ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეთორმეტე
1. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
2. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
3. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.
4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.
5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.
8. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი; ბეთილი დასავლეთით ემხრო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და ახსენა უფლის სახელი.
9. მერე დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გაემართა.
10. შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში.
11. როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.
12. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13. თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.
14. როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.
15. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში.
16. ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.
17. დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო.
18. მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?
19. რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!
20. მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.