ახსნა-განმარტება ანტონი დიდის ზოგიერთი გამონათქვამისა,
რომელიც მისი აღსრულების შემდეგ მოგვცა ვინმე მოძღვარმა

10. შეკითხვა. ერთი მოძღვარი ევედრა თურმე ღმერთს - ყველა წმიდა მამა ქრისტეს ეკლესიისა მაჩვნეო, და მართლაც იგი ღირს იქმნა მის დრომდე მცხოვრები ყველა დიდი მამის ხილვისა, მაგრამ დიდად გაკვირვებული დარჩა, რომ მათს შორის ვერ ნახა წმიდა ანტონიც. მაშინ იმას, ვინც უჩვენებდა ამ მოძღვარს წმიდა მამებს, ასე უთქვამს მისთვის: სადაც ღმერთი ჰგიებს, იქ არის მამა ანტონიო. განგვიმარტე, მოძღვარო, როგორ იხილა ამ მამამ წმიდანნი, და რატომ ვერ იხილა მან მათ შორის მამა ანტონიც. პასუხი. ან გონება ამ მოძღვრისა აღტაცებულ იქნა სამოთხედ და მან ნეტარად მყოფნი იხილა წმიდა მამანი, ანდა თვით ეს მამები, რაღაცნაირად გამოეცხადნენ მას, ანთუ ანგელოზმა უფლისა უჩვენა ისინი ხილვით. წმიდა ანტონი კი ორი მიზეზის გამო ვერ იხილა მათ შორის: პირველ ყოვლისა, იმის გამო, რომ განცხადებულიყო ადამიანებისათვის მთელი სიდიადე ამ წმიდანისა, და მეორედ იმისთვის, რომ ხსენებული მოძღვარი სიმდაბლით აღვსებულიყო და ამპარტავნებით არ ეფიქრა - ყველა წმიდა მამის ხილვის ღირსი შევიქენიო. აღასრულა რა მისი თხოვნა, ღმერთმა ამ ჩვენების მომადლებით მისთვის დაავალდებულა კიდეც ეს მოძღვარი წმიდა მამებისათვის მიებაძა, ხოლო რაკი არა ღირსჰყო იგი წმიდა ანტონის ხილვისაც, ამით თითქოს შეაგონებდა - იმდენი ძალა კი არა გაქვს, რომ მამა ანტონსაც მიბაძოო სათნოებაში, ამით კი უფალი აიძულებდა მას ამპარტავნება დაეთრგუნა და ჭეშმარიტი სიმდაბლით შემოსილიყო.

11. შეკითხვა. ერთხელ მამა ანტონისთან კეთილკრძალული აბბა ამმონი მოსულა და უთქვამს მისთვის: ვხედავ,რომ მე უფრო მეტი ღვაწლი მაქვს მოქმედებული, ვიდრე შენ; მაშ, რატომ არის, რომ შენი სახელი ადამიანთა შორის უფროა განდიდებული, ვიდრე ჩემიო?! წმიდა ანტონის ამგვარად მიუგია მისთვის: ეს იმის გამოა, რომ მე უფრო მეტგად მიყვარს შემოქმედი ღმერთი, ვიდრე შენ გიყვარსო. გვარქვი, მოძღვარო, რა განზრახვით უთხრა ეს სიტყვები მამა ანტონიმ ამმონს?

პასუხი. უეჭველია, რომ არც აბბა ამმონი იქადდა ცუდად თავისი ქველის საქმეებით, და არც აბბა ანტონი განიდიდებდა ზედმეტად თავს თავისი სიყვარულის აღნიშვნით ღმერთისადმი.ხოლო ჭეშმარიტი განზრახვა ორივე მამის ამგვარი სიტყვებისა შემდეგი იყო: ეს ორი წმიდამამა, როგორც თქვენც კარგად უწყით, პირველდამფუძნებელი იყო მონაზონთა წოდებისა, და პირველებმა სწორედ მათ დაიწყეს უდაბნოში განმხოლოებული ცხოვრება; ამიტომაც მათ, ორმხრივი უსიტყვო სულიერი შეთანხმების თანახმად, განზრახული ჰქონდათ ყოველ მონაზონში განემტკიცებინათ ის შეგონება, რომ გონების შინაგანი წყობა აღემატება ხორციელად მოქმედებულ ღვაწლთ, რადგანაც სწორედ ეს შინაგანი გონებრივი წყობა წარმართავს და აღამაღლებს სულს მონაზონისა უსრულყოფილესი სიყვარულით შემოქმედი ღმერთისადმი და ბოლოს ღირსადაც შექმნის მას ღმერთის ჭეშმარიტი დიდების ხილვისა, ანუ გონების თვალით მიწვდომისა. ხორციელი, ანუ სხეულებრივი ძალისხმევით მოქმედებული ღვაწლნი მონაზონს ხორციელი ვნებებისა და სურვილებისაგან განათავისუფლებენ, განამტკიცებენ მას სათნოებებში, ძალას შესძენენ ბილწ გულისთქმათა განსაგდებად და ამდენად სხეულსაც სიწმიდეს მიანიჭებენ.ხოლო გონებრივი ღვაწლნი მონაზონისა მის სულს მძლავრი იარაღით აღჭურავს დემონთა და ბოროტ ზრახვათა წინააღმდეგ, რომელნიც სწორედ დემონთაგან შთაეგონება მოსაგრეს და მისი უსასტიკესი მტერია; ამასთან გონებრივი ღვაწლი გულსაც სიწმიდეს ანიჭებს, რომელიც სიმტკიცეს სათონებაში ჭეშმარიტი სიყვარულისაგან შეიძენს და ღირსი ხდება იმისა, რომ ყველა საქმეში სულიწმიდისაგან წარემართოს ხოლმე.

ყოველი ღირსეული მონაზონის დიდება როდი უნდა გავრცელდეს ადამიანთა შორის, დაე, თუნდაც დიდადაც წარმატებული იყვნენ სულიერ ღვაწლში და ღმერთისადმიც ჭეშმარიტი სიყვარული ჰქონდეთ შეძენილი; რადგან, აი თუნდაც აბბა პავლეს მაგალითი ავიღოთ, რომელიც ასევე ერთ-ერთი პირველდამწყებთაგანია მეუდაბნოე ცხოვრებისა და ერთი პირველშობილთაგანია მონაზონთაგან; ამ მოსაგრეს ხომ მამა ანტონიც ხან ელია წინასწარმეტყველს უდარებდა, ხან იოანე ნათლისმცემელს და ხანაც პავლე მოციქულს და მიუხედავად ამგვარი სრულყოფილებისა, თავისი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე მისი სახელი სულ არ იყო განდიდებული ადამიანთა შორის. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე ამ წმიდა მამას, ამმონსა და ანტონის, სულიერი ურთიერთშეთანხმებით ჰქონდათ განზრახული ჩვენი, მომავალი მონაზვნების განმტკიცება და დამოძღვრა - თუ რომელი სახე მოსაგრეობისა არის უფრო აღმატებული - სხეულებრივი ღვაწლნი თუ სულიერი, რომელიც წარმოადგენს გონების შინაგან, დაფარულ ბრძოლას ბოროტ ვნებებთან და გულისთქმებთან, განუწყვეტელ ლოცვა-ვედრებითურთ და ზრახვითურთ ღმრთისათვის; ასეთი მოქმედება მონაზონის გონებისა სულიერისაკენ მიდრეკს მას და სრულყოფილებას მიაღწევინებს სათნოებაში, რაც გამოიხატება მის განკვირვებაში ღმერთის გამო, მის ჭვრეტაში, როცა ღირსი შეიქნება უფლისა ჩვენისა და ღმერთის დიდების გამოცხადებისა, რომელსა შვენის დიდება და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

12. შეკითხვა. ერთხელ მამა ანტონის უთქვამს, რომ ღმერთი ნებას არ აძლევს ეშმაკს დიდი ბრძოლა დაატეხოს თავს ამა ცოდვილ მოდგმას ადამისას, რადგან ეს უკანასკნელი უძლურიაო. გვარქვი, მოძღვარო, როგორ უნდა გავიგოთ ეს გამონათქვამი წმიდა მამისა?

პასუხი. ღმერთი შეიბრალებს ამა მოდგმას ადამისას; არ დაუშვებს, რომ მეტისმეტად შევიწროებული იყოს ეშმაკისაგან, რადგანაც ჩვენში არასაკმარისია სიმხურვალე ღვთაებრივი ცეცხლისა და მოშურნეობისა კეთილ საქმეთა გამო. ამრიგად, ეშმაკი მთელის სიმძაფრით არ დაგვესხმის თავს, რადგან ღმერთმა მოწყალებით მოგვხედა და შეგვიბრალა ჩვენი უძლურებისა და მცონარების გამო.

13. შეკითხვა. მამა ანტონის ერთხელ ასე უთქვამს: მეწისქვილე თვალებს რომ არ აუხვევდეს ხოლმე სახედარს, სარგებელს ვერ ნახავდა თავის საქმეში, რადგან პირუტყვს თავბრუ დაეხვეოდა, დაეცემოდა და წისქვილის ბორბალიც ვერ იბრუნებდა; ამგვარადვე, ღვთაებრივი განგებულებით, ჩვენი გონების თვალნიც ახვეულია ხოლმე თავდაპირველად, რადგან ჩვენი სულიერი ღვაწლის დასაწყისში იმგვარად ვიქმთ კეთილ საქმეებს, რომ ვერ ვხედავთ მათ, რათა ნეტარად არ მივიჩნიოთ თავი და ამ მიზეზით არ დავღუპოთ ჩვენი შრომა; ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ სამარცხვინო ზრახვები შეგვიპყრობენ ხოლმე, და ჩვენც უჯეროს ვფიქრობთ, რათა ცხადად დავინახოთ ჩვენი უძლურება და მარად ვსაყვედურობდეთ თავს ცოდვათათვის. აი, სწორედ ეს სამარცხვინო ზრახვები და ფიქრია ის ასახვევი თვალისა, რომლის საშუალებითაც ღმერთი ჩვენს კეთილ საქმეთ დაფარავს ჩვენივ თვალებისაგან, და ამას იმისათვის იქმს, რომ ადამიანი, ვინც საკუთარ თავს ჰკიცხავს და საყვედურობს ცოდვათათვის, არ დაკარგავს თავის საზღაურს და ყველაფრისათვის კეთილად მიეზღვებაო. განგვიმარტე, მოძღვარო, რა არის სასარგებლო ჩვენი სულებისათვის ამ გამონათქვამში მამა ანტონისა? პასუხი. ყველა წმიდანი როდი შეიქნება ხოლმე ღირსი ღვთაებრივ ჩვენებათა ხილვისა; მეტიც, ბევრნი მათგან იმ სიკეთეთაც კი ვერ ხედავენ, რომელთაც თავად იქმან ამქვეყნიური ცხოვრების განმავლობაში; ამავე დროს ისინი იმ აღთქმულ სიკეთათაც ვერ ხედავენ, ანუ არ მოელიან თავისთვის, რომელნიც კეთილ საქმეთათვის მიეზღვევათ მართალთ, თუმცა კი აღსავსენი არიან ქველის საქმეებითა და სათნოებებით. ამგვარად ეს საქმე იმისთვის როდია მოწყობილი, რომ, თითქოსდა, შემოქმედ ღმერთს არ უხარია მათი სათნოება და კმაყოფილი არ არის მათი კეთილი საქმეებით. უფალი ჩვენი სულ მცირედითაც არ შეამცირებს იმ საზღაურს, რაც მართალთ აღუთქვა. ნუ იყოფინ! მაგრამ ეს (ვერ დანახვა ადამიანის მიერ საკუთარი კეთილი საქმეებისა) იმის გამო ხდება სახიერი ღმერთის ნებით, რომ სათნო ადამიანებმა ცუდად არ განიდიდონ თავი, ამპარტავნების სულით არ აღივსონ და ამით სრულიად არ დაღუპონ ყველა კეთილი ნაყოფი თავიანთი სულიერი ღვაწლისა; ამ მიზეზით ხომ შესაძლოა, მოაკლდნენ კიდეც მათთვის აღთქმულ სიკეთეთ და უცხონი შექნენ ღვთაებრივი მადლისა. ამიტომაც არის, რომ თუმცა კი ღმერთი თავის საფარველს არ მოაკლებს სათნო ადამიანებს იმისთვის, რომ ისინი გულმოდგინენი არიან სიკეთის ქმნაში და ჯეროვნად მოშურნეობენ ღმრთისათვის, მაგრამ ზოგჯერ მაინც დაუშვებს ხოლმე, რომ დემონებმა განსცადონ ისინი, სამარცხვინო ზრახვები და ფიქრები შთაუნერგონ და სხვადასხვა განსაცდელთ სწიონ - დააშინონ, დასცინონ, წყლულებითაც კი დაუფარონ სხეული, და ყოველივე ამას იმ მიზნით დაუშვებს ღმერთი, რომ ადამიანებმაკარგად უწყოდნენ თავიანთი უძლურება, და ამის გამო ყოველთვის ფრთხილნი და კრძალულნი იყვნენ. აკი მანამ, სანამ ადამიანი ამქვეყნად ცხოვრებს, არაფერია მდგრადი მის გარშემო, და თვით მისი სიცოცხლეც წარმავალია და ცვალებადი სხვა ყველაფერთან ერთად. მაგრამ როგორადაც სათნოებათათვის აღთქმულ სიკეთეზე ფიქრი განამტკიცებს ადამიანში მოშურნეობას ღმრთისათვის და აიძულებს მას განუწყვეტლივ კეთილ საქმეთა ქმნა ეძიოს, ამგვარადვე საკუთარ ნაკლოვანებათა და უძლურებათა შეგნებაც განაშორებს მოსაგრეს ამპარტავნების სულისაგან და იმას მოიმოქმედებს მათში, რომ იგი მუდამ განმზადებულია ყველა სახის მორჩილებისათვის და, მარად სიმდაბლით აღსავსე, ფრთხილობს არ დაკარგოს მოპოვებული სათნოებანი, და არ მოაკლდეს სრულ სიხარულს ცათა სასუფევლის საუკუნო ნეტარებაში უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს მიერ.

14. შეკითხვა. ერთხელ, როცა აბბა ჰელენიოი სირიიდან მოსულა მამა ანტონისთან, წმიდა მოძღვარს ასეთი სიტყვებით მიუმართავს მისთვის: კეთილი იყოს შენი მობრძენება, მთიებო, დილით აღმომავალო! ხოლო აბბა ჰელენიოსს კი ამგვარად მიუგია მისთვის: გამარჯვება, შენცა, ნათელო, სამყაროს დამამშვებებელო!-ო. გვარქვი, მოძღვარო, ვინ იყო ეს აბბა ჰელენიოსი, და რატომ უწოდა მას მამა ანტონიმ დილით აღმომავალ მთიებად?

პასუხი. ეს ჰელენიოსი წმიდა ანტონის დროს ცხოვრობდა და მისი თანასწორი იყო ღირსებითა და სრულყოფილებით სულიერ ღვაწლში. კეთილ საქმეთათვის იგი დიდად შეაქო თვით წმიდა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, როცა საჯაროდ წარმოთქვა: ვმადლობ ღმერთს და ჩვენს უფალს იესო ქრისტეს იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრების ჟამს ცხოვრობენ და მოღვაწეობენ დიდი ღვთაებრივი მნათობები - აბბა ანტონი, აბბა ჰელენიოსი და აბბა ევქსინეო! ასე ბრძენა დიდმა ხელმწიფემ იმის გამო, რომ ეს წმიდა მამები დიდად აღემატებოდნენ იმ დროში არსებულ ყველა მონაზონს, თუმცა ბევრნი მათგანნიც ასევე საქვეყნოდ იყვნენ ცნობილნი. ასე რომ, მამა ანტონის მიმათვა ამ ჰელენიოსისადმი, როცა მას დილით აღმომავალი მთიები უწოდა, სავსებით შეეფერება სინამდვილეს. თავის მხრივ, აბბა ჰელენიოსმა, რაკი უნდოდა ეჩვენებინა წმიდა ანტონისათვის, ჩემთვისაც ცნობილიაო შენი სულიერი სრულყოფილება და შენდა მონიჭებული ღვთაებრივი მადლი, სამართლიანად უწოდა ჩვენს დიდ მოძღვარს ის ნათლის სვეტი, რომელსაც მთელი სამყარო დაუმშვენებია. ასე რომ, ორივე მამის სიტყვები ჩვენდა იყო მიმართული, რათა ჩვენ სრულად ვუწყოდეთ მათი სიდიადე.

15. შეკითხვა. ერთხელ მამა ანტონის ასე უთქვამს: ხშირად ჩვენ იმის გამო ვერ ვიღვწით წარმატებულად, რომ ჯეროვნად არ ვუწყით ხარისხი და წოდება ჩვენი სამონაზვნო ღირსებისა, და ვერც იმას გულისხმა-ვყოფთ სათანადოდ, თუ რას მოითხოვს ჩვენგან ის საქმე, რომელსაც შევდგომივართ; უფრო კი პირიქით, გვსურს იოლად და უშრომველად მივაღწიოთ სათნოებათა სიმაღლეს. ამიტომაც, როცა კი საცთური შეგვხვდება ხოლმე იმ ადგილას, რომელიც აგვირჩევია ჩვენი მოსაგრეობისათვის, გვინდა სხვა ადგილას გადავიდეთ, რადგან ცრუდ ვჰგონებთ, თითქოსდა, ამქვეყნად შესაძლებელია ისეთი ადგილის არსებობა, სადაც არ იქნება ეშმაკი და მისგან მომდინარე ცთუნებანი. მაგრამ ვისაც კი შეუცვნია თავისი გამოცდილებით, თუ რას წარმოადგენს ბრძოლა საცთურთან, რა არის ამქვეყნიური ცხოვრება და რატომ გვებრძვის ბოროტი სული, იგი არ მოინდომებს მოსაგრეობის ადგილის გამოცვლას, რა დიდი განსაცდელიც არ უნდა შეხვდეს, არამედ მარად და ყველგან იბრძვის ვნებების წინააღმდეგ და ღმერთის შეწევნით გამარჯვებულიცააო, და ეს იმიტომ, რომ თვით უფალს უთქვამსო, „აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაი შორის თქვენსა არს" (ლუკა 17, 21). გვარქვი, მოძღვარო, რას გვასწავლის მამა ანტონი ამ გამონათქვამით?

პასუხი. წმიდა ანტონის ამ სიტყვების მნიშვნელობა შემდეგშია: ხშირად მონაზვნები ერთი ადგილიდან სხვაგან გადადიან სამოღვაწეოდ იმ იმედით, რომ ახალ ადგილას არ იქნება ეშმაკი და მისგან მომდინარე განსაცდელნი. მაგრამ რაკი იმედი გაუცრუვდებათ ხოლმე და მოსაგრეობის ახალ ადგილასაც საცთურს ეწევიან, კვლავაც ამაოს სასოებენ, კვლავაც ახალ ადგილს ეძიებენ და იქით მიეშურებიან მოსვენებული ცხოვრების ძიებაში. მაგრამ ვინც კარგად უწყის, რა არის ეშმაკის ბრძოლა და მისგან მომდინარე განსაცდელი, ასეთი მონაზონი მარად იქ იბრძვის, სადაც გამოუღია პირველი ნაყოფი სათნოებისა; იგი არ უშინდება განსაცდელს და არ ეძიებს სხვა ადგილს საცხოვრებლად, სადაც მოსვენებულად და მშვიდად იქნებოდა, მზაკვარი მტრისაგან მოშორებული, არ ეძიებს, რადგანაც ამგვარი ადგილის ძეიბა ამქვეყნად - ამაო საქმეა. ხოლო მნიშვნელობა უფლის სიტყვებისა - ღმერთის სასუფეველი აჰა თქვენს შორის არისო, - რაც მამა ანტონიმ გაიხსენა თავის ზემოხსენებულ გამონათქვამთან დაკავშირებით, ის უნდა იყოს, რომ ჩვენ, მონაზვნები, რაკი გამოვსულვართ ამა ქვეყნისაგან, მიგვიტოვებია ყოველივე სიკეთენი მისნი, ახლობელ-მეგობარნი, და ღმერთის ბრძანებისამებრ ჯვარი გვიტვირთავს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და მას, ჭეშმარიტ ღმერთს შევდგომივართ, ჩვენ, ყოველივე ამის მოქმედნი უნდა მარად ერთ ადგილას ვმოსაგრეობდეთ და მხოლოდ იმაზე ვზრუნავდეთ, რომ სათნოება მოვიპოვოთ და ვიხსნათ ჩვენი სული დაღუპვისაგან, ამასთან იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მოღვაწეობის ადგილას გადავიტანოთ ყოველგვარი განსაცდელი და ლალვა ეშმაკისა. ღმერთის ჭეშმარიტი სიყვარულისა გამო და მისი ნების აღსასრულებლად ჩვენ, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ყველგან მოთმინედ უნდა შევხვდეთ ხოლმე საცთურთ და განსაცდელს, სულერთია ჩვენივ ბოროტ ვნებათაგან მომდინარეობენ ისინი, ბოროტ სულთაგან თუ ბოროტ ადამიანთაგან.

ის უძლური მონაზვნები კი, რომელნიც მარად უსაფრთხო ადგილის ძიებაში არიან, გამოუცდელნი არიან ასეთი ბრძოლისა, არ ძალუძთ სიძნელეთა დათმენა, მიუჩვეველნი არიან გამუდმებულ თავდასხმებს დემონებისა, და ყოველივე ამის გამო ცრუდ ჰგონებენ ისეთი ადგილის არსებობას, სადაც თავშესაფარს ჰპოვებდნენ ეშმაკის ლალვათაგან და ბოროტ ზრახვათაგან, რომელნიც მათივ უძლურებით იშვება მათს გონებაში. ამიტომაც ისინი, როგორც უკვე ვთქვი, ხშირად გადადიან საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეში, ანდა სულაც ერთი ქვეყნიდან - მეორე ქვეყანაში, დაე, თუნდ მრავალი დღის მძიმე მოგზაურობა ელოდეთ. ასე რომ, უმჯობესია, ჩვენი მოსაგრეობის პირველ ადგილს არ მოვშორდეთ, და თუკი აქ დიდი ლალვა და საცთური გვეწვევა, უფრო მეტის გულმოდგინებით შევუდგეთ მარხვას, ლოცვა-ვედრებას, მუხლთმოდრეკას, მკერდში მჯიღის ცემას და სხვა ღვაწლთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წინაშე, რომელსაც ცრემლებითა და გულშემუსრვილებმა ვევედროთ შეწევნასა და ხსნას, რადგანაც იგი ყოველთვის ჩვენთანაა და მაცხოვარია ჩვენი, როგორც ეს საღმრთო წერილშია ნათქვამი: „ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნნა იგინი. მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს. მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოველისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან" (ფსალმუნი 33, 18-20); და აკი, როგორც ზემით ვთქვით, თვით უფალმაც ბრძანა - სასუფეველი ღმრთისა თქვენს შორის არისო, ანუ თვით მე ვარო თქვენს შორის დამკვიდრებული, რადგანაც ღმრთის სასუფეველი, მართალთ რომ აღუთქვა შემოქმედმა, არის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც მარად ჩვენს შორის ჰგიებს. ნეტარი პავლე მოციქულიც ხომ ამასვე ამბობს: „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაი განხრწნნწს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმერთისაი წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქვენ"-ო (1 კორ. 3, 16-17). და არა მხოლოდ იგი, ჩვენი შემოქმედი ღმერთი ჰგიებს ჩვენში, არამედ ჩვენც, მისი ქმნილნი, ვგიებთ მასში, როგორც ამას თვით გვეუბნება წმიდა სახარებაში: „...თქვენ აწვე წმიდა ხართ სიტყვითა მით, რომელსა გეტყოდე თქვენ. დაადგერით თქვენ ჩემ თანა, და მე თქვენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ხელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქვენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა"-ო (იოანე, 15, 4).

ამრიგად, თუკი ჩვენ ღმერთის მიერ ვიცხოვრებთ და მასში ვიქნებით დამკვიდრებული, იგიც ჩვენთან იქნება და თავის სამკვიდრებლად გვაქცევს ჩვენ. ჰოდა, მაშ, ნუ მივატოვებთ ხოლმე ჩვენს უფალს განსაცდელის, ჭირისა და ბოროტ დემონთაგან თავსდატეხილ ლალვათა ჟამს, და სხვა ადგილას გადასახლებულნი ნუ ვეძიებთ შეწევნასა და თავშესაფარს ამა ქვეყნისაგან, არამედ ჩვენ-ჩვენს ადგილას ვისაგროთ მარად და აქ ვევედროთ ჩვენში დამკვიდრებულ უფალს, შეწევნა თვისი მოგვივლინოს და განგვარინოს განსაცდელთაგან. ამასთან, ჯერ-არს ჩვენი ზრახვები გავუმხილოთ ხოლმე ჩვენს სულიერ მამებსა და მოძღვრებს, და მათაც ვთხოვოთ ილოცონ ჩვენს შესაწევნად. და ჩვენც გამარჯვებული ვიქნებით ეშმაკთაგან ყველა ბრძოლაში უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს მიერ, რომელსა შვენის პატივი და დიდება თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.