† orthodox.do.am † ძველი აღთქმა - დაბადება (თავი 23)

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ოცდამესამე

1. იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი, ეს არის სარას სიცოცხლის წლები.

2. მოკვდა სარა კირიათ-არბეში, აწინდელ ხებრონში, ქანაანის ქვეყნად. მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.

3. მოსცილდა თავის მკვდარს აბრაამი და ეუბნება ხეთელებს:

4. მსხემად და მდგმურად ვარ თქვენთან; მომეცით საკუთარი სამარხი თქვენს მიწაზე, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი.

5. მიუგეს ხეთელებმა აბრაამს და უთხრეს:

6. მოგვისმინე, ბატონო. ღვთიანი მთავარი ხარ ჩვენს შორის; დამარხე შენი მკვდარი ჩვენს საუკეთესო სამარხში. ჩვენს შორის ვერავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.

7. ადგა აბრაამი და თაყვანისცა ამ ქვეყნის ხალხს, ხეთელებს.

8. ასე უთხრა მათ: თუ ინებებთ და მკვდარს დამამარხვინებთ, ბარემ ნუ გამაწბილებთ და შემავედრეთ ყეფრონ ცოხარის ძეს,

9. მომცეს მახფელას მღვიმე, მისი ყანის ბოლოს რომ არის; თავის ფასში მომცეს თქვენი თანდასწრებით საკუთარ სამარხად.

10. ყეფრონი ხეთელებს შორის იჯდა; მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ნეთელთა და ყველას გასაგონად, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული, და უთხრა:

11. არა, ბატონო, მომისმინე: მინდორიც მომიცია და მღვიმეც, იქ რომ არის; ჩემი ხალხის თანდასწრებით მომიცია; დამარხე შენი მკვდარი.

12. თაყვანისცა აბრაამმა ქვეყნის ერს.

13. ასე ელაპარაკა ყეფრონს ქვეყნის ერის გასაგონად: თუ თანახმა ხარ, აიღე მინდვრის საფასური, გამომართვი და დავმარხავ იქ ჩემს მკვდარს.

14. მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა:

15. ყური დამიგდე, ბატონო: რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი ვერცხლის საღირალი მიწა. წადი, დამარხე შენი მკვდარი.

16. დაეთანხმა აბრაამი ყეფრონს და მიუწონა აბრაამმა ყეფრონს ვერცხლი, რამდენიც მოითხოვა ხეთელთა გასაგონად, ოთხასი შეკელი ვერცხლი ვაჭართა მაზანდით.

17. ასე დაუმტკიცდა საკუთრებად აბრაამს ყეფრონისეული მინდორი მახფელაში, მამრეს წინ რომ არის, მინდორი და იქ მდებარე მღვიმე, ყოველი ხე იმ მინდორზე და მის საზღვრებში რომ დგას ირგვლივ,

18. ხეთელთა და ყველას თანდასწრებით, ვინც კი მისი ქალაქის კარიბჭესთან იყო მოსული.

19. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად.

20. დაუმტკიცდა აბრაამს მინდორი და იქ მდებარე მღვიმე ხეთელებისგან საკუთარ სამარხად.