† orthodoxy.ge † ძველი აღთქმა - დაბადება (თავი 35)

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ოცდამეთხუთმეტე

1. უთხრა ღმერთმა იაკობს: ადექი და წადი ბეთელს და იქ იცხოვრე; აუგე იქ სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენს ძმას, ესავს, გაურბოდი.

2. უთხრა იაკობმა თავის სახლს და ყველას, ვინც კი მასთან იყო: გაყარეთ უცხო ღმერთები, რომელნიცა გყავთ, განიწმინდენით და გამოიცვალეთ სამოსელი.

3. ადექით და წავიდეთ ბეთელში, რომ სამსხვერპლო ავუგო იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გასაჭირში და ჩემთან იყო გზაზე, სადაც მივდიოდი.

4. მიუტანეს იაკობს ყველა უცხო ღმერთი, ხელთ რომ ჰქონდათ, და საყურეები, ყურებზე რომ ეკიდათ, და დაფლა ისინი იაკობმა შექემთან მდგარი მუხის ქვეშ.

5. და დაიძრნენ. ღვთის შიში იყო გარეშემო ქალაქებზე და არ დაედევნენ იაკობის ძეთ.

6. მივიდა იაკობი მთელი თავისი ხალხითურთ ლუზში ანუ ბეთელში, ქანაანის ქვეყანაში რომ არის.

7. ააგო იქ სამსხვერპლო და უწოდა იმ ადგილს სახელად ელ-ბეთელი, რადგან აქ გამოეცხადა ღმერთი, როცა თავის ძმას გაურბოდა.

8. მოკვდა დებორა, რებეკას ძიძა, და დამარხეს ბეთელს ქვემოთ, მუხის ქვეშ. უწოდა სახელად ამ ადგილს ალონ-ბაქუთი (მუხა გლოვისა).

9. კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.

10. უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.

11. უთხრა ღმერთმა: მე ვარ ღმერთი ყოვლადძლიერი. ინაყოფიერე და გამრავლდი, ხალხი და ხალხთა კრებული წარმოიშობა შენგან და მეფენი გამოვლენ შენი საზარდულიდან.

12. ქვეყანა, რომელიც მივეცი აბრაამს და ისაკს, შენთვის მომიცია, შენი შთამომავლობისთვის მომიცია ეს ქვეყანა.

13. გაშორდა მას ღმერთი იმ ადგილიდან, სადაც ელაპარაკებოდა.

14. მაშინ აღმართა იაკობმა სვეტი იმ ადგილას, სადაც ღმერთი ელაპარაკა, სვეტი ქვისა, და დაღვარა მასზე საღვრელი და სცხო ზეთი.

15. უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.

16. დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.

17. როცა უძნელდებოდა მშობიარობა, უთხრა რახელს ბებიაქალმა: ნუ გეშინია, რადგან ახლაც ვაჟი გეყოლება.

18. სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).

19. მოკვდა რახელი და დაიმარხა ეფრათის გზაზე. ეს არის ბეთლემი.

20. აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რახელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე.

21. გაემგზავრა აქედან ისრაელი და გაშალა კარავი გედერის გოდლის უკან.

22. ამ ქვეყანაში ყოფნისას ადგა რეუბენი და შევიდა ბილჰასთან, მამამისის ხარჭასთან, და გაიგო ეს ისრაელმა.

23. ლეას ძენი იყვნენ: რეუბენი - იაკობის პირმშო, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი და ზებულონი.

24. რახელის ძენი იყვნენ: იოსები და ბენიამინი.

25. ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნაფთალი.

26. ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფადან-არამში.

27. მივიდა იაკობი ისაკთან, მამამისთან, მამრეში, კირიათარბეში, ანუ ხებრონში, სადაც მდგმურობდნენ აბრაამი და ისაკი.

28. ას ოთხმოცი წლისა იყო ისაკი.

29. აღესრულა ისაკი და მოკვდა, შეერთო თავის ხალხს მოხუცებული და ხანსრული, და დამარხეს იგი ესავმა და იაკობმა, მისმა შვილებმა.