სადღესასწაულო განგება
წმიდისა დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა

გაგრძელება

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცჱ ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

სამეფო ძოწეულითა შემკულმან ღმრთივმშუენიერად ჰქადაგე შენ სახარებაჲ სასუფეველისაჲ და წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაჲ იგი ჩუენი სამეუფოჲ წარგვიმართენ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჯაჭვი სარწმუნოებისაჲ სიმჴნითა შეიმოსე, და ნიში ჯუარისაჲ საჭურველად აღიღე და მჴედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმჴნჱ შენი, და აცისკრებს გონებასა ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმრთელჱ ცნობისაჲ, და სიმტკიცჱ გონებისა შენისაჲ, აწ ცისკროვან-ყავ, კურთხეულო მეფეთა შორის, გონებაჲცა ჩუენი.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტჱსთა, რომელმანცა მკჳდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეცისა მხედრობათა ბანაკსა შეერთე შენ, მეფეო ყოვლად ბრწყინვალეო, რამეთუ ღმერთსა ჰმსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ოხითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძჳნვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

 

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სრულითა სარწმუნოებითა ქრისტჱსითა და ცეცხლმსახურნი განასხნენ საღმრთოჲთა გულსმოდგინებითა, ხოლო კლდეთა ზედა მაღალთა და ადგილთა მათ წმიდათა აღაშენე ეკლესია-მონასტერნი და განამაგრე ციხენი და ქალაქნი უბრძოლველნი, დიდებით დიდებულო, ვინაჲცა გჳრგჳნი სიმართლისაჲ ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴეთაგან მტერისაჲთა, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

იკოსი

ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო და გაძლიერებისათჳს იბერიისაო, რომელმან ერსა შენსა გვიქადაგე და განგვიჩინე: „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდეგით და ეძიებდით ქრისტჱსთჳს სიკუდილსა", ლმობიერ ჰყვენ გულნი ჩუენნი ფიცხელნი აწ ტკბილითა წყალობითა შენითა და წარმართენ სლვანი ჩუენნი გზასა სამეუფოსა, რაჲთამცა მივემთხვივნეთ მადლსა და წყალობასა მეოხებითა შენითა და ვიტყოდეთ ძალისაებრ ჩუენისა: გიხაროდენ, კაცთა შორის საკჳრველო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, წმიდაო ვახტანგ გორგასლანო!

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფეი ქართველთაჲ, ამისთჳსცა უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და ღაღადებდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერთა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ წინაშე ღმრთისა მდგომარემან, ვითარცა მოღუაწემან, ითხოვე ერისათჳს ჩუენისა ძლევაჲ მტერთა ზედა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა განაქარვე საცთური იგი ცეცხლ-თაყუანისმცემელთაჲ და კარი სარწმუნოებისაჲ განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გჳჴსენ ვნებათაგან.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

მოგწყლეს რაჲ ბრძოლასა შინა სპარსთა, დამძიმდი ფრიად სიკუდიდ, მჴნეო და ღირსო მოწამეობისაო, და ამცნე სახლეულსა შენსა და ერსა, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რაჲთა მოიგონ წარუვალი დიდებაჲ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ოდეს აღესრულე უჯარმასა, უძლეველო წინამბრძოლო ერისა ჩუენისაო, პატიოსანი გუამი შენი დაკრძალეს „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა", გარნა ძალითა ქრისტჱსითა სიკუდილისა შემდგომადცა ყოველთა მვედრებელთა შენთა მიჰმადლებ უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

კუართი შენი წმიდაჲ ძოწეულ-ყავ სისხლითა მეწამულითა, და შეიმოსე იგი სიწმიდით, კეთილმსახურო მართალო და დიდო მეფეო, წმიდაო ვახტანგ გორგასალო, და ქრისტესა მეუფისა თანა იხარებ და გჳრგჳნითა უხრწნელებისაითა შემკობილი უჴორცოთა თანა ადიდებ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოჳვლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო, სახელოვანო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, ახოვანო, და სირცხვილეულ-ყვენ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, და ьწადიერებითა და სურვილითა ьმას უგალობდი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვახტანგ, მეფეო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

რომელი გჳრგჳნითა მეფობისაითა და პორფირითა მარტვილობისაჲთა იდიდე, ძლევითა და განმარჯუებითა აღსავსეო, და მოიღე შარავანდედი წარუვალისა მეფობისაჲ, შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი აწ შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა და განწმედაჲ გვითხოვე ჩუენ და მშჳდობაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფრიჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

რომელმან აღაშენე მონასტერნი ესე დიდებულნი და წმიდანი ეკლესიანი შემწყნარებელად ნათესავისა შენისა, ღმრთივშუენიერად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაჲ და წესი ღმრთივსულიერი დაუტევე ერსა შენსა, რაჲთა ეძიებდენ ქრისტჱსთჳს სიკუდილსა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა.

წმიდაო, დიდო მეფეო ვახტანგ გორგასალო, მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა.

ჵ, ძალითა ქრისტჱსითა ძლევა-შემოსილო, ითხოვე მისგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

საგალობელ არს ყოვლად წმიდაჲ ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მჴედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაჲთ გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაჲსა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკჱ სიტყუათა ჩუენთაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

განმანათლებელი

აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომხსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და ითხოვს წყალობასა, მოქალაქობითა მჴნეო, ღუაწლისა მძლეო, უშიშო გონებითა, სასოებისა შენისა მოქენეთა ნუ განგვწირავ, მეფეო ვახტანგ, არამედ ითხოვე ყოვლისა სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ხოლო ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა და მაჭირვებელთა ზედა მოანიჭე და მგალობელთა შენთა უხუად დიდი წყალობაჲ.

დიდებაჲ... აწდა...

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

აქებდითსა ზედა დასდებელნი,

მუჴლი 6, ხმაჲ 1, შენ სიტყვაი

ჵ, დიდებული სიმჴნჱ შენი, სწორუპოვარო მეფეო ქართველთაო, ახოვნებაჲ სულისაჲ და სიმტკიცჱ გონებისაჲ და დიდ-სულობაჲ ყოველსა შინა, სიწრფოებაჲ გულისაჲ და სიბრძნჱ მდიდარი და წყურილი ქრისტჱსთჳს სიკუდილისა, ამისთჳს ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი ჭირთაგან ჴსნისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ.

არა დაჰფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, ახოვანო მეფეო ქართველთაო, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქუა ბრწყინვალებჲ მოღუაწებათა შენთაჲ, და ყოველთა მვედრებელთა შენთა შემწედ და ჴელისაღმპყრობელად გამოგაჩინა.

აჰა, სამარხოჲ ძუალთა შენთაჲ გვაქუს მორწმუნეთა ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, ამისთჳს გული გჳთქმს მისლვად სუეტიცხოველსა, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

ჵ, ღირსო მეფეო, ვახტანგ სანატრელო, ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული და დიდთა მათ ღუაწლთა შენთა სიმტკიცითა შემკული; იმეოხენ წინაშე მისსა, განგვიმრავლდეს ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდეს ერისა ჩუენისათჳს და ჴმითა მადლობისაჲთა ჰნატრიდეს სიმჴნეთა შენთა.

ჵ, ახოვანო წყობათა შინა და გამოცდილო რჩეულო მჴედარო, მეფეო ვახტანგ, ვითარცა ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე დაამჴუნე მტერნი ჩუენნი მცბიერნი და უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ურიცხვნი თანამზრახველნი მათნი, რომელნიცა მტრობენ დედისა ღმრთისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა.

ჵ, საჩინოო, ბრძენ-მჴნეო, მეფეო ბრწყინვალეო, ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, მოწევნადი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგჳდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.

ჵ, მჴნეო მეფეო, ახოვანო და შემმართებელო ძლიერო, ვითარცა შეიმოსე შენ ძალი ღმრთისაჲ და საჭურველითა ჯუარისაჲთა შეჭურვილთა კეთილად სრულ-ჰყავ სრბაჲ ღუაწლისა შენისაი, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაჲ".

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, წყობასა შინა უძლეველო და სარწმუნოებისა თანა-შემწეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძჳნვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, მირიანისა ღუაწლისა აღმადგინებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო მეფეთაო, შვილთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შვილთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოჲსა შენთა ერთ ზრახვად შემკრველო, სამგზის სანატრელო მეფეო, წმიდაო ვახტანგ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

აწდა, ღმრთისმშობლისა.

დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

დიდებაჲ მაღალი - გრძლად.

კვერექსი და განტევება.

 

ლიტურღიასა ზედა.

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდისა გალობა გ, და ვ, მუჴლი 8

წარდგომა: ხმაჲ 4. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

სამოციქულო. ჰრომაელთა, თავი 13, მუჴლი 1

ძმანო ყოველნი ჴელმწიფებასა უმთავრესისასა მას დაემორჩილნენ.

დასასრული, მუჴლი 11

აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყუარული არს.

ალილუია, ხმაჲ I

ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

მუჴლი. მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდჱ მისი.

სახარება იოანესი, თავი 10, მუჴლი 1

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა...

დასასრული, მუჴლი 10

და საძოვარი ჰპოვოს...

განიცადე

საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი