ძველი აღთქმა
დაბადება
თავი ორმოცდამეცხრე
1. მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში.
2. თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს, მამათქვენს, უსმინეთ!
3. რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
4. ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.
5. სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი გული!
6. მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით გამოძარღვეს ხარი.
7. წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ ისრაელში!
8. იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი.
9. ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას?
10. არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
11. ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის ტანსაცმელს.
12. თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის უთეთრესი.
13. ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი.
14. ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე.
15. ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
16. დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
17. გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
18. შენგან მოველი ხსნას, უფალო!
19. გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
20. აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
21. ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
22. ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
23. გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
24. შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
25. მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა და საშოს კურთხევით.
26. მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე.
27. ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს ნადავლს.
28. ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა.
29. უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის,
30. მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად საკუთარ სამარხად.
31. იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა.
32. ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა ნაყიდი.
33. გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს.