ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეცამეტე
1. წავიდნენ აბრამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებითა და ლოტითურთ ნეგებისკენ.
2. ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით.
3. გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი ედგა ბეთილსა და ჰაღაის შორის,
4. სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად; აქ ახსენა აბრამმა უფლის სახელი.
5. ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ჰყავდა ცხვარ-ძროხა და ჰქონდა კარვები.
6. ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება.
7. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში.
8. უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ.
9. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ.
10. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა.
11. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს.
12. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
13. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს.
14. უთხრა უფალმა აბრამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა: აახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ დგახარ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ.
15. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისათვის მომიცია სამარადისოდ.
16. ქვიშასავით ურიცხვს გავხდი შენს შთამომავლობას; თუ ვინმე შესძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
17. ადექი და კიდით კიდემდე მოიარე ეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი.
18. აიყარა აბრამი, წავიდა და მამრეს მუხნარში დაესახლა, ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.