ახალი წელი და ბავშვები
- ახალ წელს თოვლის ბაბუის მოსვლა და საჩუქრების მოტანა ბავშვების წარმოსახვის განუყოფელი ნაწილია. ისინი ამ წუთებს მოუთმენლად ელიან. მშობლებიც ცდილობენ, სიხარული კიდევ უფრო გაუორმაგონ და თოვლის ბაბუის ნაცვლად უამრავ საჩუქარს ყიდულობენ პატარასათვის. ერთი შეხედვით, თოვლის ბაბუის არსებობა უწყინარი ტყუილია, მას თითქოს არავითარი ზიანის მიყენება არ შეუძლია ბავშვებისათვის, პირიქით, სიხარულის ანიჭებს. თუმცა ალბათ, არსებობს გარკვეული ასაკი, რომლის შემდეგაც მსგავსი ამბები ბავშვისთვის უსარგებლო ტყუილის ელფერით აისახება.
- თოვლის ბაბუის ტრადიცია იმდენად დამკვიდრებულია ხალხში და იმდენად ჩვეულებრივი ამბავია ბავშვისთვის, რომ ადამიანმა რომც მოინდომოს და პატარა, 2-3 წლის ბავშვს საერთოდ არაფერი უთხრას მის შესახებ, ბავშვი ან ტელევიზორში ნახავს მას, ან მეზობელი, ნათესავი მოუყვება, რომ თოვლის ბაბუამ რაღაც საჩუქარი მოუტანა. ამიტომ მისგან იზოლაცია თითქმის შეუძლებელია. ასეთი მიდგომით მოხდება ის, რომ ბავშვს პირიქით ვაზიანებთ, მას გული დაწყდება, რომ სხვას მოუტანა თოვლის ბაბუამ საჩუქარი, ის კი დაავიწყდა. რაც შეეხება ასაკს, თუ როდემდე შეიძლება დავარწმუნოთ იგი თოვლის ბაბუის არსებობაში? ბავშვები გამუდმებით უყურებენ სხვადასხვა ფილმებსა და მულტფილმებს თოვლის ბაბუის შესახებ, ეს ყველაფერი კი სანამ ბავშვი პატარაა, შეიძლება გონივრულად გამოვიყენოთ. სასკოლო ასაკამდე კარგია მსგავსი მიდგომა. ბავშვს თოვლის ბაბუისგან გამოგზავნილი საჩუქარი ხვდება ბალიშის, ნაძვის ხის ქვეშ, მაგიდაზე, თუ თავის სათამაშო ოთახში, ეს მისთვის დიდი სიხარულია. მართლა სჯერა, რომ საჩუქარი თოვლის ბაბუამ მოუტანა, მაგრამ ეს ეხება პატარა სკოლამდელ ასაკს. სკოლის ასაკიდან კი უკვე აღარ არის სასურველი ამის გაკეთება, რადგან ბავშვი უკვე ხვდება, რომ თოვლის ბაბუის საჩუქარი მშობლების საჩუქარია. როგორც ფსიქოლოგმა, მინდა გავაფრთხილო მშობლები, მოერიდონ თოვლის ბაბუის ტანსაცმლის ჩაცმას, ულვაშების, წვერების გაკეთებას და ბავშვისთვის საჩუქრის ამ სახით გადაცემას, რადგან ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვებს ეშინიათ თოვლის ბაბუის. უმჯობესია, თოვლის ბაბუა მათ წარმოსახვაში არსებობდეს, ვიდრე რეალურად მეზობელმა ან ოჯახის რომელიმე წევრმა ჩუმად ჩაიცვას ტანსაცმელი, მიიკრას წვერები და ბოხი ხმით შემოვიდეს სახლში, რადგან ზოგჯერ, ასეთი საქციელით თითქოს ბავშვისთვის დიდი სიკეთისა და სიხარულის მინიჭების ნაცვლად, პატარას ისე შეშინებია, რომ შემდეგ ენა დაბმია და ენის ბორძიკი კარგა ხანს გაჰყოლია. ამიტომ ჯობია, რომ თოვლის ბაბუა ბავშვის წარმოსახვაში არსებობდეს, ისეთი დარჩეს, როგორც თავად ბავშვს წარმოუდგენია. ცოტა ხნის წინ ასეთ შემთხვევას გადავაწყდი: სუპერმარკეტში ადამიანის სიმაღლის მომღერალი სანტა-კლაუსები იყიდებოდა, ღილაკის დაჭერისას იგი სიმღერასა და მოძრაობას იწყებდა. დიდებისთვის ეს გასართობი იყო და არავითარ შიშს არ იწყვევდა, მაგრამ იმ წუთას იქვე აღმოჩნდნენ დედ-მამა და პატარა ბიჭუნა, დაახლოებით 2-3 წლის. ამ სანტა-კლაუსის დანახვამ საშინელი შიში გამოიწვია ამ ბავშვში, მამას ჩაეკრა, ვერ შეხედა სათამაშოს და იქიდან წაყვანას ითხოვდა. სამწუხაროდ, მშობლებს დიდად არ მიუქცევიათ ყურადღება ამ ფაქტისათვის. ვერავინ დაინახა, ბავშვს როგორი შიში ჰქონდა აღბეჭდილი თვალებში. იმდენად შევწუხდი ამ ბავშვის მდგომარეობით, რომ იძულებული გავხდი, მივსულიყავი მამასთან და მეთქვა, რომ სასწრაფოდ გაეყვანათ ბავშვი, თორემ შეიძლება შიშზე რაღაც წიკი დაემართოს-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ. ხშირად ხდება მსგავსი რამ: მშობელი ვერ იჯერებს, რამდენად ძლიერ შეიძლება შეეშინდეს ბავშვს, ვერც წარმოუდგენია, ბავშვისთვის ეს რამხელა სტრესი შეიძლება იყოს. რადგან მშობელს არ ეშინია, თვლის, რომ ბავშვსაც არ ეშინია, ოდნავ შეეშინდება და მორჩა, მაგრამ ასე არაა, ეს „ოდნავ" შეიძლება სერიოზული სტრესის მიზეზი გახდეს. ბავშვებს ძალიან კარგად უნდა ყურისგდება, საერთოდ ბავშვები ყოველთვის ამბობენ თავიანთ გასაჭირს, უბრალოდ ჩვენ ვერ ვუსმენთ მათ და ვერ ვუწევთ თანადგომას, თორემ ბავშვები ყოველთვის ამბობენ და იქვე შეიძლება მათი დახმარება. 2 წუთიც კი საკმარისია, რომ ბავშვს შიშზე ნერვიული „წიკი", ენის ბორძიკი დაეწყოს, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ასეთ გასაბერ, მოცეკვავე და მომღერალ თოვლის ბაბუებს, სანტა-კლაუსებს მოარიდონ ბავშვი. უმჯობესია იქ, სადაც სკოლამდელი ასაკის პატარა ჰყავთ, ასეთი გასართობის ყიდვას მოერიდონ, რადგან ამან შეიძლება ძლიერი შიში გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ზოგ ბავშვში პირიქით ხდება, არავითარ შიშს არ იწვევს, ერთობიან, სულ უნდათ, რომ ჩართონ, მასთან ერთად იცეკვონ, იმღერონ, ხელი მოკიდონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან ზოგს ასეთი რეაქცია აქვს, ზოგს არ შეიძლება, შეეშინდეს. ამიტომ მშობლებს კიდევ ერთხელ ვურჩევ, მოარიდონ ბავშვი მსგავს გასართობებს.
- როცა ბავშვი აღმოაჩენს, რომ თურმე თოვლის ბაბუა არ არსებულა, ეს ხომ არ ბადებს იმედგაცრუების გრძნობას მის სულში, გარკვეულწილად ხომ არ შეიძლება დამანგრეველადაც იმოქმედოს მასზე?
- არ მოქმედებს, გააჩნია ამას როგორ მივაწვდით ბავშვს. ეს უნდა ლამაზად, კორექტულად გაკეთდეს და არაფერი დამანგრეველი ამაში არ იქნება, პირიქით, ეს შეიძლება სხვა კუთხით მიაწოდო ბავშვს, უთხრა, რომ ის უკვე გაიზარდა, სკოლაში უნდა წავიდეს, პატარა აღარ არის, მშობლები ვეღარ აკადრებენ ასეთ ტყუილს, რეალურად თოვლის ბაბუები კი არ არსებობენ, უბრალოდ ეს იყო მათთვის სიხარულის წყარო, რომელიც პატარაობაში მშობლებისგან ენიჭებოდათ... მსგავსი სიტყვები ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვებზე, ეს პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძებს. არაფრით არ შეიძლება დაცინვით ავუხსნათ ყველაფერი, ეს ბავშვისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და მისი პიროვნებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია.
- ჩვენს სინამდვილეში ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები უკვე საკმაოდ მოზრდილ და ზოგჯერ ასაკში შესულ შვილებთან ურთიერთობისას, ვერ თმობენ იმ პოზიციებსა და მიდგომებს, რითაც ადრე ხელმძღვანელობდნენ, თვლიან, რომ მათი შვილი, რა ასაკშიც არ უნდა იყოს იგი, მუდამ მშობლების მზრუნველობისა და გავლენის ქვეშ უნდა იყოს; მშობელს მუდამ აქვს უფლება, ზეგავლენა მოახდინოს მათ გადაწყვეტილებებზე...
- ზოგჯერ მშობლები ზედმეტ ყურადღებას იჩენენ შვილების მიმართ, ამას ფსიქოლოგიაში ჰიპერმზუნველობა ჰქვია. ბავშვობიდან ისე ზრდიან მას, რომ არ აძლევენ საშუალებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. მშობელი ყველაფერს შვილის ნაცვლად წყვეტს, აკეთებს და ბავშვს აჩვევს ამ მდგომარეობას, მას უკვე მზამზარეული აქვს ყველაფერი, მის მაგივრად კეთდება საქმე, შედეგად ბავშვი ზარმაცდება, მისი პიროვნული ღერძი ვერ ყალიბდება, აქვს საოცრად სუსტი ნებისყოფა, უჭირს მიზნის დასახვა და სხვის გარეშე ამ მიზნის განხორციელება, საკუთარი თავის რწმენა ნაკლებად აქვს, 20-30 წლის ასაკშიც მშობლები მათ ისე ექცევიან, როგორც პატარებს. შემდეგ ხდება ისე, რომ ასეთი მშობელი მათ ხელიდან ეცლებათ, და საშინელ სულიერ მდგომარეობაში ვარდებიან, ფაქტიურად, ასეთ ადამიანებს თავიდან აქვთ საკუთარ თავში აღსაზედელი ის თვისებები, რომლებიც სულ ადრეულ ასაკში უნდა ჩამოყალიბებულიყო და დიდი ასაკის ადამიანი კი ამას უკვე ვერ ძლევს, უჭირს და ფაქტიურად, გარესამყაროსთან ადაპტაციას ვერ ახერხებს. ხშირია, რომ ასე გაზრდილი ბავშვები შემდეგ გაურბიან ამ სამყაროს, სამყარო მათთვის საკმაოდ რთული, მძიმე, განსაცდელებით სავსე ხდება, ისინი ნარკოტიკისკენ გარბიან, ან სმას იწყებენ. ამიტომ, სასურველია, მშობლების დამოკიდებულება იყოს არა ისეთი, რომ შვილი მათი საკუთრებაა და ისინი თავისი სურვილების განხორციელებას ეცადონ მასში, არამედ აბსოლუტურად სხვა კუთხით მიუდგნენ: შვილი, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, ღმერთს ეკუთვნის, რომელმაც ღვთის წინაშე საკუთარ თავზე უნდა აგოს პასუხი. უბრალოდ, გარკვეული პერიოდით ღმერთმა მშობლებს მიაბარა ბავშვი აღსაზრდელად და ზნეობრივი პრინციპების ჩამოსაყალიბებლად. რაც შეეხება პიროვნულ გადაწყვეტილებებს, შვილი არის დამოუკიდებელი ადამიანი და მშობლებმა უნდა მისცენ საშუალება, რომ დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს.
- ზოგჯერ გვქონია შემთხვევები, როცა რომელიმე ადამიანი თუ გარემო ჩვენში იმდენად ცუდ ემოციებსა და გრძნობებს იწვევს, რომ გვეჩვენება, თითქოს მას რაღაც შეუცნობელი, უარყოფითი ენერგია გადმოაქვს ჩვენზე. ამ დროს ვამბობთ, რომ მისი „აურა" უარყოფითია, რამდენად გამართლებულია ამ ტერმინის ხმარება ქრისტიანული თვალთახედვით და რას გულისხმობს იგი?
- „აურა" ქრისტიანული ტერმინოლოგია არაა, იგი აღმოსავლეთიდან მოდის და ძირითადად გულისხმობენ შემდეგს: ადამიანის დანახვისას გსიამოვნებს მასთან ყოფნა თუ განრიდების გრძნობა გებადება. ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირის გვერდით აღმოჩენილა, ან მონასტერში რომელიმე ბერის თუ მონაზვნის, წმიდა ცხოვრებით მცხოვრები ადამიანის გვერდით ყოფილა, ასეთ დროს ჰგონია, რომ სულ ამ ადამიანის გვერდით უნდა ყოფნა, ან სურს მასთან განშორება, ცდილობს, დიდხანს დარჩეს მასთან და მეტი კარგი თვისებები აიღოს მისგან. არ უნდა, ეს წამი დასრულდეს. ყველას ჰქონია ასევე საპირისპირო შეგრძნებაც: ისეთ ცუდ ენერგიას გრძნობ ადამიანში, რომ რაც შეიძლება სწრაფად და შორს გინდა მისგან გაიქცე, არც ფიქრობ სად, ოღონდ იქიდან გაიქცე. ეს არის სწორედ ის დადებითი და უარყოფითი ენერგია, რისი მატარებელიც არის ადამიანი. ზოგჯერ დიდი წმიდანები ხშირად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, მაგრამ როცა ხალხი მათ შესახებ იგებდა, მოდიოდნენ რჩევისთვის, ლოცვისთვის. წმიდანების ეს საქციელი იმით იყო განპირობებული, რომ ერიდებოდნენ ამპარტავნებაში ჩავარდნას ამდენი ადამიანის გარემოცვაში, მაგრამ სადაც არ უნდა გადასულიყვნენ, ადამიანები მაინც ყველგან პოულობდნენ, თითქოს მაგნიტივით იზიდავდნენ მათ, რადგან წმიდანები ზუსტად იმ დადებითი ენერგიის მატარებლები იყვნენ, რომელიც არის მადლი სულისა წმიდისა - სიცოცხლის და სიყვარულის მომნიჭებელი, ადამიანთა მკურნალი. თუ ადამიანი არის ჭურჭელი სულისა წმიდისა, იგი შეუჩერებლად იზიდავს თავის გარშემო ადამიანებს, მაგრამ არის საპირისპიროც, როდესაც ადამიანი დაცლილია მადლისაგან და არ ცდილობს, გახდეს ჭურჭელი სულისა წმიდისა, მის გარშემო სიცარიელე და უდაბნოა. შეიძლება ადრე იყვნენ მის ირგვლივ ისეთები, რომლებიც ჰგავდნენ მას სწორედ ამ თვისებებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისკენ ვიღაცას, უცხო ადამიანს აქვს სულიერი ლტოლვა. წმიდანები კი სწორედ იმით გამოირჩეოდნენ, რომ უცხო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ქვეყნიდან ჩადიოდნენ მათთან და საოცარ სიმშვიდეს, სიხარულსა და ნუგეშს პოვებდნენ.
- გვიახლოვდება უდიდესი დღესასწაული - შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შემდეგ კი ახალი წელი. მინდა ყველა ადამიანს, ყველა ქართველს, ეს იქნება საქართველოში მცხოვრები, თუ მის საზღვრებს გარეთ, ვუსურვო, ეს დღესასწაულები ისე გაატარონ, რომ მაქსიმალურად ეცადონ, რაც შეიძლება მეტი მადლი მოიპოვონ შობას, მადლი ხომ განსაკუთრებულად და მომეტებულად ახლავს ამ დღესასწაულს, შემდეგ კი ამ მადლით ბევრი კეთილი საქმე აკეთონ. განსაკუთრებით მინდა მივმართო უცხოეთში მყოფ ქართველებს და ვუთხრა, რომ ეცადონ, ეს დღე ეკლესიის გვერდით გაატარონ. დღეს ხომ უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაში აღევლინება ქართულად წირვა-ლოცვა, ეცადონ, ამ დღეს, რაც შეიძლება მეტი მადლი მიიღონ, რომ შემდეგ დიდხანს გაჰყვეთ იგი, ერთმანეთისა და რა თქმა უნდა, თავიანთი სამშობლოს საკეთილდღეოდ. ვუსურვებ ყველას დიდ სიხარულს!
ესაუბრა თამარ ასათიანი
ჟურნალი „დედაეკლესია", №1, 2006 წ.