წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები

მეორე განყოფილება

სულისა და სხეულის ერთად ყოფნის შესახებ

თავი მეცხრე

ტემპერამენტისა და ხასიათის შესახებ

§172. თავის შინაარსი. რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ორგანულ სისტემათა ზეგავლენა გონებრივ მოქმედებაზე, მაინც უფრო მეტად და მნიშვნელოვნად ეს გავლენა შეიმჩნევა მგრძნობელობაზე, ანუ სულიერ მდგომარეობაზე: აქ თითქმის ყველაფერი ორგანულ შთაბეჭდილებათა შედეგად წარმოგვიდგება. ყველა ორგანული სისტემის მუდმივი და ერთობლივი მოქმედების შედეგად, ან სხვა გარემოებებთან ერთად ერთი რომელიმე სისტემის უპირატესი გავლენის წყალობით, ყალიბდება ადამიანის ე.წ. ტემპერამენტი. ამის მიხედვით განვიხილავთ ამ თავში თითოეული ორგანული სისტემის სულთან დამოკიდებულებას, ანუ სხვადასხვა ტემპერამენტს. მანამდე კი ჯერ ვაჩვენებთ განსხვავებას ტემპერამენტსა და საკუთრივ ხასიათს შორის.

§173. განსხვავება ტემპერამენტსა და ხასიათს შორის. ტემპერამენტისა და ხასიათის ცნებებს ხშირად ერთმანეთში ურევენ, მაგრამ მათ შორის უსათუოდაა განსხვავება.

ტემპერამენტი წარმოადგენს სულის საერთო განწყობილებას, ანუ მისი მგრძნობელობის მუდმივ სახეს, რომელიც ორგანული სისტემების გავლენიდან მომდინარეობს. ეს იმდენად ცხადია, რომ ზოგჯერ ტემპერამენტს ადამიანის სისხლის განსაკუთრებულ თვისებადაც მიიჩნევენ. მაშასადამე, იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფალი მოღვაწეობისაგან, ან გონიერ მოსაზრებათაგან დამოუკიდებელ არანებისეულ ბუნებრივ მოვლენას. ხასიათი კი, ამის საპირისპიროდ, ნების განწყობილებას უფრო ნიშნავს; იგი რაღაც შენაძენია გონებრივი მოქმედების და თავისუფლად წარმართული ნების წყალობით. ტემპერამენტში ადამიანის სხეულებრივი მხარე უფროა გამოხატული, ხასიათში კი - სულიერი. ტემპერამენტი ყველას გააჩნია, ხასიათი კი ყველას შეიძლება არ გააჩნდეს. იშვიათად, თუ ვინმე გაითავისუფლებს თავს ტემპერამენტისაგან, მაგრამ როგორც კი ნების ძალითა და სულის ენერგიით ვინმე შეითვისებს გარკვეულ ხასიათს, მისთვის ტემპერამენტი თანდათან უჩინარდება, ბოლოს ჩვენ დავინახავთ, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას ღებულობს ბევრი გარემოება, ტემპერამენტი კი ნაკლებად რთული მოვლენაა.

 

1. ტემპერამენტი

§174. ტემპერამენტის მთავარი სახეების შესახებ. ტემპერამენტის არაჩვეულებრივი ნაირგვარობის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ადამიანს აქვს თავისი განსაკუთრებული ნიშანი, ტემპერამენტი, მაინც კანტთან ერთად შეიძლება ყველა ტემპერამენტი ორგვარად და თითოეულგვარი, შესაბამისად, ორ სახედ წარმოვადგინოთ.

ა) ტემპერამენტი, რომელიც წარმოსდგება გაბატონებული მიდრეკილებით მგრძნობელობისაკენ. მისი სახეებია:

  1. მსუბუქი, ზომიერი აღგზნების დროს, სანგვინიკური ტემპერამენტის მსუბუქი გრძნობა.
  2. შედარებით ძნელი აღგზნების დროს, მელანქოლიაური ტემპერამენტის ღრმა გრძნობა.

ბ) ტემპერამენტი, რომელსაც წარმოშობს გაბატონებული მიდრეკილება მოქმედი ცხოვრებისაკენ.

  1. მსუბუქი აღგზნების დროს - ქოლერიკული ტემპერამენტის გულსწრაფობა.
  2. მძიმე აღგზნების პირობებში - ფლეგმატური ტემპერამენტის მშვიდი გონივრულობა.

ამგვარი დაყოფის გასამართლებლად რამდენიმე შენიშვნას გავაკეთებთ. თუ ყურადღებით დავაკვირდებით როგორც ცალკეულ პიროვნებებს, ისე მთელ ტომებს, შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს თუ ხალხს მართლაც უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება მგრძნობელობისაკენ, შინაგანი მოძრაობისაკენ, ვიდრე საქმიანობისაკენ. ზოგიერთი კი, პირიქით, ამჟღავნებს მიდრეკილებას შრომისმოყვარული ცხოვრებისაკენ და გაურბის გრძნობათა უნაყოფო აღმაფრენას. ასეთია, მაგალითად, აღმოსავლეთის და დასავლეთის მცხოვრებთა განსხვავება ხასიათებში.

ტემპერამენტის ორი სახე - სანგვინიკური და მელანქოლიური, პირველ გვარს რომ შეესატყვისება, მდგომარეობს გარკვეული სახის მგრძნობლობის სიჭარბეში და გვხვდება აღმოსავლეთის მცხოვრებლებში. ქოლერიკული და ფლეგმატური ტეპერამენტები კი, პირიქით, უფრო მოქმედების თვისებებს ამჟღავნებენ.

ტემპერამენტის ამ სახესხვაობათა განმასხვავებელი ნიშნებია. სანგვინიკური ტემპერამენტის ადამიანებთან შეიმჩნევა იღბლიანი ჭკუა და მეხსიერება, ფართო და სწრაფი წარმოსახვა, რის გამოც მთელი მათი ცხოვრება მეტწილად შინაგანშია კონცენტრირებული. თავიანთ ცხოვრებაში მათ უფრო უყვართ გრძნობადი ტკბობა, ხშირად ფუქსავატნი და მერყევნი არიან. მათ ძალუძთ უცბად იცვალონ მდგომარეობა. ღრმა ვნებანი მათგან შორსაა, რაც შეეხება მათ ორგანიზმს, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ეს ტემპერამენტი უმეტესწილად სისხლის თვისებას წარმოადგენს.

მელანქოლიკური ტემპერამენტის ადამიანი კიდევ უფრო მეტად ჩაძირულია შინაგან ცხოვრებაში, მაგრამ ყველა სულიერ მდგომარეობათაგან ის სიყვარულისაკენ, განმარტოებისაკენ და ნაღვლიანი შეგრძნებისაკენ ისწრაფვის. იგი ყველაფერს სევდიანი თვალით უყურებს, გულფიცხობას ავლენს და ა.შ.

ქოლერიკური ტემპერამენტი პირველი ორის საპირისპირო ნიშნებით ხასიათდება. ქოლერიკები ფლობენ ძლიერ გრძნობებს და ხანგრძლივ ნებელობას. ისინი ერთგულობენ ძლიერ ვნებებს, მაგრამ უფრო ურყევნი და ბეჯითნი არიან თავიანთ მისწრაფებებში, ვირე სხვები. ქოლერიკი თავნება, თავმოყვარე და ეშმაკია, იხრება პატივმოყვარეობისაკენ. ამგვარი ტემპერამენტით ხასათდება ყველა დიდი ისტორიული პიროვნება, ვინც თავის ვნებებს სხვა დაუმორჩილა. ხშირად ხდება, რომ მელანქოლიკური ტემპერამენტი ამ უკანასკნელის სახეცვლილებად წარმოგვიდგება. როდესაც ადამიანი ვერ აღწევს თავისი მისწრაფების მიზანს და მთლიანად ჩაიძირება საკუთარ თავში, ამის შემდეგ იგი მიეცემა ფიქრს და ხდება გულფიცხი.

ფლეგმატური, ანუ გულგრილი ტემპერამენტი, როგორც თვით სახელწოდება გვიჩვენებს, მჟღავნდება ზომიერ და თითქმის შეუმჩნეველ მგრძნობელობაში. ამ ტემპერამენტის ადამიანი გაურბის აქტიურ ცხოვრებას, არ იცვლის გრძნობებს და გარეგანი მოქმედების მანერას.

ახლა კი გადავიდეთ იმ სახეცვლილებათა აღწერაზე, რომელსაც ტემპერამენტში სხვადასხვა ორგანული სისტემები იწვევენ.

 

ა) კუნთოვანი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§175. ფიზიოლოგიური შენიშვნები ძვლოვანი სისტემის აღნაგობისა და დანიშნულების შესახებ. ძვლოვან და კუნთოვან სისტემებს ახლო დამოკიდებულება აქვთ ნერვულ სისტემასთან. ისინი როგორღაც იფარავენ და იცავენ ამ უკანასკნელს და ამავე დროს თავის თავში ავლენენ ნერვული სისტემის აღნაგობას, მხოლოდ უხეში სახით. ჩონჩხი ნერვული სისტემის გარსია და, ამდენად, მისი ის ნაწილები, რომელნიც ახლო არიან ნერვის უმაღლეს ნაწილებთან (კერძოდ, თავის ქალა), თავისი განვითარებითა და აღნაგობით ავლენენ თვით თავის ტვინის აგებულებასა და თვისებას. ამითვე წარმოადგენენ ისინი უმაღლესი საზრიანი მოქმედების საფუძველს. თავის ქალის სიდიდე პირდაპირ დამოკიდებულებაშია ტვინის საფარველი მასის სიდიდესა და უკეთეს აღნაგობასთან. თავის ტვინის როძელიმე ნაწილის რაიმე უპირატესმა განვითარებამ შეიძლება კვალი დაამჩნიოს თავის ქალასაც. მაშასადამე, ამ უკანასკნელის აღნაგობის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ თვით ტვინის აღნაგობაზე. ამის ფუძველზე აგებული კრანიოსკოპიის მთელი სისტემა, სადაც ლაპარაკია სულის უნარებზე თავის ქალის ზომების მიხედვით.

ძვლებიდან, ზუსტად ისევე, როგორც სხვა სისტემებიდან, მოემართებიან ნერვები, რომელთაც გადააქვთ დენი ტვინისაკენ, მაგრამ ამ დენს იშვიათ შემთხვევაში გრძნობს სული. გრძნობათაგან, ალბათ, ძალისა და სიმსუბუქის გრძნობაა, რომელიც თავს იჩენს ჩვენში ძვლების კარგი მდგომარეობის დროს. ძვლების გაუარესების ან მოშლილობის დროს ნერვულ დენს სულამდე მიაქვს მოდუნებულობისა და სიმძიმის განცდა. ძვლების მიმართულებით თავს იჩენს ტკივილამდე გაძლიერებული სისუსტის გრძნობა. ძვლების დაავადების დროს ტემპერატურის ყოველ ცვალებადობას თან სდევს გარკვეული შთაბეჭდილება, რომელიც საშინელ ტკივილად შეიძლება განვითარდეს. ჩვენი საერთო გრძნობა, ე.ი. ყოფიერების აღქმა, მთელი ორგანიზმის მდგომარეობა ყოველთვის იმ ნერვული დენების შედეგს წარმოადგენს, რომელნიც ყოველი ორგანული სისტემიდან აღწევენ ცნობიერებამდე. ასე მაგალითად, როდესაც ძვლოვანი მოქმედება, ანუ ძვლების ჩვეულებრივი მდგომარეობა ირღვევა, ნერვული დენები მათგან მაშინვე ატყობინებენ ამას ცნობიერებას.

§176. რა მდგომარეობას წარმოქმნის სულში კუნთური მოქმედება? კუნთოვანი სისტემა წარმოადგენს იმ ორგანოს, რომლის საშუალებითაც ადამიანი ებმის გარესამყაროსთან საქმიან ურთიერთობაში და რომლის საშუალებითაც გამოიხატება სულის რეაქცია ყველა გარეგან შთაბეჭდილებაზე. კუნთოვანი ბოჭკოების არსებობა იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს ისეთი ორგანოც, რომელიც მათ თავის ნებას გადასცემს და მოძრაობას ანიჭებს. ნერვული დენი, რომელიც ისწრაფვის სულიერი ნების მოქმედებიდან კუნთების დაბოლოებისაკენ, აღძრავს მათ სამოქმედოდ. მაგრამ რამდენადაც კუნთებიდანაც ბრუნდებიან ნერვული ბოჭკოები, ცხადია, რომ მათი ყოველგვარი მოძრაობა და ცვალებადობა უკუქცევადი დენის საშუალებით ერთდროულად ცნობილი ხდება სულისათვის. ბოლო შთაბეჭდილებანი, ე.ი. შთაბეჭდილებები, კუნთიდან ტვინისაკენ მიმავალ ნერვულ დენს რომ მიყვება, სულში გარდაქმნებს იწვევენ. ძლიერი, ცოცხალი კუნთური მოქმედება იწვევს თავისუფლების სასიამოვნო გრძნობას, გვმატებს ხალისს და მხნეობას. ყოველგვარი სუსტი, მოშლილი კუნთური მოქმედება კი, პირიქით, იწვევს მოწყენილობას. მოძრაობაში დაუხარჯავი და თავის ტვინში დაგროვილი ნერვული დენი იწვევს სულში გულგატეხილობას, მელანქოლიას და სულიერ აშლილობასაც კი. თავისუფალი და სწრაფი მოძრაობის გზით სული გარესამყაროსთან დამოუკიდებელ ურთიერთობას ამყარებს. გარეშე საგნების ადგილგადანაცვლებით, მათი ფორმის შეცვლით სული იმორჩილებს მათ, იქვემდებარებს და ამით ავრცელებს გარესამყაროზე თავის სურვილებს. გარესამყაროზე სულის ამ გამოვლენაში მჟღავნდება სულის თავისუფლება და დამოუკიდებლობის ცნობიერება. ამიტომაა, რომ ასეთი მოძრაობები ამაღლებენ სულის ენერგიას. კუნთების სუსტი, შეკავებული მოქმედება კი იწვევს საპირისპირო შეგრძნებას - გულგატეხილობას, სისუსტეს.

აი, რატომ ურჩევენ ყოველთვის ექიმები ავადმყოფებს კუნთების ვარჯიშსა და მოძრაობას. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ ამგვარი ვარჯიში აღაგზნებს სულში გარე სამყაროს დაქვემდებარების გრძნობას, რის შემდეგაც უმჯობესდება გუნება-განწყობილებაც. ამის გარდა, კუნთური მოძრაობები აუმჯობესებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ, კეთილმოქმედებას ახდენს სულზე.

თუ გავიხსენებთ, რომ ძლიერი მოძრაობა აღაგზნებს სამოქმედოდ თითქმის ყველა ორგანულ სისტემას, რომ ნერვული დენი მთელი ორგანიზმიდან უკუიქცევა ცნობიერებისაკენ და რომ ამ გაძლიერებულ მოქმედებებშია სწორედ ჯანმრთელობის არსი, მაშინ უკეთ გავიგებთ კუნთების მნიშვნელობასაც. აი, რატომ აქვს მოძრაოებებს დიდი მნიშვნელობა ბევრ დაავადებათა შემთხვევაში და რატომაა, რომ მრავალი იპოქონდრიკის განსაკურნებლად საკმარისია მხოლოდ მოძრაობები.

§177. კუნთური მოძრაობა როგორც სულიერი მდგომარეობის გამოხატულება. კუნთურ მოძრაობებს სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. ისინი გამოხატავენ სულის გრძნობელობათა შესატყვის გარკვეულ მდგომარეობებს. მრისხანების დროს ყოველთვის შეინიშნება გარკვეული მოძრაობა, მისწრაფება გარესამყაროს დასამორჩილებლად. ამიტომაა, რომ განრისხებული ადამიანის მოსათვინიერებლად საჭიროა მისი მოძრაობების შეჩერება. სიხარულსაც აქვს თავისი შესატყვისი მოძრაობები. ექიმებისათვის ცნობილია, რომ ყველაზე მხიარული ადამიანები ხანგრძლივი უძრაობის შედეგად კარგავენ სიმხნევეს და ვარდებიან მელანქოლიაში, ზოგჯერ შეიშლებიან კიდეც.

გუნება-განწყობილებასა და კუნთების მოძრაობას შორის ასეთი მჭიდრო კავშირურთიერთობის შედეგია ის, რომ სიხარული თუ სევდა ბოჭკოების ნებსით თუ უნებლიე შეკუმშვას ემთხვევა. მეორე მხრივ კი, გარკვეულ მოძრაობათა ერთობლიობა ყოველთვის ბადებს სულში გარკვეულ წარმოდგენებს.

სიხარულის შემთხვევაში კუნთები იძაბებიან, იჭიმებიან, იდრიკებიან და სწორდებიან. აქედან წარმოდგება სხეულის მხნე მდგომარეობა, ლამაზი, ტალღისებური მოძრაობანი. ორივე ყბის ზედაპირზე განლაგებული კუნთები იკუმშება, ლოყები ამოიბურცება და ამგზით პირის კუნთებიც ზემოთ აიწევს, რაც ღიმილის მაუწყებელია.

ტკივილს კი სხვა, საპირისპირო მოძრაობები ახლავს. სხეულის კუნთები ითენთება და ამით ადამიანი იღებს შეწუხებულ სახეს. სახის კუნთები იჭიმება და იხრება რკალად, ლოყები ბრტყელდება, ხოლო ბაგეთა მამოძრავებელი კუნთები იძაბება, რის შედეგადაც უნებურად პირი გაიღება.

მრისხანებაც კუნთების მოძრაობით გამოიხატვის. განრისხეულებთან უმეტესწილად იძაბება გულმკერდის კუნთები და იძვრიან ცხვირთან ახლო მდებარე სახის კუნთები. ისიც შეინიშნება, რომ მრისხანების დროს უნებურად იკუმშება ნაღვლის ბუშტი, რაც მეტი ნაღვლის გამოყოფას იწვევს. ეს იმით აიხსნება, რომ ღვიძლი სასუნთქი სფეროს გაგრძელებაა, ხოლო უკანასკნელი კი ძლიერ ფუნქციობს მრისხანების დროს. ამიტომაა, რომ მრისხანებისას მეტი ნაღველი იღვრება ორგანიზმში. შიში ერთგვარად მრისხანების საპირისპირო გრძნობაა და მას თან ახლავს ასევე საპირისპირო კუნთური მოძრაობები. ამ დროს შეიმჩნევა სახის ზედაპირის შევიწროვება, რაც შეშინებულის ფიზიონომიას წამახვილებულ გამომეტყველებას აძლევს.

 

ბ) სისხლის მიმოქცევის სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§178. წინასწარი დებულებები. სულსა და სისხლის მიმოქცევას შორის მიმართების გარკვევის დროს ყველაზე ზოგადსა და ძირითადს ის დებულება წარმოადგენს, რომ სისხლის მიმოქცევა იწვევს გარკვეულ გუნება-განწყობილებას. ეს ზოგადი დებულება ცნობილმა გერმანელმა ფიზიოლოგმა კარუსმა ასე გამოხატა: „სისხლის მიმოქცევის, ან მისი შემცვლელი რომელიმე სისტემის გარეშე სული სრულიად მოკლებული იქნებოდა გუნება-განწყობილებას (Gemuth), ისევე, როგორც ნერვული სისტემის გარეშე მას არ ექნებოდა შემეცნების უნარი" [21]. სისხლის მიმოქცევიდან მომდინარე გუნებაგანწყობილების სახელში არ უნდა ვიგულისხმოთ ის, რომ თითქოს სისხლის მიმოქცევის საშუალებით სულში აღწევდეს რაღაც კერძო წარმოდგენა რაიმე უბედურების ან რაიმე მოვლენის შესახებ, რისგანაც სული მხიარულ ან ნაღვლიან განწყობილებაში ვარდება. ორგანული სფეროები, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევა, თავისი მოქმედებით აზიარებს სულს მხოლოდ საერთო განწყობილებას, განაწყობს მას უმეტესად სამხიარულოდ, ან სევდისათვის, ერთი სიტყვით, ამზადებს სულს ამა თუ იმ მდგომარეობისათვის. სისხლის მიმოქცევის ეს ზემოქმედება სულზე იმის გამო ხდება, რომ ანატომიური გამოკვლევის თანახმად სისხლძარღვები გარემოცულია უწვრილესი ნერვული ძაფებით, რომელთაც ტვინისაკენ მიაქვთ უკუდენები და ამით ატყობინებენ სულს სისხლის მიმოქცევაში მომხდარ ყველა ცვლილებას.

ეს ძირითადი დებულება ყველა ფაქტით დასტურდება. ექიმების დაკვირვებებმა, კერძოდ, დაასაბუთეს სისხლის მიმოქცევასა და გუნება-განწყობილებას შორის არსებული აშკარა პარალელურობა. მხიარული ადამიანი მაშინვე კარგავს თავის სიმხიარულეს, როგორც კი რაიმე გარემოების წყალობით სისხლის მიმოქცევა იწყებს შესუსტებას. ყველაზე გულგრილი და უხალისო ადამიანი კი, პირიქით, უცბად გამხიარულდება სისხლის მიმოქცევის საგძნობი აჩქარებისა და გალაღების დროს.

სისხლის მიმოქცევაში ამგვარი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ღვინის სმამ, ზოგიერთი წამლის მიღებამ და სხვა გარემოებებმა. ამ საშუალებათა ზემოქმედება შესაბამისად გვიდასტურებს ნათქვამს გუნება-განწყობილების შესახებაც. სრულიად ნორმალურ პირობებში სისხლძარღვთა ნერვული შთაბეჭდილებანი ვერ აღწევენ ცნობიერებამდე, მაგრამ ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში კი სულში შემოდიან ეს შთაბეჭდილებები და იწვევენ მისი განწყობილების შეცვლას. ბევრი ცდით დადასტურებულია, რომ ე.წ. წარმომქმნელი ორგანული სისტემებიდან (მომნელებელი, ლიმფური, სისხლის მიმოქცევის) მომდინარე ნერვებს თავისი ცენტრალური კვანძი ოთხგორაკში აქვთ. ამდენად, მათგან მომდინარე ყველა შთაბეჭდილებას შეუძლია შეცვალოს ტვინის იმ ნაწილის საფარველი მასა, რომელმიც მოთავსებულია სულის განწყობის ორგანო.

ცალმხრივობა რომ არ გამოგვივიდეს და შეცდომაში არ ჩავვარდეთ, არ უნდა დავივიწყოთ სულის უკუქმედებაც - სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ამგვარი მოქმედება უამრავი შემთხვევითაა დადასტურებული და სრულიად ახსნილიც. წმინდა სულიერი წარმოდგენები და მდგომარეობები, ყოველგვარი ორგანული სისტემებისაგან რომ არიან დამოუკიდელნი, სისხლსა და მის მოძრაობაში იწვევენ ცვლილებებს. მაგალითად, სირცხვილი აიძულებს სისხლს მოიქცეს გულისაკენ, შიში და ზრუნვაც ერეკება სისხლს ნაპირებიდან გულისაკენ. მოულოდნელი რაიმე სასიხარულო თუ სამწუხარო ცნობა შესაბამის ცვლილებებს იწვევს სისხლის მიმოქცევაში. რაიმე უბედური შემთხვევა იწვევს სულში ჯერ დანაღვლიანებას, შემდეგ კი ცვლილებებს სისხლის შემადგენლობაში. ყველა ამ შემთხვევაში სისხლის მოქმედება იცვლება იმ ნერვული დენის შედეგად, რომელიც მიემართება ტვინიდან მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სულიერი წარმოდგენების გავლენით. თვით სული კი სისხლის მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად იქმნის მხიარულ თუ მწუხარე განწყობილებას თავისი საკუთარი წარმოდგენების საშუალებით. საინტერესოა ამ მხრივ სისხლის მიმოქცევაზე ნების თავისუფალი ზემოქმედების მაგალითები. კარუსი მოგვითხრობს ერთ ახალგაზრდაზე, რომელსაც საკუთარ ნებით შეეძლო შეეჩერებინა, ან შეესუსტებინა მაჯის ცემა.

ამ ზოგად დებულებათა შემდეგ გადავიდეთ სულსა და სისლის მიმოქცევის სისტემას შორის ურითერთმიმართების ახსნაზე.

§179. რატომ იწვევს სისხლის მიმოქცევა სულიერ განწყობილებას? ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა მხედველობაში გვქონდეს სისხლის მნიშვნელობა. სისხლი თითქოსდა თხიერ ხორცს წარმოადგენს. იგი ორგანოა, რომელიც ავსებს, ცვლის და ასწორებს ყველა სხვა ორგანოს დაზიანებას. სისხლი ხან ჰაერთან მოდის შეხებაში, რათა მისგან ჟანგბადი მიღოს, ხანაც ორგანიზმში იძირება, რათა ყოველ ადგილზე თავისი მკვებავი ელემენტი მიიტანოს. რაც უფრო სწორად, სუფთად და უკეთ მოძრაობს სისხლი, მით უფრო პასუხობს იგი თავის დანიშნულებას, მისგან სულში გამოწვეული შთაბეჭდილებანი მით უფრო სასიამოვნოდ განიცდება და სულის განწყობილებაც ამაღლებული ხდება. რაც უფრო სუსტად მოძრაობს სისხლი, რაც უფრო შესქელებული და ამღვრეულია იგი, ტვინისაკენ მისგან მომდინარე ნერვულ დენებს მოაქვთ სულში მით უფრო მძიმე შთაბეჭდილებანი და სულის განწყობლებაც შესაბამისად ეცემა. სულის განწყობილების ეს ამაღლება თუ დაცემა ნამდვილად ყოველთვის თან სდევს სისხლის მიმოქცევას. როგორ ხდება, რომ ერთი ჭიქა ღვინის დალევა იწვევს მხიარულ განწყობილებას? ღვინო აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს მაჯის ცემას და ამით ამაღლებს სულიერ განწყობილებას. მაგრამ როგორც კი ეს მდგომარეობა გაივლის, იწყება დაქვეითება და სულის დასუსტება. ასევე, თუ ადამიანი მხიარულ მდგომარეობაში მიიღებს სისხლის მიმოქცევის შემასუსტებელ წამალს, მაშინვე მისი სულის განწყობაც შეიცვლება. ამას ექიმებიც ადასტურებენ, რომელთაც ბევრი წამალი გამოუცდიათ. ყოველივე აქ ნათქვამის დამადასტურებლად სხვა ბევრი ფაქტის მოყვანაც შეიძლება. ფლეგმატური ტემპერამენტიდან მომდინარე გარკვეული ხანგრძლივი სულიერი მდგომარეობა იწვევს შინაგანი არტერიული გარსის გაძვალებას. რაც განსაკუთრებით ინგლისელებთან შეიმჩნევა. საკუთარ თავზე დაკვირვებისას ჩვენ შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ ყოველი სასიხარულო ცნობა იწვევს გულისცემის აჩქარებას და ჩვენ გარკვეულ სიმსუბუქეს განვიცდით. ხანგრძლივი სევდა იწვევს ვენურ ძარღვები სისხლის გაფუჭებას და ამ დროს სისხლი ღებულობს მუქ, სამლოვიარო ფერს. ხანგრძლივი სასიხარულო შთაბეჭდილებანი კი აღაგზნებენ არტერიულ სისხლს.

ბევრი ავადმყოფობის შემთხვევაში სულისა და სისხლის მდგომარეობა ერთიმეორეში აისახება.

 

გ) საჭმლის მონელების სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§180. საჭმლის მონელების სისტემის საერთო მნიშვნელობა. საჭმლის მონელების სისტემა სხეულის ისეთი ორგანოა, რომელიც უპირატესად თვითშენახვის ორგანოდ შეიძლება იწოდოს. კუჭის მოქმედებით ადამიანი ახერხებს გაითავისოს ყოველგვარი ნივთიერება, რომელსაც შესწევს უნარი, მას მსახუროს, ე.ი. ყოველგვარ საკვებს გარდაქმნის თავის სხეულად, ინახავს თავს გარეშე საგნების ხარჯზე. ორგანიზმის ეს მოქმედება სულში აისახება მისი მსგავსი წარმოდგენის თუ გრძნობის სახით, საკუთრივ, ეგოიზმის სახით, ვინაიდან ეგოიზმიც, კუჭის მსგავსად, სულის ისეთი სწრაფვაა, რომელიც ცდილობს ყოველივე გაითავისოს, ყოველი გარეშე არსებული თავისთვის გამოიყენოს. საჭმლის მონელების პროცესის ეს გარდასახვა სულში ხორციელდება მრავალი ნერვის საშუალებით, რომლებითაც საჭმლის მონელების სფერო დაკავშირებულია ტვინთან და რომელთაც გადააქვთ ტვინში თავისი დენები, სულში გარკვეულ წარმოდგენებს რომ აღძრავენ.

§181. ფიზიოლოგიური ფაქტები. დაკვირვებები და ცდები ამტკიცებენ, რომ ყველა ეგოისტის ორგანიზმში ჭარბადაა წარმოდგენილი საჭმლის მონელების სისტემა. ადამიანები, რომელაც უყვართ ბევრი ჭამა-სმა, ამჟღავნებენ საკუთარი თავის სიყვარულს. კარუსის სიტყვით, ყველა ჩასუქებული ღორმუცელა, ზედეტი დაკვირვების გარეშე, პირდაპირ შეიძლება ეგოისტებს მივაკუთვნოთ. ეს მართლდება არა მარტო ცალკეულ პიროვნებათა მაგალითზე, ამასვე ამართლებენ მთელი ხალხები.

საჭმლის მონელების სისტემასთან ეგოიზმის მჭიდრო შესატყისობა თავს იჩენს პათოლოგიური მოვლენების დროსაც. თუ საჭმლის მონელების სისტემა მოშლილია, ადამიანი განაწყენებულია, შფოთის ხასიათზეა, რაც მაშინვე გაივლის, ჯანმრთელობა რომ აღსდგება. ასევე ცნობილია უბრალო ყოველდღიური მოვლენა, როდესაც რაიმე სიამოვნების შემთხვევისას უცბად აღმოცენდება მისწრაფება მადის აღმძვრელი სუფრისაკენ. ეგოისტი თვით სახის გამომეტყველებითაც წარმოადგენს ძალიან თავისებურ მოვლენას, მისი გამოხედვა განსაკუთრებული ტიპისაა.

საინტერესოა ისიც, რომ საკვებად რაიმე ერთგვაროვანი ნივთიერების ხშირი გამოყენება განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, უვითარებს მას ათვისების განსაკუთრებულ უნარს. მაგ., ვინც ხშირად იყენებს საკვებად მცენარეულობას, მისი კუჭიც სხვაგვარადაა აწყობილი, ვიდრე იმისა, ვინც ხორცეულს ეტანება. მაგრამ კუჭის ასეთი მდგომარეობა უნებურად სულშიც აისახება და როგორც ყოველდღიური გამოცდილება გვიჩვენებს, იწვევს მიდრეკილებებისა და განწყობილებების შეცვლას. ჩრდილო ევროპის მცხოვრებნი, მაგალითად, რომელნიც უფრო მეტად ხორცეულით იკვებებიან, აშკარად ამჟღავნებენ ასევე დიდ ეგოიზმს. სამხრეთის მცხოვრებნი კი, პირიქით, კმაყოფილდებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით და ამიტომაც ნაკლებად იხრებიან ეგოიზმისაკენ.

დ) სასუნთქი სისტემის გავლენა ტემპერამენტზე

§182. სუნთქვის მნიშვნელობა ორგანიზმისათვის და მისი ასახვა სულში. სუნთქვას დიდი მიშვნელობა აქვს ორგანიზმისათვის. სუნთქვის მეშვეობით ორგანიზმი ითვისებს გარეგანი ბუნებისაგან უარსებითეს ელემენტს - ჟანგბადს. როდესაც სისხლი მიემართება ფილტვებისაკენ, იგი უშუალო შეხებაში აღმოჩნდება ჰაერთან, შლის მას, რათა შეითვისოს ჟანგბადი. ამასთან, თვით სისხლიც იცვლის შემადგენლობას: მასში იწვის ყოველივე ორგანიზმისათვის უსარგებლო და ამით იგი წითლდება. ამგვარად ჰაერთან შეერთებამდე ვენური სისხლი ორგანიზმისათვის ზედმეტია, მხოლოდ მასთან შეერთების შემდეგ იგი განახლდება, ცოცხალი და სასარგებლო ხდება. ამიტომ სუნთქვის საშუალებით ორგანიზმი იცილებს რა თავიდან უსარგებლოს და იძენს რა საჭირო მნიშვნელოვან მამოძრავებელს, მთელი თავისი შემადგენლობით ცოცხლდება.

სუნთქვის ასეთი კეთილისმყოფელი მოქმედება სულში აისახება სიმხნევის, სიმხიარულის და თავისუფლების შეგრძნებით. ერთნი მუდმივად მხიარულნი და მხნენი არიან, სხვანი კი, პირიქით, დაღვრემილნი, მფრთხალნი და სულმოკლენი. ეს ორი განსხვავებული მდგომარეობა პირდაპირ წარმოსდგება სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მდგომარეობიდან. ალბათ ყოველ ჩვენთაგანს გამოუცდია, თუ როგორ მხნედ, ნათლად და ხალისიანად ვგრძნობთ თავს სუფთა ჰაერზე და როგორი მძიმე და მოსაწყენია დახშულ, დამძიმებულ ჰაერში ყოფნა. ძალუმი მოძრაობა, მაცოცხლებელი ჰაერის ხშირი სუნთქვა აღაგზნებს რა ორგანიზმის მთელ სიცოცხლეს, ამაღლებს ყოფიერების გრძნობას, რომელიც უფრო შესამჩნევი ხდება ამ ძლიერი დაძაბულობის დროს. სიტყვას - სუნთქვა (სულის თქმა pneuma) ღრმა მნიშვნელობა აქვს და „შესაქმეში" უკეთ, ვიდრე ყოველგვარ ფიზიოლოგიაში, ახსნილია ეს ღრმა მიმართება სუნთქვისა სიცოცხლეთან: „...და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბადება 2-7).

შესანიშნავად ლაპარაკობს კარუსი თავის ფიზიოლოგიაში: როგორც დედამიწის მაგნეტიზმთან შეერთებით იზრდება მის მაგნიტურ მერიდიანთან დაკიდებული მაგნიტის ძალა, როგორც იზრდება დედამიწის სხეულებზე მზის მოქმედება, როდესაც ეს სხეულები ექცევიან მზის გარემოს დედამიწის ცენტრთან დაძაბულობის სწორზე, როგორც დედის ენერგია უთუოდ აღძრავს ჩანასახის სიცოცხლეს, ასევე აღიძვრის ეპითელიგორიული ქმნილების სასიცოცხლო ენერგია, როდესაც სიცოცხლის სრული მთლიანობის დაურღვევლად, იგი ებმება ტელურულ ორგანიზმთან ურთიერთქმედებაში. [22]

სუნთქვის ეს კეთილმყოფელი გავლენა სულზე ხდება იმ ნერვული დენის საშუალებით, რომელიც მიედინება სასუნთქი სისტემის ტვინთან შემაერთებელი ნერვული ბოჭკოების გზით. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს სიმხნევე და სიხალისე მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართების შედეგი იყოს. არის სხვა მრავალი მიზეზიც, რომელსაც იგივე მოვლენა შეუძლია გამოიწვიოს, მაგრამ სასუნთქი სისტემა მაინც როგორღაც ამ სულიერ მოვლენათა ორგანოსა და გამოსახვას წარმოადგენს. ვინც ღია გულით მზადაა აღიქვას ყველა გარეშე მოვლენა, ვინც შესუნთქვის დროს ჟანგბადის მსგავსად, ითვისებს ყველა გარეგან ფაქტს, ის კეთილად და მხიარულად იწოდება.

§183. ამ ურთიერთობების უფრო ღრმა ფიზიოლოგიური გამოკვლევა. ფიზიოლოგიურმა დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ყველაზე ძლიერი ან სუსტი, ყველაზე ჯანმრთელი თუ ავადმყოფური მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია სასუნთქ სისტემასთან. სუსტი სუნთქვა ყოველთვის დაკავშირებულია ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემების უკმარ განვითარებასთან. ისეთი ცხოველების, როგორიცაა, მაგ., თევზები და მოლუსკები, სუსტი სუნთქვა აიხსნება მათი კუნთური სისტემის დაბალი განვითარებით. ფრინველებსა და მწერებს მნიშვნელოვნად განვითარებული ძვლოვანი სისტემა აქვთ და შესაბამისად მძლავრადაც სუნთქავენ. თვით განსხვავებულ სქესთა შორის არსებული უთანაბრობა ძალასა და სიმაგრეში ყოველთვის თავს იჩენს სუნთქვის სხვადასხვაობაში. მამაკაცებს გაცილებით მძლავრი სასუნთქი სისტემა გააჩნიათ, ვიდრე ქალებს. ქალის მსგავსი მამაკაცები სუსტი მეტყველებითა და ხმით გამოირჩევიან, ხოლო კაცის მსგავსი ქალები - უხეში, მამაკაცური ხმით. მოკლედ, ყველა ფაქტი იმას ადასტურებს, რომ სუნთქვა გამოხატავს ადამიანის შინაგან სისუსტეს ან სიმცკიცეს. ხმა, რომელიც სუნთქვის შედეგია, ამჟღავნებს სასუნთქი სისტემის მდგომარეობას. ხმამაღალი, მძაფრი მეტყველება გულმკერდის ძლიერებაზე მიუთითებს, ხოლო მინავლებული - სუნთქვის სისუსტეზე. ყველა ამ ფაქტიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ სასუნთქ სისტემას უახლოესი კავშირი უნდა ჰქონდეს სულიერ მდგომარებასთან. იგი აღძრავს მასში ცხოველუნარიანობის, სიმხნევისა და სიხალისის, ან მათ საპირისპირო შეგრძნებებს. მაგრამ უფრო რომ დავრწმუნდეთ ამაში, მივმართოთ ყოველდღიურ გამოცდილებას. ყველას გამოუცდია საკუთარ თავზე, თუ როგორ განსხვავებულია სულიერი განწყობილება სუფთა, გრილ ჰაერზე და ჩახუთულ, ქალაქურ ატმოსფეროში. მთის პირობებში ადამიანი მშვენივრად და მხიარულად გრძნობს თავს - იგი სხვაგვარად უცქერის საგნებს. თითქოს იქ იგი სულ სხვა ადამიანია. ადამიანი კი, რომელიც ცხოვრობს შეხუთული ჰაერის გარემოში, გრძნობს გულმკერდის არეში სიმძიმეს, სიზმრად ნახულობს საშინელ მოჩვენებებს. უფრო შესამჩნევია სულიერი გამოვლენანი ავადმყოფობის გამო მოშლილი სუნთქვის დროს. მაგალითად, უცნაური მოვლენა ზოგიერთ ჭლექით დაავადებულთან, როდესაც ისინი იჩენენ განსაცვიფრებელ სიმხნევეს, არ გრძნობენ რაიმე საფრთხეს და ზოგჯერ სიკვდილის უკანასკნელ წუთებშიც კი ოცნებობენ ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაზე, აიხსნება იმით, რომ მათი სუნთქვა არანორმალურად დაიძაბა. ეს იმის შედეგად, რომ საკვების მონელების უკმარისობით სისხლი ვეღარ აღსდგება და ამ სახით მიემართება ვენებში, სადაც იგი უჩინარდება და ქრება. სულშეხუთული ადამიანები კი მცირედი დაავადების დროსაც უკიდურესად პირქუშნი და სულმოკლენი ხდებიან.

 

ე) ლიმფური სისტემის კავშირი ტემპერამენტთან

§184. ამ კავშირის საფუძველი. რომ დავინახოთ ის საფუძველი, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ სულთან ლიმფური სისტემის მიმართების თავისებურებათა შესახებ, მოვიშველიოთ კარუსის სიტყვები: „იმ მოძღვრებისათვის საფუძვლის ჩასაყრელად, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ პირველად, უნდა გვახსოვდვს, რომ ლიმფური სისტემა საჭმლის მონელების სისტემის დანამატია, ვინაიდან მასში შემოდის კუჭის მიერ გამომუშავებული მკვებავი წვენი, (chulus), რომელიც შემდეგ სისხლს უნდა გადაეცეს".

ამიტომ, როდესაც ლიმფური სისტემა ცარიელია, ეს გარემოება იწვევს სულში მყარი და თხევადი საკვების სურვილს, ეს კი თავის მხრივ აისახება გარე საგნებისაკენ სულის მისწრაფებასა და ჟინში. ლიმფური სისტემის აღვსება კი სულში იწვებს დაკმაყოფილებას და მასთან მსგავს სიმაძღრის, კმაყოფილებისა და გულგრილობის გრძნობებს.

§185. ზემოთქმულის ფიზიოლოგიური დასაბუთება. ჩვენს აქ ნათქვამს ფიზიოლოგიური ცდები და დაკვირვებები ადასტურებენ. ლიმფური მოქმედების ეს ორი მოვლენა - დაცარიელება და შევსება - სულში შემდეგნაირად აისახება. პირველი - მისწრაფებით გაუმჯობესებისაკენ, გარეგანის შეძენისაკენ მეორე კი - თვითკმაყოფილებით, განკერძოებული სიმშვიდით და იმის მიმართ გულგრილობით, რაც ადრე მოგვწონდა. ეს და მსგავსი მოვლენები განსაკუთრებული სიცხადით იჩენს თავს ლიმფური სისტემის პათოლოგიური მდგომარეობის დროს. ლიმფა შეიძლება იყოს ან მთლად ცარიელი, ან მეტად სავსე; ან ძლიერ აღგზნებული, ან მთლად მოდუნებული, თითქმის პარალიზებული. ყველას შეუძლია შეამჩნიოს, რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებულად მეოცნებე ხდება ცარიელი კუჭის შემთხვევაში, როდესაც იგი გრძნობს შიმშილს, მსუქანი, მაძღარი ადამიანები არ არიან ისეთი მეოცნებენი, როგორც თხელი და გამხდარი ადამიანები. პირიქით, გულგრილობა და გარეგანი ცხოვრებით სიმაძღრე ლიმფური ძარღვების სისავსის შედეგია. როდესაც რაიმე ავადმყოფობის, მაგ., წყალმანკის დროს ეს სისტემა უგრძნობელი ხდება, სულსაც გულცივობა და სიზანტე ეუფლება. წყალმანკით დაავადებული შეძენისადმი არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს. ისიც ცნობილია, რომ ფლეგმატური აღნაგობის ადამიანები არ არიან ხარბები და ჟინიანნი. თუ ლიმფური სისტემა აღგზნებულია, გაღიზიანებულია მეტისმეტად, როგორც ეს ხდება ჭლექიანებთან და საყმაწვილოთი დაავადებულებთან, სულში იგი აისახება უკეთესისაკენ მისწრაფების, იმედისა და სხვათა სახით.


ვ) გამოყოფის სისტემის მნიშვნელობა

§186. გამოყოფის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა. გამოყოფა ორგანიზმში წარმოადგენს სისხლის უკანასკნელ აქტს, რომლითაც იგი ამთავრებს თავის დანიშულებას და უბრუნებს ბუნებას სტიქიურ ელემენტებს. სისხლი თავის მოძრაობას სუნთქვით იწყებს. აქ განახლდება იგი და ამის შემდეგ აქვე გამოყოფს ზოგიერთ პროდუქტს, როგორიცაა ნაღველი, ნერწყვი, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეულ დანიშნულება. მაგრამ სისხლი გამოყოფს და იცილებს მაშინვე ისეთ ნაწილებსაც, რომელიც ორგანიზმისათვის აღარ არის საჭირო. ასეთებია ოფლი, შარდი, ცრემლი და სხვ. ამდენად, გამონაყოფები წარმოადგენენ გამოდევნილ, თხიერ ორგანიზმებს. გამოყოფის სისტემის ცენტრს ღვიძლი წარმოადგენს. რამდენადაც გამოყოფა წარმოადგენს სუნთქვის საპირისპირო პოლუსს, ამდენად მას თან ახლავს საპირისპირო სულიერი გამოვლენანიც, კერძოდ, მოდუნებულობა, მწუხარება და კაეშანი. ამ თავში ყოველივე აქამდე ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ სისხლი თავისი მრავალმხრივი მოქმედებით იწვევს ე.წ. სულიერ განწყობილებას. სისხლის მიმოქცევა, ე.ი. მისი ხან გარესამყაროსაკენ სწრაფვა, ხან ორგანიზმში დაბრუნება, სულში იწვევს თვით სულის განწყობილების მოძრაობას. როდესაც სული გარე სამყაროსაკენ ისწრაფვის, თვით ცოცხლდება და სულში იწვევს სიხალისესა და სიმხნევეს, ხოლო როდესაც თავის დასასრულს უბრუნდება ღვიძლში, სულში აღძრავს დისჰარმონიის გრძნობას. სისხლის მოძრაობა, აღდგენა, მისი დაჟანგვა ჰაერის მეშვეობით სულში იწვევს სიმხნევესა და სიხალისეს, ხოლო მისი საპირისპირო მოქმედება - განადგურება - დაშლა-დათრგუნვას.

§187. ზემოთქმულის დასაბუთება. ადამიანი მშვიდ მდგომარეობაში როგორღაც გაწონასწორებულად გრძნობს თავს გარე სამყაროსთან. მისი სულიერი განწყობილება შეესატყვისება სისხლის ნორმალურ მოძრაობას. მოუსვენარი სულიერი განწყობილება კი პირიქით - სისხლის მოძრაობაში ერთგვაროვნობისა და ნორმალურობის გათიშვის, მოშლის შედეგია. როგორც კი საკუთარი არსებობის გრძნობა ჩლუნგდება, მაშინვე თავს იჩენს სხვადასხვა ვნებები, უწესრიგო მდგომარეობები. ასეთებია, მაგ. დადარდიანება, თავის თავთან ერთიანობის დაკარგვით რომაა გამოწვეული, კაეშანი და სხვა სულიერი მდგომარეობები, რომლებიც უფრო მეტად უპირისპირდებიან უსიამოვნო გარე საგნებს. მაგ., - გაჯავრება, მრისხანება და სხვ. ყველა ამ მდგომარეობათა დროს ორგანიზმი უხალისოდაა, საჭმლის მონელება სუსტდება, გამოყოფა მატულობს, ძალა ეცემა და სხვ. ამ ორი მდგომარეობის შორის საშუალოს წარმოადგენს თანაგრძნობა. იგი როგორღაც საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენება და სხვისი წუხილისა და მოშლილობის საკუთარ თავში გადატანაა. თანაგრძნობას ყოველთვის თან ახლავს თავისებური გამოყოფაც, მაგ., ცრემლისა. ზოგჯერ ისეთი ორგანული გამოყოფის მატებასაც აქვს ადგილი, რომელიც თანაგრძნობის ობიექტს სჭირდება. მაგ., რძის გამოყოფა დედის მიერ. დედა, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ბავშვი, მეტ რძეს გამოყოფს, ხოლო დედა, რომელიც გულმავიწყი და დაბნეულია, ძალიან მცირე რაოდენობით გამოყოფს მას. შემჩნეულია ისიც, რომ ზოგიერთ ქალს, თვით მამაკაცსაც კი, უძლური ბავშვის დანახვით გულაჩვილებულს მკერდში რძე ჩასდგომიათ. დარდითა და სევდით გულდამძიმებულ ადამიანებთან მატულობს სევდა, სუსტდება კვებისუნარიანობა, შეიმჩნევა ნაღვლის ჩაქცევა. ამის გარდა, მათ უვითარდებათ სისხლის ვენურობა, ნიშანი იმისა, რომ სისხლი - ეს თხიერი ორგანიზმი - ნახშირდება. ისწრაფვის სიკვდილისაკენ. თუ ასეთი მდგომარეობა უმაღლეს საფეხურს აღწევს, მაშინ სისხლის სიკვდილი სულში აისახება თვითმკვლელობისაკენ მისწრაფებით. ცნობილია ისიც, რომ უცაბედი შიში იწვევს გაძლიერებულ გამოყოფას. შემჩნეულია, რომ ჯავრისა და მრისხანების დროს, როდესაც ადამიანი ლამობს გაანადგუროს ყოველივე გარეგანი, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ნერწყვს. ასეთ მდგომარეობაში ბევრ ცხოველთან ნერწყვი შხამიანია, მაგ., გაცოფებულ მდგომარეობაში მყოფ ძაღლთან. თვით განრისხებულ ადამიანთანაც ნერწყვი მავნე ხდება. რამდენადაც მრისხანების დროს სისხლი დიდი რაოდენობით მიედინება ღვიძლისაკენ, სადაც იგი კვდება, ადამიანიც გრძნობს დაბეჩავებას, დაცემულობას, სიმძიმის დაწოლას. ისიც ცნობილია, რომ ღვიძლის პათოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული ტანჯვა კავშირშია სულიერი განწყობილების შეცვლასთან. აქედან წარმოდგა ალბათ რუსული სახელწოდებაც - „жёлчный человек". ადამიანებს, რომელთაც ღვიძლი აწუხებთ, ემჩნევათ მიდრეკილება დარდისაკენ, თვითმოსპობისაკენ, ან მრისხანებისაკენ. ნაღვლის ჩაქცევის დროს ზოგი ადამიანი ხშირად თვითმკვლელობისაკენ ისწრაფვს.

§188. ტემპერამენტი საკუთრივ სულის თვისებაა. ყოველივედან, რაც აქამდე ითქვა ორგანიზმისა და მისი ცალკეული სისტემების სულზე გავლენის შესახებ, ცხადი ხდება, რომ თითოეული სულიერი მდგომარეობა, იქნება ეს სასიამოვნოსა თუ უსიამოვნოს, სევდისა თუ კმაყოფილების შეგრძნება, ერთი სიტყვით, ადამიანის ყოველგვარი ტემპერამენტი სულის სხეულთან თანარსებობასა და ურთიერთგავლენაზეა დამოკიდებული. ჩვენ დავინახეთ, როცა სისხლის მიმოქცევა სულიერ განწყობილებას იწვევს, სუნთქვა - სიმხნევესა და სიხარულს, ან სიმხდალესა და სულმოკლეობას, ღვიძლი - მრისხანებას, მწუხარებას ან თანაგრძნობას და ა.შ. მაგრამ თვით ეს მდგომარეობანი, ე.ი. მხნეობის, მხიარულების, მრისხანებისა და სხვათა შეგრძნებანი სულის და არა ორგანიზმის საკუთრებას წარმოადგენენ. ისინი სულიერი მოვლენებია, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ორგანული ცვლილებებიდან წარმოდგებიან, ზოგჯერ კი - ამ უკანასკნელთაგან სრულიად დამოუკიდებლად. უაზრობა იქნებოდა გვეფიქრა, მაგ., რომ რაიმე ცნობის მიღების გამო ჩემში აღძრული სიხარული, განრისხება, გაჯავრება, თანაგრძნობა ან დაღვრემილობა, თითქოს გამოწვეული იყოს რაიმე ორგანული მიზეზებით. ისინი ჩნდებიან მათგან დამოუკიდებლად და თვით შეუძლიათ გამოიწვიონ და ნამდვილად იწვევენ კიდეც ცვლილებებს იმ ორგანულ სფეროებში, რომელნიც მათ შეესატყვისებიან. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ადამიანის ნებას შეუძლია შეამციროს და სრულიადაც მოსპოს ეს ორგანული გავლენები სულზე. საკუთარ თავზე დაკვირვებით ყველას შეუძლია ეს დაადასტუროს. დავუშვათ, მაგალითად, რომ რომელიმე ორგანული სფეროს ავადმყოფურ მდგომარეობას სულში უნდა გამოეწვია გარკვეული შეგრძნება, ვთქვათ, გაღიზიანებულობა; მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით თავიანთი გაღიზიანებულობის მომდინარეობა ავადმყოფური მდგომარეობიდან და შესწევთ ძალა მოერიონ საკუთარ თავს, მაინც შეინარჩუნონ სულის სიმხნევე და სიმშვიდე. ისინი, ვისაც ნაკლებად აქვთ განვითარებული თვითშეგნება და ნებისყოფა, მთლიანად ემორჩილებიან ორგანულ გავლენებს და საკუთარ ბუნებრივ მიდრეკილებებს, ხოლო უფრო გაგებულნი და მტკიცე ნების ადამიანები თანდათანობით ეჩვევიან მთლიანად დაიმორჩილონ საკუთარი გრძნობები.

 

2. ხასიათის შესახებ

§189. ხასიათის განსაზღვრება. ხასიათის ცნებაში ვგულისხმობთ ადამიანის საქმიანობის იმ მუდმივ და საერთო სახეს, რომელიც ყოველთვის ყველა სულიერ ძალთა ერთგვაროვანი განწყობის შედეგია და ამდენად, გამოხატავს სულის შინაგან არსს, ე.ი. მის გონებრივ და ზნეობრივ თავისებურებებს. აქედან ცხადია, რომ ხასიათის ჩამოყალიბებაში ადამიანის მთელი ძალები და უნარები მონაწილეობენ, ისე რომ გარკვეული აზრით შეიძლება ითქვას - ადამიანის ხასიათი, ეს თვით მთლიანად ადამიანია. აქედან ისიც ცხადია, თუ გამოკვლევა ხასიათის შესახებ რატომ უნდა წარმოადგენდეს ფსიქოლოგიის დასკვნით ნაწილს. სულის შესწავლის დროს ჩვენ ვცდილობდით ისე წაგვემართა კვლევა, რომ წინამავალს ყოველთვის მოემზადებინა მომდევნო, ხოლო ეს უკანასკნელი ლოგიკური შედეგი ყოფილიყო წინამავალისა. აი, რატომ ვამთავრებთ ჩვენს გამოკვლევას ხასიათით მაშინ, როცა უკვე ყველაფერი გამოკვლეული გვაქვს, რაც კი ხასიათს შეადგენს.

§190. რაზეა დამოკიდებული ხასიათების სხვადასხვანაირობა? როგორც ახლახანს აღინიშნა, ხასიათის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს სულის ყველა ძალა და უნარი, მაგრამ არა ყოველთვის ერთი და იმავე ზომით. უმეტეწილად ხასიათში შეიმჩნევა ზოგი უნარის მომეტებული გავლენა სხვა უნარებთან შედარებით. ამაშია საფუძველი ხასიათების სხვადასხვაობისა, ადამიანებში რომ შეიმჩნევა და ამის გამოა, რომ ყოველ ადამიანს, ასე ვთქვათ, გააჩნია საკუთარი ხასიათი. თუ ნების მოქმედება ემორჩილება წინასწარ გააზრებულ სქემებს, მივიღებთ კეთილგონიერ, მომჭირნე, მშვიდ და მოქნილ ხასიათს. თუკი ნება უფრო გულისა და გრძნობის შესატყვისად მოქმედებს, ხასიათიც მგრძნობიარე. კეთილი, თანამგრძნობი მიიღება. თუ ადამიანი აყოლილია ძალუმ გრძნობებს, მოქმედებს ყოველთვის სერიოზული დაფიქრების გარეშე, მაგრამ სწრაფად, მაშინ იგი ატარებს მგზნებარე. მარდ, ზოგჯერ წინდაუხედავ ხასიათს. არა მხოლოდ ყოველ ცალკეულ უნარს, ყოველ ცალკეულ მგრძნობელობასაც შეუძლია დაეუფლოს ნებას და წარმართოს მისი მოქმედება. თუ ადამიანი მიეცემა ერთ რომელიმე ვნებას ან მისწრაფებას, ხასიათიც მისი შესატყვისი ჩამოუყალიბდება. ასეთ ხასიათს ამჟღავნებენ პატივმოყვარე, მრისხანე და ამაყი ადამიანები. ერთი სიტყვით, უამრავ გარემოებას შეუძლია ხასიათთა უსასრულო სიმრავლე წარმოშვას. ამიტომაცაა ძნელი ხასიათების დაყოფა გარკვეულ გვარებად და სახეებად. მაგრამ ხასიათების სიმრავლე არა მხოლოდ სულიერ უნართა უპირატესი გავლენის შედეგია, მას სხვადასხვა გარეშე გავლენაც განაპირობებს.

§191. კლიმატის გავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ადგილისა და კლიმატის საკმაოდ ძლიერი ზემოქმედება ხასიათის ჩამოყალიბებაზე ისე ცნობილია ყველასთვის, რომ იგი სპეციალურ დასაბუთებას არ საჭიროებს. ასეთი ზემოქმედების შედეგია ცალკეული ქვეყნების თუ ტომების ხალხთა ხასიათები. თავისთავად ცხადია, რომ კეთილშეზავებული, თბილი კლიმატის პირობებში, სუფთა და ჯანსაღი ჰაერის შემთხვევაში, ბარაქიან და ნაყოფიერ ნიადაგზე ხასიათიც სხვაგვარად ვითარდება, ვიდრე არაჯანსაღი, მკაცრი კლიმატის პირობებში. თუკი ცალკეულ შემთხვევაში დასტურდება სუფთა, სასიამოვნო ჰაერის კეთილი გავლენა პიროვნებაზე, ვიდრე არაჯანსაღი, შეხუთული ჰაერისა, მაშინ უფრო მეტ გავლენას უნდა მოველოდეთ მისგან, როდესაც იგი პიროვნების თუ ხალხის მთელ სიცოცხლეს გასდევს.

ბარში მცხოვრებს, მაგალითად, სხვა ხასიათი აქვთ, ვიდრე მთაგორიანი ქვეყნების მცხოვრებლებს. უკანასკნელთა ხასიათში შეიმჩნევა დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ უპირატესი მიდრეკილება, გულში კი - თავისუფლების გრძნობა. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ხასიათი მთის მოსახლეობაში. ჯანსაღი კლიმატის, სუფთა, ლაღი, მთის ჰაერის გავლენა ვლინდება მათში უაღრესად განსაცვიფრებელი სახით. ისინი ყოველთვის გამოირჩევან სიმამაცით, სიმხნევით, მხიარულებით, ერთგულებით. მათი გარეგანი თუ შინაგანი ნიშან-თვისებები აშკარად ამჟღავნებენ კლიმატის ზეგავლენას. მათ უყვართ თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ეს თითქოს სუფთა ჰაერთან ერთად აქვთ შეთვისებული.

ხასიათზე კლიმატის გავლენაში კიდევ უფრო დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ ისტორიიდან იმ ტომების ბედს, რომლებიც ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლდნენ, მაგალითად, ესპანეთიდან და გერმანიიდან ამერიკაში გადასახლებულნი მთლიანად გამოიცვალნენ ტემპერამენტის მიხედვით, ვიდრე გარეგნულგდ. კლიმატის ასეთი გავლენა ხასიათზე აიხსნება იმით, რომ კლიმატი ჯერ მთლიანად გარდაქმნის ადამიანის ორგანიზმს, ხოლო მისი საშუალებით კი - სულიერ ნიშნებსაც, ვინაიდან, როგორც ავღნიშნეთ, უკანასკნელი დიდადაა დამოკიდებული ორგანიზმის მდგომარეობაზე.

§192. აღზრდის გავლენა ხასიათის ჩამოყალიბებაზე. თავისებურ აღზრდას კიდევ უფრო დიდი გავლენა აქვს ხასიათის ჩამოყალიბებაზე. აღზრდა იმისთვისაა სწორედ მოწოდებული, რომ შეცვალოს და დაადგინოს ადამიანის ზნეობრივი ტემპერამენტი. გონივრულმა აღზრდამ უნდა აზიაროს ადამიანი გარკვეულ განწყობას, რომელიც მას მთელ სიცოცხლეში გაჰყვება. ამაში რომ დავრწმუნდეთ, შევადაროთ ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი იზრდებოდა კეთილგონივრული წესების შესატყვისად, ხოლო მეორე ბუნების ამარა იყო მიტოვებული. როგორი უზარმაზარი სხვაობა შეიმჩნევა მათ შორის ყველა უნარების, შინაგანი თუ გარეგანი ნიშან-თვისებების მიხედვით თვით უმარტივესი მოძრაობებიდან დაწყებული (ხელ-ფეხის მოხმარება), გულისა და გონების უმაღლესი მოქმედებით დამთავრებული, უკლებლივ ყველა ადამიანური მოქმედება ატარებს აღზრდის განსაკუთრებულ დაღს. გასაოცარი განსხვავება ცივილიზებულ ადამიანსა და ველურს შირის, რომელიც მათ თითქმის განსხვავებულ არსებებად წარმოგვიდგენს, სწორედ რომ აღზრდას ეფუძნება.

გაუნათლებელ ადამიანთან ვნება მოუთოკავია, მისი მოქმედება ყოველთვის ექვემდებარება უხეშ, ცხოველურ გრძნობებს, და საერთოდ, იგი ცხოველს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. განათლებული კაცი კი - პირიქით, მოქმედებს გონების, ვიდრე ვნებათა კარნახით.

ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ თითქოს ასეთ კაცს არ გააჩნდეს იგივე გრძნობები და ვნებები, რომლითაც ბუნება აღჭურავს ყველა თავის შვილს, მაგრამ ვნებანი მასში გამოვლინდებიან სულ სხვაგვარად, ვიდრე გაუნათლებელთან. ისინი მასთან შერბილებული, განსჯას დაქვემდებარებულია. აღზრდა სწორედ ბუნებრივი ადამიანის გარდასაქმნელად უნდა იყოს მიმართული. თუ ადამიანი ახერხებს ხელოვნურად შენიღბოს თავისი ვნებები და მანკიერებანი, ან გარეგნულად შეალამაზოს ისინი, ეს კიდევ არ მეტყველებს მის განსწავლულობაზე ან აღზრდილობაზე. განათლებულობამ, პირიქით, უნდა გაანელოს ან მთლიანად მოსპოს ბუნებრივი გრძნობის სიუხეშე.

§193. რელიგიის გავლენა ხასიათზე. ხასიათზე რელიგიის გავლენა ყველაზე ღრმა და უცილობელია. ეს დასტურდება ისტორიითაც და იმ ხალხთა ხასიათების სხვადასხვაობითაც, რომლებიც სხვადასხვა სარწმუნოებას აღიარებენ.

საკმარისია უბრალოდ გავიაზროთ, თუ რა ცვლილებები გამოვიწვია ხალხების აზრებსა და საქმეებში ქრისტიანულმა სარწმუნოებამ, რომ აღნიშნული დებულების სისწორე დავიჯეროთ. ქრისტიანულმა რწმენამ გარდაქმნა ადამიანის აზრები, გამოცვალა მისი გრძნობები, მიანიჭა მათ თვინიერება და ადამიანურობა, სხვა მირთულებით წარმართა ნება და ახალი მიზნების მინიშნებით, სიყვარულისა და ძმობის, როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობის საფუძვლის გამოჩინებით დაამყარა ადამიანთა შორის ახალი ურთიერთობანი. მოკლედ, მან მთლიანად გარდაქმნა ადამიანი ყოველი მიმართულებით.

უკეთ რომ დავინახოთ ხასიათზე რელიგიის გავლენის მნიშვნელობა, შევადაროთ ორი ადამიანი - ქრისტიანი და მაჰმადიანი. დავუშვათ, რომ ორივე ზუსტად იცავს თავის რწმენას და იქცევა მისი იდეის შესატყვისად. რა საერთოს აღმოვაჩენთ მათ შორის? არავითარს! ხასიათის თვალსაზრისით ისინი ორ, სრულიად განსხვავებულ არსებად წარმოგვიდგება. მაშინ, როდესაც ერთი მათგანი თვინიერი და მშვიდია, ხოლო მისი სული და გული მთლიად უმაღლესი და კეთილშობილური ზრახვებითაა გამსჭვალული, მეორე სულ საპირისპირო გრძნობებსა და მისწრაფებებს ფლობს. მაჰმადიანი აღსავსეა აუტანელი ფანატიზმით. იგი ესწრაფვის ყველაზე უხეშ გრძნობად სიამოვნებას, თვლის სხვა რწმენის ადამიანს ცხოველად, გააჩნია სიკეთისა და ბოროტების შესახებ უმდაბლესი და უაზრო მცნებები. უფრო მეტიც, მისი უხეში წარმოდგენა ბედისწერაზე სრულიად ახშობს მის უნარებს, ნებელობით ენერგიას და აქცევს მას გონებაჩლუნგ და მეოცნებე არსებად.

§194. მართვის წესისა და სამოქალაქო წყობის გავლენა ხასიათზე. არანაკლებად შესამჩნევი და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ცალკეული ხასიათის ჩამოყალიბებაზე მმართველობის ფორმასა და ხალხის ისტორიულ ბედს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, შევადაროთ იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომნი, სადაც მართავს ბრძენი, მტკიცე მონარქი მტკიცე კანონებით იმ სახელმწიფოს ქვეშევრდომთ, სადაც გაბატონებულია ტირანული ძალაუფლების თვითნებრბა. აიღეთ, მაგალითად, სპარსელის ხასიათი - გულჩახვეული, მდაბალი, ცბიერი, შიშით დათრგუნული, მონური და შეადარეთ ევროპელის ხასიათს და თქვენ დარწმუნდებით მათ განსხვავებაში. განსაკუთრებული სიმკვეთრით მჟღავნდება ქალთა ხასიათების განსხვავებულობა, ევროპისა და აზიის სახელმწიფოებში მათი ცხოვრების წესზე რომაა დამოკიდებული.

§195. თანშობილია ადამიანისათვის ხასიათი და ტემპერამენტი? ნათქვამიდან ცხადად გამომდინარეობს, რომ როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი ხალხების ხასიათი ყალიბდება ან ერთი რომელიმე განსაკუთრებული მიზეზის, ან მრავალ ერთად მომქმედ მიზეზთა ზეგავლენით. ეს შენიშვნა რამდენადმე გვაახლოებს აქ წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტასთან. მართლაც, ადამიანის ხასიათი იმდენად შეიძლება ჩაითვალოს თანშობილად, რამდენადაც მისი განმსაზღვრელი მიზეზები წინ უსწრებენ და ხელს უწყობენ მის ჩამოყალიბებას. რამდენადაც ადამიანი იბადება გარკვეული კლიმატის პირობებში, იზრდება გარკვეულ რელიგიურ გარემოში და გარკვეული ზნეობრივ-პოლიტიკური წესების გავლენით, განსაკუთრებით კი - აქვს გარკვეული მშობლებისაგან მიღებული საკუთარი ორგანიზმი, ამდენად ყოველივე ეს წინასწარ აპირობებს მის მომავალ ხასიათს. რამდენადაც, როგორც ითქვა, ხასიათი ყალიბდება თავისუფალი მოქმედების გზით, იმდენად იგი უნდა ჩავთვალოთ უფრო შეძენილად, ვიდრე თანშობილად. რაც შეეხება ტემპერამენტს, იგი უფრო თანშობილია, ვიდრე შეძენილი, ვინაიდან იგი სულზე ორგანულ ზემოქმედებათა შედეგია. მაგრამ ცნობილია, რომ ჩამომავლობა დიდად მოქმედებს ტემპერამენტის ჩამოყალიბებაზე. ფიზიოლოგიაში ახსნილია ის გარემოება, რომ ადამიანის სხეული, რომელიც გარკვეული განაყოფიერების შედეგია, ღებულობს იმ ორგანიზმის თვისებებს, რომლისაგანაც იგი წარმოიშვა და ამასთანავე, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მემკვიდრეობით ღებულობს თავისი მშობლებისაგან ყველა სულიერ ნიშან-თვისებასაც, ე.ი. მათ ტემპერამენტს. აქედან გაიგება ის საინტერესო მოვლენა, რომ რომელიმე ადამიანის გენეტური ხასიათი საუკუნეებით გადადის ერთი შთამომავლობიდან მეორეზე და ზოგჯერ ხალხებიც კი ატარებენ თავიანთი წინაპარის ხასიათის დაღს. სხვათა შორის, ამ მოვლენას ხელს უწყობს, ამას გარდა, სხვა მრავალი გარემოებაც; ჩვილი, რომელიც იზრდება გარკვეულ ოჯახურ გარემოში, ითვისებს პირველ შთაბეჭდილებებს და აზრებს იმ ადამიანებისაგან, ვინც მას გარს არტყია. გარემომცველთა მაგალითი მასზე უცილობლად მოქმედებს და რა გასაკვირია, თუ იგი მემკვიდრეობით იღებს თავისი მშობლების ცნებებს, გრძნობებს, ცრურწმენებს და მთელ ტემპერამენტს და ასევე გადასცემს მას თავის შთამომავლობას. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თითქოს ახალდაბადებულს უკვე გააჩნდეს გარკვეული ხასიათის რაიმე მონაცემი, ჩანასახი. მასში მხოლოდ იმის შესაძლებლობაა, რომ შეითვისოს ერთი ხასიათი უფრო, ვიდრე მეორე. მას გააჩნია პირობები, რომელიც პიროვნებას უმუშავებს უნარს - ადვილად მიიღოს ერთი გარკვეული ხასიათი და ძნელად - მეორე. თვით ზნეობრივი აღზრდის შესაძლებლობა, ე.ი. ადამიანისათვის გარკვეული ზნეობრივი მდგომარეობის ზიარება გვიჩვენებს, რომ ბუნებრივ მიდრეკილებათა გავლენა მაინც გარდუვალია. ეს იმდენად გარდუვალია, რომ ამ მიდრეკილებათა არამც თუ მოსპობა, მნიშვნელოვნად შესუსტებაც შეუძლებელია, და რომ ადამიანის ძლიერ ნებასაც არ ძალუძს წინ აღუდგეს ბუნებრივ სწრაფვებს.

§196. თავის დასკვნა. წიგნის მეორე განყოფილებაში ჩვენ წარმოგიდგინეთ იმ უახლეს გერმანელ მეცნიერთა შრომები, რომლებიც ცდილობენ სულსა და ორგანიზმს შორის არსებული მიმართების გამოკვლევას ცდაზე დაყრდნობით. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ თითქოს ამ შრომებით საბოლოოდ გადაწყდა საკითხის ის უარსებითესი პუნქტი, რომელიც მრავალი თეორიისა და ჰიპოთეზის საბაბი შეიქმნა და რომელიც ყოველთვის დარჩება ბუნების გამოუცნობ საიდუმლოებად. რა საკითხია ეს? ამ საკითხის აზრი შემდეგშია. როგორ შეიძლება ორგანული ცვლილებები საბოლოოდ აისახონ სულში, ან თვით სულს როგორ შეუძლია ზემოქმედება ორგანიზმზე? უფრო გასაგები რომ გავხადოთ ეს კითხვა, ავიღოთ ერთი შემთხვევა. მხედველობის ორგანოს მიერ საგნებიდან მიღებული შთაბეჭდილება, როგორც ცნობილია, მხედველობითი ნერვის წყალობით გადაეცემა ტვინის გარკვეულ პუნქტს და იწვევს მასში რაღაც ცვლილებას. საკითხავია - როგორ აღიქვამს სული ამ ცვლილებას სინათლის, ან საგნის ფორმის სახით? ან სხვაგვარად. სულში თავი იჩინა ნებამ - აამოძრაოს სხეულის ესა თუ ის ნაწილი. უნდა ვიკითხოთ. როგორ ახერხებს სული „უბიძგოს" იმ ნერვს, რომელმაც ნება უნდა გადასცეს ორგანოს მოძრაობის სახით? იმ წარმოდგენის მიხედვით, რაც ჩვენ გარეშე საგნების შესახებ გაგვაჩნია, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი სახე, რომლითაც საგნები ურთიერთმოქმედებენ - ესაა საგანთა უშუალო შეხება. მაგრამ ჩვენ უდავოდ დავრწმუნდით, რომ სული სრულიად სხვა არსებაა, რომელიც არაფრით არ ჰგავს მატერიალურს. ამიტომაა საინტერესო - როგორ შეუძლია მას აღიქვას ორგანული შთაბეჭდილებები, ან ცვლილებები და გაღიზიანებანი ტვინში? ან როგორ აღძრავს იგი სხეულს სამოძრაოდ? უფრო ზუსტად: როგორ უნდა ავხსნათ სულის სხეულთან საბოლოო შეერთება? ეს საკითხი, ვიმეორებ, სამარადჟამოდ გადაუწყვეტელი დარჩება.

კარუსი, კლენკე და სხვა თანამედროვე ფსიქოლოგები რაღაც უცნაურად მოეპყრნენ ამ აუცილებელ საკითხს. მათ იგი ვერ გადაწყვიტეს, რაც მართლა შეუძლებელია, მაგრამ გვერდი აუარეს, ან უკეთ გააუქმეს იგი იმით, რომ ორგანიზმი გააიგივეს სულთან, უწოდეს რა მას იდეა-სულის გარეგანი გამოვლენა, ხოლო სულს ანუ ფსიქეს - ორგანიზმის შემოქმედი.

კლენკე რომ მართლაც ამგვარ თვალსაზრისს ავითარებს თავის ორგანულ ფსიქოლოგიაში, ამაში უეჭველად და საბოლოოდ დასარწმუნებლად მივაქციოთ ყურადღება მის სიტყვებს: „საჭმლის მომნელებელი სისტემა ხელს უწყობს თვითშენახვას, მხარს უბამს სხეულებრივ მოთხოვნებს. ეს აღძრვა თვითშენახვისათვის არ წარმოადგენს სხეულში წარმოშიბილი ნივთიერების რაიმე დამახასიათებელ თვისებებს, ვინაიდან ეს ნივთიერება თავის ამ სახით არსებობას უნდა უმადლიდეს იმ იდეალურ ძალას, რომელიც ბუნებაში წარმოდგება განსაკუთრებული არსის, მონადის სახით... ამდენად, სხეული აღიძვრის თვითშენახვისათვის იდეალური ძალის მიერ, რომელიც ცხოველებთან და ადამიანებთან სულად იწოდება და რომლის უმაღლეს გამოვლენას ადამიანში ღვითური სულის აღქმის შემწეობით სუბიექტური გონი, ფსიქე წარმოადგენს.

ამ სიტყვების ყურადღებით განხილვის დროს ბევრ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რაც, არა მხოლოდ ქრისტიანს, საერთოდ მოაზროვნე ფილოსოფოსსაც არ შეეძლება მიიღოს. ჯერ მივაქციოთ ყურადღება იმას. რომ ეს იდეალური მონადა, ანუ სული, „გამორჩეულ ნივთიერებას" , ე.ი. გარეშე სხეულებს, რომელნიც საკვების გზით შემოდიან ორგანიზმში, გარდაქმნის საკუთარ თვისებად, აკავებს მათ ორგანიზმში და ამსგავსებს საკუთარ თავს. მაგრამ თუ ეს იდეალური მონადა - სული ამსგავსებს თავის თავს ორგანიზმში მოხვედრილ ნივთიერებებს, მაშინ აქედან ცხადად გამომდინარეობს ისიც, რომ თვით იგიც უნდა იყოს მატერიალური, სხეულებრივი მონადა. სხვაგვარად იგი მატერიას ვერ მისცემდა თავის თვისებებს, ვერ გარდაქმნიდა მატერიას ისე, რომ იგი სულს დამსგავსებოდა. მაგრამ ისეთი დაშვებაც, რომ თითქოს სულიერი მონადა მატერიალური იყოს, თუნდაც განუყოფელი, ერთობ მცდარია და შეიცავს ათას შეუსაბამობას, რაზეც ამ ფსიქოლოგიის პირველ თავში იყო საუბარი. მეცნიერებას ჯერ არსად აღმოუჩენია, და ალბათ ვერც აღმოაჩენს შემთხვევას, როდესაც ერთი რომელიმე მატერიალური მონადა, ან ფიზიკური ატომი ისე განსხვავდებოდეს სხვა ატომისაგან, როგორც ჩვენი სული განსხვავდება ყოველგვარი მატერიისაგან. კლენკეს სიტყვებში ის აზრიცაა ჩადებული, რომ სული იქცევა გონად, ანუ დამოუკიდებელ სუბსტრატად ღვთაებრივი სულის აღქმის შედეგად. ეს შეხედულება შეიძლება გასაგები და მისაღები იყოს მხოლოდ პანთეისტური თვალსაზრისით, მის ფარგლებს გარეთ იგი შეიცავს ასეთ წინააღმდეგობას. ათასი ადამიანიდან შეიძლება მხოლოდ ერთი ფლობდეს სუბიექტურ გონს, ვინაიდან ყველას როდი ძალუძს აღიქვას ღვთაებრივი სული. გავიმეოროთ ერთხელ კიდევ, რომ მართლა არ გაგვაჩნია არავითარი შესაძლებლობა ამოვხსნათ სულსა და სხეულს შორის არსებული მიმართების რაობა. ზოგჯერ უკეთესია პატიოსნად ვაღიაროთ საკითხის გადაჭრის შეუძლებლობა, ვიდრე გადავჭრათ ისე, რომ ზიანი მივაყენოთ და დავუპირიპირდეთ სხვა აღიარებულ და მტკიცე ჭეშმარიტებებს.