მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ

(გაგრძელება)

როგორც ღვთაებრივი წმიდა პავლე მოციქული გვიწინასწარმეტყველებს, ანტიქრისტე „და-ცა-ჯდეს ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თვისსა ვითარცა ღმერთი" (II თესალონიკ. 2,4). რა თქმა უნდა, ანტიქრისტეს არც ხალისი ექნება, არც დრო და არც საშუალება იმისთვის, რომ ტაძარში „და-ცა-ჯდომის" შემდგომ გამუდმებით იქ იმყოფებოდეს, და მით უმეტეს საყდარზე ზეწამომჯდარი. ამას იგი, ალბათ, მხოლოდ განსაკუთრებით საზეიმო და მნიშვნელოვან შემთხვევებში იქმს, მაგალითად, მაშინ, როცა საკუთარ თავს მთელი მსოფლიოს მპყრობელად და ღვთაებად გამოაცხადებს, ანდა სხვას გამოაცხადებინებს. თუმცა მისთვის არც იქნება აუცილებელი გამუდმებით ტაძარში ყოფნა იმისთვის, რომ ადამიანებმა ღმერთად აღიარონ და ღვთის საფერი პატივი მიაგონ. რაკი ერთხელ შევა ტაძარში და თავს ღმერთად გამოაცხადებს, ამ მოქმედებით ანტიქრისტე მთელს მსოფლიოს მისცემს ნიშანს და ბრძანებასაც გასცემს, რომ ყველა ქრისტიანულ და არაქრისტიანულ ტაძარში მისი გამოსახულებანი დადგან თუ დაჰკიდონ, და ყოველმა ადამიანიმა აქედან მოყოლებული სწორედ მას და მხოლოდ მას უნდა სცეს  თაყვანი როგორც ერთადერთ ღმერთს, და მის წინაშე ილოცოს. და მართლაც დედამიწის უმრავლეს ტაძრებში დაიწყება ბილწი მსახურება ანტიქრისტესადმი (ამასთან დაკავშირებით იხ. პროფ. ბელიაევის შრომა „უღმერთობისა და ანტიქრისტესათვის", ტ.I, გვ. 384).

ეს შებილწვა ქრისტიანული ტაძრის სიწმინდისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოებისა საღმრთო წერილიში იმთავითვე არის ნაწინასწარმეტყველები და აღნიშნულია ცნობილი გამოთქმით წმიდა დანიელ წინასწარმეტყველისა - „საძაგელი მოოხრებისაი", რომელიც ღვთის ეკლესიას და ამა ქვეყანას უნდა ეუფლოს. ეს წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმისა შემდეგია:

ა) წმინდა დანიელი ამბობს: „და შემდგომად შვიდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაი და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი წმიდაი განიხრწნას წინამძღვარისა თანა მომავალისა, და მოიკვეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულადმდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესეს უჩინოქმნილებად და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთაი შვიდეულისა ერთსა, და ნახევარსა შორის შვიდეულისასა დააცხროს მსხვერპლის საცავი და მსხვერპლი შესაწირავი, და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისადმდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა. და განაძლიეროს აღთქმაი მრავალთაი შვიდეულსა ერთსა და კერძოსა შვიდეულისასა აღებულ იქნას მსხვერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოხრებისაი იყოს, და ვიდრე დასასრულადმდე ჟამისა დასასრული მოეცეს მოოხრებასა შინა" (დან. 9,26-27).

ბ) ამავე წინასწარმეტყველთან ვკითხულობთ: „და ნათესავისა მისგან აღდგენ და შეაგინონ სიწმინდე მძლავრებისა, და გარდაადგინონს სამარადისოდ და მისცენ საძაგელი უჩინოქმნილი" (11,31).

გ) იქვე ნათქვამია: „და უსჯულო იქმნენ უსჯულონი, და ვერ გულისხმა-ყონ ყოველთა უთნოთა, და გონიერთა გულისხმა-ყონ. და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოხრებისასა დღენი ათას ორას ოთხმეოცდაათნი" (ანუ ყოველდღიური მსხვერპლშეწირვის შეწყვეტისა და მოოხრების სისაძაგლის დამკვიდრების შემდეგ 1290 დღე გავაო); „ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამას ოცდაათთხუთმეტთა" (დან. 12,11-12).

აქ წმინდა დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველებ პერპექტივაში ერთდროულად არის გამოხატული სამი მოვლენა, რომელნიც თუმც კი საუკუნეებით არიან დაცილებული ერთმანეთისაგან, მაგრამ ურთიერთშორის ღრმა შინაგანი კავშირი აქვთ. სინამდვილეში პირველი ორი მოვლენა არის მხოლოდ წინასახე უკანასკნელი, მომავალში აღსასრულებელი მოვლენისა, რომელსაც უმეტესწილად განეკუთვნება კიდეც დანიელის ეს წინასწარმეტყველება. განვიხილოთ ეს მოვლენები და ვეცადოთ მათი ახსნა საღმრთო წერილის მიხედვით.

ა) პირველი მოვლენა, ნაწინასწარმეტყველები წმინდა დანიელის მიერ, არის სარწმუნოებრივი დევნილება იუდეველებისა, რომელიც დაიწყო ანტიოქე ეპიფანემ, მეოთხე სირიელმა მეფემ. ეს ანტიოქე თავისი ძმის სელევკიოს მეოთხის შემდეგ გამეფდა სელევკიდების ეპოქის 137-ე წელს, ანუ 176 წელს ქრისტე შობამდე. მის საშინელ მეფობაზე და მის მიერ იუდეველთა უსასტიკეს დევნულობაზე მოთხრობილია მაკაბელთა პირველ ორ წიგნში. ქრისტიანი ღვთისმეტყველებისათვის ანტიოქე ეპიფანე ყველაზე გამოკვეთილი წინასახეა მომავალი ანტიქრისტესი.

დანიელის წინასწარმეტყველება რომ მხოლოდ ანტიოქე ეპიფანეს მეფობას ეხებოდეს, მაშინ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, იმეორებს რა „საგაძელს მოოხრებისას", ანუ ამ დანიელისეულ სიტყვებს (მათე 24,15-21; ლუკა 21,20-24), არ ილაპარაკებდა მასზე, როგორც მომავალში აღსასრულებელ მოვლენაზე, რადგან მის დროს ანტიოქეს ეპოქა დიდი ხნის გასული იყო.

ბ) მეორე მოვლენაა - იერუსალიმის დაქცევა-მოოხრება და მისი წმინდა ტაძრის შებილწვა რომაული ლაშქრის მიერ 70-ე წელს ქრისტეს შობიდან, იმპერატორ ტიტუსის ზეობის ჟამს.

ეს ფაქტი, რომაელთა მიერ იერუსალიმის მოოხრება იმპერატორ ტიტუსის დროს, აღწერილი აქვს ებრაელ ჟამთააღმწერელს იოსებ ფლავიუსს. მისი გადმოცემით, რომაელთა ლაშქარმა სასტიკად ჩაახშო იუდეველთა აჯანყება, დააქცია იერუსალიმი და იავარჰყო მისი სიწმიდენი; რომაელმა ჯარისკაცებმა ზარზეიმით შეიტანეს თავიანთი მხედრული დროშები იერუსალიმის წმიდა ტაძარში და აღსავლის კარის წინ დაასვენეს; დროშებთან საზეიმო წარმართული მსხვერპლი მიიტანეს შესაწირად და ხმამაღალი შეძახილებით გამოაცხადეს იმპერატორი ტიტუსი თვითმპყრობელად. ასე დამკვიდრდა წმიდა ქალაქში „საძაგელი მოოხრებისაი", ასე შეიბილწა მისი უდიდესი სიწმიდე - იერუსალიმის ტაძარი - წარმართთა ხელით აქ მსხვერპლი შეიწირა წარმართული ღვთაებებისადმი, ხოლო როგორც დავით მეფე ამბობს, „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფს. 95,5). ამიერიდან წმიდა მსხვერპლის შეწირვა და ლოცვა-ვედრება ჭეშმარიტი ღმერთისადმი საუკუნოდ შეწყდა მასში (ამასთან დაკავშირებით იხ. პროფ. ბელიაევის შრომა „უღმერთობისა და ანტიქრისტესათვის", ტ.I, გვ.230-246).

გ) მაგრამ წმინდა დანიელის ეს წინასწარმეტყველება საძაგელი მოოხრების შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლებოდა შეხებოდა იერუსალიმის დაქცევას და მისი ტაძრის შებილწვა-დანგრევას რომაული ლაშქრის მიერ 70 წელს ქრისტეს აქეთ. უმთავრესად კი მასში სხვა, მომავალი ეპოქაა ნაგულისხმევი, როცა შეიბილწება თითქმის ყველა ტაძარი დედამიწაზე, დევნას დაუწყებენ ქრისტეს რწმენას და, ამასთანავე აღსრულდება მოოხრება და შებილწვა ახალი სიონისა - ქრისტეს ეკლესიისა. ეს უნდა მოხდეს ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ქვეყნის დასასრულს, ანტიქრისტეს გამოჩენისა და გაბატონების ჟამს. ნეტარ იერონიმესაც მიაჩნია, რომ დანიელის მთელი ეს წინასწარმეტყველება „საძაგელი მოოხრების" შესახებ განეკუთვნება ანტიქრისტეს მოქმედებას, და იგი მხოლოდ ნაწილს ამ წინასწარმეტყველებისას უკავშირებს ანტიოქე აპიფანეს საშინელ ეპოქას.

დანიელის ზემოთმოყვანილ წინასწარმეტყველებაში (9,26-27), ჩვენთვის გაუგებარია გამოთქმა - „ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან" (ანუ მოოხრებისაგანო); კერძოდ კი ნათელი არ არის, თუ რა არის ეს „ფრთესა ზედა" - რისი ფრთაა ეს? - ეკლესიისა თუ სხვა რამის? ამ ადგილის გონებამახვილური განმარტება ეკუთვნის ებრაული ენის გრამატიკისა და ებრაულ-გერმანული ლექსიკონის ცნობილ შემდგენელს ჰეზენიოსს, რომელიც მას შემდეგნაირად თარგმნის: „და საძაგლობის ფრთებზე იყოს ამაოხრებელი", და თარგმანს შემდეგ განმარტებასაც ურთავს: „ეკლესიის მტერი, ანუ ანტიქრისტე აქ წარმოდგენილია საძაგელი კერპის ფრთებზე წამომჯდარი, მსგავსად იმისა, როგორც იეღოვაა წარმოდგენილი ქერუბიმებზე ამხედრებული და მფრენი".

მართლაც, სავსებით შესაძლებელი და სავარაუდოა, რომ ანტიქრისტე ფრთოსანი კერპით, როგროც ეტლით თუ საყდრით მიმოვიდოდეს ჰაეროვან სივრცეში. მისთვის სპეციალურად აგებული თვითმფრინავიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელსაც საძაგელი ფრთოსანი კერპის სახე ექნება. ამ უკანასკნელი ვარაუდის მსგავსი რამ ჰეზენიოსამდე მრავალი საუკუნით ადრე გამოთქმული აქვს (თუმცა დანიელის ამ წინასწარმეტყველებასთან დაკავშირებით არა) ეკლესიის დიდ მამას ეფრემ ასურს (იხ. მისი 39-ე სიტყვა - „უფლის მეორედ მოსვლისათვის", ნაწ.III, გვ.25).

როცა მსოფლიო ბატონობას შეუდგება, ანტიქრისტე იმავე სახით დაიწყებს კაცობრიობის მოქცევას თავის სატანურ სიცრუეზე, რა სახითაც ეშმაკმა სცადა უფლის შეცდენა იორდანის უდაბნოში, როცა გამოსცდიდა მას. როგორც ვიცით, უფალი სამგვარად გამოიცადა ეშმაკისაგან, ვნახოთ რა ვითარებაშია ეს გამოცდანი ანტიქრისტესთან:

1) ეშმაკის პირველი გამოცდა იმაში გამოიხატა, რომ მან იესო ქრისტეს, 40 დღის ნამარხულევს უდაბნოში, შესთავაზა - ეს ქვები პურად აქციეო (მათე 4,3). ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი მოქმედება სავსებით შეესატყვისება  ღმერთის ძის მსახურების საბოლოო მიზანს: თითქოს რა შეიძლება გვქონდეს იმის საწინააღმდეგო, რომ უდაბნოში ბაღნარი ჰყვაოდეს და შიმშილი, სიღატაკე და გაჭირვება არ სტანჯავდეს ადამიანს, ხოლო ეს მძიმე შრომა და ოფლის ღვრა არსობის პურის მოსაპოვებლად, რაც პირველმა ადამიანმა შეცოდებით დააწია თავის მოდგმას როგორც ღვთის წყევლა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს?! მაგრამ მთელი მზაკვარება და ცოდვიანობა ეშმაკის ამ წინადადებისა უფლის მიმართ იმაში მდგომარეობს, რომ უფალს შესთავაზეს ამით დაეწყო თავისი მხსნელი მსახურება, და არა დაესრულებინა! უფალს შესთავაზეს სრული უხვება და კეთილდღეობა დაემყარებინა ამ ხილულ, მატერიალურ სამყაროში, რაც, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერ მოუტანდა ხრწნადი და მოკვდავი სხეულით შემოსილ ადამიანს, ანუ ვერ დაუბრუნებდა მას თავდაპირველ ბედნიერ ცხოვრებას, რომელსაც საუკუნოდ შეიფერებდა. მხოლოდ გარეგანი გაუმჯობესება ცხოვრების ნივთიერი პირობებისა თვით ადამიანთა ზნეობრივი გაუმჯობესების გარეშე იქნებოდა ბოროტების სრული ზეიმი, რადგან ასეთი მაძღარი კეთილდღეობა განამტკიცებდა მასში ჩაფლულ ადამიანთა უიმედო ხორციელ მდგომარეობას და მიუღწევლად შექმნიდა მათს ზნეობრივ გამოსწორებასა და სრულყოფას. ამიტომაც იყო, რომ უფალმა იესო ქრისტემ მტკიცედ უპასუხა მზაკვარ გამომცდელს: „...არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა" (მათე 4,4).

უფლის ამ პასუხით სულაც არ არის უგულებელყოფილი ადამიანთა ხორციელი მოთხოვნილება, მაგრამ მას მეორეხარისხოვანი ადგილი აქვს მიჩენილი სულიერი მოთხოვნილების შემდგომ. წმიდა სახარება ჰკიცხავს მხოლოდ ისეთს მცდელობას სხეულის თნება-ამებისა, როცა ამის მიზეზით სრულიად ივიწყებენ შემოქმედ ღმერთს; სახარება გმობს ადამიანთა ისეთ მისწრაფებას მატერიალური ბედნიერების მოსაპოვებლად, რომელიც, ამასთანავე, არ გულისხმობს სულიერ სრულყოფასაც. აკი თვით უფალი გვაფრთხილებს: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შვებითა და მთვრალობითა!" (ლუკა 21,34) - ასე გვაფრთხილებს იგი, რადგან თუკი ხორციელება გვძლევს და გული დაგვიმძიმდება, მაშინ ჩვენ დავკარგავთ ზნეობრივ თავისუფლებას, ჩვენი მდაბალი მოთხოვნილებების მონების გავხდებით და ამით საუკუნო სატანჯველთ ვსწევთ ჩვენს უკვდავ სულებს.

სწორედ ასეთი გულდამძიმებისკენ - სულიერი მონობისა და გაღატაკებისაკენ მიჰყავთ ადამიანები თანადროული მსოფლიო რევოლუციის ეგრეთ წოდებულ ბელადებს. მათი სწავლება და მოწოდებანი შემოსილია გარეგნულად ამაღლებული სიტყვებით საყოველთაო თანასწორობასა და ძმობაზე, სინამდვილეში კი მათი მიზანია მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ოცნებით გაიტაცონ ადამიანები და ამით უმთავრეს მიზანს ამქვეყნიური ცხოვრებისა მოაშორონ, ანუ სულიერ მისწრაფებას, სარწმუნოებრივ ცხოვრებას სულის ხსნისათვის მოაკლონ. ხოლო როცა ადამიანისათვის ერთადერთ ღირებულებად მატერიალური კეთილდღეობა იქცევა, მაშინ იგი მონა შეიქმნება იმისა, ვინც აღუთქვამს რომ მისცემს მას ამ კეთილდღეობას. ადამიანთა ამგვარი მატერიალურ-ხორციელი აღზრდა ანტიქრისტეს განუსაზღვრელი ძალაუფლების მოპოვების საშუალებას მისცემს, რადგან ფიზიკური არსებობის ყველა წყარო მის სრულ განკარგულებაში აღმოჩნდება. ამ წყაროსაგან იგი უხვად მისცემს ყველა სიკეთეს ნივთიერი ყოფისა იმათ, ვინც თაყვანს სცემს მას, მისი მიმდევარი თუ დამქაში იქნება. და ის ადამიანი, ვისაც არ მიუჩნევია თავი მარხვა-კრძალულებისათვის და არა აქვს შეძენილი სულიერი სიმტკიცე, იგი იძულებული გახდება დაჰყვეს ანტიქრისტეს ნებას და მისი სრული მონამორჩილი შეიქმნეს. როგორც გამოცხადების წმიდა ავტორი გვიწინასწარმეტყველებს. „...ყოველნი, რომელთა არა თაყუანის-სცენ ხატსა მხეცისასა, მოიკლნენ. და ყვნეს ყოველნივე - მცირენი და დიდნი და მდიდარნი და მონანი, რაითა მიიღონ ბეჭედი ხელსა მათსა მარჯვენასა ზედა, ანუ შუბლსა ზედა მათსა" (გამოცხ. 13, 15-17). და როგორც ეფრემ ასური და ეკლესიის სხვა მამები გვასწავლიან, მხოლოდ ასეთი ბეჭდის მქონეთ შეეძლებათ ივაჭრონ, ყოველდღიური ლუკმა მოიპოვონ და სიცოცხლე შეინარჩუნონ, მაგრამ ამით თავს სამუდამოდ დაიღუპავენ.

2. ეშმაკის მეორე გამოცდა იმაში მდგომარეობდა, რომ უფალი წმინდა ქალაქ იერუსალიმში წაიყვანა, ტაძრის გუმბათზე დააყენა და უთხრა: „უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყნად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (მათე 4,6). მზაკვარი სულის ეს წინადადება შემდეგს ნიშნავდა: იგი ამით თითქოს ეუბნებოდა უფალს, - გადავარდი ქვევით ამ სიმაღლიდან და გაოცებულ ხალხს ეჩვენე ანგელოზთაგან აპყრობილი და გარშემორტყმული, რათა მათ, ამ სასწაულის ხილვაზე, ღმერთის ძედ შეგიცნონ და გაღიარონო. და ეს გამოცდა ეშმაკისა, რომელსაც თითქოსდა, სურდა ადამიანებში მაცხოვრის ღვთაებრივი ძალის რწმენა გაეღვიძებინა, სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა უარყოფა ქრისტეს ჯვარისა, მის მიერ აღსრულებული გამოსყიდვისა ცოდვათაგან, რადგან ასეთი წინადადებით ქრისტეს სთავაზობდნენ ისეთი წინამძღვარი გამხდარიყო, რომელიც ბრბოს მხოლოდ გარეგნული სახილველით, ეფექტური ზემოქმედებით გაიყოლიებდა, და არ მოითხოვდა თავისი მიმდევრებისაგან არავითარ ზნეობრივ ღვაწლსა და თავდადებას. ასეთი წინამძღვარი კი სწორედ ანტიქრისტე გახდება, რომელიც ცრუ-სასწაულებითა და საკვირველი სანახაობებით დაიმორჩილებს სულიერი გულისხმას მოკლებულ ადამიანებს.

სასწაულთმოქმედების ასეთი მოთხოვნა უფლისაგან არაერთგზის გამოსულა ფარისეველთაგანაც (მაგალითად, იხ. მარკ. 8,12), ზოგჯერ კი მისდა შედგომილი ხალხიც მოითხოვდა მაცხოვრისაგან ზეციური სასწაულის ჩვენებას. ასე იყო უდაბნოში ხუთი პურისა და ორი თევზის სასწაულებრივი გამრავლების შემდგომაც, როცა იესო ქრისტემ მრავალრიცხოვანი ერი დააპურა, რომელთა შორის, მხოლოდ მამაკაცნი, ქალთა და ყრმათა ჩაუთვლელად 5000 იყვნენ. და სწორედ ამ დიდი სასწაულის თვითმხილველნი, ანუ ამ საკვირველი ტრაპეზის მონაწილენიც კი ასე ეუბნებოდნენ უფალს: „რა სასწაულსა იქმ, რაითა ვიხილოთ და გვრწმენეს შენი? რასა იქმ? მამანი ჩვენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: „პური ზეცით მოსცა მათ (ღმერთმა) ჭამად" (იოანე 6,30-31). მაშასადამე მათთვის არასაკმარისი აღმოჩნდა მაცხოვრის ხელში პურისა და თევზის საკვირველი გამრავლების სასწაული, რადგან ეს ღვთაებრივი საქმე უდიდესი სიმდაბლით აღასრულა უფალმა, წმინდა სიმშვიდით და გარეგნული ეფექტის გარეშე, ანუ იმგვარი სულისკვეთებითვე, როგორითაც გამსჭვალული იყო ყოველი საქმე ღმერთკაცისა, მის მიერ ამქვეყნად ყოფნის ჟამს აღსრულებული; ამ ადამიანებს კი სანახაობა სწყუროდათ, აი, ისეთი, როცა მაღლა ცა სქელი ღრუბლებით დაიფარება, საშინელი ქუხილი დაიგრგვინებს, ელვაც თვალისდამაბრმავებლად გაიბრწყინებს და ნამდვილი პურები ზეციდან ჩამოცვივდება.

ასეთი სასწაულის მოთხოვნა ღმერთკაცისაგან უმძიმესი ცოდვა იყო, რადგან ხორციელი გონებისაგან და ურწმუნოებისაგან გამომდინარეობდა, რომელიც გარეგნული სახილველისა და ეფექტის გულისთვის ყოველთვის უარყოფს მაღალ სულიერ მიზანს. როცა ასეთი კადნიერი მოთხოვნა მოისმინა, უფალმა „სულთ-ითქუნა სულითა თვისითა და თქვა: რაი არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამინ გეტყვი თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული. და დაუტევნა იგინი" (მარკოზი 8,12-13).

ზეციური სასწაულის მოთხოვნა ამ ხალხის მიერ იმავე ხასიათისა იყო, რაც ეშმაკის მოთხოვნა, როცა იგი იორდანეს უდაბნოში უფალს გამოსცდიდა. არავითარი განსაკუთრებული უტყუარობა ამ ხალხის თვალში ზეცით სასწაულს არ შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან ისინი სულიერი დაბრმავებულები იყვნენ. რატომ მაინცდამაინც ზეციურ სასწაულს შეეძლო დაედასტურებინა, რომ ის (ანუ ეს სასწაული) ღვთის მიერ იყო აღსრულებული?! - საღმრთო წერილი ხომ საწინააღმდეგოსაც გვიდასტურებს. იობის წიგნში, მაგალითად, ნათქვამია, რომ სწორედ ეშმაკის მანქანებით გარდამოხდა ზეცით ცეცხლი და მოსწყვიდა მართალი იობის საცხოვრებელი - ცხვარნი და მწყემსნი (იობ. 1,16). აშკარაა, რომ ეს ცეცხლი ზეციდან კი არ დაეცა მათ ღვთის ნებით, არამედ დედამიწის ჰაეროვან სივრცეში წარმოიქმნა ეშმაკის მანქანებით, მსგავსად იმისა, როგორადაც ელვა და მეხი წარმოიქმნება ხოლმე. საღმრთო წერილიდან ვიცით, რომ სიმონ მოგვი თავისი „სასწაულებით" დიდად აკვირვებდა სულიერად დაბრმავებულ ადამიანებს, რომელნიც მასში სატანურ მოქმედ ძალას ღვთის ძალად მიიჩნევდნენ (იხ. საქმე მოციქულთა 8,10). განსაკუთრებით განაკვირვა სიმონ მოგვმა წარმართი რომაელები, როცა მრავალრიცხოვან დამსწრეთა წინაშე თავი ღვთაებად გამოაცხადა, თქვა - ზეცად უნდა ავმაღლდეო, და უეცრად მართლაც მოსცილდა მიწას და ჰაერში ამაღლება დაიწყო. ამის შესახებ ნეტარი სიმონ მეტაფრასი მოგვითხრობს, რომელმაც ეს ცნობა უძველეს ქრისტიან მწერალთაგან აიღო (იხ. მისი „ცხოვრება წმიდა პეტრე მოციქულისა"). ვინმე პინეტი, რომელიც XVIII საუკუნის ბოლოს მოღვაწეობდა, ასევე აოცებდა ადამიანებს მსგავსი მოქმედებით, სხვათაც მრავალთ გაუკეთებიათ ასეთი რამ (ანუ რაღაც ფიზიკური ძალით მცირეოდნად მოსცილდებიან მიწას).

რის აღსრულებაზეც ქრისტემ უარი უთხრა ეშმაკს, იმას ანტიქრისტე აღასრულებს: იგი მისცემს ადამიანებს ნიშს ზეციდან, უფრო სწორად, „სასწაულს" ჰაეროვანი სივრციდან, სადაც უპირატესად უშმაკი მთავრობს, რაზეც პირდაპირ მიუთითებს პავლე მოციქული (ეფეს. 2,2. 4,12. ამასთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე ეფრემ ასურის 106-ე სიტყვა, ნაწ. III). იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ, რომ იგი (ანუ მხეცი - ანტიქრისტე) „იქმნ სასწაულთა დიდთა, და რაითა ცეცხლი გარდამოხდეს ზეცით წინაშე კაცთა" (13,13). ეს ნიში საღმრთო წერილში, როგროც ვხედავთ, წოდებულია, უდიდეს სასწაულად ანტიქრისტესი, ხოლო ადგილი მისი აღსრულებისა - არის ჰაეროვანი სივრცე, და არა ზეცა; ეს ალბათ მართლაც შთამბეჭდავი და საშინელი სახილევლი იქნება, ყველაზე მეტად იმოქმედებს კაცთა მხედველობით გრძნობაზე და ამ გზით მოხიბლავსა და აცთუნებს მის მხილველთ.

წმინდა სვიმეონი, ახალი ღვთისმეტყველი, გვაფრთხილებს, რომ ჩვენ არ შეგვგავს ცად აღხილვა სასწაულის მოლოდინში, რადგანაც ჰაეროვან სივრცეში მზაკვარი სულები ბატონობენ, რომელნიც იქ მრავალ სხვადასხვა საცთურს მოიმოქმედებენ და ამის გამოც იწოდებიან კიდეც „მთავრად, ხელმწიფედ ერისა" (ეფეს. 2,2. იხ. კრებული „სათნოების მოყვარება", ტ.I, სვიმეონ ღვთისმეტყველის - „სიფრთხილის მესამე სახეობის შესახებ").

მოხიბლვა, ცთუნება ეშმაკის მიერ ჰაეროვან სივრცეში აღსრულებული სასწაულით უცილობელი დაღუპვით ემუქრება ყველას, ვინც კი შიშით, ღვთის ძალის გამოვლინების მოლოდინით დააკვირდება და ჩაუღრმავდება მას. „ეშმაკის ყველა მანქანებას ის თვისება აქვს, რომ თუნდაც მცირე ყურადღებას მათდამი ადამიანის მხრიდან ძალზე სახიფათოა; მხოლოდ ამით, ანუ ყურადღების მიქცევით, დაე თუნდ გულგრილი და ყოველგვარ თანაგრძნობას მოკლებული იყოს ადამიანი სახილველებისადმი, მისი სული მაინც შეიძლება დაიდაღოს ისეთი მძიმე და მავნე შთაბეჭდილებით, რომელიც უსათუოდ გაიტაცებს მას და უმძიმეს განსაცდელსაც სწევს" (ეგნ. ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ.329). ასე რომ, ანტიქრისტეს მიერ სატანური ძალით აღსრულებული ნიშნები უდიდეს ზემოქმედებას იქონიებს მათს მხილველებზე. „ადამიანები ვერ გულისხმა-ჰყოფენ, რომ ამ „სასწაულებს" ბოროტისა არ ექნებათ არავითარი კეთილგონიერი მიზანი, არავითარი განსაზღვრული მნიშვნელობა; რომ ისინი შორს იქნებიან ჭეშმარიტი სასწაულებისაგან, აღსავსენი სიცრუით, მოკლებულნი ყოველგვარ აზრს, საშინელნი, ყოვლად ბოროტნი, სახიობურნი, გამიზნული იმისთვის, რომ განაკვირვონ ადამიანები, თავდავიწყებით დაბანგონ, აცთუნონ, მოატყუონ, გაიტაცონ საუცხოო, ცარიელი, უგნური სახილველის ეფექტით" (იქვე, გვ.300).

და როცა ანტიქრისტეს ამ „სასწაულებს" იხილავენ, ადამიანები ღვთაებრივი ძალის უდიდეს გამოვლინებად მიიჩნევენ მათ, რადგანაც ხორციელი ცხოვრების გამო მოკლებულნი იქნებიან ჭეშმარიტ რწმენას და აღარ ექნებათ სულიერი ხედვა. „თავის სასწაულთა გრგვინვა-ქუხილით ანტიქრისტე შიშს დასცემს ადამიანებს, სახილველთა საკვირველებით დააკმაყოფილებს უგუნურთა ცნობისწადილს და აამებს მათს ამპარტავან ბუნებას, ასიამოვნებს ხორციელი სიბრძნისადმი სიყვარულს, ცრურწმენებისადმი დამონებულ აზრს უცნობელი ადამიანებისა და თვით განსწავლულთაც დიდ გაკვირვებაში მოიყვანს, რის გამოც ყველა, ვინც თავისი დაცემული ბუნების სინათლით ხელმძღვანელობს და მოკლებულია უნარს იხელმძღვანელოს მხოლოდ ღვთაებრივი ნათლით, ყველა ასეთი ადამიანი მაცთური ანტიქრისტეს მონა გახდება და მის მიერ წარიტაცება" (ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ.302).

3. ეშმაკის მესამე გამოცდა იმაში მდგომარეობს, რომ მან მაღალ მთაზე აიყვანა უფალი, უჩვენა სუფევანი და დიდება ამა ქვეყნისა და უთხრა: „ესე ყოველი მიგცე შენ, უკეთუ დაჰვარდე და თაყვანის-მცე მე" (მათე 4,9 და ლუკა 4,7). მართლაც, ეშმაკის ძალაუფლება ამა ქვეყანაზე არაერთგზის არის დამოწმებული საღმრთო წერილში. საკმარისია ითქვას, რომ თვით უფალი უწოდებს ეშმაკს „მთავარს ამის სოფლისა" (იოანე 14,30). წმიდა მოციქული გვეუბნება, რომ ეშმაკი თავის ძალას, საყდარსა და ხელმწიფებას იმას აძლევს, ვინც მას ემსახურება (გამოცხ. 13,2). მისი ძალაუფლება სიცრუით, საცთურითა და ძალადობით მკვიდრდება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე კი იმისთვის მოევლინა ქვეყანას, რომ თავისი ძალაუფლება თავისუფალ ზნეობრივ ღვაწლსა და მამისადმი თავისუფალ, ძისებრ მორჩილებაზე დააფუძნოს.

თუ რა პასუხი გასცა უფალმა ეშმაკს ზემოთმოყვანილ წინადადებაზე, - კარგად ვიცით. და იმას, რაც ქრისტემ უარყო, მთლიანად აღასრულებს ანტიქრისტე თავისი ბოროტი მსახურებით ადამიანთა დაღუპვისათვის. ეშმაკისაგან იგი მიიღებს მთელს ძალაუფლებას და მეუფებას ამა ქვეყანაზე, რადგან თაყვანს სცემს მას და მთელის არსებით დაემონება, ამასთან, თვითონაც გასცემს ხოლმე ამ ძალაუფლებისაგან დიდსა თუ მცირე ნაწილს, იმისდა მიხედვით დაასაჩუქრებს ასე ადამიანებს, თუ ვინ როგორ ემორჩილება და ემსახურება თვით მას - ანტიქრისტეს, და მისი სახით - ეშმაკს.

როცა მსოფლიო ბატონობას მიაღწევს, ანტიქრისტე მკვეთრად შეცვლის თავისი მოქმედების ხასიათს. ყველასადმი პირმოთნე, ფრთხილი და გარეგნულად კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ნაცვლად, რასაც იგი თავის აშკარა მოწინააღმდეგეთა მიმართაც არ დაიშურებს, ახლა იგი დაუფარავად დაუწყებს დევნას - სასტიკსა და დაუძინებელს, ყველა მორწმუნე ქრისტიანს, რომლებიც თაყვანს არ სცემენ მას და ღმერთად არ აღიარებენ. წმიდა დანიელი გვიწინასწარმეტყველებს, რომ ანტიქრისტემ „სიტყვანი მაღლისა მიმართ (წინააღმდეგ) თქვნეს, და წმიდანი მაღლისანი შეაცთუნნეს, და მოიგონოს ცვალება ჟამთა და შჯულისა" (7,25). იგივეს ვკითხულობთ იოანეს გამოცხადებაშიც (13,5-7; 12,13-17). ანტიქრისტეს ძალადობის შედეგად თავისუფალი საზოგადო ღვთისმსახურებაც ქრისტეს ეკლესიებში უნდა შეწყდეს. ამის გამო პროფ. ბელიაევი წერს:

„ანტიქრისტე და მისი მიმდევრები დაიწყებენ საღმრთო წერილის წმიდა წიგნთა განადგურებას, ღვთის სიტყვის მქადაგებელთა და ქრისტიანული ღვთისმსახურების აღმსრულებელთა დევნას; ისინი თვალყურს ადევნებენ იმას, რომ აღარსად აღესრულებოდეს ევქარისტიის (ზიარების) წმიდა საიდუმლო. მაგრამ მიუხედავად სასტიკი დევნა-შევირწოებისა, ღვთის სიტყვის ქადაგება ამ მძიმე დროშიც არ დადუმდება, ჭეშმარიტი ღვთისმსახურება არ შეწყდება და ევქარისტიის საიდუმლოც აღესრულება ხოლმე" („უღმერთობისა და ანტიქრისტესთვის", გვ.346); თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფარულად მოხდება, მდევართაგან საიდუმლოდ, ისევე, როგორც ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში იყო, როცა წარმართი იმპერატორებისა და სხვა ხელისუფლების მიერ ქრისტეს მორწმუნენი სასტიკად იდევნებოდნენ, ევნებოდნენ და მოწამეთა გვირგვინსაც იღებდნენ.

გაგრძელება...