ძველი აღთქმა
დაბადება
თავი ოცდამეცამეტე
1. გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.
2. წინ დააყენა მხევლები და მათი ბავშვები, მათ უკან ლეა და მისი ბავშვები, ხოლო სულ უკან რახელი და იოსები.
3. თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას.
4. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.
5. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.
6. ახლოს მივიდნენ მხევლები თავიანთი ბავშვებითურ და თაყვანი სცეს.
7. ახლოს მივიდა ლეაც თავისი ბავშვებითურთ და თაყვანისცა. ბოლოს იოსები და რახელი მივიდნენ ახლოს და თაყვანისცეს.
8. უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
9. უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.
10. უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.
11. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.
12. უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.
13. უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.
14. თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში.
15. უთხრა ესავმა: ვინმეს მაინც მოგიჩენ ჩემი ხალხიდან, თან რომ მახლავს. უთხრა: რა საჭიროა? ოღონდ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.
16. იმ დღესვე გაბრუნდა თავისი გზით ესავი სეყირისკენ.
17. ხოლო იაკობი სუქოთისკენ დაიძრა. აიშენა იქ სახლი და საქონელსაც დაუდგა კარვები. ამიტომაც უწოდა იმ ადგილს სახელად სუქოთი (ქარავანი).
18. მოვიდა მშვიდობით ფადან-არამიდან წამოსული იაკობი შექემ-ქალაქად, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, და დაიბანაკა ქალაქის წინ.
19. შეიძინა იაკობმა ას ცხვრად შექემის მამის, ხამორის ძეთაგან მინდვრის ნაწილი, სადაც კარავი ედგა.
20. აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.