სქიმოსანი იღუმენი საბა (ოსტაპენკო)

ამპარტავნების შესახებ

სულიერ შვილთა გამოცდის ცხოვრებისეული მაგალითები

ზოგჯერ გასაოცარიცაა მზაკვრობა ბოროტის გამოცდისა. გახსოვს, ერთხელ როგორ შეეჯიბრე მორჩილებაში შენს მეგობარს? როგორი აღფრთოვანებით მოხვედი მაშინ! შენ ხომ მას აჯობე! მე მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანდა. ჩემი ეჭვები დადასტურდა, შენ მაშინ ხარობდი არა როგორც კეთილი თესლის მთესველი, არამედ როგორც მოწინააღმდეგეზე გამარჯვებული.

გახსოვს? როგორ განაწყენდი ჩემზე, როდესაც საერთოდ ჩამოგაშორე მორჩილებას, ეს დიდი ხნის წინ იყო... ახლა შენ სხვანაირი ხარ, მაშინ სულიერი აღზრდის ასეთი მეთოდი შენთვის უკიდურესად აუცილებელი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხედველობიდან არ გამორჩეს ამპარტავნების აღმოცენების მომენტი. მაშინ მე გავიფიქრე: თუ ახლავე არ მოუგრეხ კისერს ამპარტავნებას, მერე უკვე გვიან იქნება. ახლა, რა თქმა უნდა, მადლობელი ხარ, მაგრამ მაშინ როგორ მებრძოდი?

სულიერი შვილები არცერთ ვნებაზე ისე არ რეაგირებენ, როგორც ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობაზე. ამ ცოდვის გამოაშკარავებას პირად შეურაცხყოფად ღებულობენ და ბრაზდებიან, ამიტომ საჭიროა, გონიერებას მოვუხმოთ და ცხოვრებისეული გამოცდილება გამოვიყენოთ, ანუ მიზეზის განმარტების გარეშე მოვიყვანოთ მორჩილებაში, საჭიროა, ადამიანი განვაშოროთ იმას, რაც მასში ამპარტავნების ვნებას იწვევს. დროთა განმავლობაში ადამიანი ხვდება, რა ხდება და რა იწვევს ყოველივეს.

ერთმა ჩემმა სულიერმა შვილმა სამწუხარო ისტორია მომითხრო საკუთარ თავზე, თუ როგორ ჩააგდო იგი ბოროტმა ძალამ ამპარტავნებაში და როგორ ეხმარებოდა მფარველი ანგელოზი ამ ბრძოლების ამოცნობასა და დაძლევაში.

სამსახურში მას საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა და ამ გზით დიდ მეცნიერებთან ჰქონდა ურთიერთობა. ერთხელ პროფესორმა თქვა:

- აი, მეცნიერებამ რომ აღმოაჩინოს, რა პროცესები ხდება აქა და აქ, მაშინ ამისა და ამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, შესაძლებელი იქნებოდა კოლოსალური ეკონომია ელექტროენერგიაში!

მოსაუბრემ ასეთი პასუხი გასცა:

- აი, რა ხდება... და გაუაზრებლად, თითქოს სიზმარში ესაუბრებოდა და ესაუბრებოდა მას, თვითონ კი შიშით ფიქრობდა: თურმე როგორი ვარ!.. ვინ საუბრობს ჩემში? და რას ვამბობ? ახლა ყველა გაიგებს, რომ მე სულიერებაში ვარ... როგორ შეხედავს ამას ხელმძღვანელობა? გამათავისუფლებენ!

შერცხვა და შეეშინდა მას, შეჩერება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. ასეც კი თქვა:

- ეს ყველაფერი შეგიძლიათ გამოცდილებით შეამოწმოთ!.. თვითონვე დარწმუნდებით!

ერთი თვის შემდეგ კი, როცა მისი სიტყვები დადასტურდა, ისე განადიდეს, რომ ხუთი წლის განმავლობაში იგი გამუდმებულ შიშში იყო საკუთარი თავის გამო.

მას ყველაზე რთული პრობლემებით მიმართავდნენ. ისეთი ნათელი გონება ჰქონდა, რომ თავიდან თვითონვე უკვირდა და ეშინოდა, შემდეგ კი მიეჩვია და ხუთი წლის შემდეგ, თავისთვისვე შეუმჩნევლად დაეთანხმა ამპარტავან აზრს. საკუთარ აზრს დიდება მიაწერა და ამ დროიდან დაიწყო მისი დაცემა.

მან ზემოდან დაუწყო ყურება სხვებს, უკვირდა განსწავლულ ადამიანთა და ადმინისტრატორთა „უგუნურება", ზოგჯერ ზიზღის გრძნობაც კი ჰქონდა... იგი ადამიანში ღვთის ხატებას ვეღარ ხედავდა, გაუჩნდა უსამართლობის გამძაფრებული შეგრძნება, მკვეთრად გამოხატავდა გარშემომყოფთა ნაკლოვანებებს და აღშფოთებული იყო მათი „უღირსი" ქმედებით. „მდაბიო" ხალხის ფონზე იგი აშკარად გრძნობდა საკუთარ უპირატესობას და გამუდმებით ამეტებდა მათ თავს.

მის წარმოდგენაში ადამიანები ორ კატეგორიად იყოფოდნენ - ცუდები და კარგები. „ცუდ" ადამიანებს იგი გაურბოდა და ზურგს აქცევდა. „კარგებთან" ალერსიანი, თავაზიანი, ყურადღებიანი იყო, როგორც მშობელი მამა ანდა ძმა. ზრუნავდა მათზე, უყვარდა და საპასუხოდაც იგივეს ღებულობდა: მათ შორის, როგორც იტყვიან, მშვიდობა და სიწყნარე, ღვთის მადლი სუფევდა, განწყობილება ყოველთვის ამაღლებული ჰქონდა, მხიარული იყო და თავს კარგად გრძნობდა.

შენიღბულ მტერს იგი სულ უფრო შორს მიჰყავდა და გამარჯვებისაკენ ისწრაფვოდა. ამპარტავნება მასში თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა. საკუთარ თავში იგი სხვათა დამოძღვრის ნიჭს ხედავდა, შესაძლებლობას იმისა, რომ ისინი ეცხოვნებინა. სწორედ ამ დროს დაემართა მას ისეთი რამ, რამაც საშინელ, პირქუშ და გამოუსწორებელ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მოულოდნელად ეშმაკი მას ორივე მხრიდან დაესხა თავს: საკუთარი ამპარტავნების სიღრმე დაანახვა და ხორციელი ვნებები აღუძრა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იგი მას გმობისა და მრუშობის აზრებით სტანჯავდა.

- ვერ გეტყვით, რით დასრულდებოდა ეს ყოველივე, - დაასრულა თხრობა მოსაუბრემ, - სულიერ მოძღვარს რომ არ შევხვედროდი. ვფიქრობ, ჯოჯოხეთის ტანჯვა არ ამცდებოდა. მაგრამ მოწყალე ღმერთმა, რომელსაც ცოდვილის სიკვდილი არ ნებავს, შემიბრალა და მიჩვენა სულიერი გზა, როგორც ცხოვრების ღუზა. მიხსენით ამპარტავნებისაგან! ო, როგორ მეშინია ამ ვნების! ხომ შეიძლება გაამაყდე ასეთი ფიქრით: „მე თავმდაბალი ვარ!"

ხედავ, როგორი კაცთმოყვარეა ღმერთი! მან დაუშვა კაცის მძიმე ცოდვებში ჩავარდნა, მაგრამ ეს მისთვის თავის დამდაბლების საშუალებაა. ახლა, რასაკვირველია, იგი სიფრთხილეს გამოიჩენს საკუთარი თავის შეფასების დროს.

გულწრფელად გეტყვი, სულს უხარია, როცა ხედავს, რომ უფალს ასეთი გზით მიჰყავს, ანუ ცოდვილი მწუხარებით მიდის სინანულამდე. გადატანილი განსაცდელები მყარი კედელივით იცავს ქრისტიანს მტრის ახალი გამოცდისაგან, განსაკუთრებით საკუთარი თავის გადამეტებული შეფასებებისაგან. ეს კი მთავარია. ზოგიერთები, ალბათ, ფიქრობენ: „როგორი მკაცრია მოძღვარი!.." აი, მაგალითად, ერთხელ ახლადდაქორწინებული სულიერი შვილები მოვიდნენ. ქმარი ცოლის თანდასწრებით ჩივის და ამბობს:

- მამაო, მას ვერაფერს მოაწონებ, ამპარტავანი, ჭირვეული, ბუზღუნაა, არაფერი მოსწონს. მაიძულებს, ყველაფერი მისი შეხედულებით გავაკეთო, მე ანგარიშს არ მიწევს, არაფერზე არ მეთანხმება, ცოდვაში მაგდებს... რა ვქნა?

- ცოლი ისე გიყვარდეს, როგორც შენი სული, - ვპასუხობ მე, - მაგრამ მსხლის ხესავით შეანჯღრიე იგი, როდესაც სათნოებას განგაშორებს. მოიქეცი ასე და ასე...

განაწყენდა ქალი ჩემზე და, ალბათ, გაიფიქრა: „აი, მოძღვარი!.. როგორია!.."

ზოგჯერ ასეთნიც ვართ, რათა შემდეგ ყველა ბედნიერი იყოს მიწაზეც და ზეცაშიც.

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვებით სულიერ შვილთა ცხოვრებიდან, თუ როგორ დათესა ბოროტმა მტრობა ორ გოგონას შორის და როგორ დასძლიეს მათ ეშმაკი იმით, რომ თავიანთ ჯვრებს ემთხვეოდნენ.

თავიდან ეს გოგონები დიდი მეგობრები იყვნენ და ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ. მაგრამ ეშმაკ და მზაკვარ მტერს შეშურდა ასეთი მეგობრობისა და მათ სულში შფოთი შეიტანა. ერთი ეუბნება მეორეს:

- შენ ამპარტავანი ხარ!

მეორე კი პასუხობს:

- შენ კი ზეაღმატებული ამპარტავანი ხარ!

რასაკვირველია, მტრობა ჩამოვარდა. ფერები გამკრთალდა, ყველაფერს სხვა ელფერი მიეცა. ყველა სიტყვა შებრუნებული მნიშვნელობით ესმოდათ. თითოეული მათგანი ფიქრობდა: „აი, როგორ შეიძლება შეცდე ადამიანში! მე კი მეგონა, რომ მასზე კარგი ქვეყნად არავინაა".

ერთმანეთს გაურბოდნენ, რამდენადაც ამის საშუალებას საერთო მორჩილება იძლეოდა. ორივე მწერდა: „მამაო, რა ვქნა? ვიღუპები! დაგვაშორეთ."

ერთს ვეკითხები:

- ემთხვევი ჯვარს შენი მეგობრის სახელზე?

- არა.

- რატომ? ნუთუ არ იცი, რომ შენს ჯვარს უნდა ემთხვიო იმისათვის, ვინც სიმძიმედ გაწევს?

- შემინდეთ, მამაო, დამავიწყდა.

- აი, - ვეუბნები, - ბოროტმა ძალამ ისარგებლა თქვენი სისუსტით და თავის ნებაზე გატრიალებთ. ემთხვიე ხოლმე ჯვარს მის სახელზე ხუთჯერ დილასა და საღამოს, ილოცე და გულწრფელად ითხოვე მისი ცხონება. ისიც ასე მოიქცევა. ამით მტერს დაამარცხებთ და თქვენს შორის კვლავ მშვიდობა და სიყვარული დამყარდება.

მათ ჯვარზე მთხვევა და ერთმანეთისთვის ლოცვა დაიწყეს. შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი მეუბნება:

- ვხედავ, როგორ ტირის ჩემი მეგობარი, ძალიან მებრალება! ვფიქრობ: მას ხომ მე ვაწვალებ, მე მხეცზე უარესი ვარ... და თვითონაც ცრემლად ვიღვრები... ვუყურებ მას და ვტირი, არაფრის თქმა კი არ შემიძლია, მრცხვენია. ვფიქრობ: არ დამიჯერებს, იფიქრებს, რომ ფარისეველი ვარ. ვდუმვარ. გადის ერთი კვირა, მეორე... ვდუმვართ, ზოგჯერ ვტირივართ, განსაკუთრებით ტაძარში, და შეფარვით ვუყურებთ ერთმანეთს. ერთხელ მისი მზერა დავიჭირე. მასში იმდენი განცდა, ისეთი სიყვარული იყო, რომ თავი ვერ შევიკავე და კისერზე ჩემოვეკიდე ქვითინით: „დაიკო, გულწრფელად და ღრმად მიყვარხარ... თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა. დამერწმუნე, გულწრფელად გეუბნები!"

ისიც მეხვევა და დაუსრულებლად მკოცნის, შემდეგ კი გაბრწყინებული მზერით მეუბნება: „მჯერა, მჯერა, დაიკო! სწორედ იმიტომ ვტიროდი, რომ ვხედავდი, როგორ იტანჯებოდი ჩემს გამო... როგორი სულელები ვართ ჩვენ, დიდები, ბავშვებზე უარესნი!"

ამ შემთხვევის შემდეგ მათ ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად უყვარდათ. სასიამოვნოა მათი ყურება. ყოველთვის მშვიდნი, მზრუნველნი, ენერგიულნი არიან...

ხედავ, რა ძალა აქვს ღვთის ცხოველსმყოფელ ჯვარს! როგორც იტყვიან, ამპარტავნება ის-ის იყო, დაიბადა, მათ კი საფუძველშივე დაამარცხეს იგი. დატანჯეს საკუთარი თავი, სამაგიეროდ, ახლა კარგად არიან. რომ დაშორებოდნენ ერთმანეთს, ცოდვა ფარულად განაგრძობდა მათში არსებობას და გაიზრდებოდა, დროდადრო დატანჯავდა მათ. ისინი ერთმანეთზე ცუდი შეხედულების იქნებოდნენ და ძველ ცოდვებს კიდევ ახლები დაემატებოდა. ახლა კი ისინი ფაქტიურად, დარწმუნდნენ, რომ თუ ადამიანი ბოროტ ძალას არ ებრძვის, თვითონვე ბოროტდება. დაგვიფარე, უფალო!

აი, რა სასარგებლოა განსაცდელები და მათთან ბრძოლა! მათი საშუალებით ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს, ხოლო როდესაც ჯვარს ემთხვევა, მაშინ ბოროტის მახესაც კარგად ხედავს. ამიტომ თითოეული განსაცდელის შემდეგ სულ უფრო გამოცდილი ხდება. მხოლოდ არ უნდა დაგვავიწყდეს ჯვარზე მთხვევა და ლოცვა მათზე, ვინც ჩვენ გვამძიმებს და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ბოროტი ძალა ვერაფერს დაგვაკლებს.

გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება

ამპარტავნება ყველაზე საშიში და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, იგი ღვთის გმობასა ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებაში აგდებს.

ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები გაუმხილონ სულიერ მოძღვარს, ფარავენ მათ და გულში ატარებენ მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს ბევრს აგდებს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.

გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ბრძოლებში. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისაგან! აქედან სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!

ნურასოდეს დაივიწყებ, რომ დღესაც ბოროტი ძალა სულის ცდუნებას ცდილობს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს, ხოლო როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს. შენ კი იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდავ, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გულმოწყალების შესახებ, მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.

მამაცნი და სულით ძლიერნი სასოწარკვეთილებაში არ ვარდებიან განსაცდელის ჟამს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არამედ მამაცურად ებრძვიან მას ანდა მოთმინებით ელოდებიან მათ დასასრულს და მხოლოდ აძლიერებენ ლოცვას. უფრო ხშირად კითხულობენ წმიდათა ცხოვრებათა წიგნებსა და მამათა სწავლებებს, უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და ეზიარებიან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს. ასეთ შემთხვევაში ეშმაკი თავს ანებებს მოღვაწეს და განსაცდელიც გადაივლის. ასე მოიქეცი შენც, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი შეგინდობს ყოველგვარ ცოდვას, ოღონდ გულს ნუ გაიტეხ, არამედ გულწრფელად შეინანე ისინი.

ჩვენ, ქრისტიანები, სასოწარკვეთილებაში უნდა ვიყოთ? თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს საკუთარ თავში ის ჭეშმარიტება, რომ თუკი ღვთის მართლმსაჯულებას თუნდაც ერთი ცოდვილის გამოსახსნელად ხელმეორედ დასჭირდება ჯვარცმა, ქრისტე სიხარულითა და სიყვარულით გაეკვრებოდა ხელახლა ჯვარზე, რათა ეს ცოდვილი ტანჯვისაგან გამოეხსნა და მის გამო უსასტიკეს ტანჯვას გადაიტანდა.

შენ ფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებულია? არა, ჩემო მეგობარო! თვითონ გაიაზრე... წარმოიდგინე, რაოდენ მძიმედ ვგრძნობთ თავს იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელიც ამაზრზენ, ჭუჭყიან ტანსაცმელშია ჩაცმული და თვითონაც ისეთი ჭუჭყიანია, რომ მასზე შეხება საშინელებაა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მოშორებითაა, მაინც იწვევს ჩვენში უსიამოვნო შეგრძნებას... მაშინაც კი, როდესაც ახლობელი, საყვარელი ნათესავი (მაგალითად, მეუღლე, მშობელი, შვილი) გვეხვევა, გვკოცნის, პირიდან საშინელი სუნი ამოსდის... რა არასასიამოვნოა! სუნთქვას იკავებ, რომ უსიამოვნო სუნი არ შეისუნთქო. ძალიან გინდება, სწრაფად მოიშორო თავიდან ასეთი ადამიანი, სწრაფად გათავისუფლდები მის ახლომყოფობისაგან, რათა მან განწყობილება არ გაგიფუჭოს, რათა უიმისოდ თავისუფლად ამოისუნთქო.

აი, თვით უწმიდესი და უსპეტაკესი უფლის წინაშე ჩვენ უფრო ჭუჭყიანები და უსიამოვნო სუნის მქონენი ვართ, მაგრამ იგი ჩვენ ხელს არ გვკრავს, პირიქით, თვითონ მოგვიხმობს თავისთან ყველაზე ახლო და მჭიდრო ურთიერთობისათვის, გვთავაზობს რა საკუთარ თავს უწმიდეს საიდუმლოებათა სახით, მოგვიტევებს ცოდვებს, რომელსაც ვაღიარებთ; წმენდს და ასპეტაკებს სულს; ის ცოდვები კი, რომლებიც მოუნანიებლად რჩებიან სულზე, საშინლად ყარს, უფალი კი ითმენს... დიახ, დიახ, წვალობს, იგუდება, მაგრამ... ითმენს.

ყოველი ცოდვა, როგორც სამსჭვალი, როგორც ჩაქუჩის დარტყმა, ხელმეორედ აჭედებს მას ჯვარზე, ზრდის ტანჯვას, მაგრამ იგი ითმენს, მას ვუყვარვართ... იგი ელოდება, როდესაც მისი თავგანწირვა, ბოლოს და ბოლოს, შესძრავს ჩვენს სულს საპასუხო სიყვარულით... თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობით, თუ სიყვარულით ვერა, მისდამი სიბრალულით მაინც შევწყვიტოთ ჩვენი ცოდვებით მისი ტანჯვა ჩვენივე კეთილდღეობისათვის, ჩვენივე ცხოვნებისათვის.

ჩვენ მას ვარისხებთ, ჯვარზე ვაკრავთ, ის კი მოთმინებით იცდის, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვეგებით გონს! ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაწამებთ მას, ის კი სასუფეველში სამოთხის ნეტარებას გვიმზადებს, ელოდება ჩვენს გამოსწორებას თუნდაც ცხოვრების დასასრულს...

რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა შეიძლება დაემატოს ამ ნათელ, ცხოველსმყოფელ სურათს?

გიხაროდენ, რომ შენი თავმდაბლობისათვის უფალმა შენზე ცოდვების სიმწარე დაუშვა და არ გაგახსენებს, თუკი სინანულის შემდეგ აღარ დაუბრუნდები მას. ახლა შენ, ცხოვრების გამოცდილებით დაბრძენებული, დიდი გრძნობითა და სიყვარულით ჰმადლობ უფალს ცოდვისაგან გათავისუფლებისათვის, ცოდვისა და სიკვდილის ხსოვნა კი თავმდაბლობისა და მორჩილების გამუდმებულ მაცხოვნებელ გრძნობას შეგინარჩუნებს.

მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს

ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა განსაცდელები, რათა სათნოებებში სრულყოფილებას მივაღწიოთ.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში. სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.

სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და ტანჯავს ადამიანს. ადამიანს თანამყოფობენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთანაც! საქმეც ბევრი როდი აქვთ... სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.

მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოებისა, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებითაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელია, დაბნეული, დაუდევარი, ღვთისა და საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ უგდებს, იგი ადვილად ექცევა ეშმაკის ქსელში და მართალს უპირისპირდება. დევნილ მართალს შეუძლია, ლოცვით მოიხმოს ზეციური სასჯელი უწმიდურის დასასჯელად, რომელიც სატანის ბრჭყალებში აღმოჩნდა, მაგრამ... როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარსა და მოწაფეს, მას უყვარს თავისი მდევნელი, ლოცულობს მისი ცხოვნებისათვის, ითმენს და ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის ამოიცნობს ცოდვილი ეშმაკის მზაკვრობას და უფალს სინანულით მიმართავს, მისგან კი შენდობას ითხოვს. ამაშია მართლის ძალა, რომ მას უყვარს... ითმენს... ელოდება. ამიტომაა იგი მართალი, ამიტომ მას უფალი ყველაფერში შეეწევა, მადლსა და სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს უბოძებს, რადგან იგი ქრისტე-მაცხოვრის ნაფეხურს მიჰყვება.

ასევე შენც, ჩემო მეგობარო, მიბაძე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. გიყვარდეს ყველა, დაითმინე ყველასგან, გაუკეთე ყველას სიკეთე და ელოდე განსაცდელის დასასრულს; და, რაც მთავარია, იცხოვრე არა შენი, არამედ ღვთის ნებით, ამრიგად კი სულ მალე შეიცნობ წყალობას.

მოკლე დარიგება

გამოგიტყდებით, ჩემო მეგობარო, შენი წერილის ზოგიერთმა ადგილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. იმედია, ხვდები, რასაც ვგულისხმობ.

მინდა გაგაფრთხილო, ნუ წარმოიდგენ, თითქოს რაიმე წარმატებას მიაღწიე. ასეთი აზრები ძალზე სახიფათოა.

ნუ დაივიწყებ, რომ როდესაც თავმდაბალ ადამიანს სათნოებები უმრავლდება, ამით წმიდა ანგელოზები ხარობენ, რამეთუ სათნოებებს ცხოვნებასთან მივყავართ. ხოლო როდესაც პატივმოყვარე ადამიანს უმრავლდება სათნოებები, ამით ეშმაკები ხარობენ, რადგან პატივმოყვარეობა სწრაფად გადაიზრდება ამპარტავნებაში და სულს დაღუპავს. შენთვის კი, ასეთი ტალანტის მქონე ადამიანისათვის, ეს საშიშროება ორმაგდება. თვითონაც ვერ შეამჩნევ, როგორ დაწყებს ზრდას ამპარტავნება. ხოლო ნიჭიერ ამპარტავანს უფრო მეტად უჭირს ბრძოლა სიამაყესთან, ვიდრე ვინმე სხვას. იგი საკუთარ თავში უშვებს აზრს, რომ შურის გამო აბრალებენ ამპარტავნებას და არ სწორდება.

სინამდვილეში ყველა ნიჭიერ და გონიერ ადამიანს, ისევე, როგორც ამა ქვეყნის ძლიერთა და მდიდართ, კი არ უნდა ეამაყებოდეს, არამედ უნდა ეშინოდეს ღვთის წინაშე წარდგომა თავისი ტალანტების გამრავლების გარეშე. „ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თვისისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას" (ლუკა 12, 47-48). გირჩევ, ჩემო მეგობარო, სუნთქვაშეკრულმა, ისე, რომ მთელი სამყაროც დაგავიწყდეს და საკუთარი თავიც, ყურადღებით მოუსმინე ჩვენი მაცხოვრის რბილ, ალერსიან და მორიდებულ ხმას, რომელიც სიყვარულით ეუბნება ყველას: დაიმდაბლე თავი ისევე, როგორც მე დავმდაბლდი; შეიყვარე ყველა, მტრებიც კი, როგორც მე შივეყვარე; ჰქმენ კეთილი, იყავი მოწყალე, როგორც მე; მომბაძე და მომყევი მე.

დიახ, ჩემო მეგობარო, თუ გსურს, შეგიძლია, გაიგონო უფლის ხმას, რომელიც იდუმალ ესაუბრება სულს, თუკი გამუდმებით ივარჯიშებ ამაში. შენ უკვე გაქვს რაღაც გამოცდილება და გარკვეული წარმატებები, რაც გულწრფელად მახარებს. შეგეწიოს უფალი!

რა თქმა უნდა, ხუცესისაგან ასე შორს და ასეთ პირობებში ცხოვრება ძნელია, მაგრამ ხომ ხედავ, თვით უფალი შეეგწევა! ამით რწმენაც განგიმტკიცდება. შენს გულისთქმებს კი ასეთ სერიოზულ მნიშვნელობას ნუ მისცემ (მხედველობაში მაქვს გმობის აზრები). შენ ხომ მათ პასუხობ: „არ მსურს!" ყურადღებას არ აქცევ მათ, არ განიხილავ, მაშასადამე, ცოდვაც არ არსებობს. ისინი თავს გაბეზრებენ და ამით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებენ, მაგრამ ნუ გრცხვენია და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი. გახსოვდეს, რომ მათ შეუძლიათ, სული სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე შეაწუხონ, მაგრამ თუ შენ ყურადღებას არ მოადუნებ, ზიანს ვერ მოგაყენებენ.

ისინი ისე მიიღე, როგორც ძაღლის ყეფა: იყეფებენ და გაგეცლებიან. და საერთოდაც, მინდა გითხრა, რომ მუდამ ფხიზლად იყო... გახსოვს, რამდენ ხანს აწუხებდა ეშმაკი ერთ ჩვენს მეგობარს პატივმოყვარე ფიქრებით? ბოლოს მაინც მიაღწია იმას, რომ თვითკმაყოფილი აზრები ჩაუნერგა, შემდეგ კი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

გამოფხიზლდი! ბოროტ ძალას არ სძინავს, ფხიზლად ადევნე თვალყური საკუთარ თავს, ხოლო როდესაც გულისთქმები შემოგესევა, ასე მიმართე:

- მე კარგად ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი, არაფერი მაბადია, არაფერი შემიძლია, ბოროტების მეტი. ყველაფერი კარგი ჩემში მხოლოდ ღვთისგანაა, მას ეკუთვნის დიდება!

ამით გაიმარჯვებ საკუთარ თავზე და დამდაბლდები.

რედაქტორი: მღვდელი თეოდორე გიგნაძე
თარგმნა ხათუნა რაქვიაშვილმა