† orthodoxy.ge † ძველი აღთქმა - დაბადება (თავი 45)

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი ორმოცდამეხუთე

1. ვეღარ შეიკავა თავი იოსებმა მხლებელთა წინაშე და იყვირა: გაიყვანეთ ყველანი! არავინ იყო იოსებთან, როცა გაუმხილა მან თავისი ვინაობა ძმებს.

2. იწყო ხმამაღალი ტირილი და მოესმათ ეგვიპტელებს, და მოესმა ფარაონის სახლს.

3. უთხრა იოსებმა ძმებს: იოსები ვარ. ცოცხალია ჯერ კიდევ მამაჩემი? ვერ გასცეს პასუხი ძმებმა, რადგა შეეშინდათ მისი.

4. უთხრა იოსებმა ძმებს: მომიახლოვდით. მიუახლოვდნენ და უთხრა მათ იოსებმა: იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გამყიდეთ.

5. ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.

6. რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.

7. გამომგზავნა ღმერთმა თქვენს წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი.

8. თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.

9. საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო.

10. იცხოვრე გოშენის მხარეში; ახლოს იქნებით-თქო ჩემთან შენ და შენი შვილები, შენი შვილთა შვილები, შენი ცხვარ-ძროხა და მთელი შენი საბადებელი.

11. აქ შეგინახავ-თქო, რადგან კიდევ ხუთი წელი გასტანს შიმშილი, რათა არ გაჩანაგდე შენი სახლითა და მთელი შენი საბადებლითურთ.

12. აჰა, ხომ ხედავს თქვენი თვალი და ჩემი ძმის, ბენიამინის, თვალი, რომ ეს ჩემი ბაგეებია, თქვენ რომ გელაპარაკებათ.

13. მოახსენეთ მამაჩემს მთელი ჩემი დიდების ამბავი ეგვიპტეში და ყველაფერი, რაც ნახეთ. იჩქარეთ, ჩამომიყვანეთ მამაჩემი.

14. ყელზე მოეხვია თავის ძმას ბენიამინს და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის მკერდზე.

15. სათითაოდ გადაკოცნა ძმები, ტიროდა და ეხვეოდა მათ. მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკნენ ძმები.

16. მისწვდა ხმა ფარაონის სახლს, იოსების ძმები ჩამოვიდნენო. ეამა ფარაონს და მის მორჩილთ.

17. უთხრა ფარაონმა იოსებს: უთხარი შენს ძმებს: ასე მოიქეცით: დატვირთეთ ოთხფეხი და წადით ქანაანის ქვეყანაში.

18. წამოიყვანეთ მამათქვენი და თქვენი სახლეულნი და ჩემთან მოდით; მოგცემთ ყოველივე საუკეთესოს ეგვიპტის მიწაზე და ჭამეთ ამ მიწის დოვლათი.

19. შენ კი გებრძანება მათთვის სათქმელად: ასე გააკეთეთ-თქო: წაიყოლეთ ეგვიპტიდან ურმები თქვენი ცოლშვილისთვის, წამოიყვანეთ მამათქვენი და ჩამოდით.

20. თვალი ნუ დაგრჩებათ თქვენს ქონებაზე, რადგან თქვენი იქნება ყოველივე საუკეთესო მთელს ეგვიპტეში.

21. ასეც მოიქცნენ ისრაელიანები. მისცა მათ იოსებმა ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და გაატანა საგზალი.

22. თითოეულს მისცა თითო ხელი სამოსელი, ბენიამინს მისცა სამასი ვერცხლი და ხუთი ხელი სამოსელი.

23. მამას გაუგზავნა ათი სახედარი, ეგვიპტური დოვლათით დატვირთული, და ათი ჭაკი ვირი, ხორბლით, პურითა და სასმელ-საჭმელით დატვირთული, მამის გამოსამგზავრებლად.

24. გაუშვა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა: ნურაფრის შეგეშინდებათ გზაზე.

25. წავიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში იაკობთან, თავიანთ მამასთან.

26. ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელიაო. გაოგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი.

27. მოუყვნენ ყველაფერს, რაც იოსებმა უამბო მათ; დაინახა ურმებიც, იოსებს რომ გამოეგზავნა მის წასაყვანად, და მაშინღა გაცოცხლდა მათი მამის, იაკობის, სული.

28. თქვა ისრაელმა: კმარა! ცოცხალია ჩემი შვილი იოსები! წავალ და ვნახავ, სანამ არ მოვმკვდარვარ.