გამონათქვამები წმიდა მამის ანტონი დიდისა
და გადმოცემანი მასზე

  1. თუმცა კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა ანტონი წინაღმდეგი არ იყო ღვაწლთა დაძაბულობის შენელებისაც, როგორც ამას მის პასუხში ვხედავთ ვინმე მონადირესადმი. გადმოგვცემენ, რომ ერთხელ ვინმე მონადირემ, უდაბნოში, გარეულ ცხოველებზე ნადირობის ჟამს დაინახა, რომ წმიდა ანტონი ძმათა შორის იშვებდა, და ამის გამო დიდად გაკვირვებული დარჩა, რადგან იცოდა ძმათა და მათი მოძღვრის მკაცრი განმარტოებული ცხოვრების შესახებ. მოძღვარმა მოუხმო ამ მონადირეს და იმ მიზნით, რომ დაერწმუნებინა იგი აუცილბლობაში დაძაბული ღვაწლის შესუსტებისა, უთხრა: დადე ისარი და დასჭიმე ღვედიო. მონადირემ დაჭიმა მშვილდი, კიდევ უფრო მეტად დასჭიმეო, - უთხრა მოძღვარმა. მონადირემ აასრულა ბრძანება, მაგრამ როცა მესამედაც უთხრეს, უფრო მეტად მოსჭიმეო, გაოცებულმა თქვა: ზომაზე მეტად რომ მოვსწიო, მშვილდი გადამიტყდებაო. მაშინ მამა ანტონიმ უთხრა მონადირეს: ამგვარადვეა საღმრთო საქმეც: თუკი ჩვენ ზომაზე მეტად დავძაბავთ ჩვენს ძალებს, მაშინ მთელი ჩვენი მცდელობა ერთ წამში შეიძლება დაირღვესო; ამიტომაც აუცილებელია, ზოგჯერ მცირედ შევანელოთ კიდეც ღვაწლი, რათა ზედმეტი დაძაბულობისაგან და ღვაწლთა სიმძაფრისაგან უფრო არ გამოჩნდესო ჩვენი უძლურება. როცა ასეთი შეგონება მოისმინა, ხსენებულმა მონადირემ ინანა თავისი თავდაპირველი გაკვირვების გამო და დამშვიდებული დაბრუნდა სახლში, ძმები კი განმტკიცებულნი წმიდანის შეგონებით, თავ-თავიანთ საკნებს დაუბრუნდნენ. უფრო მეტად კი ის გამონათქვამებია შემორჩენილი მამა ანტონისა, რომლებიშიც იგი სულიერი ღვაწლის არსს განგვიცხადებს, ანდა გვიჩვენებს იმგვარ მდგომარეობას გულისას, რომლის წყალობითაც განპირობებულია წარმატებული მოსაგრეობა მონაზონისა. აი, ეს გამონათქვამბი, ამოკრებილნი სხვადასხვა კრებულებიდან:

  2. მოთმინება. ეს ღვაწლი იმდენად აუცილებელია მოსაგრისათვის, რომ თუკი იგი არა აქვს შეძენილი, მთელი მისი მოსაგრეობა ამაოა ღმერთის წინაშე. ასე, მაგალითად: ერთხელ ძმები დიდად აქებდნენ ანტონის წინაშე ვინმე მონაზონს, როცა ქებული მოვიდა მოძღვართან, ანტონიმ მისი გამოცდა გადაწყვიტა - დაითმენს თუ არა შეურაცხყოფასო. და როცა დაინახა, რომ ამ მონაზონს სრულიად არ ძალუძს მცირე შეურახყოფის დათმენაც კი, უთხრა: შენ იმ სოფელს მაგონებ, ერთი შეხედვით რომ კარგი და აყვავებული გვეჩვენება, სინამდვილეში კი ავაზაკთაგან არის გაქურდულ-გაპარტახებულიო.

  3. მოთმინებით აღჭურვა იმისთვის გვესაჭიროება, რომ საცთური და გამოცდაც აუცილებელი ყოფილა ჩვენი სულებისათვის. ამიტომაც წმიდა ანტონი ამბობდა: თუ არ გამოიცადა და საცთურთა წინაშე არ იდგა, ისე, ვერავინ ვერ შევა ცათა სასუფეველში; დაღუპვის წინაშე დგომის გარეშე ვერავინ ვერ ცხოვნდებაო.

  4. ლ ო ც ვ ა . ლოცვით ღვაწლს მამა ანტონი პირადი მაგალითით ასწავლიდა, რადგან ყველამ კარგად უწყოდა, თუ რა გულმოდგინედ და ხანგრძლივად ლოცულობდა იგი. ჩვენ ვიცითო, გადმოგვცემენ წმიდანის მოწაფეები, თუ რა სიმძაფრით ჩაუღრმავდებოდა მამა ანტონი ლოცვა-ვედრებას, როცა მთელი ღამის განმავლობაში იდგა ამისთვის თავის სენაკში, და რაჟამს ამომავალი მზე შესწყვეტდა ხოლმე მის მგზნებარე, მხურვალე გონებიდან მომდინარე ლოცვას, მოძღვარი სინანულით შესძახებდა: რად მიშლი ხელს, მზეო?! იმისთვის ამოდიხარ განა, რომ განმაშორო ღვთაებრივი ნათლისაგან?! იმისთვის გამოანათებ განა, რომ გონება ჩემი ნათლის ხილვას მოაკლოო?!

  5. ც რ ე მ ლ ნ ი. ერთხელ, როცა ძმამ ვინმემ ჰკითხა წმიდა ანტონის, რა უნდა ვიღონო, რომ ცოდვები მომეტევოსო, მოძღვარმა ასე მიუგო: ვისაც საკუთარი ცოდვებისაგან გათავისუფლება სურს, მხოლოდ ტირილითა და ოხვრა-კვნესით, ანუ უკიდურესი მონანიებით შეძლებს ამასო; და ვისაც სურს ქველის საქმენი შეიძინოს და სათნოებას მიაღწიოს, დაე, ცრემლითა და მწუხარებით შეუდგეს ღვაწლთ. თვით ფსალმუნთგალობა, თავისთავად, ტირილი და ცრემლიანი სინანულია ღმერთის წინაშე. მარად გახსოვდეს მაგალით ეზეკიასი, იუდეის მეფისა, რომელმაც (როგორც ეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნშია ნათქვამი - თავი 38) ტირილითა და ცრემლიანი სინანულით არამხოლოდ განკურნვა მიიღო სენისაგან, არამედ იმის ღირსიც შეიქნა, რომ მისი ცხოვრება ამქვეყნად კიდევ 15 წლით გაგრძელებულიყო, რომელთა განმავლობაშიც იგი კეთილ საქმეებს იქმდა; აკი ღმერთის შეწევნით სძლია მან მტრის აურაცხელ, 185 ათასიან ლაშქარს, და ეს ძლევაც მას ღმერთმა სინანულით დაღვრილი ცრემლებისათვის მომადლა. წმიდა მოციქულმა პეტრემაც მწარე ტირილით დაღვრილი ცრემლებისათვის მიიღო შენდობა უფლისაგან, როცა ღამით სამგზის უარყო იგი. და აკი მენელსაცხებლე დედაკაციც ცრემლებს ჰღვრიდა მაცხოვრის ფერხთით, როცა ამ სიტყვების მოსმენის ღირსი შეიქნა: „ამინ გეტყვი თქვენ: სადაცა იქადაგოს სახაარებაი ესე ყოველსა სოფელსა, ითქმოდის, რომელიცა-ესე ყო მაგან, მოსახსენებლად მაგისა" (მათე 26,13).

  6. ხოლო სიცილისათვის, მამა ანტონისსწავლებით, ადგილი არ არის მონაზონის ცხოვრებაში, და როცა მოწაფებმა,ერთხელ, ჰკითხეს მოძღვარს, შეიძლება თუ არა ჩვენთვის ზოგჯერ სიცილიო, მან უპახუხა: უფალი ჩენი იესო ქრისტე განიკითხავს მოცინართ, როცა ამბობს: „ვაი თქვენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის! ვაი თქვენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ!"(ლუკა 6, 25). ამრიგად, მართალმა მონაზონმა არ უნდა იცინოს ხოლმე. ჩვენდა ჯერ-არს უფრო ვიტიროთ და ვიკვნესოთ იმ ადამიანთა გამო, რომელთა სიტყვით, საქმითა და ცხოვრებით ღმერთის სახელი იგმობა, რადგან ისინი გარდავლენ მის სჯულს და მთელ თავის ცხოვრებას ცოდვაში ჩაფლულნი ატარებენ. მაშ, ვიტყებდეთ და ვიკვნესდეთ, მარად მვედრებელნი ღმრთის წინაშე, რათა ეს ცოდვილი ადამიანები მარად ამ მდგომარეობაში არ დარჩნენ და არ დაიღუპნენ: რათა სიკვდილმა მათ მანამდე არ უწიოთ, სანამ ცოდვებს მოინანიებდნენ. ასეთივე აზრი აქვს გამოთქმული ბასილი დიდსაც (მოკლე მართლმადიდებლური ლექსიკონი, 31, რუსულ ენაზე).

  7. ს ი მ დ ა ბ ლ ე. ჭეშმარიტი სიმდაბლე და მორჩილება ღმრთის ნებისა ღვთაებრივ საფარველს მოუპოვებს ადამიანს ზეგარდმო და დაიცავს მას ყოველგვარი დაცემისაგან. ვიხილეო ერთხელ, უთქვამს მამა ანტონის თავისი მოწაფეებისათვის, - ყოველგვარი საფრხე ჩვენი დაუძინებელი მტერისა, დაგებული ჩვენთვის მიწაზე, და ოხვრა-კვნესით აღმომხდა - ვინ აიცილოს-მეთქი ესე თავიდან? მაგრამ ანაზდად ხმა მესმა ზეგარდმო, რომელიც მეტყოდა: მდაბალნი აიცილებენ ყოველივე ამას თავიდანო.

  8. ამიტომაც წმიდა ანტონი ასე გვაუწყებს; თუკი ჩვენ ჯეროვნად და კეთილმსახურად გვსურს ვისაგროთ, პირველ ყოვლისა უკიდურესად უნდა დავიმდაბლოთ თავი, რათა მან, ვინც კარგად უწყის ჩვენი უძლურებანი, თავისი მარჯვენით დაგვიფაროს ჩვენ ყოველგვარი განსაცდელისაგან, რადგნაც თუკი ამპარტავნებით აღვიმაღლებთ თავს და ცუდმედიდობას მივეცემით, ღმერთი მოგვაკლებს თავის საფარველს და ჩვენც, დაუცველნი სასტიკი მოწინააღმდეგის წინაშე, დავიღუპებით.

  9. სხვა დროს მამა ანტონის უთქვამს: როგორადაც ამპარტავნებამ და გონებით ამაღლებამ თავისა ცათა სიმაღლეთაგან უფსკრულთა წყვდიადში გადმოაგდო ეშმაკი, ამგვარადვე სიმდაბლეც და მორჩილებაც მიწიდან ცად აღამაღლებს ადამიანს.

  10. ამიტომაც, მდუმარების ღვაწლმა ამპარტავნება რომ არ დაჰბადოს მოსაგრეში, წმიდა ანტონი შეაგონებდა თვითდამდაბლებით შეემოსათ ეს ღვაწლი და მხოლოდ მორჩილების აზრი თუ მნიშვნელობა მიენიჭებინათ მდუმარებისათვის. თუკი ვინმე მდუმარების ღვაწლს იტვირთავს,დაე, იმას კი ნუ იფიქრებს,დიდი ქველის საქმე მომიმოქმედია და სათნოება შემიძენია ღმერთის წინაშეო, არამედ ის აზრი ჰქონდეს გულში ღრმად აღბეჭდილი, რომ უღირსია ლაპარაკისა და სწორედ ამიტომ სდუმს.

  11. გარდა ამისა, მამა ანტონი შემდეგსაც შეგვაგონებდა: უფალი იმგვარად გვწინამძღვრობს და ისე წარმართავს ჩვენს მსვლელობას სულის ხსნის გზაზე, რომ ჩვენთვის დაფარულია ხოლმე ჩვენივე ღირსებანი, ქველის საქმენი და სათნოებანი, რათა საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის სიმდაბლით ვიყოთ განწყობილი და თავი არ აღვიმაღლოთ. მეწისქვილემ თვალები რომ არ აუხვიოსო ბორბლის მატრიალებელ სახედარს, ამბობდა წმიდანი, - მაშინ იგი წარმატებით ვერ წარმართავდა თავის საქმეს - პირუტყვს თავბრუ დაესხმოდა და ვერ შეძლებდა ბორბლის ტრიალს. ასევე ჩვენც, შინაგანად უფლის მიერ წამართებულნი, ღვთაებრივი განგებულებით, რაღაც საფარველს ვიძენთ, ანუ გონების თვალთა ასაკრავს, რათა ვეღარ დავინახოთ ჩვენი კეთილი საქმენი და მათს გამო საკუთარი თავის მოთნენი, ამპარტავნების სულს არ დავემონოთ, რითაც შეიძლება სულ დავკარგოთ კეთილი ნაყოფნი ჩვენი ღვაწლისა. ეს კი მაშინ ხდება ხოლმე, როცა არაწმიდა ზრახვები და უჯერო ფიქრები შეგვიპყრობს; მათს გამო მხოლოდ გაკიცხვა გვმართებს საკუთარი თავისა. არასდროს, რა ღვაწლშიც არ უნდა ვიყოთ და რა ქველის საქმესაც არ უნდა ვიქმოდეთ, არ უნდა ვიფიქროთ, კეთილ საქმეებს შევდგომივართო, და არაწმიდა ზრახვებიც იმისთვის გვიჩნდება, რომ ამგვარი ფიქრები შეუძლებელი იყოს ჩვენთვის.

  12. თუ რაოდენ დამღუპველია ზესთამჩნეობა, ცუდად განდიდება თავისა - ეს კარგად ჩანს ერთი ჭაბუკი მოსაგრის მაგალითიდან, რომელიც დაეცა მის მიერ აღსრულებული სასწაულის შემდგომ. გადმოცემით, უდაბნოს იმ ადგილის მახლობლად, სადაც მამა ანტონი მოსაგრეობდა, ერთ ჭაბუკ მონაზონსაც ეტვირთა განდეგილობის ტვირთი. ერთხელ მისი სენაკის მახლობლად მოხუცმა ბერებმა ჩაიარეს, რომლებიც წმიდა ანტონისთან მიდიოდნენ და შორი გზის გამო მეტად გადაქანცულნი იყვნენ. ჭაბუკმა მონაზონმა, მათს დანახვაზე, გარეულ სახედრებს მოუხმო და უბრძანა, მოხუცი ბერები მამა ანტონისთან მიეყვანათ. პირუტყვნი დაემორჩილნენ მის სიტყვას, და როცა ამ ბერებმა ყოველივე მოძღვარს მოუთხრეს, მან თქვა: ეს ჭაბუკი მონაზონი, როგორც მე ვუწყი, ტვირთით აღსავსე ხომალდია, მაგრამ არ ვიცი, მშვიდობით მიაღწევს თუ ვერა იგი ნავთსაყუდელსო. და მართლაც, ეს ჭაბუკი, ოცნებაშეპყრობილი საკუთარი ღირსებების გამო, ამპარტავნების სულს დაემონა და მცირე ხნის გასვლის შემდგომ დაეცა. მამა ანტონიმ წინასწარ განჭვრიტა მისი დაცემა და უთხრა თავის მოწაფეებს: აი, ამ ჟამს დაეცა ცოდვით ის ჭაბუკი მოსაგრე. წადით და ნახეთო. მოწაფეები წავიდნენ და მართლაც დაცემული ნახეს ჭაბუკი მონაზონი, რომელიც იჯდა და თავისი შეცოდების გამო ცხარე ცრემლებს ჰღვრიდა.

  13. ასე რომ, რამდენადაც ზესთამჩნეობა, თავის ცუდად განდიდებაა დამღუპველი, ამდენადვე თავის დამდაბლება და დამცირებაა მხსნელი. ამას კარგად წარმოაჩენს მაგალითი ვინმე მეჯღანისა, რომლის გამოც მამა ანტონის ზეგარდმო ჰქონდა ჩვენება. ერთხელ წმიდა მამა თავის საკანში ლოცულობდა, და უეცრად მაღლიდან ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: ანტონი! შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია იმ სრულყოფლიებამდე, რასაც ერთმა მეჯღანემ მიაღწია ალექსანდრიაშიო! მოძღვარი მალე გაეშურა ალექსანდრიაში, ღვთის შეწევნით მონახა ეს მეჯღანე და სთხოვა, გამიმხილე, თუ რამ განსაკუთრებულს იქმ შენს ცხოვრებაშიო. იმ კაცმა უთხრა: მე არ ვუწყი, რომ როდისმე რაიმე სიკეთე მომემოქმედოსო! ამიტომაც ყოველ ცისმარე დღე, ძილისაგან აღდგომილი, ვიდრე ჩვეულ სამუშაოს შევუდგებოდე, ასე ვეუბნები ხოლმე საკუთარ თავს: ამ დიდ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი, დიდი თუ პატარა, შენზე უკეთესია! ყველანი ღმერთის სასუფეველს დაიმკვიდრებენ თავიანთი კეთილი საქმეებისათვის, და მხოლოდ შენ ერთი დაისჯები საუკუნო სატანჯველით, რადგან ცოდვების მეტი არაფერი ჩაგიდენია-მეთქი! ამავე სიტყვებს ვიმეორებ ხოლმე გულწრფელად ყოველ საღამოსაც, ძილად მისვლის წინ, რადგან ჩემზე უარესი და ცოდვილი კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულებაო, - უთხრა ღვთისნიერმა მეჯღანემ. როცა ასეთი პასუხი მოისმინა ამ ჭეშმარიტად მდაბალი ადამიანისაგან, მამა ანტონიმ აღიარა თავის გულში, რომ ჯერეთ მართლაც ვერ მიუღწევია ესოდენი სათნოებისათვის სიმდაბლისა.

  14. შესაძლოა, სწორედ ეს შემთხვევა გახდა მიზეზი იმისა, რომ მამა ანტონი ხშირად იმეორებდა ამ შეგონებას: ჩვენ ყველას გვმართებს სასტიკად ვკიცხავდეთ და ვადანაშაულებდეთ საკუთარ თავს ყველაფრისათვის, და ამას ყოველთვის წრფელის გულით ვიქმოდეთ, და არა ზერელედ, რადგან თავის გამკიცხველსა და დამმდაბლებელს უეჭველად განადიდებს და განამართლებს ღმერთი.

  15. ურთიერთმსახურება და შეწევნა ერთმანეთისა. ერთხელ ჰკითხეს მამა ანტონის: თუკი ვინმე ჩენგანი ასე იტყვის - მე არაფერს არ გამოვართმევ ძმებს, და სხვებიც ნურაფერს მთხოვენ, ყველამ ჩვენ ჩვენი ვიმყოფინოთო, - სწორი იქნება თუ არა ეს? მოძღვარმა ასე მიუგო: შვილნი ჩემნო! თუკი ასე მზრახველი ძმა აღმოჩნდება ჩვენს შორის, უწყოდეთ, რომ იგი სასტიკია გულით, და სულიცა მისი - მტაცებელი ლომის სულია. იგი უცხოდ უნდა ჩავთვალოთ და განვკვეთოთ კეთილ ძმათა კრებულისაგან, რადგან ვისაც სხვათა დახმარება არ შეუძლია და არ უნდა, იგი ეშმაკის მსახურია.

  16. სხვა დროს მამა ანტონის ესეც ჰკითხეს მოწაფეებმა: როგორ უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს? მოძღვარმა მიუგო: თუკი მონაზონს ნამდვილად სურს თავის ძმას ემსახუროს, ისე უნდა მოიქცეს, როგორცმსახურნი იქცევიან თავიანთ ბატონთა წინაშე: ამაში მაგალითი ჩვენთვის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იყოს, რომელმაც პეტრეს და სხვა მოციქულებს ფერხნი დაბანა, - შემოქმედმა ღმერთმა თავის ქმნილებას! და როცა პეტრეს უარის თქმა უნდოდა უფლისაგან ასეთი სამსახურის მიღებაზე, ასეთი პასუხი მიიღო: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა!"-ო. (იოანე 13, 8). ამით უფალმა გვიჩვენა, რომ თუკი ამგვარი ხვედრი ეწევათ იმათ, ვინც უარს ამბობს სხვათაგან სამსახურის მიღებაზე, მით უმეტეს გაკიცხვის ღირსნი არიან ისინი, ვინც შეურაცხ საქმედ მიიჩნევს ძმათა სამსახურს. თუკი პირველთ არ ექნებათ ნაწილი უფლისა თანა, ამ უკანასკნელთა მიმართ რაღა გვეთქმისო, - ამბობდა მამა ანტონი.

  17. და საერთოდაც, მამა ანტონი ხშირად იმეორებდა, რომ სწორედ მოყვასისაგან და მოყვასის მიერ არის ადამიანის ხსნაცა და დაღუპვაც, რადგან თუკი ჩვენ სულიერ ძმას შევიძენთ, ამით ღმერთს შევიძენთ და ვეზიარებით, ხოლო თუკი ძმას ვაცთუნებთ და ვცოდავთ მის წინაშე, ამით უფლის წინაშე ვცოდავთ.

  18. თანალმობა და შემწყნარებლობა დაცემულისა. აბბა ილიას სავანეში ერთ ძმას საცთური შეხვდა, იგი გააძევეს სავანიდან, და მანაც იმ მთას მიაშურა, სადაც მამა ანტონი მოსაგრეობდა. მოძღვარმა ერთხანს თავისთან ამყოფა შემცოდე, შემდეგ კი იმავე სავანეში გაგზავნა, საიდანაც ის გამოეძევებინათ. მაგრამ ძმებმა კვლავაც განაგდეს იგი. განკვეთილი კვლავ მამა ანტონისთან მოვიდა და უთხრა: მამაო, ძმებმა არ ისურვეს ჩემი მიღება! მაშინ მოძღვარმა ხელმეორედ გაგზავნა იგი სავანეში და ასეთი სიტყვებიც დააბარა: ქარიშხალი შუა ზღვაში დააატყდა თავს ხომალდს, რომელსაც მთელი ტვირთი დაუკარგავს და თვითონ ძლივს გადარჩენია დაღუპვას. თქვენ კი იმის ჩაძრვაც გსურთ, რასაც გაჭირვებით მიუღწევია ნაპირამდეო. როცა ძებმა სავანისა მოისმინეს მამა ანტონის დანაბარები, შეინანეს თავიანთი საქციელი და მაშინვე კეთილად შეიწყნარეს ეს ძმა.

  19. ერთხელ რომელიღაც სავანეში ერთ ძმას სიძვაში დასდეს ბრალი, და ის მამა ანტონისთან მოვიდა. მოვიდნენ აგრეთვე იმ სავანის ძმებიც, რათა რაიმე ეწამლათ ცოდვილისათვის და კვლავ სავანეში დაებრუნებინათ. და ამ მიზნით მათ მხილება დაუწყეს შემცოდეს, ასეთი რამ რატომ ჩაიდინეო. ეს უკანასკნელი კი თავს იცავდა - არაფერი მაგის მსგავსი არ ჩამიდენიაო. მოხდა ისე, რომ მაშინ მამა ანტონისთან იყო მამა პაფუტიც, რომელმაც ასეთი იგავით შეაგონა ძმები: მდინარესთან ერთი კაცი ვნახე, მულლამდე ლაფში ჩაფლული. მოვიდნენ სხვები, და ამოყვანის ნაცვლად, ყელამდე ჩაფლეს ტალახშიო. ამ სიტყვებზე მამა ანტონიმ თქვა: აი, ჭეშმარიტად, ისკაცი, ვისაც სნეულ სულთა განკურნვა და ხსნა ძალუძსო. ამ სიტყვებზე, ძმებმა კვლავ სავანეში მიიღეს განკითხული ძმა.

  20. შესანიშნავია, აგრეთვე, აზრი მამა ანტონისა შესახებ იმისა, თუ ვის ძალუძს ჰქონდეს ჭეშმარიტი გრძნობა ძმათამოყვარებისა, იგი ამბობდა: კაცს არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს მას, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა სახიერი და კეთილი, გარნა ღმერთი მხოლოი!

  21. საბოლოო მიზანი ღვაწლისა და მწვერვალი სისრულისა. ღმერთის შესახლება ადამიანში, ანუ ცხოვრება ღმერთის მიერ - არის კიდეც საბოლოო მიზანი ყოველგვარი ღვაწლისა და მწვერვალი მონაზონის სრულყოფილებისა. თვით უფალმა განუცხადა ეს მამა ანტონის, როცა იგი ღირს-ჰყო უდაბნოში ამგვარი ჩვენების ხილვისა: ზეგარდმო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა - არის ქალაქში ერთი მკურნალი, შენი მსგავსი სათნოებითო, რომელიც ყოველივეს, რაც კი აქვს, გაჭირვებულთ ურიგებს და ანგელოზთა თანა უგალობს წმიდა ღმერთს, და მამა ანტონიმ იხილა ეს ღვთისნიერი კაცი ჩვენებით. მოყვასისადმი სრულყოფილი სიყვარულის მქონე კაცი ღმერთის მიერ ცხოვრობს და მარად მის წინაშე ვალს, მადიდებელი შემოქმედისა.

  22. სრულყოფილება მამა ანტონისა და მისი დიდება ცათა შინა. ამბობენ, რომ მამა ანტონი წინასწარმეტყველიც იყო, მაგრამ უფრთხოდა რა ამქვეყნიურ დიდებას, არავისთვის არ გაუმხელია თავისი ეს ნიჭი. ღმერთი მას წინასწარ უცხადებდა ამაქვეყნიურ ამბებს, მისი ცხოვრების ჟამინდელსაც და მომავალსაც.

  23. ერთ მოძღვარს ოდესღაც შეუთხოვია ღმერთისთვის, დიდებაში მყოფი წმიდა მამანი მახილვეო, და იგი ღირს იქმნა მათი ხილვისა, ოღონდ მამა ანტონი არ უხილავს მათ შორის.როცა გაკვირვებულმა ჰკითხა მის გამო ანგელოზს, ვინც ეს ჩვენება მოუვლინა, ასეთი პასუხი მიიღო: მამა ანტონი იქ არის, სადაც თვით შემოქმედი ღმერთი ჰგიებსო!