გულიდან წამოსული კურთხევა ღვთაებრივი კურთხევაა
...ახლა კი მე თქვენ „დაგწყევლით"! ასე ასე: დაე აღავსოს ღმერთმა თქვენი გულები მადლითა და დიდი სიყვარულით - ისე, რომ ჭკუიდან შეცდეთ, რომ ამიერიდან თქვენი გონება მიწას მოწყდეს და იყოს უფალთან ახლოს, ცაზე. დაე, შეიშალოთ ღვთაებრივი შეშლილობით, ღვთაებრივი სიყვარულისაგან! დაე, თქვენი გულები უფალმა თავისი სიყვარულით დაწვას!" აი, როგორ „დაგწყევლეთ" და ნუღარ გამამეორებინებთ, რადგან ჩემი კეთილი „წყევლა" ჩემი გულიდან მოდის და ამიტომ დიდი ძალა აქვს.
ჯერ კიდევ სანატორიუმში ყოფნისას მე თქვენ მეცოდებოდით, რადგან რვა წელიწადი ელოდებოდა მონასტრის მოწყობას, მაგრამ მონასტრის აშენებას არა და არ დაადგა საშველი. მაშინ მე გითხარით, როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერენ, მონასტერი ისე ჩქარა აშენდება, როგორც წვიმის შემდეგ სოკო ამოდის. ერთ წელიწადში უკვე მონასტერში იქნებით!-მეთქი; და მართლაც, ერთ წელიწადში მონასტერი შეიქმნა. მაშინ სანატორიუმში ჩემი სიტყვები გულიდან მოდიოდა, თქვენც კეთილშობილნი იყავით, ამიტომაც უფალმა არ მიგატოვათ. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
თუ შენ გულთან მიიტან ადამიანის ტკივილს, რომელიც თავმდაბლობით აღსავსე გთხოვს, ილოცო მისთვის, მაგალითად რაიმე ვნებისაგან გასათავისუფლებლად, და შენ ეტყვი მას: „ნუ გეშინია, შენ გამოსწორდები", ამით შენ მას ღვთაბრივ კურთხევას გადასცემ. ამ კეთილ სურვილში დიდი სიყვარული და დიდი ტკივილია და ამიტომაც დიდი ძალა აქვს. იგი ღვთისათვის სათნოა და ამიტომაც უფალი ამ კურთხევას ასრულებს. ეს იმას ნიშნავსა, რომ თავისთავად ტკივილი, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის გამო განიცდის, იგივე კურთხევაა.
ერთხელ, ომის დროს, მეთაურმა დამავალა სამხედრო ტრიბუნალისათვის გადამეცა ერთი ჩვენი თანამებრძოლი, რომელსაც ბრალად საკუთარი თავის დაჭრა ედებოდა. წარმოშობით იგი დასავლეთ საბერძნეთიდან იყო, პროფესიით მუსიკოსი, ღარიბი, ცოლშვილიანი. მან ასე გადაწყვიტა: „მირჩევნია ცალფეხა და ცოცხალი ვიყო, ვიდრე მკვდარი" და ფეხში ისროლა, რათა შინ გაეშვათ. ეს ომში დიდი დანაშაულია და სიკვდილით ისჯება.
მას არ უნდოდა, რომ მე იგი ტრიბუნალისათვის გადამეცა. მეც ძალიან მეცოდებოდა ეს უბედური, გული მტკიოდა მისი უბედურების გამო და ვუთხარი: „აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაზე უკეთ მოეწყობი! ჩვენი მეთაური შენ საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებით ბარათს გამოგზავნის და რომელიმე წყნარ ადგილას გაგამწესებენ; ისე რომ, შენს შვილებსაც დაეხმარები და თავადაც უსაფრთხოდ იქნები".
ქ. ნავპაქტში რომ ჩავედით, შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეთაურის წერილი ტრიბუნალში უკვე მოსულიყო და მისი საქმეც დაეხურათ. ასე გადაურჩა დახვრეტას. შემდეგ მეთაურს შეეცოდა იგი და რადგან ოჯახის მამა იყო, მზარეულად დანიშნა ახალწვეულთა განაწილების ცენტრში. მან თავისი ოჯახი ახლოს გადმოიყვანა და მთელი ომი ყველაზე კარგად გაატარა. ზოგჯერ ჯარისკაცები სადილად არ მოდიოდნენ და მას საჭმელი რჩებოდა ხოლმე. ისე რომ, შვილების გამოკვებასაც ახერხებდა.
ის, რაც მე მას ვუსურვე, ღვთისათვის სათნო იყო, რადგან მე ტკივილითა და მთელი გულით ვუთხარი. ამიტომაც უფალმა ეს კურთხევა შეასრულა.
მახსოვს სხვა შემთხვევაც ჩემი ცხოვრებიდან: 8 სექტემბერი იყო - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა. დღესასწაულის შემდეგ მომლოცველებმა ყველაფერი თავდაყირა დატოვეს. მე დავიწყე ნელ-ნელა დალაგება. ვხედავ, ჩემი და და კიდევ ერთი ქალიშვილი დარჩნენ დასახმარებლად. ამ გოგონას კიდევ ორი და ჰყავდა - უფროსი და უმცროსი. ორივე გათხოვილი იყო, ეს კი ჯერ არა. როდესაც ყველაფერი გაასუფთავეს და დაალაგეს, მან მითხრა: „მამაო, თუკი არის კიდევ რამე გასაკეთებელი, დავრჩებით და გავაკეთებთ, რაც საჭიროა". - „რა კეთილშობილებაა!" - გავიფიქრე მე. შევედი ტაძარში და მთელი გულით ვთქვი: „ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მოაწყვე მისი ცხოვრება შენ თვითონ, მე არაფერი მაქვს, რომ მას მივცე". რომც მქონოდა, მაინც არაფერს აიღებდა ჩემგან. და აი რა მოხდა: იგი სახლში დაბრუნდა, იქ კი ჩემი ყოფილი თანამოსამსახურე ელოდებოდა - ბიჭი კი არა ნამდვილი ოქრო იყო, ძალიან კარგი ადამიანი და ოჯახიც ძალიან კარგი ჰყავდა. ისინი დაქოწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ხედავთ, როგორ დააჯილოვა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა?!
წყალი, მარადიული ცხოვრებისა და წყალი, ჯოჯოხეთში ჩამავალი
არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებიდან
კურთხევა და ლოცვა, - ეს საკრალური სიტყვებია, მაგრამ არის სიტყვები, საწამლავის ან განმგმირავი მახვილის ტოლფასი - ეს წყევლაა. თუ მშობლების კურთხევა იცავს შვილებს მრავალი უბედურებებისგან, უმართავს სულიერ გზას, ზოგჯერ კი გარდაუვალი სიკვდილისაგანაც იფარავს, მშობლების წყევლა სიცოცხლის ქვეშ ეშმაკის ფრთების მსგავსად გაფენილი შავი სამგლოვიარო საფარია. როდესაც მამა წყევლის საკუთარ შვილს, მკვლელობის ტოლფას სისასტიკეს ჩადის, უარყოფს მამობას და წყევლის სიტყვით თავის შვილს დემონს გადაცემს. წყევლა ეს უბედურების სურვილია მიწიერ ცხოვრებაში ეშმაკისადმი მიმართული.
ძველად ფინიკიელი კერპთაყვანისმცემელბი ბავშვების ცეცხლში დაწვით მსხვერპლს სწირავდნენ დემონს. ქრისტიანი მშობლები კი საკუთარი შვილების წყევლით მათზე ბნელ ძალებს უხმობენ მთელი ცხოვრების მანძილზე დასატანჯად და საკუთარი ნადავლივით მარადისობაში წასაყვანად. მშობლები ამით საკუთარ შვილებს ჯოჯოხეთისკენ კრავენ ხელს. წყევლა, ისევე, როგორც კურთხევა, მომავალ თაობებზე გადადის, რაც არანაკლებ საშინელია. მისი ბეჭედი ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს აქვს დასმული. მეფე სოლომონი წერს, რომ დედის წყევლა „აღმოფხვრის ბავშვებს სახლიდან". არიან ოჯახები, რომლებსაც მუდმივად თავს ატყდებათ უბედურება, ყველა საქმე ეშლებათ, ბავშვები უკვდებათ, ხეიბრები ან ავადმყოფები ებადებათ. არიან ადამიანები, რომელთაც სახეზე აღბეჭდილი აქვთ რაღაცნაირი განწირულობის ნიშანი, რაც უფრო ხშირად მათი მშობლების ან წინაპრების წყველის შედეგია.
საკუთარ მოსისხლე მტერსა და შეურაცხმყოფელზე წარმოთქმული წყევლა უსამართლოდ და სისასტიკედ ერაცხება მაწყევარს; მისი დამღუპველი და გამანადგურებელი მოქმედება იმ ბოროტებას აღემატება, რაც კი ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორეს მიაყენოს. ამიტომაც პავლე მოციქული არა მარტო მცნებად უდებს ქრისტიანებს, არამედ ევედრება მათ: „ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ!" (რომ. 12, 14).
წყევლათაგან ყველაზე საშინელი მოძღვრის წყევლაა, შემდგომ კი - მშობლისა. მღვდელი, რომელიც თავის შეურაცხმყოფლებსა და მტრებს წყევლის, ხდება მკვლელი, რომელსაც ერთ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში კი - ნაჯახი. შვილების მაწყევარი მშობლები ის გველები არიან, რომლებიც შხამიანი კბილებით გესლავენ საკუთარ შვილებს. წყევლა ლოცვაა ეშმაკისადმი მიმართული, რომ შური იძიოს ჩვენს მაგივრად ადამიანზე, იყოს მისი გზის დამაბრკოლებელი და ავადმყოფობით ჩაიბუდოს მის სხეულში, დაიჭიროს მისი გული, როგორც საკუთარი ნადავლი, რათა მას მფარველი ანგელოზი განეშოროს და ღმერთმაც მიატოვოს.
ხშირად ადამიანი საკუთარ თავსაც იწყევლის ამ დროს. იგი იმ უგუნურს ჰგავს, რომელიც საკუთარ სხეულში იცემს დანას და სატანას ეძახის, რათა თავისთან წაიყვანოს. ასეთი ადამიანი თითქოს ბორკილდადებული ტანჯვა-წამებაზე მიდის. თუ ყველაზე დიდი მცნება სიყვარულის მცნებაა, წყევლა ამ მცნების საწინააღმეგო ყველაზე დიდი ცოდვაა.
შენიშნულია, რომ ერი, რომელშიც წყევლაა გავრცელებული, გადაგვარების გზაზე დგას.
ქრისტე დედამიწაზე მოვიდა მთელი კაცობრიობის ძველი წყევლის მოსახსნელად. მაშასადამე, ვინც იწყევლება, ის ქრისტეს საქმეს ეწინააღმდეგება.
როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც საკუთარ შვილებს წყევლის? პირველ რიგში, უნდა მოინანიოს ეკლესიაში - ღმერთს სთხოვოს, რომ მისი უგუნური სიტყვები არ აღსრულდეს და ამისათვის შეასრულოს ეპიტიმია (სასჯელი); თუ პირობები საშუალებას აძლევს, ეკლესიაში შეუკვეთოს ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მსახურება მათთვის, ვისაც წყევლიდა, ან მათ სახელზე მოწყალება დაურიგოს ღარიბებს. წყევლით შებილწული ბაგეები, როგორც ადამიანის სისხლით დასვრილი, უნდა დანიწმინდოს და განიბანოს იესო ქრისტეს გამუდმებული მოხმობით.
რა ქნან მათ, ვინც მშობლებისაგან არიან დაწყევლილნი? წყევლის საპასუხოდ მხურვალედ უნდა ილოცონ მშობლებისათვის, გაიაზრონ ის შეცდომები, რისთვისაც დაწყევლილები იქნენ; მღვდლისგან ითხოვონ წყევლის სპეციალური ლოცვის წაკითხვა და ეპიტიმია; ეცადონ ხშირად მიიღონ წმიდა ზიარება. თუ შესაძლებელი იქნება, აუწყონ ამის შესახებ მღვდელმთავარს. ჭრილობის მიყენება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მორჩენა, მაგრამ სინანული და ღმრთის მოწყალება ყოველნაირ ჭრილობას კურნავს, ან ძალას აძლვეს ადამიანს გამოცდის გადასატანად.
არის სიტყვები, რომლებივ აცოცხლებენ და არის სიტყვები, რომლებიც კლავენ. კურთხევა - ეს ის წყალია, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში მიედინება. წყევლა - მკვდარი წყალია, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაედინება და დედამიწაზე ამოიშხეფა ხოლმე უგუნური ადამიანების ბაგეთა საშუალებით.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.