„დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა"
„ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს"
ეპისკოპოსი იმერეთისა, წმიდა გაბრიელი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელნიც ერის ზნეობრივ სახეს ქმნიან და რომელთაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილ ქვეყანას, რათა შეგვახსენოს, რომ წარმავალი ღირებულებების გარდა, მარადიული და წარუვალი ღირებულებებიც არსებობენ და სათნოებათა გამოუთქმელ სილამაზეს ცოცხალი მაგალითებით გვიზიარებს.
ბევრს შეუძლია, მაღალფარდოვნად ილაპარაკოს ქრისტიანობაზე, რწმენაზე ღმრთისა, რომელმაც კაცობრიობა ცოდვის ტყვეობისაგან საკუთარი სისხლით გამოისყიდა, ეკლესიასა და მის დანიშნულებაზე, სულის ცხონებაზე, მაგრამ საქმით სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდეს.
ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება დიდად ჭირს, რადგან იგი ზნეობრივ სრულყოფას გულისხმობს, ხოლო ზნეობრივი სრულყოფა - ტანჯვის დათმენას, მაგრამ ესეცაა: ვინც ამ ტანჯვას დაითმენს და მიწიერი საცთურით არ მოიხიბლება, მარადიულ ნეტარებას მოიპოვებს, რომელიც ღმრთის სიახლოვეს დამკვიდრებას გულისხმობს.
წმიდა გაბრიელის მთელი ცხოვრება არა მხოლოდ მისი სამწყოსათვის იყო მისაბაძი მაგალითი და ცოცხალი ხატი ჭეშმარიტი ქრისტიანობისა, არამედ ყველასათვის, ვისაც კი სულით ხორცზე ამაღლება სურს და ცდილობს იყოს „სრულ, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულ არს".
გაბრიელ ეპისკოპოსი, სხვა საკითხებთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანი ქალის როლს როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში.
დროთა განმავლობაში სახე იცვალა აღზრდამ, მდგომარეობამ და ყოფაქცევამ ქალისა. ადრე უმეტესწილად აღზრდა ქალისა შინაური იყო, შინ ხდებოდა, დედ-მამის ზედამხედველობის ქვეშ. იგი სწავლობდა საღმრთო წერილს, დავითნსა და ჟამნს, საეკლესიო გალობას, შინაურ საქმეებს, ასე რომ, მათ მომავალი ცხოვრებისათვის კეთილგონივრულად ამზადებდნენ.
ქალის ბუნება მამაკაცისაგან უმთავრესად იმით განსხვავდება, რომ იგი უმეტესად გულითა და გრძნობით ცხოვრობს, ხოლო მამაკაცი - გონებით. ქალი მაშინაა კმაყოფილი და ბედნიერი, როცა ქმრის, ძმისა თუ სხვა მახლობლების მიმართ უხვად იღებს სიყვარულს, ანუ როცა სხვას აბედნიერებს. ღმერთმა მას მამაკაცისაგან განსხვავებული თვისებანი იმიტომ მისცა, რომ მოვალეობაც განსხვავებული აქვს.
ძველად, პირველ რიგში, გასაოცარი იყო სიყვარული და ერთგულება ქალისა ქმრისადმი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქმარი უღირსი იყო. დღეს შინიდან გასული და განათლებული ქალი ხშირად შეურაცხყოფს მეუღლეს, თუ იგი ქცევითა და ღირსებით მასზე ნაკლებია. მეორე-ასევე გასაოცარი და საკვირველი იყო ძველ წესზე აღზრდილი ქალების თავშეწირული სიყვარული შვილებისადმი. მათი მესამე ღირსება სიმდაბლე და სიმშვიდე იყო. ზოგიერთები იმდენად თავმდაბალნი იყვნენ, რომ თუმცა მთელ სიცოცხლეს მახლობელ და საყვარელ ადამიანებს სწირავდნენ, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულსა და უჩვეულოს ხედავდნენ.
არმოსაწონებელი არც ახალ დროში შემოსულ ქალთა სწავლა-განათლებაა, მაგრამ სასურველი და სანატრელი ისაა, რომ სწავლა-განათლებასთან ერთად, ქალებმა ეს საქები თვისებებიც არ დაკარგონ. ადვილი წარმოსადგენია, რა დაუფასებელი საუნჯე იქნება საზოგადოებისათვის ის ქალი, რომელშიც ძველებური აღზრდის ეს საყვარელი თვისებანი სწავლა-განათლებასთან იქნება შერწყმული. ხოლო თუ ქალებმა, ნაცვლად ზემოჩამოთვლილი თვისებებისა, დაფანტული ცხოვრება, განცხრომა, თავის მოწონება და გარეგნულად შემკობა შეიყვარეს, ეს ფრიად სამწუხარო და ჩვენი ერის მომავლისათვის ფრიად მავნებელი აღმოჩნდება.
დანიშნულება ქალისა ქრისტიანობაში ძალიან დიდია. ყოველი ადამიანი პირველ აზრებს, მიდრეკილებებს, პირველ ლოცვას დედისგან სწავლობს, ე.ი. ღირსება, თვისება და ბედნიერება ყოველი ადამიანისა თითქმის ქალზე-დედაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი იკითხავს: რა საჭიროა ცალკე სწავლა და დარიგება ქალებისათვის? განა სარწმუნოება და სჯულის სწავლება ერთნაირი არაა ორივე სქესისათვის? მართალია, სარწმუნოება და სჯული ორივე სქესს ერთი გვაქვს, მაგრამ ზნეობრივი სწავლა-დარიგებანი ქალებისათვის განსხვავებულია იმდენად, რამდენადაც სხვაა მათი მოვალეობა და დანიშნულება. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: „დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვისა მრავალსასყიდლისა". რას ნიშნავს მხნე დედაკაცი? სოლომონის თქმით, მხნე დედაკაცი სახლს ისე მართავს, რომ გული მისი მეუღლის სრულად მოსვენებულია. ასეთი ქალისათვის შრომისმოყვარეობა ნუგეშად და სიხარულადაა ქცეული. მხნე დედაკაცი კეთილი და ქველმოქმედიცაა. მისი ქველმოქმედება წინაშე ღმრთისა, მით უმეტეს, ძვირფასია, რომ იგი გლახაკებს თავის ნაშრომს აძლევს. ამგვარი ქალის ქმარი საზოგადოებაში, მისი მეუღლის გონიერებისა და სიკეთის გამო, ქებული და დიდებულია.
ზოგიერთმა ქალმა შეიძლება იფიქროს, ნუთუ დედაკაცს გარდა დაუძინებელი შრომისმოყვარეობისა, ქსოვისა და კერვისა, რომელთაც სოლომონ მეფე აქებს, სხვა თვისებები არ უნდა ჰქონდეს? რა თქმა უნდა, ქალს სხვა საქმეთა აღსრულებაც შეუძლია, მაგრამ უპირველესი დაუცხრომელი შრომა და ოჯახის მართვა უნდა იყოს. ამით იგი ცხადად გვიმტკიცებს, რომ თავისი თავი უარყო და სარგებლობას არა საკუთარი თავისთვის, არამედ მახლობლებისათვის ეძიებს. მეორეც, შრომისმოყვარე ქალს დრო აღარ რჩება ჭორისა და ბოროტსიტყვაობისათვის, განცხრომისა და სხვა შეუფერებელი საქმეებისათვის და მესამე: იგი კეთილ მაგალითს აძლევს შვილებსა და გარშემო მყოფთ. ერთი სიტყვით. იგი მხნეა.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დაუძინებელი შრომა მხოლოდ ღარიბ ქალებს მოეთხოვებათ, - არამც და არამც! ღმერთმა შრომა და მუშაობა ყოველი ადამიანისთვის დააწესა. გავიხსენოთ, რომ მხნე დედაკაცის აღწერა ბრძენმა სოლომონმა დედისაგან მოისმინა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, ღარიბი ყოფილიყო.
ერთ უძველეს ეკლესიაში კედელზე ყოფილა ფრესკა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რომელსაც წინ მატყლი უდევს, ხელში თითისტარი უჭირავს და ქსოვს. ასეთი ხატი ჭეშმარიტი სიმბოლო იქნებოდა ყოველი ქალის მოვალეობისა, ღირსებისა და მნიშვნელობისა.
ქალს განსაკუთრებით სჭირდება გონიერება და მხნეობა. შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე მამაკაცს, როგორც ვიცით, ქალი აგებულებით მამაკაცზე ბევრად უფრო სუსტია, ამიტომ ეს სისუსტე, რათა მამაკაცს ძალიან არ ჩამორჩეს, მან გონიერებითა და ხასიათის სიმტკიცით უნდა შეავსოს. მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში არ გახდება ის მამაკაცის ხელში სათამაშო. ქრისტიანობა ქალისაგან გონიერებასა და მხნეობას მოითხოვს, იგი ვერ მოითმენს, რომ მას მამაკაცთან მონური დამოკიდებულება ჰქონდეს, როგორც ეს გაუნათლებელსა და უსჯულო ქვეყნებში ხდება, სადაც ქალი მხოლოდ მამაკაცის პირუტყვულ ვნებათა მსახურად ითვლება. ქრისტიანულ საზოგადოებაში ქალს დიდი პატივი და დანიშნულება აქვს, რადგან ღმერთმა იგი მრავალი განსხვავებული თვისებითა და ნიჭით შეამკო. სამწუხაროდ, გონიერებისა და მხნეობის გამოყენება ბოროტი საქმეებისთვისაც შეიძლება, ქალი კი თავის დანიშნულებას მაშინ შეასრულებს, თუ ამ თვისებებთან ერთად სიმშვიდითა და სიმდაბლითაც იქნება შემკული და თავის ჭკუასა და სულიერ სიმტკიცეს ოჯახსა და ახლობლებს მოახმარს.
ღვთის განგებით, ქალი შემწე და მეგობარი უნდა იყოს კაცისა. მან უნდა შეუმსუბუქოს და გაუადვილოს კაცს ცხოვრება, უნდა იყოს მისი ნუგეში, განმამხნევებელი, განმაღვიძებელი, ერთი სიტყვით, უნდა გაამართლოს სახელი „მეუღლე", ანუ უნდა შეეწიოს ქმარს უღლის ზიდვაში. ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ ოჯახის რჩენა მხოლოდ მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს. ეს შეხედულება უმართებულოა. დიდად საქები და მადლიანია ის ქალი, რომელიც თავისი შრომით შეეწევა ქმარს ოჯახისა და შვილების რჩენაში. საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ საზოგადოების დაბალ ფენებში უფრო მრავლად არიან ისეთი ქალები, რომელნიც შრომასა და ჯაფაში გვერდით უდგანან მეუღლეებს. დროა, მაღალი წრის ქალებმაც დათმონ თავიანთი ჩვეულებანი, მრავალი უსარგებლო ხარჯი შეამოკლონ, მეუღლეებს ცხოვრება გაუადვილონ და შრომასა და მოღვაწეობას შეუდგნენ.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ცხოვრება საუკეთესო მაგალითია ქრისტიანი ქალისათვის. ქალწულებს იგი გამოუთქმელი სულიერი და ხორციელი სიწმიდის მაგალითს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ სულიერად და ხორციელად შემკული ქალწული მარიამი ყოველი ღირსებითა მშვენიერებით იყო სავსე, საოცარი თავმდაბლობითა და სიმშვიდით გამოირჩეოდა. დედებიც ხშირად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორი დედა იყო ყოვლადწმიდა მარიამი. მაცხოვრის შობის შემდეგ მას თავისი თავი აღარ ახსოვდა, იგი თავისი ძის ცხოვრებით ცხოვრობდა. გარეგნულად მას სხვა ქალებიდან ვერ გამოარჩევდით. როცა მის გულში ღმრთეებრივი ნათელი ნათობდა, როცა მთელი მისი გონება ზეციური აზრებით იყო გაბრწყინებული, ხოლო გული გამოუთქმელი სიხარულით ჰქონდა სავსე, - გარეგნულად უბრალოდ და ჩვეულებრივ ქალთა მსგავსად გამოიყურებოდა. მას არასოდეს უტარებია ძვირფასი სამკაულები და სამოსელი. წმ. მამები მოგვითხრობენ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან მხოლოდ ერთი უბრალო სარტყელი დარჩა, საკუთარი ხელით მოქსოვილი. აი, მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი ქალი. დიდი სიკეთეა საზოგადოებისათვის თუ მისი წევრი ქალები ქრისტეს მადლით არიან შემოსილნი. კეთილგონიერსა და ღმრთისმოყვარე ქალს შეუძლია თავის გარშემო მყოფნი განანათლოს და მოაქციოს.
ქეთევან კუთხაშვილი
თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო
უნივერსიტეტის V კურსის სტუდენტი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 40 (347), 2005 წ.