...და მარიამი ტიროდა, ტიროდა მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში...
გასულ საუკუნეში ერთ-ერთი ქალაქში გარდაიცვალა 30 წლის ქალი, სახელად მარიამი, რომელიც 20 წლის ასაკში ხელოსანზე გაათხოვეს. ერთი წლის შემდეგ მისი ქმარი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალგაზრდა ქალმა ოთხი წელი მოკრძალებულად და პატიოსნად გაატარა, შემდეგ კი გარყვნილი ცხოვრება დაიწყო. სულიერი მოძღვარი არაერთხელ ურჩევდა მას, წესიერ ცხოვრებას დაბრუნებოდა და ცოდვები შეენანებინა, მაგრამ ყოველთვის მოკრძალებულ პასუხს ღებულობდა: „შევეცდები, მამაო, შევეცდები, გამოვსწორდე". მაგრამ, შეპირებისა და გამოსწორების მცდელობის მიუხედავად, გარყვნილების ნაკადი მას კვლავ ცოდვაში აგდებდა. ამრიგად, საბრალო ქალის ცხოვრებაში ცოდვას სინანული მოსდევდა, შემდეგ ისევ ცოდვაში ჩავარდნა. და აი, ერთ დღეს მარიამის სულიერ მოძღვარს მომაკვდავის საზიარებლად უხმეს. „დიდი ხანია, იგი ავადმყოფობს?"- იკითხა მოძღვარმა და პასუხად მიიღო, რომ უკვე სამი თვეა, რაც იგი ავადაა და ხშირად რაღაცას ნაღვლობს და ტირის.
აღსარებაზე მისულ მოძღვარს მარიამი გულის შემუსვრილებაში დახვდა, მაგრამ, გარდა ამისა, მას უდიდესი, თითქმის სიხარულით აღვსილი სასოება ჰქონდა მაცხოვრის გულმოწყალების მიმართ. ქალმა მოძღვარს უამბო, რომ სამი თვის მანძილზე ავადმყოფობის დროს ძალზე ქენჯნიდა სინდისი თავისი ცოდვების გამო და იმის გამო, რომ თავის დროზე არ შეისმინა დარიგებები თავისი მოძღვრისა და ერთი ღვთივსათნო მომლოცველი ბერისა, რომ ვერ შეძლო თავისი სისუსტეებისაგან თავის დაღწევა. ხშირად წუწუნებდა და სასოწარკვეთილებამდე მიდიოდა, მაგრამ იმავე დროს, ამ პირქუშ აზრებთან ერთად გრძნობდა, რომ გულში რაღაც ხმა ეუბნებოდა: „უმჯობესია, საკუთარ ცოდვებზე იტირო, უფალი მოწყალეა და შეგინდობს, რამეთუ მისი წყალობა უფრო მეტია, ვიდრე ზღვაში წვეთები". ეს ღვთის მადლის ხმა იყო, რომელიც სულს სინანულისა და მაცხოვრის გულმოწყალების იმედისაკენ მოუწოდებდა. და მარიამი ტიროდა, ტიროდა მთელი დღეებისა და ღამეების განმავლობაში ღრმა სინანულის გრძნობით, თან უფალს ევედრებოდა, ცრემლის ზღვა მოემადლებინა მისთვის.
- გასულ ღამეს, - დაამატა მან, - განსაკუთრებულად მძიმე განწყობა მქონდა. ბოროტი ცდილობდა, ცხოვნების ყოველგვარი იმედი წაერთმია ჩემთვის. დავიღალე და უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა. მაგრამ უეცრად, არ ვიცი, ძილში იყო თუ ცხადში, გამომეცხადა ბერი, რომელიც წლების წინ ავადმყოფი და დაუძლურებული ვისტუმრე, მამასავით მოვასვენე, გამოჯანმრთელებულს ჩემი ქურქი მივეცი და შორს გავაცილე, თან მის ბრძნულ დარიგებებს ვუსმენდი და ვთხოვდი, ჩემთვის ცოდვილისთვის ელოცა. ამ ბერმა მკაცრი ხმით მითხრა: „მარიამ, შენ კვლავ სცოდავ და ღვთის მოწყალებას ეწინააღმდეგები?.. მან, რომელმაც მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, განა შენსას ვერ იტვირთებს? ჩვენი ცოდვებისათვის ვნებული განა საბრალო ცოდვილის დაღუპვით გაიხარებს? ნუთუ არ იცი, როგორ გულმოწყალედ ღებულობდა და შეუნდობდა იგი უდიდეს ცოდვილებს, რომლებიც მის გულმოწყალებას მოუხმობდნენ? ილოცე და იმედი იქონიე. შემომხედე; მე გიშუამდგომლებ ღვთის წინაშე იმისათვის, რომ შენ მანუგეშე მოხუცებული, შემმოსე ძვირფასი შესამოსელით; იცანი იგი? შენ ის ერთადერთი გქონდა, ისიც მე შემომწირე ქრისტე მაცხოვრისა და მოყვასის სიყვარულის გამო. „ღმერთი სიყვარული არს და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა" (1 იოანე 4, 16), - ბრძანებს ქრისტეს უსაყვარლესი მოწაფე. ნუთუ ფიქრობ, რომ მაცხოვარს ნაკლები სიყვარული აქვს შენს მიმართ, ვიდრე შენ შეგეძლო გამოგეხატა მოგზაური ღატაკისა და ღვთისადმი?". მაშინ მე დაკვირვებით შევხედე ბერს და მის მოკრძალებულ და ნათელ სახეზე სიხარულის ღიმილი დავინახე, ხოლო ჩემი ქურქი მის სხეულზე მზის სხივებივით ბრწყინავდა. „მშვიდობა შენდა, შვილო ჩემო", - მითხრა ბერმა და გაუჩინარდა... მას შემდეგ, მამაო, რაღაც გასაოცარი, ამოუხსნელი სიმშვიდე დამეუფლა, ვგრძნობ დასასრულის მოახლოებას, ჩემი მრავალრიცხოვანი და მძიმე ცოდვების აღიარების სურვილი გამიჩნდა და თქვენგან კურთხევისა და შენდობის მიღება მსურს იმის გამო, რომ ცოდვილი არ შევისმენდი თქვენს რჩევა-დარიგებებს. შემინდეთ, მამაო, ღვთის გულისათვის ანდა საუკუნოდ მომიწევს ამ ცოდვების გლოვა".
სხვა რა დარჩენოდა მოძღვარს, თუ არა ტირილი მორჩილ და მონანულ ცოდვილთან ერთად, უფრო სწორად, მასთან ერთად, ვინც ღრმა და გულითადი სინანულით განიწმინდა თავის ცოდვათაგან და უკვე განმართლდა სამყაროს ცოდვათა მტვირთველის სამსჯავროს წინაშე?!
საოცარია უფლის სამსჯავრო და გზა! აქაც, თავის მორჩილ მონაზე მან აღასრულა თავისი სიტყვა: „მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისა" (მათე 21, 31).
მარიამი იმავე საღამოს მშვიდად მიიცვალა. მოძღვრის წასვლიდან სულ მალე იგი გამოემშვიდობა მასთან მყოფებს და მეტი არავისთან უსაუბრია, შესაძლოა, იმიტომ, რომ მეტყველების უნარი წაერთვა, ან იმის გამო, რომ ჩაღრმავებული იყო სიყვარულით ანთებულ თავის გულში, - და არავის უხილავს და გაუგია, როგორ მიაბარა ცოდვილთა შემწყნარებელს მან თავისი მორჩილი სული...
ერთ-ერთმა წმიდა მამამ ბრძანა: „მორჩილება და სიყვარული ზეცაში აღმყვანებელი ორი უდიდესი ფრთაა".
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი"