„არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილია"
ხშირად გაიგონებთ, ესა და ეს კაცი ხიბლშიაო. ბევრი კითხულობს, რას ნიშნავს ხიბლი. მაგრამ როგორც კი თავად ნახავს ასეთ ადამიანს, ყველაფერს ხვდება.
ხშირად კაცს სიცრუე ჭეშმარიტება ჰგონია და ისეა დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ეს განწყობა ერთიანად მოიცავს მის გულსა და გონებას.
ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო დემონები ადვილად ამყარებენ ჩვენთან ურთიერთობას, თანაც ისე შენიღბულად, რომ მათ მიერ შთაგონებული აზრი საკუთარი გვგონია, ამიტომაც ხშირად გვემუქრება საშიშროება, თითქოსდა ცხადი, სინამდვილეში კი ყალბი იდეა ან ემოციური აღტყინება მხსნელ და მადლმოსილ გამონათებად მივიღოთ.
წმინდა მამათა სწავლებიდან მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ცდუნებათა მრავალფეროვნებას და ვერაგობას ააშკარავებს.
ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, რომ დემონები ცდილობენ, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდეს კონტაქტი და ემორჩილებოდეს საკუთარ, ხშირად არცთუ ისე ცოდვილ ჩანაფიქრს. თავდაპირველად ისინი ისეთ მოქმედებას შთააგონებენ ადამიანს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა არ არის დასაძრახი, პირიქით, ხშირად კეთილშობილურიც კი ჩანს. მერე კი, როცა ნდობას და გავლენას მოიპოვებენ, ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებენ. ყოველივე ეს ცხადს ხდის, რაოდენ ვიწროა გზა განსჯისა და რა ფხიზლად უნდა მივდიოთ მას.
ერთი ბერი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ვინმე ჭაბუკი მამის ნებართვით მონასტერში მივიდა და ისე ბეჯითად დაიწყო მოღვაწეობა, რომ წინამძღვარიც კი გააოცა. მცირე ხნის შემდეგ უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. თანხმობა რომ მიიღო, უდაბნოსკენ გაემართა და იქ დასახლდა, სადაც უფალმა მიანიშნა. ექვსი წელი ისე გაატარა, ძეხორციელი არ უნახავს. ერთხელ კი მასთან ბერად გარდასახული ეშმაკი მივიდა. იმდენად საზარელი სახე ჰქონდა, რომ განდეგილი შეშინებული დაემხო მიწაზე და ლოცვა დაიწყო. რომ ადგა, ეშმაკმა უთხრა: „კიდევ ვილოცოთ, ძმაო". ლოცვის შემდეგ ეშმაკმა ჰკითხა: „რამდენი ხანია, აქ ცხოვრობ?" „ექვსი წელია", - მიუგო განდეგილმა. „მე შენს მეზობლად ვცხოვრობ, - უთხრა ეშმაკმა, - თერთმეტი წელია, სენაკიდან არ გამოვსულვარ. მხოლოდ დღეს დავტოვე იგი. რადგან შევიტყვე, რომ აქვე დასახლებულხარ. ვიფიქრე, წავალ იმ ღვთის კაცთან და გავესაუბრები სულის მარგებელ თემაზე, ვეტყვი, რომ ჩვენს განდეგილობას არავითარი სიკეთე არ მოაქვს ჩვენთვის. რადგან არ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს; რომ მეშინია, თუ ამ საიდუმლოს განვეშორებით, უცხონი არ გავხდეთ-მეთქი მაცხოვრისთვის. აქედან სამი მილის მოშორებით მონასტერია, მივიდეთ იქ კვირას, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლს და ხორცს და ისევ ჩვენს სენაკებში დავბრუნდეთ".
განდეგილს რჩევა მოეწონა და კვირას მასთან ერთად მონასტრისაკენ გაემართა. შევიდნენ ტაძარში და მლოცველებს შეუერთდნენ. ლოცვა რომ დასრულდა, განდეგილმა თავისი მეგზური მოიკითხა. ბერებმა უპასუხეს, შენ გარდა ჩვენ არავინ გვინახავსო. მიხვდა განდეგილი, რომ დემონი იყო მისი თანამგზავრი და თქვა: „ხედავ, რა მოხერხებულად გამომიყვანა სენაკიდან! მაგრამ რა საქმე მაქვს ამასთან, მე ხომ კეთილი მიზნით მოვედი აქ. ვეზიარები და უკან გავბრუნდებიო". ასეც მოიქცა, მონასტრის ძმებთან ტრაპეზზეც დარჩა და მერეღა დაბრუნდა სენაკში.
გავიდა დრო და მასთან ისევ მივიდა ეშმაკი, ამჯერად - ახალგაზრდა ერისკაცის სახით. დაკვირვებით შეხედა და თქვა: „ის არის!" განდეგილმა ჰკითხა: „რატომ მიყურებ ასე?" მან უპასუხა: „ამდენი ხნის შემდეგ როგორღა უნდა მიცნო! მამაშენის მეზობელი ვარ. შენ ამა და ამ კაცის შვილი არა ხარ? დედაშენს ხომ ეს და ეს ერქვა? დას ხომ ამასა და ამას ეძახდნენ? შენი საერო სახელიც ხომ ეს იყო? დედაშენი და შენი და სამ წელზე მეტია მიიცვალნენ, მამა კი ახლახან მოკვდა და თავის მემკვიდრედ აგირჩია. სიკვდილის წინ გვთხოვა, გვენახე და გვეცნობებინა, რომ მემკვიდრეობა ჩაიბარო და შენი და მამაშენის სულის საცხოვნებლად ღარიბებს დაურიგო. ნუ დააყოვნებ, წადი, გაყიდე ყველაფერი და აღასრულე მამაშენის ნება". „აღარ მეგების მე დაბრუნება საერო ცხოვრებაში", - უპასუხა განდეგილმა. „თუ არ წახვალ, - უთხრა ეშმაკმა, - ქონება დაიკარგება და ღვთის წინაშე აგებ პასუხს. ხომ შეიძლება, ღარიბებისთვის დანატოვარი მემკვიდრეობა მრუშმა, გარყვნილმა ხალხმა დაიტაცოს?!" განდეგილი შეცდა და ქალაქში დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად იქიდან მამამისი გამოვიდა. მამამ ვერ იცნო და ვინაობა ჰკითხა. შენი შვილი ვარო, მიუგო შემცბარმა ბერმა. რა მიზეზით დაბრუნდი? - ჰკითხა მამამ. განდეგილს ნამდვილი მიზეზის თქმისა შერცხვა და უპასუხა, დაბრუნება შენდამი სიყვარულმა და სიბრალულმა მაიძულაო. ის მამის სახლში დარჩა. მცირე ხნის შემდეგ კი სასიყვარულო ცოდვით დაეცა, მაგრამ არ მოინანია და შერჩა საერო ცხოვრებას.
წმინდა ეგნატეს თქმით, ბერის დაცემის მთავარი მიზეზი განდეგილობის ნაადრევი დაწყება გახლდათ - იგი ჯერ არ მომწიფებულიყო საამისოდ. იგი შენიშნავს, რომ ეშმაკი განდეგილებს ხშირად პირისპირ ეცხადება. ერთად მცხოვრებთ კი, ჩვეულებრივ, ფიქრებით ებრძვის. მიზანი ორივე შემთხვევაში ერთია - დაღუპოს ადამიანის სული.
მოამზადა ნინო კანდელაკმა
ჟურნალი „კარიბჭე", №11, 2004 წ.