ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილი) კარბელაშვილი (1858-1936)
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა მატიანემ მრავალი გამორჩეული სახელი შემოგვინახა, რომელთა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო ეროვნული ეკლესიის, არამედ, მთლიანად ქართველი ერის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე. წინამდებარე წერილში გვინდა გიამბოთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწის, ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილზე. ამ პიროვნების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ისიც მხოლოდ ქართლ-კახური გალობის გადარჩენასთან კავშირში. იგი ხომ მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ისიც ცნობილია, რომ ქართლ-კახური გალობა მეორენაირად „კარბელაანთ" კილოდ იწოდება, მათ მიერ ამ დარგში გაწეული უდიდესი ღვაწლის გამო. მაგრამ ეპისკოპოს სტეფანე კარბელაშვილის საქმიანობა საყურადღებოა არა მხოლოდ ქართული საეკლესიო მუსიკის აღდგენა-დაცვის თვალსაზრისით. იგი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის აქტიურ მოღვაწედ გვევლინება. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, ასევე ქართული სულიერი კულტურის სიძველეთა შესწავლისა და დაცვა-გადარჩენის მიმართულებითაც. იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების სინამდვილეში თითქმის არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაშიც მას უშუალო მონაწილეობა არ მიეღოს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ მის პირად არქივსა თუ იმდროინდელ თვალსაჩინო საეკლესიო და საერო მოღვაწეთა პირად არქივებში დაცული დოკუმენტები ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან მისი საქმიანობის შესახებ..
ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი დაიბადა 1858 წლის 1 იანვარს, გორის მაზრის სოფ. ქვემო ჭალაში (საამილახვროში), ცნობილი სასულიერო მოღვაწისა და მგალობლის, გრიგოლ პეტრეს ძე კარბელაშვილის ოჯახში. ეპისკოპოსი სტეფანე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ამ დღეს, მისი მამა მღვდელი გრიგოლ კარბელაშვილი ჯვარპატიოსნის ეკლესიაში წირავდა, როდესაც, ზარების წინ, მამა გრიგოლს ბარძიმი გამოუბრძანებია და წარმოუთქვამს: „შიშითა ღვთისათა, სიყვარულითა და სარწმუნოებით მოვედით", მისთვის ვაჟის დაბადება მიუხარებიათ. ეს ფაქტი თითქოს სიმბოლური იყო და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ვასილის ცხოვრება სწორედ ღვთის შიშით, სიყვარულითა და სარწმუნოებით წარიმართა. მასთან ერთად, კარბელაშვილების ოჯახში კიდევ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი აღიზარდა: ფილიმონი, სიდონია, ანდრია, პოლიევქტოსი და პეტრე.
დეკანოზი გრიგოლ კარბელაშვილი |
მამა გრიგოლმა და მისმა მეუღლემ ანამ ზედმიწევნით კარგად შეასწავლეს შვილებს მშობლიური ენა, წერა-კითხვა და უძველესი ქართული სიმღერა - გალობა. სასწავლებელში შესვლამდე, 6 წლის ასაკში, ძმებმა ზეპირად იცოდნენ წირვის წესი რვა ხმათა მიხედვით. „... შემდეგ ამისა, ექვსი წლიდან, კერიასთან დამაწყებინა დავითნის კითხვა დედაჩემმა ანნამ და მთელი კანონი დამასწავლა. სხვა კი შევისწავლე მე ჩემი უფროსი დის, სიდონიას ხელმძღვანელობით" - იგონებს მეუფე სტეფანე კარბელაშვილი.
მისი უფროსი ძმა, ფილიმონი, რომელსაც ნიმუშს ეძახდნენ კარგი გალობის, ქადაგებისა და მოძღვრობისათვის, ცნობილი იყო მთელს ქართლ-კახეთში. საოჯახო განათლებასთან ერთად მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილს თბილისის სემინარიაც დამთავრებული ჰქონდა და გარდა იმისა, რომ დაკავებული იყო თავისი უმცროსი და- ძმების აღზრდით, სკოლა ჰქონდა გახსნილი სახლში და გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას, ანგარიშს, ლოცვებს და სამშობლოს ისტორიას ასწავლიდა. ფილიმონი შესანიშნავი მქადაგებელი ყოფილა მთელს იმ მხარეში, რომელსაც საუკეთესოდ შეეძლო ღვთის სიტყვის მორწმუნეთა გულებამდე მიტანას. ნიკო მესხიშვილის საშუალებით იგი ილია ჭავჭავაძეს კარგად გაუცვნია. წმ. ილია მართალს ძალიან მოწონებია ნიჭიერი, ჭეშმარიტად ქართული აზროვნების, საქართველოს წარსულისა და მისი ეკლესიის თავისუფლების მოტრფიალე ფილიმონი. ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ილიას თავის უკვდავ ნაწარმოებში „გლახის ნაამბობში", მოძღვრის სახეში ფილიმონი ჰყავს გამოყვანილი.
მღვდელი ვასილი 1885 წელი |
საოჯახო განათლების მიღების შემდეგ, ყმაწვილმა ვასილ კარბელაშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. სწორედ აქედან შეიგრძნო სწავლის ძირის სიმწარე: „... როზგისათვის წკეპლებს ჩვენვე გვაზიდინებდნენ ლიახვის ჭალიდან და დღეში ორჯერ და სამჯერ ვიწკეპლებოდით ხოლმე" - ვკითხულობთ მის მოგონებებში. სიყმაწვილის წლებში ვასილი, ძმებთან ერთად, სოფლის ყოველდღიურ სამუშაოსაც ასრულებდა. ძმების ცხოვრება ისეთივე სადა და უბრალო იყო, როგორც ყოველი გლეხისა. მშობლებმა იგი სოფლის ყოველგვარ სამუშაოს შეაჩვიეს, მაგრამ შრომასთან ერთად, მათთვის სწავლა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
კარბელაშვილების ოჯახში შექმნილი საუკეთესო გუნდი ხშირად ატკბობდა მლოცველებს ტაძარში, როდესაც მამა გრიგოლი მწირველი მღვდელი იყო. როცა ძმები გალობდნენ, მათ მოსასმენად სხვადასხვა სოფლებიდანაც კი მოდიოდნენ. მეუფე სტეფანე კარბელაშვილს ცხოვრების ბოლომდე გაჰყოლია ის საოცარი აღფრთოვანება, რასაც განიცდიდა ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. დღესასწაულის წინ, ძმები გულმოდგინედ ალაგებდნენ და ასუფთავებდნენ ტაძარს და ამის შემდეგ, გალობითა და ზარების რეკვით ხვდებოდნენ მაცხოვრის აღდგომას.
მგალობელი ძმების დებიუტი 1864 წელს შედგა, როდესაც ვასილი ექვსის წლისა იყო. საზეიმოდ თავმოყრილ საზოგადოების წინაშე, 1 მაისს, ცხვილოს ციხის ახლოს, სამი ძმა: ანდრია, პოლიევქსტოსი და ვასილი გამოსულან ხალხური სიმღერების შესრულებით: „ყურშაო", „ვინცა კაცია", „ღიღინი", „გვიბრძანე", „ზამთარი", „თამარ მეფე", „შავლეგო", „ესო მესო" და სხვ. ზეიმზე მთელი საამილახვრო და საერისთავო ყოფილა თავშეყრილი, სადაც ძმებს დიდი მოწონება დაუმსახურებიათ.
1867 წელს 9 წლის ვასილი ძმებთან ერთად მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს სასწავლებლად. ძმებმა ამხანაგების საშუალებით, თბილისის სამინარიიდან დაიწყეს ქართლ-კახური სიმღერა-გალობის გავრცელება.
მღვდელი ვასილ კარბელაშვილი მეუღლითურთ |
ეპისკოპოსი სტეფანე კარბელაშვილი სემინარიაში სწავლის პერიოდიდანვე გამოვიდა სამოღვაწეო ასპარეზზე. ეს ის დრო იყო, როდესაც ცარიზმის რუსიფიკატორული პოლიტიკა წალეკვით ემუქრებოდა ყოველგვარ ქართულს, რისი განსაკუთრებული ტენდენციაც ეკლესიის სფეროში შეინიშნებოდა. გრძნობდა რა უდიდეს მოვალეობას სამშობლოს წინაშე მეუფე სტეფანე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკასთან. მისი წერილები ინტენსიურად იბეჭდებოდა გაზეთებში: „დროება", „ივერია", „ცნობის ფურცელი", „საქართველო", ჟურნალში -„კლდე" და სხვ. მის პუბლიკაციებში გამოსჭვიოდა მშობლიური ეკლესიის აღორძინებისა და თავისუფლების მოპოვების სანუკვარი ოცნება. იგი „ვინმე ხუცესის", „ბერი ბერდიას", „ძველი სემინარიელის" ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს ქართული ეროვნული საგალობლების აღორძინება-დაცვის, საქართველოს ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის, ქართული ენის სიწმინდის შენარჩუნების და ერისათვის სხვა მტკივნეულ საკითხებზე.
სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1882 წელს, იგი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პროფ. კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისთვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესი გორის ეპისკოპოსის ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასილის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა.
სემინარიის დამთავრების შემდეგ ვასილ კარბელაშვილი 1882 წელს, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონსერვატორიაში, პსოფესორ კოშკინთან სწავლობდა მუსიკას. მისი სურვილი იყო საუკეთესოდ შეესწავლა სამუსიკო დამწერლობა, რათა ქართული საერო სიმღერები და საეკლესიო საგალობლები გადაეღო ნოტებზე და ამგვარად შემოენახა შთამომავლობისათვის. გარკვეული მიზეზების გამო ვასილ კარბელაშვილი მალევე დაბრუნდა სამშობლოში და გამწესებულ იქნა ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიაში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად ყოვლადუსამღვდელოესის, გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) მიერ, ხოლო 1883 წლის 16 ოქტომბერს, ეგზარქოს პავლეს (1882-1887) მიერ იკურთხა მღვდლად. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც სამომავლოდ უნდა წარემართა მამა ვასილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, თითქოს ლოგიკური იყო, მაგრამ მას ვასლის პიროვნებაში ღრმად გადგმული ფესვებიც ჰქონდა, რადგანაც სწამდა, რომ სამშობლოს სამსახური იმ ძნელბედობის ჟამს ანაფორით უფრო სასარგებლო და ნაყოფიერი იქნებოდა.
დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი |
სამღვდელო მოვალეობის შესრულების გარდა, მღვდელი ვასილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საღმრთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლად სასულიერო და სამრევლო სკოლებში, ასევე უძღვებოდა ქართული გალობის შესწავლის საქმეს. სასწავლო-საგანმანათლებლო ქსელში მისი მოღვაწეობა ეროვნულ პრინციპებზე იყო დამყარებული და ხელს უწყობდა სასწავლებლებში ქართული ენის შესწავლის დანერგვას. მას აშკარა დაპირისპირება ჰქონდა ანტიეროვნული პოლიტიკის გამტარებელ რუს ჩინოვნიკებთან, რომლებიც შეურაცხყოფდნენ ქართულ ენას, ეროვნულ ღვთისმსახურებას და ა.შ. ცნობილია მისი გახმაურებული კონფლიქტი სასულიერო სემინარიის რეაქციონერ მასწავლებელ ნედელსკისთან, როდესაც საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. აღნიშნული დაპირისპირების შედეგი იყო ერთ-ერთი მიზეზი ვასილის გადასახლებისა იმპერიის შიდა გუბერნიაში შემახაში (დღევ. აზერბაიჯანი) 1903 წლის თებერვლის თვეში. გადასახლებას წინ უძღოდა 1903 წლის 2 იანვარს მისი მონაწილეობა მასწავლებლის, მოსე მეგრელიძის დაკრძალვაში. დაკრძალვამ მანიფესტაციის სახე მიიღო, რომელსაც მამა ვასილი ხელმძღვანელობდა და რაც შესანიშნავი საბაბი გამოდგა იმპერიის ხელისუფლებისათვის. მაშინდელი ეგზარქოსი ალექსი (1902-1905 წ.წ.) მღვდელ ვასილ კარბელაშვილს ახასიათებდა, როგორც ანტისახელმწიფოებრივი და ანტირუსული პოლიტიკის მომხრე ადამიანს. საქმის გამოძიებისას - დაზვერვის საიდუმლო მიწერილობაში, მამა ვასილი მღვდელ პოლიევქტოსთან ერთად დახასიათებულია, როგორც ხელისუფლებისათვის მეტად საშიში პიროვნება. ამასთან, აღნიშნულია, რომ ძმები, ვასილი და პოლიევქტოსი, კირიონ საძაგლიშვილის თანამოაზრენი და თანამებრძოლნი იყვნენ. ძმები ბუქარესტში გამომავალ ჟურნალ „Православный Востокь"-ში თანამშრომლობდნენ და ხელს უწყობდნენ მის არალეგარულ გავრცელებას საქართველოში. აღნიშნული ჟურნალი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ანტიიმპერიალისტური ხასიათით, სადაც მკაცრად იყო მხილებული საქართველოს ეგზარქოსისა და სხვა რუსი ჩინოვნიკების მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილი არსი.
მღვდელი ვასილ კარბელაშვილი ოჯახთან ერთად გადაასახლეს. მისი მეუღლე, მარიამ თეოფანეს ასული ჩიჯავაძე, ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და ავტოკეფალისტის, იოსებ ჩიჯავაძის და გახლდათ. მათ ექვსი შვილი აღზარდეს: ელიზბარი, თამარი, შალვა, ნინო, ელიზავეტა და ბარძიმი. საგულისხმოა, რომ ქალბატონი მარიამი ვასილ კარბელაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დიდი საყრდენი იყო, რომელიც უდრტვინველად ზიდავდა მეუღლეობის მძიმე ტვირთს და სამშობლო საქმეებზე გადაგებული ვასილის გვერდით იდგა მთელი ცხოვრების მანძილზე. ვასილი ხომ ძირითადად ოჯახის ბიუჯეტიდან აღებული თანხებით აღასრულებდა მამულიშვილურ საქმეებს. ასე გამოსცა მან ქართლ-კახური საგალობლების კრებული 1896-1898 წლებში, რაც უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ფასად განახორციელა.
ეპისკოპოსი სტეფანე (კარბელაშვილი) განსაკუთრებული აქტიურობით იბრძოდა რუსული ბიუროკრატიული წყობილების შედეგად დაკნინებული ეროვნული თვითშეგნების აღსადგენად და ხელს უწყობდა მომავალი თაობის ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესს. იგი იბრძოდა სასწავლებლებში ქართული ენის დამკვიდრებისათვის, რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენდა იმისათვის, რათა აღსაზრდელს მშობლიურ ენაზე შეეთვისებინა საღმრთო შჯული და ქრისტეს მაღალი მოძღვრება. მისი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო მომავალ ქართველ დედათა აღზრდა-განათლება და მათში ეროვნული სულისკვეთების ჩამოყალიბება.
ეპისკოპოსი |
მეუფე სტეფანემ უდიდესი ამაგი დასდო ეგზარქოსების მიერ გაძარცვული მონასტრებიდან გაბნეული ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების თავმოყრისა და დაცვის საქმეს. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული საეკლესიო მუზეუმის დაარსებისა (1889 წ.) და შემდგომში მისი მუშაობის მიმართულებით; იყო ამ მუზეუმთან შექმნილ მეცნიერთა კომიტეტის წევრი, რომლის მიერ მოძიებულ და გამოკვლეულ იქნა არაერთი ისტორიული საბუთი და სიგელ-გუჯარი.
სტეფანე კარბელაშვილი იღვწოდა ძველი ქართული არქიტექტურული ნაშთების შესწავლისა და მოვლა-პატრონობისათვის. იგი მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მის მიერ აღწერილი და შესწავლილ იქნა ქართული არქიტექტრული ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში, განსაკუთრებით ის ძეგლები, რომლებიც არ იყვნენ შეტანილი იმ დროის თვალსაჩინო ისტორიკოსებისა და გეოგრაფების მიერ შედგენილ ნუსხებში. საქართველოს ამ უძველესი კუთხის ძეგლთა აღწერა მით უფრო იყო ყურადსაღები, რომ არაქართველი მოსახელობის (სომხების) მიერ მათი მითვისება ხდებოდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პრობლემას დღესაც არ დაუკარგავს აქტულობა.
ქართველი ერის მორალურ-ზნეობრივი სიწმინდისა და სარწმუნოების განმტკიცების მიზნით დეკანოზმა ვასილ კარბელაშვილმა დაბეჭდა და დღის სინათლეზე გამოიტანა ქართული სასულიერო მწერლობის უძველესი ნიმუშები.
საყურადღებოა, რომ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში 1924 წელს, როდესაც აღდგენილი იქნა ბოდბის საეპისკოპოსო კათედრა, დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი ხელდასხმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად. იგი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ დამცხრალა ქართული ეროვნული ეკლესიის ისტორიული საფუძვლის განმტკიცებისათვის ბრძოლაში, მისი მოღვაწეობა ცარიზმის, მენშევიკური მთავრობისა და ბოლშევიკების მმართველობის უძიმესი წნეხის ქვეშ მიმდინარეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცხოვრების ბოლომდე ქართული ეროვნული საქმის ქომაგად დარჩა.
იგი გარდაიცვალა 1936 წელს და დაკრძალულია ნავთლუღის წმიდა ბარბარეს ეკლესიის გალავანში.
სოფიო ანდღულაძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", № 28 (286) - 29 (287), 2004 წ.