მართლმადიდებლური სწავლება ანტიქრისტეს შესახებ

(გაგრძელება)

ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, ყოველ საქმეში, ყოველი გაჭირვების ჟამს საღმრთო წერილით ვიხელმძღვანელოთ. მოყვასთა ღმრთივ-სულიერი რჩევაც დიდად სასარგებლოა, თუკი ისინიც ღვთის სიტყვით და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ხელმძღვანელობენ. ასეთი ხელმძღვანელობა ეკლესიის გონებით დაიცავს მორწმუნეებს ფართოდ გავრცელებული ცრუ-მოძღვრებისაგან, ხოლო თუკი ადამიანი მოაკლდება ასეთ ხელმძღვანელობას, იგი უსათუოდ მცდარ გზაზე დადგება, რადგან დაემორჩილება ცოდვაში ჩავარდნილ უმრავლესობის აზრს. და ამ დროს თუკი ვინმე გაბედავს კიდევ დადგენილი საზოგადოებრივი შეხედულების წინააღმდეგ გამოსვლას, მას მაინც განსაცდელი დაემუქრება, რადგან ყოველის მხრივ გაიგონებს - როგორ, ნუთუ შენ ერთი ხარ მართალი, ჩვენ ყველანი კი ვცდებითო! ასეთ მსჯელობას მხოლოდ იმ ადამიანისთვის არ ექნება ფასი, ვინც საღმრთო წერილით იხელმძღვანელებს, რადგან მისგან ეცოდინება, რომ არა ყველა, არა უმრავლესობა, არამედ მხოლოდ მცირედნი ვიდოდიან ხსნის ვიწრო გზით, ხოლო უკანასკნელ ჟამს ეს გზა კიდევ უფრო ძნელად სავალი გახდება. ამით საღმრთო წერილი ადამიანებს მხნეობას შთაბერავს და მათ ვერ შეაშფოთებთ ის გარემოება, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი ძალზე მცირე იქნება, და ეს სამწყსო ქრისტესი მცირე რამ ჭალაკივით გამოჩნდება სიცრუისა და უკეთურების უკიდეგანო ოკეანეში, რომელიც მთელს ქვეყნიერებას მოიცავს; ასეთ ჭეშმარიტ მორწმუნეებს მარად ეხსომებათ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი" (ლუკა 12,32), და გამხნევებულნი ამ ნუგეშით ხორციელ სიკვდილსაც არ შეუშინდებიან.

სხვა დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის ეპოქაში ის იქნება მსოფლიო კონტროლდაწესებულ კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე შეუძლებელი გახდება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი ძალაუფლებისადმი. და მაშინ „ნუ ეცდები გააჩერო იგი (ანტიქრისტე) შენი უძლური ხელით, არამედ თვით განერიდე მას, დაიკრძალე თავი ბოროტისაგან, და ეს შენთვის სავსებით საკმარისი იქნება", - გვირჩევს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ გვჯეროდეს - ხსნა იმ ადამიანებს მიემადლება, ვისაც ნამდვილად სურს ხსნა სულისა, ვისაც ნამდვილად სწამს სულის უკვდავება. ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. უარის თქმა უღმერთობის წინააღმდეგ ამხედრებისა, ყოველი, თუნდაც სულ უმნიშვნელო კომპრომისი ბოროტის წინაშე იმ მიზნით, რომ „მშვიდობიანად" თანავიარსებოთ მის გვერდით, ყოველი დათმობა დღეს - მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდის სიძნელეებს ხვალ, დაგვასუსტებს მომავლისათვის, როცა ყოველგნით წყვდიადი გაბატონდება. ასე რომ, ჩვენთვისაც „ჯერ-არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ" (იოანე 9,4), რადგანაც „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრემდე ნათელი გაქუს-ღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი..." (იოანე 12,35).

ეს ბნელი, ეს ღამე - არის ის, ჩვენზე მომავალი სატანური მეუფება სულიერი წყვდიადისა, რომელიც მთელს კაცობრიობას უნდა ეუფლოს. და მაშინ ჭეშმარიტ მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად მძიმე გახდება, რომ ისინი, მიუხედავად საკუთარი ცოდვების შეგნებისა, მიუხედავად საშინელი სამსჯავროს მოლოდინისა, რწმენით შეჰღაღადებენ მაცხოვარს - „ჰე, მოვედ, უფალო იესო!" (გამოცხ. 22,20).

მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გამოყენებული ლიტერატურა: 
„სიკვდილისშემდგომი შეგონებანი და წინასწარმეტყველებანი 
ღირსი მამისა ნილოს მირონმდინარისა-ათონელისა"
დეკანოზი ბორისი (მოლჩანოვი) - „ანტიქრისტე 666"
გაზეთი „აღსავალი", № 1-15