აღთქმა
ეს ამბავი მოსკოვის მახლობლად ("პოდმოსკოვიეში") მოხდა.
ბავშვობაში ბორისი ძალზე სუსტი და ავადმყოფი იყო. ერთხანს ისე ცუდად გახდა, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაეწურათ. მაშინ დედამ ყველაზე ნაცად და საიმედო - ღვთიურ ექიმს მიმართა. მას განსაკუთრებით უყვარდა მოწამე ტრიფონის ეკლესია. ეს ეკლესია მოსკოვის გარეუბანშია; სხვათა შორის, არც მაინცდამაინც სიმდიდრით გამოირჩევა და არც სიდიდით.
დადიოდა დედა და ლოცულობდა წმიდა მოწამე ტრიფონის წინაშე თავისი შვილისთვის, ცრემლებით ევედრებოდა მეოხებას ღმერთის წინაშე; ამასთან პირდებოდა, რომ თუ ბავში გამოჯანმრთელდებოდა, მას ღმერთს მიუძღვნიდა და თუ მომავალში ბერად შედგებოდა, ტრიფონს უწოდებდა.
„ბავშვმა ძალზე სწრაფად იწყო გამოკეთება და მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. მალე ბორისი აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა და ისე გაკაჟდა, რომ ყველას უკვირდა ასეთი საოცარი ფერისცვალება". - იგონებს დედა.
თავად ბორისმა ამის შესახებ ბერად შედგომამდე არაფერი იცოდა... მან თავისი სურვილით მოინდომა მორჩილად ყოფნა. ბორისი ღვთის წინაშე თავისი მოვალეობის ერთგულებით იღწვოდა და ირგვლივ მყოფთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
და აი, ერთ დღეს მან დედას თავისი წმინდა სურვილი გაუმხილა - ბერად აღკვეცა სურდა. დედამ, რომელსაც კარგად ახსოვდა (ანკი როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა) თავისი დიდი ხნის წინათ დადებული აღთქმა, სიამოვნებით აკურთხა იგი.
ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს, მორჩილი ბორისი ბერად აღიკვეცა და მას სახელად ტრიფონი უწოდეს. რამდენიმე წლის შემდეგ იგი სქემმონაზონი გახდა.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.