წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

შეგონებანი

გაგრძელება


ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არ ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა ნიაღვარს-კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, „მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია". არც ბრევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავ-მოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზედ. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამი გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი! თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი?

* * *

ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.

* * *

არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.

* * *

ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.

* * *

აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას"

* * *

განა ყოველი საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა, ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზეც და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა.

* * *

ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.

* * *

იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.

* * *

დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, ... ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.

* * *

იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.