ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეთოთხმეტე
1. მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა, გოიების მეფემ,
2. ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს, გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს.
3. ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე ზღვაა.
4. თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და მეცამეტე წელს აღუდგნენ.
5. მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში, ემიელები შავე-კირიათაიმში.
6. და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას რომ მდებარეობს.
7. უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის მკვიდრნი.
8. გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე, ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის ველზე
9. ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს, ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ მეფეს.
10. სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ.
11. ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი სარჩო-საბადებელი და წავიდნენ.
12. ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული, სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ.
13. მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს. მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა, ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
14. როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი გამოცდილი კაცი და სდია დანამდე.
15. გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის.
16. დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ, დედაწულნიცა და ხალხიც.
17. მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება.
18. სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი.
19. აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა!
20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.
21. უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი შენთვის დაიტოვე.
22. უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს,
23. თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი.
24. გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი წილი.