† orthodoxy.ge † ძველი აღთქმა - დაბადება (თავი 38)

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ოცდამეთვრამეტე

1. ამ ხანებში გამოეყო იუდა თავის ძმებს და დაესახლა ერთი ყადულამელის მეზობლად; რომელსაც სახელად ერქვა ხირა.

2. დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან:

3. დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა მას სახელად ყერი.

4. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა სახელად ონანი.

5. კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; და დაარქვა სახელად შელა; მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა.

6. მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად თამარი.

7. არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და მოაკვდინა იგი უფალმა.

8. უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და თესლი აღუდგინე შენს ძმას.

9. იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი.

10. არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა.

11. უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: იცხოვრე ქვრივად მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა, მისი ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში.

12. კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი. გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა.

13. ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის გასაპარსავად.

14. გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.

15. დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე დაფარული ჰქონდა.

16. გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა, მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე?

17. უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა: წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე?

18. უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი, ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან. დაორსულდა მისგან ქალი.

19. ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ ქვრივის სამოსელი ჩაიცვა.

20. გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი, მაგრამ ვერ იპოვა ყადულამელმა ქალი.

21. ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი, ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი.

22. დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი.

23. უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი.

24. გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი, შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.

25. როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთილს: ვისიც ეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულად. აჰა, იცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმები და არგანი.

26. იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან.

27. მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.

28. შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად.

29. როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად ფარეცი.

30. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და დაერქვა სახელად ზარახი.