ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეორე
1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.
2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა.
3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას.
5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.
7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11 . ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
25. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.