სადღესასწაულო განგება
წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

გაგრძელება

გალობა ზ, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

მცნებათა შენთა დაცვითა შჯულსა შენსა ერჩდა, მჴსნელო, ძლევამოსილი მეფჱ ქართველთაჲ, ამისთჳს უშჯულონი სპარაზენნი აღმოფხურნა და იტყოდა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

სიხარულისა მომფენელო სიბრძნისა საუნჯეო, კრებული ესე შენ მიერ განათლებული, დღესასწაულსა შენსა სიხარულითა შემოვკრბებით და დამბადებელსა ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

გამოშჩნდი, დიდებულო ქრისტჱს მსახურო, შუენიერებითა და გონიერებითა შენითა, და ღირს-მყავ შესხმად ქებულებისა შენისა, რომელნი ესე ამბორს უყოფთ ხატსა შენსა ყოვლად პატიოსანსა და ქრისტესა დაუდუმებელად ვადიდებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

გამოშჩნდი რაჲ მუშაკ სათნოებათა, კეთილად დამწყსე ერი შენი, საზეპურო ღმრთისაჲ და აღიღე მისგან საძაგელება უშჯულოებისაჲ, რომლისათჳსცა სამადლობელსა გალობასა აღუვლენთ ღმერთსა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზეგარდამოჲთა მით მადლითა განათლებულმან, ბნელისა იგი უჩინო წყუდიადი განიოტე, და სირცხჳლეულ-ყვენ რაჲ ყოველნი მტერნი ღმრთისანი, წადიერად და სურვილით აღმოიტყოდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროჲსა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

გალობა ჱ, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხვითა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

უფალსა ყოვლის-მპყრობელსა ევედრე, ყოვლად დიდებულო ჴელმწიფეო, ჩუენ უღირსთა მონათათჳს, რაჲთა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მარხუაჲ და ლოცუაჲ დაუცადებელი მოიგე, მჴნეო ჴელმწიფეო, მღჳძარებაჲ და ზე-დგომაჲ უჴორცოთა მიმსგავსებული, და ესრეთ აღასრულე სრბაჲ შენი და წადიერად უღაღადე ღმერთსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

არა ეც ძილი თუალთა შენთა, არცა ჰრული წამთა შენთა, არამედ ლოცვითა და შრომითა განსწმიდე რაჲ სული შენი, შეემსჭუალე სიყუარულსა ქრისტჱსა, და ღაღადებდი გალობასა ძლევისასა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

მეფევ სჳანო, მშჳდო, წყნარო და მდაბალო, მჴნეო, ქუელო, კეთილ-მძლეო, და არ შერყეულო, შენ გაქებს პირი და ენა, სული, გული და გონება, და შენთანა უგალობთ დამბადებელსა: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა, სულსა უფალსა.

დღეს ჴსენებასა წმიდასა და ერის-კრებასა დიდისა მეფისასა, იშუებს ერი მორწმუნე და ღმრთივგანბრძნობილთა, მოყუარეთა დღესასწაულისათა კრებული, რამეთუ სახარულევან არს ერისადა მწყემსი, მეოხი და ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელი: მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვსცემთ უფალსა, უგალობთ და აღუამაღლებთ მას უკუნისამდე.

გალობა თ, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

იხარებ შენ გუნდთა მათ თანა ანგელოზთასა, ყოვლად ნეტარო დედოფალო, რამეთუ სიმჴნით იღუაწე ჴორცითა, ვითარცა უჴორცომან და განანათლე შენდა რწმუნებული იგი ერი ქრისტჱს მოსახელჱ, წმიდაო თამარ.

სიყუარული და სურვილი მოწყალებათა მაღალი, ვითარცა პორფირი შეგემოსნეს შენ, ღმრთისმოყუარეო ცხებულო უფლისაო, რამეთუ წყალობითა ყოველთაჲთა მოიგე წყალობაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრჳნი სასოებისაჲ.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, შუენიერო დიდებაო ჴელმწიფეთაო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, რამეთუ ღმერთსა მსახურე კეთილად და განუსვენე საქმეთა მიერ საწადელთა.

მიცვალებასა შენსა, სანატრელო, აკურთხე ყოველი და მხიარულებით ანგელოზთა კრებულმა შეიწყნარა სული შენი უბიწოჲ, რომელთა შორის იშუებ, სკიპტრისმპყრობელთა შორის უსაჩინოესო დედოფალო, წმიდაო თამარ, და მეოხ-ხარ სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

აწ მზისა ბრწყინვალებისა უბრწყინვალეს ელვარე ხარ, მადლითა სულისაჲთა მღჳძარეო ჴელმწიფეო, შარავანდედი ლოცჳსა შენისაჲ მოგუფინე და ზიარ-მყვენ ნათელსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

განმანათლებელი

დიდბუნებოვანო, ძლიერო და სუე-დოვლათიანო მეფეო ქართველთაო, ვერ წარგიპარა შენ სიმდიდრემან და დიდებამან, ვითარცა ძველ-ოდესმე მეფენი მრავალნი, არამედ პირველად ეძიებდი სასუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინა შენ, ხოლო აწ აღრაცხულ ხარ ბრწყინვალებასა შინა წმიდათასა, და მოყუარეთა სიწმიდისა შენისათა მიანიჭებ კურნებასა და განათლებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მფლობელმან დაბადებულთამან იხილა მორჩილებაჲ გონებისა შენისაჲ, და განაბრწყინვა რაჲ სულთა ცნობაჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, სარწმუნო გყო სოფელსა შინა და ბრწყინვალჱ, უფროჲს მზისა, ბრწყინვალებითა კეთილთა საქმეთაჲთა გამოგაჩინა, სანატრელო მეფეო, წმიდაო თამარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხატისა შენისა არა თაყუანის-მცემელნი, ძისა და ღმრთისა შენისა, ქალწულო, სარწმუნოებითა წმიდითა განსდევნენ, ვითარცა უღმრთონი, და გეჰენიასა შინა შთასთხიენ.

აქებდითსა ზედა დასდებელნი,

მუჴლი ვ, ჴმაჲ ა, შენ სიტყვაჲ

მხიარულითა გულითა მოვრბიოდეთ, მორწმუნენო, ტაძარსა ღმრთისასა, ვიხილოთ და მოვიღოთ მადლი იგი დავითის ძირთაგან აღმომორჩებულისა და აბრაჰამისებრითა სიუხჳთა განშუენებულისა თამარისი, ანუ დავბეროთ ნესტუსა გალობათასა, და განვსცხრებოდეთ და ვიშუებდეთ მოხარულნი ყოვლადწმიდასა შინა დღესასწაულსა წმიდისა მეფისა ჩუენისასა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა ყოვლად ბრწყინვალესა და საჴელოვანსა.

ღმრთისა მიერ მოცემული მადლი, განმანათლებელი სულთა, მოიღე შენ ბწყინვალედ და ერი შენი განსწურთნენ სიტყჳთა და საქმითა საღმრთოჲთა, ეგრეთვე ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, დედოფალო, და მოგვანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტების განრჩევისა და მოგვეც ძალი მოტევებისა, რაჲთა სიყუარულითა ღმრთისა და მოყუასისაჲთა ერთ ზრახვად შეკრულნი ვიდოდეთ მამულ-პაპურსა გზასა ზედა და მარადის გნატრიდეთ შენ, ჭეშმარიტად საქებელსა.

ვითარცა ლომი საცნაურ არს ბრჭყალთაგან თჳსთა, ეგრეთვე შენ, მეფეთა შორის საჩინოო და სანატრელო, საცნაურ იქმენ ღუაწლთაგან შენთა ურიცხუთა და საკჳრველთა, რომლისა ღირსად გამოთქუმაჲ ვერ ძალუძს ენასა კაცისასა, არამედ იხარებს და განსცხრების ივერთა ეკლესიაჲ ჴსენებითა შენითა, და იქადის და ღაღადებს ყინწვისი და ბეთანია მადლითა და დიდებითა შენითა, ხოლო ჩუენ მხილველნი ვარძიისა და ქუაბ-ქმნილთა კლდეთა, გუეშინის რაჲ დადუმებად, სარწმუნოებითა და სასოებით გიღაღადებთ, და ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმაშუენებელსა და ეკლესია-მონასტერთა აღმაშენებელსა, გალობითა ქებისაჲთა დაუცხრომელად გადიდებთ.

სუფევდი რაჲ სამეფოთა და სამფლობელოთა შინა შენთა სიმჴნითა და სიქველითა დავითიანითა, იქმენ უბრძნეს ბრძნისა მის სოლომონისა, რამეთუ არა შეშინდი შენ შიშისაგან მაცთურისა მტერისა, არამედ მშჳლდი და ისარნი ეშმაკთანი შემუსრენ ლოცჳთა მჴურვალითა, და ენაჲ გესლოვანი უღმრთოთა მწვალებელთაჲ დაჴსენ ძალითა საღმრთოჲთა, რომლისა მიერ აღამაღლე გჳრგჳნი მართლმადიდებელთაჲ და განადიდე სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და ღმრთივკურთხეული, ხოლო აწ იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა და განიცდი დიდებასა გამოუთქუმელსა, ნეტარო თამარ.

რომელმან სიმდაბლითა, სიმშჳდითა და უხუებითა განვლე ცხორებაჲ შენი დიდებული ქუეყანასა ზედა და კაცთმოყუარებითა განაგე ერი ჩუენი რწმუნებული შენდა, აწ ჩუენცა ნუ დაგჳვიწყებ, სანატრელო, რომელნი ესე ვართ მძლავრებასა შინა დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ მოწყალებად შეგჳცვალე, ხოლო სიბოროტით ცხორებაჲ სათნო-ყოფად ღმრთისა აღგვასრულებინე, მწუხარებაჲ სიხარულად გარდაგჳქციე და უმეცრებაჲ გონიერებად შეგვაწყნარე, რაჲთა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა აღგიარებდეთ, ვითარცა წინამძღოლსა და განმაცისკრებელსა ერისა ჩუენისასა და დაუცხრომელად გნატრიდეთ.

საქმეთა მიერ საღმრთოჲთა იქმენ ტაძარ ქრისტჱსა და მიემსგავსე მწყემსსა კეთილსა, რამეთუ მცნებანი ღმრთისანი, ვითარცა ქუეყანამან რჩეულმან შეიწყნარენ, და კეთილთა საქმეთა მოქმედებისა, კეთილნაყოფი აღმოაცენე, გამომზრდელი გონებისა ჩუენისა, მსგავსებითა ცხორებისა შენისაჲთა, რომლისათჳსცა დღესასწაულობს ერი შენი ჴსენებასა შენსა, და ღაღადებს შენდა მომართ: მოგუხედენ, ჵ, წმიდაო სათნოო ღმრთისაო, ნეტარო თამარ, და ითხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან მგალობელთა შენთათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, რომელთა აღგჳძრავს მტერი იგი მოშურნჱ, არამედ შენითა ვედრებითა დაჴსენ ეშმაკი საცთური და ღირს-გვყვენ შენთანა სიხარულსა დაუსრულებელსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

გიხაროდენ, სწორუპოვარო დიდო ხელმწიფეო, რომელი შეიჭურვე საჭურველითა ჯუარისაჲთა, სასოებითა სარწმუნოებისაჲთა და სიყუარულითა სიმტკიცისაჲთა და დაჰლეწე ყოველი საჭურველი მძვინვარისა ბრძოლისაჲ; გიხაროდენ, დავითის ბრწყინვალეთა ძლევათა აღმადგინებელო და განმამტკიცებელო სახელისათჳს ქრისტჱსა; გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა წყაროო დაუწყვედელო, რომელი დაათრობ კიდეთა ქუეყანისათა; გიხაროდენ, სიქადულო დედათაო, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა, და მშობელთა - სულითა საღმრთოჲთა შჳლთა საყუარელთა მოწყალებად განმწვრთუნელო; გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეფეთა შარავანდედისა განმაბრწყინვებელო და სამეფოთა შენთა ერთ ზრახუად შემკვრელო, სამგზის სანატრელო წმიდაო თამარ, მოსავნი შენნი ვითხოვთ ღმრთისაგან მშჳდობასა და დიდსა წყალობასა.

აწდა, ღმრთისმშობლისა.

დემეტრე საქართველოს მეფისა, ბაგრატოვანისა.

შენ ხარ ვენახი, ახლად აყუავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,
და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული.

დიდებაჲ მაღალი - გრძლად.

კვერექსი და განტევება.

 

ლიტურღიასა ზედა.

მომიჴსენენი კანონისაგან წმიდისა გალობა გ, და ვ, მუხლი ჱ

წარდგომა: ჴმაჲ დ. აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაჲ ჩემი.

მუჴლი. ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

სამოციქულო. ჰრომაელთა, თავი იგ, მუჴლი ა

ძმანო ყოველნი ჴელმწიფებასა უმთავრესისასა მას დაემორჩილნენ.

დასასრული, მუჴლი ია

აღმასრულებელი ჰსჯულისა სიყუარული არს.

ალილუია, ჴმაჲ ა

ძალითა შენითა იხარებდეს მეფე, და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.

მუჴლი. მოიჴსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშჳდჱ მისი.

სახარება იოანესი, თავი ი, მუჴლი ა

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისსა მიმართ ჰურიათა...

დასასრული, მუჴლი ი

და საძოვარი ჰპოვოს...

განიცადე: საჴსენებელად საუკუნოდ იყოს მართალი.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი