ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეთხუთმეტე
1. ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.
2. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, რა უნდა მიბოძო? უშვილოდ გადავდივარ, ჩემი სახლის მოურავი დამასკოელი ელეაზარია.
3. კვლავ უთხრა აბრამმა: შთამომავლობა არ მოგიცია ჩემთვის, და, აჰა, ჩემს სახლში შობილი ყმა უნდა გამიხდეს მემკვიდრედ.
4. კვლავ გამოეცხადა უფლის სიტყვა: არ იქნება იგი შენი მემკვიდრე; მხოლოდ შენი წიაღიდან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე.
5. გარეთ გაიყვანა და უთხრა: აჰხედე ცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა: ამდენი იქნება შენი შთამომავლობა.
6. ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში ჩაუთვალა ეს.
7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.
8. უთხრა აბრამმა: უფალო ღმერთო, როგორ მივხვდე რომ დავიმკვიდრებ?
9. უთხრა: მომიყვანე სამი წლის ხბო, სამი წლის თხა, სამი წლის ცხვარი, გვრიტი და მტრედის ხუნდი.
10. აიღო ეს ყველაფერი, შუაზე დახლიჩა და ერთმანეთს მიუწყო ნახლეჩები, ოღონდ ფრინველები არ დაუხლიჩავს.
11. დააცხრნენ სვავები მძორებს, მაგრამ მოუგერია ისინი აბრამმა.
12. მზის ჩასვლისას ძილქუში დაეცა აბრამს და, აჰა, დიდმა შიშმა და წყვდიადმა მოიცვა იგი.
13. უთხრა უფალმა აბრამს: იცოდე, მდგმურად იქნება შენი შთამომავლობა სხვის ქვეყანაში; დამორჩილებული და დაჩაგრული ეყოლებათ ოთხას წელს.
14. იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
15. შენ კი მშვიდობით მიუხვალ შენს მამა-პაპას, ტკბილ სიბერეს მიწევნული დაიმარხები.
16. მხოლოდ მეოთხე თაობაში მობრუნდებიან აქეთ, როცა აივსება ამორეველების უკეთურებათა საწყაული.
17. მზე რომ ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, აჰა, აკვამლებული თონე, და ცეცხლის ალმა გაიარა ნახლეჩებს შორის.
18. ამ დღეს დაუდო უფალმა აღთქმა აბრამს და უთხრა: შენი შთამომავლობისთვის მიმიცია ეს ქვეყანა ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე - ევფრატის მდინარემდე -
19. ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა,
20. ხეთელთა, ფერიზელთა, რეფაიმელთა,
21. ამოთეველთა, ქანაანელთა, გირგაშელთა და იებუსეველთა.