„დაიკავე ზიუიდ-ვესტი!"
რამდენი რამ ხდება ქვეყნად ისეთი, ჩვეულებრივი ადამიანური გონებით რომ ვერ აიხსნება. - ამბობს ჩვენი მასპინძელი, გადამდგარი მეზღვაური. ის ძალიან საინტერესო ამბებს ყვებოდა ხოლმე, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
- ეს მართლაც საოცრება იყო. ცურვა ძნელი და საშიში აღმოჩნდა. შემოდგომა იდგა. ცა თავზე ტყვიის ქუდივით გვეხურა. ცივი ქარი უბერავდა. ჩვენ წყნარად მივცურავდით კურსით. პირქუში ოკეანე ხმაურობდა. იმ საღამოს რა დამავიწყებს! ახალგაზრდებმა ჩვენ-ჩვენი მოვალეობები შევასრულეთ და კაიუტაში შევედით. ვიგონებდით ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს, ხმელეთის ცხოვრებას.
უეცრად კარს იქიდან ჩვენი კაპიტნის სწრაფი ნაბიჯების ხმა მოგვესმა. მივხვდით, გაბრაზებული იყო. კაპიტანმა ჩვენი კაიუტის კარი შემოაღო და მრისხანედ იკითხა:
- ბატონებო, რომელმა გაბედეთ ჩემ კაიუტაში ამ დროს შემოსვლა?
ჩვენ გაოცებულები ვდუმდით; თან ერთმანეთს შევყუდებდით.
- ვინ, ვინ იყო იქ აი ახლა, ამ წუთებში? - მრისხანედ გაიმეორა მან. ჩვენს გაოცებულ სახეებს რომ შეხედა, გაბრუნდა და წავიდა. ცოტა ხანში თავისთან მიგვიხმო. ბოცმანებიც იქ იყვნენ. ჩაგვამწკრივეს და ისევ იგივე შეკითხვა გაგვიმეორეს:
- რომელი იყავით ჩემთან კაიუტაში? რომელმა მიეცით თავს ასეთი თავხედური ხუმრობის უფლება? - მრისხანედ გაჰყვიროდა კაპიტანი. პასუხად ისევ ჩვენი საერთო დუმილი და გაოცება მიიღო. მაშინ კაპიტანმა გვითხრა, დასასვენებლად რომ წამოწვა კაიუტაში, ძილ-ღვიძილში ვიღაცის ხმა გაიგონა: „აიღე ზიუიდ-ვესტი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. გემის სვლის სისწრაფე წამში მინიმუმი სამი მეტრი იყოს. იჩქარე, მანამ გვიან არ არის!"
კაპიტნის ნათქვამმა ყველა გაგვაოგნა. მიღებული ბრძანება გემის კურსის შეცვლას და სხვა მხარეს წასვლას ნიშნავდა.
გვიან ღამემდე არავის უძინია. ყველას აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა კაპიტანი. მალე გავიგეთ, რომ კაპიტანმა უფროს ბოცმანთან, ძალიან გამოცდილ მეზღვაურთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა, დაეჯერებინა იდუმალი ხმისთვის. მართალია, გადახრა ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო, დროც ბევრი არ დაგვეკარგებოდა.
- აიღეთ ზიუიდ-ვესტი და ანძასთან კარგი ყარაული დააყენეთ! - უბრძანა ბოცმანს კაპიტანმა. ჩვენ ყურებს არ ვუჯერებდით. ნუთუ ეს ხუმრობა იყო... არა, არ გავდა. დილით ადრე ჩვეულებისამებრ თავი გემბანზე მოვიყარეთ. მესაჭემ მდუმარედ ანიშნა კაპიტანს რაღაც შავ საგანზე, შორიდან რომ მოჩანდა.
ღრუბლიანი დილა იყო. ცუდი ხილვადობის გამო კაპიტანმა ჭოგრიტში ერთბაშად ვერ გაარჩია, რა იყო ის საგანი. შემდეგ იგი ბოცმანს მიუბრუნდა და რაღაცა უჩურჩულა. კაპიტანი ჩვენსკენ რომ შემობრუნდა, დავინახე, რომ სახე გაფითრებოდა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ყველამ შეუიარაღებელი თვალითაც დავინახეთ, რომ ეს შავი საგანი ტივს გავდა, რომელზედაც ორი მწოლარე ადამიანის სხეული მოჩანდა. ჩვენ ნავი ჩავუშვით. ბოცმანი თვითონ წავიდა ტივისკენ. ტალღები ნავს აქანავებდა. ცოტაც და... უკვე გვიანი იქნებოდა.
ტივზე მყოფნი ცოცხლები იყვნენ თუ არა, არ ვიცოდით. ქართან და ტალღებთან ნახევარი საათის ბრძოლის შემდეგ ბოცმანმა ისინი გემზე ამოიყვანა. ახალგაზრდა მეზღვაური და ბავში იყვნენ - ორივენი უგონო მდგომარეობაში და სიცივისაგან გათანგულები, თითქმის მკვდრები.
გემზე დიდი ალიაქოთი ატყდა. ყველანი, კაპიტნიდან მოყოლებული ბოლო მეზღვაურამდე, გულმოდგინედ ვცდილობდით განსაცდელში მყოფთათვის რამე გვეშველა. მათმა იდუმალმა გადარჩენამ ერთიანად გაგვაოცა; ყველა ვხედავდით, რომ უჩვეულო მოვლენასთან გვქონდა საქმე.
კაპიტანი მზრუნველი დედასავით ევლებოდა ბავშვს, გვერდიდან არ იშორებდა, თავს დასტრიალებდა.
მეზღვაური მხოლოდ ორი საათის შემდეგ მოვიდა გონს. ირგვლივ მიმოიხედა და სიხარულისაგან ბავშვივით ატირდა. დათბუნებულ ბავშვს კი თბილად ეძინა.
- უფალო, გმადლობ! - შესძახა მეზღვაურმა, მშვენიერმა, უბრალო სიმპათიურმა ახალგაზრდამ. - ეტყობა, დედის ლოცვამ ღმერთამდე მიაღწია!
ჩვენ გარს შემოვეხვიეთ მეზღვაურს. მან გემის საბედისწერო ამბავი გვიამბო, რომელიც უზარმაზარ რიფს წამოსდებოდა, დამსხვრეულა და ჩაძირულა. გემზე ხალხი ბევრი არ იყო, ზოგმა ნავებში გადასხდომა მოასწრო, დანარჩენები დაიღუპნენ. თავად რაღაც სასწაულმა გადაარჩინა - იგი გემის იმ პატარა ნაწილზე შერჩა, როემლიც არ ჩაიძირა. ბავშვი უცხო იყო, იგი მაგრად ჩაბღაუჭებია მეზღვაურს და ასე გადარჩა მასთან ერთად.
- ეტყობა, დედა ლოცულობს ჩემთვის! - ამბობდა მეზღვაური და მადლიერების გრძნობით პირჯვარს იწერდა. თან ზევით იყურებოდა. ნამდვილად ვიცი მისმა, მისმა ლოცვამ გადამარჩინა! ძალიან შემეშინდა, თან ბავშვი ისეთი ძალით მებღაუჭებოდა. ხელს ხომ ვერ ვკრავდი გათოშილს, თან ტიროდა... სანამ გონებას დავკარგავდი ლოცვა დავიწყე... მერე, ბოლოს, რაც მახსოვს, ის იყო, რომ ხმამაღლა დავიყვირე: „დედა, საყვარელო, ილოცე ჩემთვის, ილოცე, მიშველე!" ეს მაშინ, როცა უკვე ვიფიქრე, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. დედა ჩემთვის ყოველთვის ლოცულობდა, ვიცი.
მან ჯიბიდან დასველებული წერილი ამოიღო და ფრთხილად გაშალა. ეს იყო უწიგნური ქალის ხელით დაწერილი წერილი, რომელმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ თითოეულმა რამდენჯერმა გადავიკითხეთ ის. წერილის ბოლო სტრიქონები ახლაც მახსოვს: „გმადლობ, შვილიკო, რომ არ გავიწყდება მოხუცი დედა. შენ ჩემზე არ იდარდო, ღმერთი უყურადღებოდ არ დამტოვებს! მე დღედაღამ ვლოცულობ შენთვის, შვილო, იცოდე, დედის ლოცვა ღმერთამდე აღწევს. შენც ილოცე, შვილო, ჯანმრთელად იყავი და არ დაივიწყო შენზე დღედაღამ მლოცველი დედა. ჩემი გული სულ შენთან არის. შენს ყველა გასაჭირს გვრძნობ და ვლოცულობ, ღმერთმა დაგლოცოს და შენი თავი კარგად მიმყოფოს".
მეზღვაურს, ეტყობა, ძალიან უყვარდა დედა და ხშირად ახსენებდა. სიკვდილს გადარჩენილი პატარა ბავშვი კი ჩვენს უშვილო კაპიტანს ძალიან მოეწონა და იშვილა ის.
საოცარია ადამიანთა ბედის გზები! - დაასრულა თავის მონაყოლი ჩვენმა მასპინძელმა. - კიდევ უფრო საოცარია დედის ლოცვის ძალა.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.