...და მაინც გამოიცვალა
ერთმა ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა ერთადერთი ვაჟიშვილი აღზარდა, მაგრამ ის დედის ნუგეში არ გამოდგა - თავის უწესო ამხანაგებთან ერთად წუთისოფელს ქეიფსა და დროსტარებაში განლევდა და დედის დარიგებას ყურს არ უგდებდა.
ერთხელ, როცა ისეც მოსალხენად წასვლას აპირებდა, ქვრივმა დედამ ცრემლით შესთხოვა, რომ ასეთი დამღუპველი ცხოვრებისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ შვილმა გადაჭრით უთხრა: „დედიკო! მე ვერ გამოვიცვლები."
მაშინ დედამ უთხრა: „კარგი, ახლა მე ვიცი, რაც უნდა ვქნა. შევალ ოთახში, უფლის წინაშე მუხლს მოვიყრი და ვილოცებ მანამ, სანამ შინ არ დაბრუნდები."
შვილი ამხანაგებთან წავიდა. მაგრამ ლხინში სიამოვნება ვერ ჰპოვა - სულ მუხლებზე დაჩოქილ მოტირალ დედაზე ფიქრობდა.
დიდხანს ვერ გაძლო; შუა სუფრიდან ადგა და შინისაკენ გასწია, რათა გაეგო, რას შვრებოდა დედა. შინ მისულმა დედის ოთახში შეიხედა და დაინახა, რომ იგი ხატების წინ დაჩოქილიყო და მისთვის ლოცულობდა.
ვაჟი ფრთხილად შევიდა ოთახში, თვითონაც დედის გვერდით დაიჩოქა და ღმერთს მადლობა შესწირა დედის ასეთი სიყვარულისთვის.
ამის შემდეგ ის ყოფილ ამფსონებს აღარ გაჰკარებია და ყოველთვის სანაქებოდ იქცეოდა.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.