ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეორმოცე
1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის მეფის მწდემ და მეპურემ შესცოდეს თავიანთ ბატონს, ეგვიპტის მეფეს.
2. განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს, მწდეთუხუცესს და მეპურეთუხუცესს.
3. და ჩაყარა ისინი ქონდაქართუხუცესის სახლში, საპყრობილეში, იქ, სადაც იოსები იყო დამწყვდეული.
4. მიუჩინა მათ ქონდაქართუხუცესმა იოსები და ისიც ემსახურებოდა. ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5. ესიზმრა ერთ ღამეს ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი, ეგვიპტის მეფის მწდეს და მეპურეს, საპყრობილეში რომ იყვნენ დამწყვდეულნი.
6. მივიდა მათთან დილით იოსები და დაინახა, რომ დაღვრემილნი იყვნენ.
7. შეეკითხა ფარაონის კარისკაცებს, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის სახლში: დღეს რატომ დაგიღრეჯიათ სახე?
8. უთხრეს: სიზმარი გვესიზმრა, მაგრამ არ არის მისი ამხსნელი. უთხრა იოსებმა: განა ღვთისგან არ არის ახსნა? აბა, მიამბეთ.
9. უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.
10. სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი.
11. ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.
12. უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.
13. სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი.
14. ოღონდ გამიხსენე, როდესაც კარგად გექნება საქმე; მიყავი სიკეთე და გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან.
15. რადგან მომიპარეს ებრაელთა ქვეყნიდან და აქაც არაფერი ჩამიდენია ისეთი, ამ დილეგში რომ ჩავეგდე.
16. დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კეთილად ახსნა იოსებმა სიზმარი და უთხრა მას: მეც მესიზმრა სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე.
17. ზემო კალათაში ფარაონის ნაირ-ნაირი საჭმელი აწყვია, მზარეულის გაკეთებული, ჩიტი კენკავს ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.
18. მიუგო იოსებმა და უთხრა: ეს იქნება ახსნა: სამი კალათი სამი დღეა.
19. სამი დღის შემდეგ აგწევს ფარაონი, ხეზე ჩამოგკიდებს და ფრინველები დაძიძგნიან შენს ხორცს.
20. მესამე დღეს, ფარაონის დაბადების დღეს, გაუმართა ფარაონმა ლხინი თავის მორჩილებს და მოიკითხა თავის მორჩილთა შორის მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
21. დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს.
22. ხოლო მეპურეთუხუცესი ხეზე ჩამოჰკიდა, როგორც განუმარტა მათ იოსებმა.
23. არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, დაავიწყდა.