† orthodoxy.ge † ძველი აღთქმა - დაბადება (თავი 28)

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ოცდამერვე

1. მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.

2. ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული.

3. ყოვლადძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის, გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები.

4. მოგცემს აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.

5. გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან-არამში, ლაბანთან, არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობისა და ესავის დედისა.

6. დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა ცოლი ქანაანელთაგან,

7. და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა ფადან-არამში.

8. დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ქალები.

9. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.

10. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.

11. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.

12. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.

13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.

14. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა.

15. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი.

16. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!

17. შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!

18. ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.

19. უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ ლუზი ერქვა ამ ქალაქს.

20. აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს შესამოსად,

21. მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,

22. მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.