა და აღრევაზე. „გარესამყარო მოქმედებს თვალზე ნათელი ძაბვით და სასიცოცხლო იდეა გრძნობს სინათლეს" - ნუთუ ეს უფრო გასაგებია, ვიდრე მხედველობის ის მარტივი ახსნა, რომელსაც ცდისეული ფიზიკა გვთავაზობს? ან, ავიღოთ, მაგალითად, სმენის ეს ახსნა [19]: „როცა სხეულები გარე ზეგავლენით აღიგზნებიან შინაგანი მოძრაობისათვის და ამის შედეგად ავლენენ თავის სწრაფვას განმუხტვისაკენ, ე.ი. დიფერენციული მდგომარეობით, ელტვიან პირვანდელ ეთეროვან არსებობას, მაშინ თავს იჩენს საინტერესო ფენომენი, რომელსაც შინაგან რხევას, თრთოლვას, ანუ ნივთიერი შესაძლებლობისა და გაიშვიათების ტალღურ მოძრაობას ვუწოდებთ. ეს ფენომენი იწოდება ბგერად. ბგერის საშუალებით ადამიანი ამყარებს უახლოეს ურთიერთობას ნივთიერ სამყაროსთან, ვინაიდან სხეულთა ჟღერადობა წარმოადგენს სწრაფვას განმუხტვისაკენ, თავისი ძირითადი არსის გამოვლენისაკენ. ამიტომ ბგერაში ყველაზე უფრო ვლინდება სხეულის ძირითადი არსი".
ეს აღწერა არაა ადვილად გასაგები, უფრო მეტიც, იგი შეიცავს არსებით უზუსტობებს; ლაპარაკია იმაზე, რომ ბგერა წარმოადგენს მატერიის არსებით თვისებათა გამოვლენას. ეს არაა მართებული, ვინაიდან ბგერა არ ავლენს სხეულის თითქმის არავითარ თვისებას; იგი სხეულის განსაკუთრებული, შემთხვევითი მდგომარეობაა, კერძოდ, რხევაა. სული ძალიან ცოტა რამეს იგებს სმენის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ შემეცნების თვალსაზრისით ყური ყველაზე ღარიბი ორგანოა; გვიმტკიცებენ კი, რომ თითქოს სმენის საშუალებით მატერიის თვით არსებას ვგებულობდეთ. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმები: „სხეულთა სწრაფვა განმუხტვისაკენ", ან „დიფერენციული მდგომარეობის დაბრუნება პირვანდელ ეთერულ არსებობაში".
გსურთ გაიგოთ რა არის სინათლე? ესაა თურმე სამყაროს სასიცოცხლო დაძაბულობა, რომელიც თავს იჩენს ცნობილი კოსმიური, ცენტრალური, სასიცოცხლო პუნქტებიდან მომდინარე ქმედებაში; იგი თავისი გავლენის ქვეშ მოქცეულ სხეულებში აღძრავს საპირისპირო ქმედებას, რის შედეგადაც თვით ეს სხეულები იქცევიან დაქვემდებარებულ ცენტრებად და სხვ." სხვა ადგილას სინათლე იწოდება „სამყაროს სასიცოცხლო პულსად".
მაგრამ მსოფლჭვრეტის ამგვარი წესი, ამგვარი სწრაფვა ბუნების კანონებისა და მოვლენების, ასევე საკუთარი წამოდგენების გაპიროვნებისაკენ, ვფიქრობ ბუნების ბავშვურ განხილვას უფრო წარმოადგენს. ბუნებრივიცაა, ადამიანები ბავშვობის ასაკში ვერ წვდებოდნენ ბევრი მოვლენის მიზეზებს და ამიტომაც ყოველივეს სულიერ არსებად თვლიდნენ, ყოველივეში ხედავდნენ გონიერ შემოქმედს, ასახლებდნენ ბუნებაში სხვადასხვა ცოცხალ ძალებს, ერთი სიტყვით, აპიროვნებდნენ ბუნების ყველა ძალას. მაგრამ რაც უფრო სრულიყოფა და მტკიცდება ადამიანის გონება, მით უფრო უკეთ გამოყოფს მექანიკურს ცოცხალისა და გონიერესაგან, მით უფრო რწმუნდება იმაში, რომ ყველგან, სადაც კი ცოცხალი ძალის არსებობას გულისხმობდა, მოქმედებს მექანიკური კანონები. ბუნების ახლო გაცნობა ყოველთვის სასწორს მექანიზმის სასარგებლოდ ხრიდა. ამიტომ დღეისათვის მოვლენათა ყველა ეს გაპიროვნება ანაქრონიზმად უნდა ჩაითვალოს. არავინ იტყვის დღეს, რომ სინათლე წარმოადგენს ბუნების რაღაც სასიცოცხლო ძალას, ან რომ ჟღერადი სხეული ისწრაფვის რაღაც განმუხტვისაკენ. სინათლე, ბგერა, მიზიდულობა, წარმოადგენენ მატერიის ნაწილაკების მექანიკური მოძრაობის სახესხვაობებს; ყველა ისინი მეცნიერების მიერ გაზომილ-აწონილია. ერთი სიტყვით, რაც უფრო ახლოს გავეცნობით ბუნებას, მით უფრო მეტი ძალით ვრწმუნდებით იმაში, რომ მთელი სამყარო, რა თქმა უნდა, ცოცხალ სულიერ არსებათა გამოკლებით, წარმოადგენს დიდ, მაგრამ ბრძნულ მექანიზმს. [20]
§151. სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების არსი. სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულების არსი ისაა, რომ სული და სხეული არა მხოლოდ თანაარსებობენ, არამედ ურთიერთს განაპირობებენ. სულისა და სხეულის განვითარება, სრულყოფა და საერთოდ, მთელი ცხოვრება მიმდინარეობს არა მხოლოდ პარალელურად, არამედ უწყვეტი ურთიერთზეგავლენით და ისე მჭიდროდ, რომ ისინი ქმნიან არა ორ, არამედ ერთ არსებას - ადამიანს. სხეულის ყველა, ყოველ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი, მოვლენა აისახება სულში, გავლენას ახდენს მის მდგომარეობაზე, განწყობილებაზე, წარმოდგენებზე და, საერთოდ, მთელ მის ცხოვრებაზე და პირიქით, სულის ეს მდგომარეობანი აისახება ორგანიზმში და ხშირად იწვევს მასში განსაკუთრებულ მდგომარეობებს. ამიტომ, თუ არ ავრევთ ერთმანეთში სულსა და ორგანიზმს, თუ არ ჩავთვლით პირველს მეორის არსად და მეორეს - პირველის გამოვლენად, სწორი ცდისა და დაკვირვების საფუძველზე უნდა ვაჩვენოთ - რა სულიერი მოვლენები ექვმდებარებიან ორგანიზმის გავლენას და თავის მხრივ როგორ ცვლილებებსა და მდგომარეობებს იწვევს სული სხეულში.
§152. ადამიანის უნართა თანდათანობითი წარმოქმნის შესახებ. ბავშვთა უნარების განვითარების დაკვირვებით ჩვენ იმ ზოგად დასკვნამდე მივდივართ, რომ ორგანიზმი, პირველ რიგში, წარმოადგენს იარაღს, რომელიც ღმერთმა მიანიჭა სულს იმისათვის, რათა მისი საშუალებით მან შეიძინოს ყოველგვარი ცოდნა. ჩვენი სხეული, ვიმეორებ, წარმოადგენს სულისათვის თითქოს დამრიგებელს იმ აზრით, რომ სული ყოველივეს სწავლობს თავისი ორგანიზმის საშუალებით. ჩვილი ყრმის სულის განვითარებაზე გამოწვლილვით დაკვირვებათა ერთობლიობა (ყურადღების პირველი გამოკრთომით დაწყებული, ყველა უნარის სრული განვითარებით დამთავრებული) სავსებით დაასაბუთებდა ამ აზრს; უფრო მეტიც, იგი უაღრესად სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა მრავალი მიმართებითაც. ის იქნებოდა ყველა სულიერი ძალის წარმოშობის, გავითარებისა და წესრიგის ისტორიული კრებული და ფრიად მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ გამოადგებოდა ცდის ერთგულ ფსიქოლოგს. ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ ამ დაკვირვებათა თუნდაც ზოგიერთი ნიშანი.
ქვეყანაზე ახლად მოვლენილ ჩვილს არ გააჩნია არავითარი სულიერი ძალა და უნარი, გარდა იმისა, რომ მექანიკურად ამოძრავებს სხეულის ნაწილებს და არაცნობიერად, ტირილის მეშვეობით ამჟღავნებს შიმშილის, ტკივილისა თუ სიცივის შინაგან შეგრძნებებს. სულის რაღაც გამონაკრთომი შეიძლება შევამჩნიოთ მასში მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, ხშირად დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც. მანამდე კი ბავშვი, მართალია, ხედავს თვალით, უდავოა ისიც, რომ ღებულობს შთაბეჭდილებებს სხვა ორგანოებიდანაც და, ამდენად, მის სულში შეიგრძნობა სინათლე, ფიგურები, ბგერები, სუნი და სხვა, მაგრამ იგი ვერ აცნობიერებს ამ შეგრძნებებს, ე.ი. არ ესმის, რომ ეს შეგრძნებები სწორედ მასში აღმოცენდება.
პირველი უნარი, რომელსაც ვამჩნევთ ბავშვში, ეს სწორედ ყურადღებაა. იგი თავდაპირველად იღვიძებს უმეტესწილად ბგერათა შეგრძნების წყალობით. თუ ძიძას სურს დააძინოს ბავშვი და ამ მიზნით უმღერის იავნანას, რამოდენიმე ხნის შემდეგ ბავშვი ტირილს წყვეტს და ცხადია, უსმენს ხმას, ე.ი. იწყებს რაღაც შეგრძნებათა გაცნობიერებას, ანუ აჩერებს მათზე ყურადღებას. მაგრამ ეს ყურადღება, ბგერათა ეს გაცნობიერება დიდხანს გაურკვეველი რჩება მისთვის, ე.ი. ბავშვი კიდევ დიდხანს ვერ გებულობს იმას, რომ ამ შეგრძნებათა მიზეზები მის გარეთაა. მხოლოდ მოგვიანებით ხვდება იგი თანდათან, რომ ეს ბგერები მომდინარეობენ გარე საგნებიდან.
მსგავს ვითარებასთან გვაქვს საქმე მხედველობითი შეგრძნებების დროსაც. აკვანში მწოლიარე ბავშვის ზემოთ ხშირად ჰკიდებენ რაიმე სათამაშოს. ბავშვი დიდხანს შესცქერის მას სრულიად გულგრილად. შემდეგ უფრო დიდხანს აჩერებს მასზე მზერას, ე.ი. იწყებს იმ შეგრძნების შემჩნევას, რომელსაც იწვევს მასში ეს სათამაშო. მაგრამ კვლავ დიდხანს არ ესმის მას, რომ ეს სათამაშო წარმოადგენს საგანს, რომელიც მის გარეთ არსებობს. მას ეჩვენება, რომ იგი მის თვალშია. ბოლოს, როდესაც ხშირი გამეორების შედეგად სათამაშოდან მიღებული შთაბეჭდილება მისთვის ნაცნობი ხდება და იგი შეეჩვევა ამ შეგრძნებას - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ხელების ხმარებს დაუფლება, ჩვენ შეგვიძლია შევამჩნიოთ, თუ როგორ ამჟღავნებს იგი განზრახვას - წაავლოს ხელი სათამაშოს. აქ კი შეგვიძლია შევამჩნიოთ, თუ როგორ ეშლება მას მანძილი სათამაშომდე. იგი ჯერ ცდილობს წაავლოს ხელი სათამაშოს უშუალოდ თავის თვალებთან, მაგრამ როცა რამდენიმე წარუმატებელი ცდის განმეორება აჩვენებს მას, რომ სათამაშო მოშორებით იმყოფება, ის იწყებს მასსა და საგნებს შორის არსებული მანძილის გაგებას და თანდათან ხვდება, რომ არსებობენ გარე საგნები. მაშასადამე, პირველი უნარი, რომელიც აღიძვრება ადამიანის სულში, ყურადღებაა და იგი ვლინდება გრძნობებზე საგანთა შთაბეჭდილების შედეგად.
დროთა განმავლობაში ბავშვი თანდათან ეჩვევა თავის შეგრძნებათა ურთიერთშედარებას, ამჩნევს ერთი სახისა და საგნის მეორე სახისა და საგნისაგან განსხვავებას. რა თქმა უნდა, იგი პირველ ყოვლისა, ამჩნევს ძიძას, დედასა და იმ საგნებს, რომლებიც მასთან ახლოს იმყოფებიან. მის ყურადღებას იქცევენ თავიდან ისეთი საგნები, რომლებიც გრძნობებზე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ. ანთებული სანთლის სიკაშკაშე, ან ბუხრის ალი ისე ძლიერ აღაგზნებენ მის გრძნობას, რომ იგი თავიდან ვერ ახერხებს თვალი მოსწყვიტოს მათ. რომ გავიგოთ ის სულიერი პროცესი, რომლის მიხედვითაც ბავშვი ახდენს თავის შეგრძნებათა შედარებას, გავითვალისწინოთ ასეთი მოსაზრება: ბავშვი ძალიან სწრაფად ეჩვევა თავის ძიძას და ასხვავებს მას ყველა სხვა პირისაგან. მაგრამ რა ნიშნით, რა შთაბეჭდილებების საფუძველზე ცნობს და ასხვავებს იგი მას? უდავოა, რომ იგი ასხვავებს ძიძას იმ გარეგნული ნიშნებით, რომელიც გამოკვეთილად მოექცა მისი მხედველობის არეში. ასეთებია: კაბის ფერი, ხმა და სხვ. ძიძამ რომ სხვა კაბა ჩაიცვას და ისე მივიდეს ბავშვთან, ბავშვი მას იუცხოვებს, დაიწყებს ტირილს და არავითარ შემთხვევაში არ ააყვანინებს ხელში თავს. თუ ამასთან ძიძა სხვა ხმაზეც დაუწყებს ლაპარაკს, ბავშვი უფრო ატირდება და დაიმორცხვებს. როცა ძიძა მას თავისი ჩვეულებრივი ხმით მოეფერება, ბავშვი მშვიდდება, თუმცა მაინც უნდობლად დაუწყებს ცქერას. სრულიად დაწყნარდება ბავშვი მხოლოდ მაშინ, როცა ძიძა ძველ კაბას ჩაიცვამს. ეს და მსგავსი მაგალითები ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვი უკვე იწყებს შეგრძნებათა შედარებას, აწარმოებს მსჯელობებს და დასკვნებს, თუმცა სიტყვების გარეშე, მაგრამ მაინც სწორად; მაშასადამე, მასში უკვე იჩინეს თავი აზროვნებისა და თითქმის ყველა უნარების ჩანასახებმა. ამ გონებრივ უნართა პარალელურად, უფრო ადრეც კი, ბავშვებში თავს იჩენს სურვილის უნარები, რომლის ჩანასახი მათ სულში ჩაქსოვილია დაბადებიდანვე.
როგორც უკვე ადრე ვთქვით, ბავშვებს დაბადებიდანვე გააჩნიათ მხოლოდ ერთი უნარი და ძალა - ამოძრაონ თავისი ორგანიზმის ნაწილები. ამ უნარს ისინი დედის საშოშივე იძენენ; დედა ორსულობის შუა პერიოდში უკვე გრძნობს ჩამოყალიბებული ჩვილის ნაწილთა მოძრაობას. ჩვილის მოძრაობანი დაბადებამდე, ასევე დაბადების პირველ დღეებში არაცნობიერი და უფრო მექანიკურია. ახალშობილ ბავშვებს არ შეუძლიათ ისიც კი, რომ მოწოვონ დედის ძუძუ; ძუძუს წოვას ისინი სწავლობენ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც დედა რამდენიმეჯერ საკუთარი ხელით მიაწვდის ძუძუს და აგემებს რძეს. ასევე, დაბადებიდანვე ბავშვი სწორად ვერ ფლობს თავის ხელ-ფეხს, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ სწავლობს იგი ხელების დანიშნულებას, თვალების მობრუნებას იმ მხარისაკენ, საიდანაც ბგერები ისმის. შესამჩნევია ისიც, რომ ბავშვი დაბადების შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე ვერ ერკვევა თავის ნაწილებში, ე.ი. არ ესმის, რომ მისი ხელები და ფეხები მასვე ეკუთვნის. ხშირად ხდება, რომ კბილების ამოსვლის შემდეგ ბავშვი საკუთარ თითზე იკბენს და შემდეგ იწყებს ტირილს.
ასე წარიმართება ბავშვის სულის განვითარება ღმერთის მიერ მისთვის ნაბოძარი საოცარი ორგანიზმის წყალობით! ბავშვი თანდათანობით ეცნობა გარემომცველ საგნებს, მათ დანიშნულებას; იმდიდრებს მეხსიერებას სხვადასხვაგვარი ცნობებით. როცა კი ტიტინს დაიწყებს, მაშინვე უნებურად ამჟღავნებს ცნობისმოყვარეობას, ეკითხება ყველას ყველაფრის შესახებ, რასაც კი პირველად იხილავს. აი, აქ შეიძლება ადვილად ამოვიცნოთ ბავშვის ბუნებრივი მონაცემები, ვინაიდან რაც უფრო ცნობისმოყვარეა ბავშვი, მით უფრო დაძაბული ყურადღებით ეპყრობა გარემოს საგნებს, მით უფრო კარგი უნარებითაა დაჯილდოებული ის.