წესდება განდეგილი ცხოვრებისა

შედგენილი ანტონი დიდის მიერ

  1. ბოროტს ბოროტით ნუ მიუზღავ და შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ნუ უპასუხებ, რადგან შენი დამცირება-დაკნინება უფლის ნებით ხდება, რომელიც ხედავს, რომ თვით შენ არ დაიმდაბლებ თავს.

  2. ყველანი, უფროსნიც და უმცროსნიც, მაღლად მდგომნი და დამორჩილებულნიც, დაე, მარად ლოცულობდნენ, და მაშინ არ შთავარდებიან მრისხანების ცოდვაში.

  3. ვინც მეორე ყვრიმალს მიუპყრობს თავის გამლახავს, იგი თავის დამცირებაშიც მხნე და გახარებულია; უფალი ჩვენი იესო ქრისტე არასდროს არ მიატოვებს მას, რადგან სახიერი და მოწყალეა იმათ მიმართ, რომელნიც მრავალს დაითმენენ მისთვის და ეძიებენ მას; ღმერთი ძალასა და სიმტკიცეს მიანიჭებს ესევითართ, სანამ ისინი სიმშვიდეში არ დამკვიდრებულან ბოროტ ვნებათაგან განთავისუფლებულნი. ამრიგად, ძმანო, გიხაროდეთ, თუკი მწუხარება და განსაცდელი შეგხვდებათ, რადგან მათ სიმშვიდე მოსდევს ხოლმე, კეთილ ნაყოფთა გამომღებელი.

  4. ნუ გეშინია გაკიცხვისა და განქიქებისა ადამიანთაგან, დაე თუნდ უსამართლოსი.

  5. თუკი გაიგებ, რომ რომელიმემ ძმათაგან შესცოდა, ნუ მოიძაგებ მას, ნურც ზურგს შეაქცევ და ნურც განიკითხავ, რადგანაც თუკი ასე არ იქმ, შენი უბოროტესი მტრების ხელთ შთავარდები.

  6. ნურავის ნუ უყოფ ბოროტს და ნურც განიკითხავ ვინმეს.

  7. შენს სასმენელთ ნუ მიაპყრობ იმას, რომ ბოროტი სიტყვა მოისმინო სხვათა შესახებ, არამედ შემწყნარებელი და მოწყალე იყავი ადამიანთა მიმართ, და ცხოვნდები.

  8. ნურავის ნუ განსჯი და განიკითხავ, რადგან სხვათა გაკიცხვაში ცნაურდება შენი დაცემა.

  9. ნუ გაკიცხავ და საყვედურს ნუ ეტყვი შენს ძმას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დაინახავ, რომ მას უფლის ყველა მცნება დაურღვევია; თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ თვით შენ შთავარდები კაცთა მოდგმის უბოროტესი მტრის ხელთ.

  10. ნურავის ნუ დაჰგმობ და განიკითხავ ადამიანთაგან, რათა ღმერთმა არ უგულებელჰყოს შენი ლოცვა-ვედრება.

  11. რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს ამისთვის, ნურავის ნუ წარმოუჩენ და განუცხადებ მის რაიმე მანკიერებას.

  12. არავინ არ გაჰკიცხო მის უძლურებათა გამო.

  13. როცა მოწყალების საქმეთ იქმ, სხვათა დასანახად ნუ გააკეთებ ამას.

  14. როცა სულიერ ღვაწლში წარმატებული იქნები, ნურასდროს და ნურავის წინაშე ნუ დაიქადებ ამას.

  15. იმ კეთილი საქმის შესახებ, რომლის ქმნაც განგიზრახავს, ნურავის ნუ ეტყვი წინდაწინ, არამედ ჯერ მოიმოქმედე იგი.

  16. თუკი რაიმე კეთილ საქმეს მოიმოქმედებ, თავს ნუ მოიწონებ და ნუ ეტყვი საკუთარ თავს; აი, რა კარგი რამ ვქმენო; რადგანაც ბრძენი კაცი არასდროს არ დაიქადებს თავისი ქველის საქმით.

  17. ნუ იქნები სახელის მოყვარე და გულში ნუ გაივლებ სურვილს თავის განდიდებისა; თავმომწონედ ნუ ეტყვი ხოლმე საკუთარ თავს - მე ესა და ეს კეთილი საქმეები გამიკეთებია, ამა და ამ საქმეში წარვმატებულვარო. ამგვარი ფიქრი ამპარტავნების სულითაა გამსჭვალული, და ის მოსაგრე, რომელიც ასეთი ზრახვების ტყვე შექმნილა, არაწმიდა სულთა შესაკრებელი გამხდარა.

  18. ნუ განუდგები და უგულებელჰყოფ ღმრთის ნებას იმისთვის, რომ ადამიანთა ნება აღასრულო.

  19. ღმერთIს მცნებას არასოდეს არ გარდახდე იმის გამო, რომ ადამიანის მეგობრობას სცემ პატივს.

  20. ნუ იქნები პირმოთნე, ნურც რაიმედ მოაჩვენებ თავს ვინმეს, და, მით უმეტეს, ნურც სიცრუეს იტყვი.

  21. არამხოლოდ სხვათა წინაშე იყავი ყოველთვის მართალი, არამედ საკუთარი თავის მიმართაც გამოავლინე სიბრძნე, სიმდაბლე, დიდსულოვნება, მოთმინება, მოშურნეობა და კაცთმოყვარება.

  22. ნუ აღიმაღლებ თავს შენი კეთილი საქმეებით, როგორი დიდიც არ უნდა იყვნენ ისინი.

  23. ნუ აღიმაღლებ თავს ამპარტავნებას დამონებული და ნურაფერს ნუ დაიქადებ.

  24. ამპარტავნების სული შორს განაგდე შენი თავისაგან, ხოლო მოყვასი შენი, და საერთოდაც, ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად და ამაღლებულად მიიჩნიე.

  25. არ არსებობს უფრო დიდი უკეთურება და უმსგავსოება, ვიდრე ის, რომ მწუხარება მიაყენო შენს მოყვასს, განსაცდელში ჩააგდო იგი და საკუთარი თავი ღირსებით სხვებზე მაღლად დააყენო. ვინც ასე იქცევა, იგი დაღუპვის გზაზე დგას.

  26. ნუ მიიჩნევ თავს ბრძენად, ნურც იტყვი, ღვთაებრივ სიბრძნეს ვარ ნაზიარებიო, რადგან ამგვარად ამპარტავნებას დაემონები და ცუდად განდიდებული სული შენი კაცთა მოდგმის მტერთა ხელთი იქნება შთავარდნილი.

  27. ნუ მიჩნევ თავს ყოვლის მცოდნედ და ღვთაებრივ სიბრძნეს მიწევნულად, სრულყოფილების რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიო, ნუ იტყვი ხოლმე - მეც ძალმიძს ეს, მეც კარგად ვუწყიო ეს, რადგან თუკი ასე მიეცემი ამპარტავნებას, შენი შრომა და ღვაწლი ცუდად წახდება, და შენი სულის ხომალდსაც ამაოდ უცურავს აქამომდე ამქვეყნიური ცხოვრების ზღვაში.

  28. ის მონაზონი, რომელიც არ აღასრულებს ხოლმე ყოველივე ზემოთქმულს, ღმერთის მრისხანებას მიაწევს საკუთარ თავს და თავის მთელ ღვაწლსა და შრომას დაღუპავს. მე, მამა ანტონი, ჭეშმარიტებით გეტყვით თქვენ, ძმანო, ყოველივე ამას. მაშ, ყური მოაპყარით ჩემს სიტყვებს, რომელთაც უფლის კარნახით გეუბნებით, და ღრმად დაიმარხეთ ისინი თქვენს გულებში; მტკიცედ უწყოდეთ, რომ ამ მცნებებით მე შემოქმედს მივუძღვნი თქვენს სულებს. თუკი დაიმარხავთ ყოველივე ზემოთქმულს, განიხარებთ შჭეშმარიტი სიხარულით ყველა ანგელოზთან და წმიდანთან ერთად, ხოლო ყველა ბოროტ სულს, რომელთაც თქვენი დაღუპვა მოსურვებიათ, მწუხარებით მოსწყლავთ და გააწბილებთ. მართლიად ვიდოდეთ ამ მცნებებით, და ღმერთი თქვენთან იქნება მარად, და მისი წმიდა ანგელოზნიც შეგეწევიან ყოველს ჟამს და თქვენს გვერდით იქნებიან ყოველი განსაცდელის დროს. მაშინ სულნიცა თქვენნი წმიდანთა კეთილსურნელებით აღივსებიან, და პირისახეცა თქვენი ნეტართა ნათლით გაცისკროვნდება, და თქვენ, მსგავსად ყველა წმიდანისა, კანდელი შეიქნებით ღმერთისა, და საბოლოოდ უფალსაც შეიძენთ სიხარულითა და სიტკბოებით, თქვენს მიმრქმელს, და გაიგონებთ აქამდე გაუგონარ ხმას, რომელი გეტყვის: „...კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ! შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა! (მათე, 25,21).

  29. ნუ გადაუხვევ ნურც ერთისაგან ზემოთქმული შეგონებებისა, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭეშმარიტ სიმშვიდეს მოგმადლის, და მშვიდობით დაასრულებს შენს ამ ღვაწლს, რომელსაც შესდგომიხარ. სრულყოფილნი მამანი და ისინიც, ვინც მათ ჰბაძავდა სულიერ ღვაწლში, კიდევ უფრო მეტად სრულყოფილნი შეიქნენ ამ სწავლა-შეგონებათა აღსრულებით.

  30. თუკი მოგესურვება ყოველივე ზემოთქმულს რაიმე მიუმატო კეთილ საქმეთაგან, მიუმატე, და გაუნწყვეტლივ მადლი მიუძღვენი ხოლმე ღმერთს, რომელმაც სიბრძნე და გულისხმისყოფა მოგანიჭა.

  31. ყოველღამ ცხარე ცრემლები ღვარე შენს სარეცელზე და დაალტვე იგი; სინანულით დაიმდაბლე ხოლმე თავი წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რათა მან წაშალოს შენი ცოდვები და შენც განგაახლოს, რათა შეწევნა თვისი მოგმადლოს შენ კეთილ საქმეთა აღსრულებისათვის და მოგანიჭოს თავისი საუკუნო სასუფევლის დამკვიდრება. მას პატივი, დიდება და თაყვანისცემა თანა სახიერით მამით და სულიწმიდით აქ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.