ქრისტიანული ქორწინება

განმარტებანი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებისა

(გაგრძელება)

ოჯახური ბედნიერება. ოჯახურ საზრუნავს უეჭველად მოაქვს უდიდესი ოჯახური ბედნიერება. ღვთისაგან ბოძებული უდიდესი მადლის განმრავლება განა ბედნიერება არაა? რომელი დედა იქნება თანახმა შვილებს მოაკლოს სიხარული, რათა საფიქრალ-საზრუნავი აიცილოს თავიდან. ნუთუ უარს იტყვის რაიმე სიძნელეზე და განსაცდელზე ქმრის მოსიყვარულე ცოლი, ანდა ცოლის მოსიყვარულე ქმარი? თუკი ზოგჯერ რაიმე ხდება ჩვენი ნება-სურვილის გარეშე, ოღონდ სიყვარულით, ყოველთვის კეთილი ბოლო ექნება. იოლად გადაიტან დიდ დარდსა და მწუხარებას, როდესაც ირგვლივ ბევრი გულშემატკივარი გყავს. დიდი ქარიშხლის შემდეგ უდიდესი სიმშვიდე ისადგურებს. ყოველი დაძლეული დაბრკოლებისა და გადალახული განსაცდელის შემდგომ ვმაღლდებით და ვიწმინდებით.

ბედნიერი ოჯახი რომ გვქონდეს, გამუდმებით უნდა ვიზრუნოთ მისი კეთილდღეობისათვის. რაც არ უნდა ვეცადოთ მარტო საკუთარი ძალების რწმენით ვერაფერს მივაღწევთ თუ უფალი არ შეგვეწია. ამიტომ ამაოა ყოველი შიში და ძრწოლა. უბედურება მხოლოდ საკუთარი ცოდვები, წინდაუხედავი ნაბიჯები და ბოროტმოქმედებაა. მთელი ძალისხმევით უნდა ვერიდოთ ამ შეცდომების ჩადენას, თორემ მერე გვიანია თითზე კბენანი. ცოდვების ჩადენის შემთხვევაში ვერავინ დაგვამშვიდებს, რადგან, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი სინდისი - პირუთვნელი მსაჯული არ მოგცემს თვითდამშვიდების საშუალებას. განა აქვს რაიმე ფასი და მნიშვნელობა სხვათაგან გამართლებას ანდა დადანაშაულებას. ყველაზე დიდი მსაჯული ხომ შენივე სინდისია. როდესაც ჩვენი ნება-სურვილით ვანგრევთ ოჯახს, ადამიანური და ღვთაებრივი წესრიგის საწინააღმდეგოდ ვიქცევით.

მხოლოდ ჭეშმარიტად ქრისტიანული სულისკვეთების მქონე ოჯახებს ანიჭებს ოჯახური საზრუნავი ბედნიერებას. ის, რაც დიდ ტკივილს განგვაცდევინებს, ამავე დროს ცხოველი სიხარულის მომნიჭებელიცაა. ისე არავინ უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და ისე არავის ახარებს ავადმყოფის გამოჯანმრთელება, როგორც იმას, ვინც ერთხელ მაინ გამხდარა ავად და თავის თავზე უწვნევია ავადმყოფობის მთელი სიმძიმე. თუკი რაიმე გვაღელვებს, იმაზე ყოველთვის ვფიქრობთ და ვწუხვართ. მცენარე, რომელიც ჩვენი ხელით დავრგეთ, მოვუარეთ, გავახარეთ ხომ უფრო მეტ სიამოვნებას გვანიჭებს თავისი სილამაზით, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ არ დაგვირგავს?

ოჯახური სითბო და სიხარული. ამქვეყნიურ, მიწიერ ცხოვრებაში ოჯახურ სითბოსა და სიყვარულზე უფრო მეტი სიხარული არ არსებობს. ჩვენ, რასაკვირველია, შეგვიძლია მეგობართა და ახლობელთა წრეში ვიმხიარულოთ, გულწრფელად გავიზიაროთ ერთმანეთის ჭირი და ლხინი. მაგრამ საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ყველა ადამიანისათვის მშობლიური კერა, ოჯახი, სამშობლო მისი მსოფლაღქმისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საწინდარია. ამით აიხსნება ისიც, რომ ადამიანის ხასიათსა და ზნე-ჩვეულებებზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახური სითბო და სიყვარული, ის გარემო რომელშიც იგი აღიზარდა.

ოჯახი ბედნიერია, სითბოსა და სიყვარულს დაუსადგურებია, თუკი ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ გაურბის, სხვაგან არ ეძებს თავშესაფარს და გასართობს. შეხმატკბილებული წყვილი ერთმანეთს სიხარულით ხარობენ. ბედნიერება სრულყოფილია, როდესაც ერთი ადამიანის სიხარულს სხვებიც გულწრფელად იზიარებენ.

ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან სითბო და სიყვარული არასოდეს განელდეს მათ ოჯახში. ეს ცეცხლი, ადამიანთა გულების გამათბობელი, მეგობრობისა და სიყვარულის ცეცხლი, არც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეებში არ უნდა ჩაქრეს. სადაც იგი გიზგიზებს სათნოებასა და სამართლიანობას მსახურებენ ადამიანები, ბრწყინვალედ აღასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, თავად ბედნიერნი სხვებსაც აბედნიერებენ, ხოლო ვის სულებშიც ეს ცეცხლი არ ანთია, ისინი, სხვათა ბედნიერებით დამწუხრებულნი, გარშემომყოფთაც მოწყენილობისა და სევდისაკენ უბიძგებენ.

ამიტომ სიხარულისაკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც გვასწავლის: გიხაროდეთ და მხიარულ იყვენითო. ამიტომ მოახდინა სასწაული კანას გალილეაში ქორწილზე შემთხვევით მოხვედრილმა, როდესაც წყალი აქცია ღვინოდ, რამეთუ არ სურდა გაეწბილებინა მხიარული მექორწილენი. ჩვენც ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, ქრისტესმიერი სიყვარულით აღვავსოთ სხვათა გულები.

და რა ცოტა რამ არის საჭირო ამისათვის! ერთი მოსიყვარულე მზერა, ერთი კეთილი სიტყვაც კი საკმარისია კეთილმეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ოჯახში ყველაზე მეტად დედის ვალია კეთილსინდისიერად აღასრულოს თავისი მოვალეობა, რათა მხიარული გუნება-განწყობილება სუფევდეს ოჯახის წევრთა შროსი. თუმცა ყოველი დღე არ შეიძლება იყოს სიხარულის მომტანი, ოჯახურ ურთიერთობებს ხშირად ტკივილიც ახლავს ხოლმე. ოჯახურ სიმყუდროვეს ზოგჯერ მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი საფიქრალ-საზრუნავიც არღვევს. თუკი წყენა დიდხანს გაგყვება, სიძულვილი სულსა და გულში ღრმად გაიდგამს ფესვს, პატივმოყვარეობა იმძლავრებს და ეს ხშირად ოჯახის დანგრევის საბაბი ხდება. ყოველივე ეს, რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთს გავუწყრეთ სიყვარულით. სიყვარულით დავტუქსოთ და მივუთოთ ნაკლზე. სიყვარული სიყვარულს, სინაზეს, სიკეთეს შობს, სიძულვილი - სიძულვილს. თუკი შეცდომა იქნა დაშვებული, ვეცადოთ გამოვასწოროთ, გულისტკივილი და განცდილი უსიამოვნება აღარასოდეს გავიხსენოთ და წამოვაძახოთ ერთმანეთს. კეთილი ანგელოსი ღვთისმოსავთა და ჭეშმარიტ მორწმუნეთა ფუძესა და კერას არასოდეს სტოვებს, მუდამ მფარველობს.

ყოველ სახელმწიფოსა და ხალხს, თითოეულ ქალაქს თავისი დღესასწაულები და ღირსშესანიშნავი თარიღები აქვს, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ასევე, თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს საზეიმო დღეები: მშობლების, შვილების, ოჯახის უხუცეს წევრთა დაბადების დღეები, გარდაცვალებულთა დღეები, რაც კიდევ უფრო აახლოებს და ადუღაბებს ოჯახის სიმტკიცეს. არ არის აუცილებელი განსაკუთრებული გულუხვობით და სიმდიდრით გამოირჩეოდეს სადღესასწაულო სუფრა. მთავარია ეს თარიღი აღინიშნოს. ჭეშმარიტად ბედნიერი სხვის ბედნიერებასაც მიელტვის. აბა, გაიხედ-გამოიხედე შენს გარშემო, ხომ არსებობენ უბედური ოჯახები, ღარიბები, მათხოვრები, მოხუცებულები, რომლებსაც ყოველდღიური ლუკმა-პურიც კი სანატრელი აქვთ. მიდი, მოეფერე, ანუგეშე, დაეხმარე, მოწყალების ხელი გაუწოდე. დაე, მათი ლოცვა-კურთხევაც შეეწიოს შენს ოჯახს.

ამრიგად, თუ შენს კერას კეთილი ანგელოსი დასტრიალებს თავს, ეცადე, შეინარჩუნო ეს ბედნიერება. შენს გონებასა და გულს ნურასოდეს მოეძალება ბოროტი ფიქრები, ჩხუბსა და აყალმაყალს ერიდე, ნურც მდიდრული საჩუქრების გაცემას დაიწყებ. მართალაი, ამით შენს ახლობელს გულს გაუხარებ, მაგრამ უნებლიედ სიამაყისა და ამპარტავნებისაკენ უბიძგებ, თაფლში შხამს შეურევ, მუდამ გახსოვდეს თვითკმაყოფილების ნიღბით ზოგჯერ ოჯახში უსიამოვნება და წუხილი შეიძლება შეიტანო. ეცადე, ყველაფერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ღრმა რელიგიურობითა და ღვთისმოსაობით აკეთო.

ჭეშმარიტი ქრისტიანის გულს განუწყვეტელი სიყვარული მუდამ თან სდევს, იგი არად აგდებს სხვათა შეცდომებს, სხვათა სისუსტეებს, უფრო იოლად ძალუძს თავლისდახუჭვა ბევრ უსიამოვნო შემთხვევაზე. ყველა მოვლენასა თუ საგანში კარგი სურს დაინახოს, ვიდრე ცუდი, სიკეთის ფასი იცის და მტრის დამეგობრებაც ძალუძს. თუკი სათავე დაწმენდილია, წყაროც ანკარა!

ასეთია ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების წესი. ყოველი ადამიანი თავის ოჯახში, თავის სახლში დგამს პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში, უყალიბდება ხასიათი, კეთილი თუ ბოროტი ჩვევები. ხშირად გვსმენია: „ეს ადამიანი კარგი ოჯახისშვილია და პირიქით, ეს კაცი ცუდი ოჯახიდანაა და თვითონაც ცუდი პიროვნებაა". კეთილსინდისიერ გარემოში აღზრდილი ბავშვები ზნეობრივად დახვეწილნი, კარგები და კეთილები არიან, ხოლო ბოროტ ოჯახში - უწესო და გაუზრდელები. ამიტომ, კარგი ოჯახური გარემო ჭეშმარიტი ქრისტიანული ყოფა-ცხოვრების საფუძველია. ადამიანი არსად ისე უჩვეულოდ და უმტკივნეულოდ არ ითვისებს ქრისტიანული ცხოვრების ნორმებს, როგორც ქრისტიან ოჯახში, სადაც უპირველესი მცნება მოყვასის სიყვარულისა. არსად ისე აშკარად არ მჟღავნდება კეთილი თვისებები და ხასიათი, როგორც ოჯახში. თუკი არ გვიყვარს მშობლები, ძმები, დები, თუკი ვჩხუბობთ, ერთმანეთს არ ვინდობთ, მაშინ როგორღა გვეყვარება სხვები.

მოთმინება უდიდესი სათნოებაა. მოთმინება ყოველი ადამიანის სულის გადამრჩენელია. მოთმინება მხოლოდ ოჯახში შეიძლება ისწავლოს ადამიანმა. აბა, წარმოვიდგინოთ როგორი მოთმინება მართებს ცოლ-ქმარს შვილების აღზრდისას? როდესაც ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა შეეჩვიონ ერთმანეთის ხასიათს, მიუტეონ და აპატიონ ერთმანეთს შეცდომები, მოთმინება გამოიჩინონ ყოველგვარი დაძაბულობის ჟამს. უნდა შეეძლოთ პირადი სურვილების, მიზნების, მიდრეკილებების დავიწყება და ოჯახის ინტერესებით ცხოვრება. როდესაც ცოლ-ქმარი ზრუნავს შვილებზე, ავიწყდებათ თავიანთი თავი, ცოლი და ქმარი უფრო მეტად ერთმანეთისათვის ცხოვრობენ, ვიდრე საკუთარი თავისათვის.

დიდსულოვნება, მოთმინება, სიმშვიდე სულიწმინდის ნიჭია და მათი შენარჩუნება და განმტკიცება არსად ისე არ შეიძლება, როგორც ქრისტიანულ ოჯახში. კარგები ვართ თუ ცუდები - ეს ოჯახური ურთიერთდამოკიდებულების მაგალითზე შეიძლება დადგინდეს, როდესაც ვამჟღავნებთ საკუთარ პიროვნებას, არ ძალგვიძს მივჩქმალოთ საკუთარი ნაკლი, ვითვალთმაქცოთ. ოჯახური ცხოვრება ის სარკეა, რომელიც აირეკლავს თვითოეული ადამიანის ხასიათის თვისებებს.

სახლი და ოჯახი მეორე ეკლესია უნდა იყოს ქრისტიანისათვის და იქაც ისეთივე სიწმინდით და ღვთისმოსაობით უნდა ვიცხოვროთ, რათა ვცხონდეთ. ყოველი ჩვენი სიტყვა, საქციელი, იმ თესლს შეიძლება შევადაროთ, რომელიც გამოიღებს კეთილ ან ბოროტ ნაყოფს. ოჯახში განსაკუთრებით დიდია დედ-მამის როლი, შვილები მათგან სწავლობენ ლაპარაკს, მოქცევას. მშობლები შვილებზე წარუშლელ კვალს ტოვებენ, საიდან იღებს დასაბამს ის უღირსი საქციელი, როდესაც ღვიძლი ძმები ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობენ და მოუთმენლად ესწრაფვიან გაყრას? მშობლებმა ბავშვობიდანვე არ შთაუნერგეს მათ ურთიერთსიყვარული, ერთმანეთის გატანა, პატივისცემა არც სიტყვით და არც საქმით.

ასე არ ხდება კარგ ოჯახებში. იქ მშობლები ყოველთვის თვალყურს ადევნებენ თავიანთ შვილებს მოქმედებას, ხასიათს, უღვივებენ ერთმანეთის სიყვარულს, რადგან იციან, რომ კარგად აღზრდილი შვილები სიბერისა და აღსასრულის ჟამს მოხუც, უსუსურ მშობლებს არ მიატოვებენ განსაცდელში, მშობლების ზრუნვა-ამაგს ჯეროვნად დააფასებენ. ასეთი მშობლების აღზრდილი შვილები თავადაც კარგი მეუღლეები, მშობლები იქნებიან, რამეთუ მუდამ ემსახსოვრებათ, რომ მშობელთა ლოცვა-კურთხევის გარეშე არასოდეს იქნებიან ბედნიერნი და ვერც მშვიდად იცხოვრებენ.

თარგმნა მაია ინდუაშვილმა