სახელმწიფოებრივი კატეხიზმო

მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე
წინა

ანტიმონარქიული მწვალებლობა და მეფეთმბრძოლობა

„კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან"
(იგავნი 30.27)

მართლმადიდებელი ეკლესია არაერთხელ აფრთხილებდა, რომ ნებისმიერი ქრისტეანი, რომელიც ქრისტეანულ ხელმწიფებას უღირსად მოექცევა, კარგავს ქრისტეანის სახელს.

იმერეთის უკანასკნელი მეფის სულიერი მოძღვარი, შემდეგში დიდი ათონელი ბერი ილარიონ ქართველი მეფისადმი სიყვარულზე რუსებს მისწერდა: ჩვენი ვალია გული და აზრები ღვთისაკენ გვქონდეს ყოველთვის მიმართული უავგუსტესი იმპერატორისა და მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ესაა ჩვენი უპირველესი ყველაზე სასიამოვნო მოვალეობა ღვთისადმი და ადამიანებისადმი, თუმცა კი ცოდვილები ვართ. ვის შეუძლია, ძმანო, წარმოიდგინოს მართლმადიდებელი ქრისტეანი, რომელიც ჩვენი მეფისთვის არ ილოცებდა, რომელიც ერთი გვყავს და არა მრავალი? და ვინ არაა მოვალე იგი უყვარდეს? განა მეფე არაა ქრისტეანთა ერთადერთი საქებარი და დიდება ქრისტესი? რამეთუ იგი მხოლოჲ ერთია ქრისტე-ცხებულის ხატად მისი მსგავსი ბუნებით და ღირსი მეფედ და ღვთის ცხებულად იწოდებოდეს, რადგანაც მასში ჰგიეს მცხებელი მამა, ცხებული ძე და მისივე მცხებელი სული წმიდა... ამიტომ ვისაც არ უყვარს თავისი ღვთით-დადგენილი მეფე, ის ღირსი არაა ქრისტეანად იწოდებოდეს და ეს ნამდვილად ასეა".

იგივე აზრია გამოთქმული აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქის ეპისტოლეში, რომელიც მათ მოსკოვის 1666წ. ადგილობრივ კრებას გამოუგზავნეს.

„ეკლესია, გამომდინარე წმ. წერილიდან და წმ, მამათამიერი ძველი ტრადიციიდან, თვლიდა, რომ სამეფო ხელისუფლება არის სახელმწიფოს მართვის ერთადერთი სწორი ნორმა, ღვთისათვის მისაწონი ერთადერთი პოლიტიკური სისტემა, - შენიშნავდა ეკლესიის ისტორიკოსი ნ.ნ. ვოეიკოვი. - მართლმადიდებელობის კვირიაკეს წარმოითქმოდა: „სამეფო ძალაუფლების ღვთიური წარმომავლობისა და მისდამი შესაფერისი დამოკიდებულების უარმყოფელებს - ანათემა!"

ტოლედოს V კრებაზე (633წ.) ანათემა გამოუცხადეს ყველა იმ პირს, რომელიც მეფობის დაჩემებას ცდილობდა, არ ჰქონდათ რა ამაზე არანაირი უფლება თავისი წარმომავლობის გამო... ბერძნებზე ცნობილია, რომ ჯანყის მომწყობებს (მეფის წინააღმდეგ) ანათემას გადასცემდნენ XI-XIV საუკუნეებში. ასე ხდებოდა რუსეთშიც, სადაც ანათემები შფოთისმომქმედებზე თვით მართლმადიდებლობის კვირიაკის წესშიც შეჰქონდათ.

მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველწლიურად „მცირე პასექზე", როგორც უწოდებენ მართლმადიდებლობის ზეიმს, აღესრულება საგანგებო წესი, რომელშიც თორმეტი ანათემატიზმაა, რომელთაგან ბოლოსწინა ამგვარად ჟღერს:

„მათ, ვინც ზრახავენ, რომ მართლმადიდებელი ხელმწიფენი სამეფო ტახტზე არ ადიან მათზე ღვთის განსაკუთრებული კეთილნებობით, და რომ ამ უმაღლეს წოდებაში ასპარეზის გასავლელად მეფედ მირონცხებისას მათზე არ გარდამოდის სული წმიდის ნიჭი: ასევე, ვინც გაკადნიერდება და მათ წინააღმდეგ ჯანყს მოაწყობს და ღალატს ჩაიდენს, ანათემა, სამგზის". ხოლო ცოტა ზევით ამავე ტექსტში ნათქვამია: რწმენამან ამან სამოციქულომან, რწმენამან ამან მამათამიერმან, რწმენამან ამან მართლმადიდებელმან, ამა რწმენამან მსოფლიო განამტკიცა".

ამგვარად ეჭვი არ არის, რომ ყოველი, რომელიც არ აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას სჯულისმიერ სახელმწიფოებრიობაზე და არ ლოცულობს დედა ეკლესიისათვის გარეგანი ზღუდის მინიჭებაზე, არაფერს დაიმკვიდრებს, გარდა გეენიის ცეცხლისა. როგორც დახატული ცეცხლი განსხვავდება ნამდვილისაგან, ასევე აქაური - გეენიის ცეცხლისგან - გვაფრთხილებენ წმინდანები.

 

რელიგიურ-ნაციონალური ისტორიული ყოფა

„წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი
წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ"
(მათე 28.19)

„ღვთის ნება აკურთხევს ეროვნული ეკლესიების შექმნას, რაც სავსებით შეესატყვისება საღვთო განგებულების მიზნებს, - იტყვის მიტროპოლიტი ელეფთერი, - ხალხთა განსახლებაში დედამიწის ზურგზე ღმერთს თავისი მიზანი ამოძრავებდა, სახელდობრ, ის რომ ყოველი ხალხი ეძებდეს ღმერთს, ანუ თავისი ეროვნული პიროვნებით გაითავისებდეს ერთსა და იმავე ღვთიურ ჭეშმარიტებას".

ყოველი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, არის რა მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებული რელიგიურ-ნაციონალური ტრადიციით, ღვთის განგებით განსაკუთრებული მსახურებისთვისაცაა მოწოდებული. ყოველი ერი შედის ქრისტეს სხეულში რა და ეკლესიურდება, უფლისგან თავის ჯვარს იღებს, როგორც კრებითი პიროვნება.

მეფეები, როგორც ერის წარმომადგენელნი და თვითონ ერები ღვთის სასუფეველში შეიტანენ იმას, რაშიაც ღმერთი განდიდდა მათ მიწიერ, ქრისტეანულ არსებობაში. ამ უდიდესი მნიშვნელობის ქრისტეანულ საკითხში პაპის „ინტერნაციონალს" არა აქვს აქტიური ადგილი, - ამბობს მიტროპოლიტი ელეფთერი.

საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბდა და რეალურად არსებობს მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა და ამიტომ შეუძლებელია იყო ან ქართველი, ან მართლმადიდებელი ცალ-ცალკე. ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი გარეეროვნული მართლმადიდებლობა, ასევე არ არსებობს გარემართლმადიდებელი ქართველი ერი.

ამგვარად, იყო ჭეშმარიტად ქართველი ნიშნავს იყო მართლმადიდებელი, ხოლო იყო მართმლმადიდებელი ნიშნავს ხელისუფლების იდეაც საეკლესიო-მართლმადიდებლური თვალთახედვით გადაჭრა: ანუ ჭეშმარიტ და კანონიერ ხელისუფლებად მიიჩნიო მხოლოდ ღვთის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება, ხოლო ყოველგვარი სოციალური პრობლემა გიჩნდეს რელიგიურ პრობლემად. ღვთის ნებით ისტორიულ პროცესს საფუძვლად ზნეობრივი კანონი უდევს, მაშასადამე ჩვენი ერი კვლავ ქართველ ერად შეიძლება იქცეს, თუკი თავისი ცხოვრების საფუძვლად იგი უწინდებურად მართლმადიდებლობას ამოირჩევს.

ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ყოვლადწმიდა, ყოვლადსამართლიან, ყოვლადპატიოსან ღმერთს შეჰფერის, თავისი კურთხეული მეფის მიერ დაიფაროს ერი, რომელიც უგულებელს-ყოფს სიწმინდეს, უზრუნველად იძირება წუმპეში ცოდვებისა და არაწმინდებისა, არ ფიქრობს მასზედ, რომ სარწმუნოებისა და სათნოების გზით იქცეს ღვთის ერად? უპირველესი ჭეშმარიტება ისაა, რომ დიდი საზოგადოებრივი უბედურებანი არაა შემთხვევითობის ან გაუგებარი ბედისწერის ბრალი, არამედ საღვთო განგების მოქმედება, რომელიც მართლმსაჯულებითა და გულმოწყალებით იმართება. მეორე, უშუალოდ პირველის მომდევნო ჭკუისსასწავლებელი ჭეშმარიტება კი ისაა, რომ საზოგადოებრივ უბედურებებს სინანულით უნდა შევხვდეთ და რაც კეთილდროულად, მით უკეთესი.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა