მღვდელი როდიონი

ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია

ექსტრასენსთა „რელიგია"

განსაკუთრებით ცნობილ ექსტრასენსებზე უამრავი სტატია და წიგნია შექმნილი. ექსტრასენსები გულახდილად საუბრობენ რადიოთი და ტელევიზიით. აღფრთოვანებული კორესპონდენტები, როგორც წესი, არ იკვლევენ მათი ძალების ბუნებას, მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს. სახეზეა საშინელი უმეცრება. გავაგრძელოთ საუბარი ჯუნას შესახებ. აკად. ა.გ.სპირკინის მოწმობით, ჯუნა ასირიელია. დაიბადა არმავირის მახლობლად, მისი დედ-მამაც, ბებიაც კურნავდნენ, ასე რომ ეს „ნიჭი" - ბიოველის დემონური ძალა - მას მემკვიდრეობით გადმოეცა. ჩვენი სენსიტივები, რომლებიც ვიზუალურად ხედავენ მის ბიოველს, ამბობენ, რომ მისი ველის სიხშირე სრულად განსხვავებულია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისა. როგორც ვხედავთ, ჯუნას ჯადოქრობა მემკვიდრეობით გადმოეცა. ეს „ნიჭიც" (სხვანაირად რომ ვთქვათ, „კეთილისმყოფელი" ეშმაკის, ან ეშმაკის მსახურთა დახმარება, რომელთა მეშვეობითაც ჯადოქარი თავის მაგიურ ქმედებებს აღასრულებს) მემკვიდრეობით წინაპართაგან მიიღო. 1990 წელს ამერიკაში გამართულ ჯადოქართა ყრილობაზე მან ფურორი მოახდინა სასწაულებით. ამჟამად იგი დიდ პრაქტიკას ეწევა, დემონიზმის სენს ნერგავს ბრმადმორწმუნე ადამიანთა სულებში.

ა. მარტინოვი, გამომცემელი წიგნისა „აღიარებული გზა", რომელიც პრაქტიკულად დამწყებ ექსტრასენთა სახელმძღვანელოა, მიუთითებს, რომ პიროვნული ქრისტე-ღმერთი მას არა სწამს, სამაგიეროდ აღიარებს ენერგიის მომცემი „გარკვეული კოსმიური ძალების" არსებობას. რადიოთი თავის გამოსვლაში მან პრეტენზია მესიის როლზე განაცხადა და სახარების ნაცვლად თავისი ახალი წიგნი „ხარება" შემოგვთავაზა. აქ სატანიზმი ღია და დაუფარავი სახითაა წარმოდგენილი. მარტინოვი უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობას და გამოდის, როგორც „ცრუ-მესია" თავისი „ახალი" სწავლებით, სრულდება მათეს სახარების წინასწარმეტყველური სიტყვები: „რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინასწარმეტყუელნი და ჰყოფნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა" (მათე 24, 24), მაგრამ ადამიანი მხოლოდ ქრისტეს მცნებებით, მისი ჯვარცმის, კაცობრიობის გადარჩენისა და ცხოვრებისათვის სიკვდილით გადარჩება და ეს სწორედ იმის წყალობით, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია. მან დაამარცხა სატანა, დათრგუნა მისი ძალაუფლება ნათელღებულ, მორწმუნე კაცობრიობაზე. ამიტომაც, როცა ადამიანს ქრისტეს რწმენას ართმევენ, იგი კვლავ დემონური ძალების მონა-მორჩილი ხდება. როგორც ჩანს, სწორედ ამას ესწრაფვის მარტინოვი.

მე მომმართა ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ძალზე დააზიანა რუცკოს სეანსებმა, სადაც იგი მხედველობის გასაუმჯობესებლად დადიოდა. მისი მხედველობა არ გაუმჯობესებულა, სამაგიეროდ სხვა „ნიჭი" შეიძინა - დღე-ღამის განსაზღვრულ საათებში, დამოუკიდებლად თავისი სურვილისა, ის იწყებს უნებლიე მოძრაობებს ხელებით, ფეხებით, მთელი სხეულით, აკეთებს კუნ-ფუს მსგავს დარტყმებს, ზოგჯერ კრუნჩხვებამდეც კი მიდის. მოგვიწია უიღბლო მორწმუნის გაგზავნა კვეთებულის ლოცვებზე (კვეთებულის ლოცვებს კითხულობს მღვდელი, რომელსაც არაწმინდა სულების განდევნის მადლი აქვს მინიჭებული).

მოვუსმინოთ, რას ამბობენ ეს „მკურნალები" საკუთარ თავზე. იური ტარასოვმა განაცხადა, რომ იგი „მეოთხე თაობის ჯადოქარია". კორესპონდენტის შეკითხვაეზ: „აი, მე შევამჩნიე, რომ თქვენ ოსტეოქონდროზით დაავადებულ პაციენტს აჯილდოებდით თქვენი ბიოველით, მინუალური თერაპიითა და ფსიქოთერაპიით. ყველაფერი ეს ფართოდაა ცნობილი, არატრადიციული მედიცინის წარმომადგენელს ჯუნას, კაშპიროვსკის კარგად ვიცნობთ, თქვენ სამივენი ერთ გზას ადგახართ, ჯადოქრობა რაღაში გამოიხატება?" ტარასოვმა ამაზე უპასუხა: „თქვენი კითხვა შეიცავს პასუხს. რატომ არ ვუწოდებ ჩემს თავს ექსტრასენსს? იმიტომ, რომ ექსტრასენსს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ მეათედი იმისა, რაც ნებისმიერ საშუალო ჯადოქარს ძალუძს; იგივე შეიძლება ითქვას ჰიპნოზიორებზე, ბალახით მკურნალებზე (აქ იგულისხმება არა ფიტოთერაპია, რაც ეკლესიის მიერ არის ნაკურთხი, არამედ ბალახებზე დამზადებული წამლების შელოცვა - მთარგმნელის შენიშვნა). ფსიქოთერაპევტებზე... თითოეული ამ მიმართულებათავანი აისბერდის მხოლოდ ხილული ნაწილია".

უკიდურესად გულახდილადაა ნათქვამი: „აისბერგის ხილული ნაწილი", მისი ქვედა უხილავი ნაწილი კი ჯოჯოხეთში იმყოფება.

შავი და თეთრი მაგიის არსებობის შესახებ ტარასოვმა განაცხადა: „...ბოლო კონგრესზე ესპანეთში შავ და თეთრ ფერებს დაემატა კიდევ ორი ფერი: მწვანე და წითელი. მაგრამ რა საჭიროა ხალხმა ამის შესახებ იცოდეს? ეს, როგორც იტყვიან, ჩვენი სამუშაო ფერებია, სამსახურეობრივი მოხმარებისათვის... „ცოდნა", თავისთავად, ნეიტრალურია... საქმე იმაშია, თუ ვინ ფლობს მას".

სხვანაირად რომ ვთქვათ, „ცოდნას" (ე.ი. ტარასოვის მიხედვით, გარშემო მყოფებზე ზემოქმედების უნარს) როგორც თეთრ, ასევე შავ მაგიაში ერთი და იგივე სათავე გააჩნია. ხოლო რა მხრივ მიმართავს ჯადოქარი მათგან მიღებულ ენერგიას, სიკეთისა თუ ბოროტებისაკენ, დამოკიდებულია მხოლოდ მის სურვილზე, ისინი ცნობილია, რომ სულიწმიდისაგან ბოროტება არ აღმოცენდება. მართლმორწმუნეს, რომელიც ღვთის მადლით არის მოცული, ბოროტი ვერ დაიმორჩილებს. იგი მხოლოდ ღვთის ნებით მოქმედებს, ღმერთი კი დასაბამითვე ადამიანის საცხოვნებლადაა მოწოდებული.

„გარკვეული კოსმიური ძალები", მართლმადიდებლურად - ეშმაკები სიამოვნებით ეხმარებიან მათზე მინდობილ ადამიანს. აი, რას ვკითხულობთ ნიმოკანონში, წმინდა მოციქულთა მსოფლიო საეკლესიო კრებათა წესებისა და დადგენილებების კრებულში: „მოგვები ის ადამიანები არიან, რომლებიც ზოგჯერ კეთილისმოქმედ ეშმაკებსაც მოუხმობენ, რათა ზოგი რამ სასიკეთოც მოიმოქმედონ, მაგრამ თავისი არსით ისინი მაინც ფლიდები და ბოროტმოქმედნი არიან". მარტო ტარასოვი არ არის ამ აზრისა. სხვა ჯადოქარმა, ვინმე გ.-მ ჩემს ნაცნობთან პირადულ საუბარში გულახდილად განაცხადა: „ექსტრასენსული მონაცემები მხოლოდ პირველი საფეხურია შავი მაგიისაკენ მიმავალ გზაზე".

ფსიქოთერაპევტ კაშპიროვსკის, რომელიც 1989 წლის 24 ნოემბერს ღამის 12 საათის შემდეგ გამოვიდა ტელევიზიით, მოჰყავდა ციტატები შავი მაგიის წიგნიდან და ეყრდნობოდა მას, როგორც სრულიად მისაღებ და პოზიტიურ წყაროს. კაშპიროვსკის ზემოქმედების დემონური ხასიათი უკვე მისი სეანსების დროს გამოვლინდა. ამას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ვ.ლებედევის მონაცემები ადასტურებს. მოვიყვანთ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს. „გამოკვლეულია 2015 მოსწავლე, რომელთაგან 93% ჩართული იყო კაშპიროვსკის სეანსში, სეანსის დროს აღინიშნებოდა აკვიატებული მოძრაობანი, ისტერიული რეაქციები, ჰალუცინაციური ფენომენი და სხვა ფსიქიკური დარღვევები". სახეზეა დემონის მიერ ადამიანის სხეულის დაუფლების ნიშნები. უნებლიე მოძრაობანი, ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებელი შეძახილები და შეგრძნებები, ისტერიკა - ყველაფერი ეს ეშმაკით შეპყრობილის აშკარა ნიშნებია. „42%-ს ეუფლება ჰიპნოზური ძილი. სეანსის შემდეგ 76%-ს აღენიშნება სხვადასხვა ფორმის ფსიქიკური დეზადაპტაციის მოვლენა. მკვეთრად შეინიშნება თვითჩაგონებისა და ისტერიულია რეაქციის აღმავლობის ტენდენცია. ტაშკენტის ოლქის №49 საშუალო სკოლის მოსწავლეებს კაშპიროვსკის სეანსების დროს განუვითარდათ ჯგუფური ისტერიული რეაქცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ამან სკოლის დეზორგანიზაცია განაპირობა.

ტელესეანსების შედეგად, თუნდაც მხოლოდ ფოტოსურათი ეხილათ კაშპიროვსკისა, ზოგიერთი ბავშვი კატალეპსიის მდგომარეობაში ვარდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაერღვათ ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი და შთაგონებით მოქმედებდნენ. მათ შორის იყვნენ დანაშაულებრივ მოქმედებათა მქონე მოზარდები და ზრდადასრულებულნიც კი. სეანსის შემდეგ სხვადასხვა ფსიქონერვიული აშლილობის გამო საჭირო გახდა მრავალი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. ვ.ლებედევმა გამოიკვლია ტელევიზიით ექსტრასენსთა ტელესეანსის 6228 მაყურებლის წერილი. აი, შედეგები: „63%-ს აღენიშნა ავადმყოფობის მკვეთრი გაუარესება. შემდგომმა გამოკვლევებმა დაასაბუთეს, რომ სეანსის დროს 15 თითქოსდა განკურნებულიდან 13-ში კვლავ თავი იჩინა ავადმყოფობამ გაცილებით მწვავე ფორმით. გარდა ამისა, ზოგ ავადმყოფს სეანსის დამთავრებისთანავე გაურთულდა მდგომარეობა. კაშპიროვსკის ზნეობრივ სახეს ავლენს ვინმე ლუსია ურშოვას წერილი, გაგზავნილი ყოფილი სსრკ გენერალური პროკურორის სახელზე: „კაშპიროვსკიმ რეკლამის გაკეთების მიზნით გამომტყუა თანხმობა უნარკოზო ქირურგიულ ოპეაციაზე, რომელიც ჩემი უწყების გარეშე გადაიცემოდა ტელევიზიით. ოპერაციის დროს განვიცდიდი საშინელ ტკივილებს, რამაც შემდგომში გამიუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა. კაშპიროვსკი ახდენდა ფილმის მისთვის ხელსაყრელი სარეკლამო ვარიანტის ჩვენებას: მასში მე შიშველი ვარ. პრესაში ამცირებს ჩემს ადამიანურ ღირსებას. იმის გამო, რომ აგერ უკვე 18 თვეა, არსებობის ყოველგვარ სახსარს მოკლებული, ვიმყოფები საავადმყოფოში. გთხოვთ დამეხმაროთ, რათა აღვძრა საქმე სასამართლოში კაშპიროვსკის წინააღმდეგ".

რატომ დადიან ზოგჯერ ექსტრასენსები ეკლესიაში?

მაშ ასე, იყენებენ რა ადამიანთა სწრაფვას, ნებისმიერი გზით გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექსტრასენს-ჯადოქრები მათ უარეს მდგომარეობაში აგდებენ, ეშმაკეულებად აქცევენ და ღუპავენ მათ სულს. შეიძლება შემეკამათოთ, რომ არიან თეთრი მაგი-ექსტრასენსები, რომლებიც ეკლესიაში დადიან და ადამიანებსაც თითქოს ღვთის ძალით კურნავენ. ჰოდა, არა ღვთის ძალით, უმეტესწილად ისე, რომ ვერც კი ამჩნევენ, ისინიც დემონური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ძალები მოჩვენებითი წარმატების მოპოვების გზით მათში (ექსტრასენსებში) სულ უფრო და უფრო მეტ პატივმოყვარეობასა და სიამაყეს აღანთებენ, თავიანთ მორჩილ სათამაშოებად აქცევენ მათ და ამით საუკუნოდ ღუპავენ მათ სულს. ზოგიერთ მორწმუნეს აინტერესებს: თუ ექსტრასენსები დემონურ ძალებთან არიან დაკავშირებულნი, მაშინ თავად ისინი რატომ დადიან ზოგჯერ ეკლესიებში, სხვებსაც აგზავნიან, როგორც მათ უყვართ თქმა „ნათელი ენერგიის" მისაღებად. მრავალ მორწმუნეს უხილავს, რაოდენ დიდხანს დგანან ექსტრასენსები ხატების წინ, ხელებგაშლილნი, დაძაბულად თვალებგადმოკარკლულნი, ისინი ცდილობენ დაიმუხტონ ხატიდან გამომავალი ენერგიით. მღვდელ პავლე ფლორენსკის თქმით, „ხატი ესაა სარკმელი სხვა სამყაროში". თავს უფლებას მივცემ დავამატო, რომ ნალოცი ხატი სხვა სამყაროში ფართოდ გაღებული სარკმელია, რადგან ასეთ ხატთან, განსაკუთრებით კი სასწაულთმოქმედთან მიახლოებისას ჩვენ რეალურად ვგრძნობთ მასზე გამოსახული წმინდანის თანამყოფობას. როცა ხატს ვუცქერით მთელი არსებით, ჩვენ ზეაღვალთ პირველსახემდე და ჩვენი ლოცვა ათასი სხვა მლოცველის მიერ გაკვალული გზით ყოვლისმპყრობელი უფლის ტახტამდე აღწევს. ჩვენ ვღებულობთ პასუხს - ჩვენი ვედრება შესმენილია და შესრულდება.

ექსტრასენსები დგანან ხატების წინაშე და ისრუტავენ ათასობით ქრისტიანიის განუწყვეტელი ლოცვის შედეგად ხატის გარშემო კონცერტრირებულ ენერგიას. ხატს ამისგან არაფერი აკლდება, არც წმიდა გამოსახულების წინაშე მდგომ მორწმუნეთა ლოცვას, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ უგუნური უნდა იყო რომ „საქორწინო ნადიმზე" (ღმერთთან ლოცვითი კავშირის და ევქარისტიის სიმბოლო) მიგიწვიონ, შენ კი მაგიდის ქვეშ შეძვრე და სტუმრების ნასუფრალი ნამცებები აკრიფო, ნაცვლად იმისა, რომ თავი მაღლა ასწიო და დიდი დღესასწაულის ბრწყინვალებით ისიამოვნო.

ექსტრასენსთა უმნიშნველო ნაწილი თავად დადის ეკლესიებში საზიარებლად და სხვებსაც აქეთკენ მოუწოდებენ. ესენი დამწყები ექსტრასენსები არიან, ისინი, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩაწვდენია სატანურ სიღრმეებს და თავიანთი ღვთივრჩეულობით მედიდურობის სტადიაში იმყოფებიან. ისინი ეზიარებიან, რათა ახლა უკვე უშუალოდ დაიმუხტონ „დადებითი ენერგიებით". ეს აქტი მათ არწმუნებს იმაში, რომ კავშირი აქვთ ღმერთთან და სწორ გზას ადგანან. როგორც წესი, ისინი არასოდეს ამბობენ წრფელ აღსარებას და ირჩევენ იმ ეკლესიებს, სადაც საერთო აღსარების პრაქტიკაა დადგენილი (სადაც საკმარისია სიტყვის უთქმელად დახარო თავი ოლარის ქვეშ და ვალმოხდილის გრძნობით მიეახლო წმინდა ბარძიმს).

რა შორს არიან ისინი ქრისტესაგან, მისი თავმდაბლობის, მოთმინებისა და სიმშვიდისაგან, ეკლიანი გზისაგან, ასე მიღებული ზიარება ხომ სულაც არ იძლევა გადარჩენის გარანტიას. ყველაფერი ხომ წრფელ სინანულსა და იმ განცდაზეა დამოკიდებული, რომლითაც წმინდა ბარძიმს მივეახლებით. მოციქული პავლე ამბობს: „რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა ... ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი" (1 კორ. 11,26,27,29). სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ მრავალი ხიბლში მყოფი (ამაყნი, თავდაჯერებულნი) ადამიანი ხშირად ეზიარება, მაგრამ ეს როდი უშველის მათ.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზიარების მაცხოვნებელი საიდუმლოთი მიღებული მადლის მკა დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე, იმაზე, თუ როგორი უღირსებისა და სინანულის გრძნობით, საუკუნო ცხოვრების სურვილითა და ქრისტესადმი სიყვარულით მიეახლება იგი წმინდა ბარძიმს.

ექსტრასენსებს ასეთი განცდები არა აქვთ, მათ არ სჭირდებათ ქრისტე მაცხოვარი, მათ არ სჭირდებათ მისი ცხოვრებით ცხოვრება, მათ სჭირდებათ ენერგია.

ზემოთქმულიდან ვხედავთ, რომ ექსტრასენსებს ეკლესიაში სიარულს უმეტესწილად დემონი სიწმინდეთა წასაბილწად ჩააგონებს. ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

ხატებსა და წმინდა საიდუმლოებებთან მიახლების საშუალებას მოკლებული დემონი ეკლესიაში აგზავნის მასზე მინდობილ ადამიანს, რომელიც შემდეგ, სიწმინდეთა მიმართ მკრეხეული დამოკიდებულებისათვის (თუნდაც გაუცნობიერებლად) დემონური ენერგიის ახალი მარაგითა და ექსტრასენსორული მონაცემების გაძლიერებით აჯილდოვებს.

ზოგჯერ გვეკითხებიან: რატომ აგზავნიან ექსტრასენსები ხალხს მოსანათლავად? რატომ ამბობენ ზოგჯერ უარს მოუნათლავთან მუშაობაზე?

ამას ექსტრასენსები აკეთებენ არა იმიტომ, რომ ადამიანთ საუკუნო გადარჩენისათვის ზრუნავენ, არამედ იმიტომ, რომ, მათივე თქმით, მონათლულებთან უფრო ადგილია მუშაობა. როგორც ზემოთ ვთქვით, ექსტრასენსების ენერგია პიროვნულია და ავადმყოფთან მუშაობის დროს ხდება მათი ურთიერთზემოქმედება. მოუნათლავი ადამიანის სული კი ფართოდაა გაღებული არაწმინდა სულების ზემოქმედებისათვის და მუშაობის დროს არსებობს ამ სულებთან, ასე ვთქვათ, შეჯახების დიდი ალბათობა, რისთვისაც დამწყები ექსტრასენსები მზად არ არიან. ე.ი. მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მათთან „შეთანხმება". ისინი ადამიანებს მოსანათლავად აგზავნიან, რადგანაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ადამიანიდან განიდევნება არაწმინდა სულები და ექსტრასენსის მათთან არასასურველი შეხვედრისათვის ნაკლები შანსი რჩება. ავადმყოფებს ნათლობას ურჩევენ მხოლოდ დამწყები ექსტრასენსები. ისეთები კი, როგორცაა კაშპიროვსკი, თვითონაც მოუნათლავები არიან, და არც არავის ეკითხებიან, არიან თუ არა მონათლულნი, პირიქით, თავისი სეანსების დროს ისინი მოითხოვენ ყველა მეტალის საგნის მოხსნას. ე.ი. ჯვრის მოხსნას. გარდა ამისა, მონათლულ ადამიანებთან მუშაობის დროს ექსტრასენსები მათგან უმაღლესი დონის წმინდა ენერგიას შეიწოვენ ვინაიდან ნათლობის საიდუმლოთი ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. იგი ქრისტეს შეიმოსავს, ხდება ეკლესიის წევრი და მასზე გადმოიღვრება სულიწმინდის მადლი, და ის ენერგია, რომელიც შეუძლიათ მიიღონ მონათლული ადამიანისგან, ექსტრასენსებს მეტად ესაჭიროებათ.

თვითრეგულაციის სექციები

რუსეთში ფართო პოპულარობა ჰპოვა ე.წ. თვითრეგულაციის სექციებმა, სადაც, მისი ხელმძღვანელების აზრით, ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი თავი, მოიწესრიგოს ფსიქიკა, გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა და ა.შ. მართლაც, მრავალი ეტანება ამ სექციებს დაპირებულის იმედით. რა ხდება სინამდვილეში?

პეტრებურგის თვითრეგულაციის ჯგუფის მაგალითზე, რომელსაც ანტონოვი ხელმძღვანელობს, ჯგუფის იმ მოსწავლეთა მონაცემებით, რომლებმაც შემდგომში შეინანეს და განუდგნენ ამ სწავლებას, გამოირკვა, რომ თვითრეგულაციის მოცემული მეთოდიკა შეიცავს რამდენიმე ეტაპს.

პირველ ეტაპზე ადამიანები სწავლობენ საკუთარი სხეულისა და ემოციების ფლობას, რისთვისაც იოგაზე დაფუძნებულ სპეციალურ ფსიქო-ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებენ.

მეორე ეტაპზე ისინი ვარჯიშობენ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გაფაქიზებაში, ცდილობენ ფსიქიკის უსხეულო, უხილავ, მათივე თქმით, ასტრალური ყოფიერების სფეროში გარდაქმნას.

მესამე ეტაპზე მასწავლებლის დახმარებით ისინი კონტაქტში შედიან რომელიღაც „კოსმიურ ძალებთან" და მათი მეშვეობით იძენენ იმ ექსტრასენსულ მონაცემებს, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ამის შემდეგ მოსწავლე მასწავლებლისაგან დამოუკიდებლად მიღმიური ძალების ხელმძღვანელობითა და დახმარებით აარსებს საკუთარ ჯგუფს.

ზემოთქმულიდან ჩანს, რომ პირველ ეტაპზე სხეულის მომზადებით, ხოლო მეორეზე ფსიქიკისა და გრძნობების გაფაქიზებით, მოსწავლეები იძენენ დემო-კონტაქტის უნარს, ხოლო მესამე ეტაპზე მასწავლებლის დახმარებით დაცემულ სულებთან უშუალო კონტაქტში შედიან. მათგან ღებულობენ ძალასა და უნარს ე.წ. „სასწაულების" მოსახდენად.

მეოთხე და უკანასკნელ ეტაპზე კი ეს უბედურები, უდღეურები იმქვეყნიური ყოფის ჩვევათა შეძენას, დემონურ სამყაროსთან შერწყმას ცდილობენ, რათა სიკვდილის შემდეგ მათთვის ნაცნობ გარემოში კარგად იგრძნონ თავი. უნაყოფო გარჯაა! ღვთიურ სამსჯავროს ვერავინ დააღწევს თავს. როგროც სახარებაშია ნათქვამი, „რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ" (მათე 13, 41-42). რაც შეეხება მათს სასოებას ეშმაკის დახმარებით, ამაზე აპოკალიფსში ვკითხულობთ: „და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 20,10).

ვუბრუნდებით რა საუბარს თვითრეგულაციის სექციების შესახებ, ვხედავთ, რომ ამ ბრწყინვალე ჯანმრთელობისა და საკუთარი ორგანიზმის ძალთა ფლობის სატყუარას მიღმა იმალება ავბედითი ანკესი - კონტაქტი და კავშირი დემონურ ძალებთან. ამასთან პირველ ორ ეტაპზე მოსწავლეებს არაფერს ეუბნებიან მეცადინეობათა საბოლოო მიზანზე (რათა არ შეშინდნენ), მხოლოდ მოსწავლის მათთვის საჭირო ყაიდაზე გარდაქმნის კვალობაზე უცხადებენ მას ახალ და ახალ მიზნებს. გარდაქმნა კი შემდეგნაირად ხორციელდება: განსწავლის დროს მასწავლებელი ცდილობს მოსწავლის სულში დანერგოს თავისი „მე"-ს ნაწილი და მისი განვითარება წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით წარმართოს. ადამიანი განეწყობა გარკვეულ ტალღებზე, ყალიბდება ცხოვრების განსაზღვრული წესი, რომლის ცენტრში ვარჯიშები და მედიტაცია დგას. მართლმადიდებელობაზე მოქცევისა და ეკლესიაში სიარულის შემთხვევაშიც კი ადამიანს უკვე ძლიერ გაუჭირდება თავისი ცხოვრების გარდაქმნა ქრისტეს სწავლების შესაბამისად, რადგან ამისათვის სხვა სწავლებათა მთლიანი უარყოფა და ახალი ქრისტიანული ცხოვრების დაწყებაა საჭირო, უმტკივნეული გადასვლა აქ შეუძლებელია, რადგან სულიერი ცხოვრება დიამეტრალურად უპირისპირდება დემონურს. ასეთ სექციებში გაერთიანებული ადამიანი შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, მაგრამ იგი აქ ქრისტეს კი არ დაუწყებს ძებნას, არამედ „სუფთა ენერგიებს", ხატების ჭვრეტისას ღმერთს კი არ ეძებს, არამედ ენერგიის წყაროს. ასე რომ მათზე სრულდება ქრისტე მაცხოვრის სიტყვები: „დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი" (იოანე 12,40).

გაგრძელება...