დავით ციცქიშვილი

განკითხვა

სახარებაში ვკითხულობთ „ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ", „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ". ეს ცოდვა მეტად არის გავრცელებული, მაგრამ იმის შეგრძნება, თუ რამდენად მავნეა იგი, უმთავრესად ნაკლებად აქვთ. ხშირად ვერ ხერხდება იმ მომენტის დაჭერაც, როცა განკითხვას იწყებენ და ეს არა მხოლოდ ეკლესიისგან შორს მდგარ ხალხს მოსდის, არამედ არცთუ იშვიათად მათაც, ვინც საკმაო ხანია მართლმადიდებლურად ცხოვრობს, უკვე დიდი ხანია მრევლის წევრია. იცის, რომ სხვისი განკითხვა ცოდვაა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე იწყებს განკითხვას, ზოგჯერ ვერც კი გრძნობს ამის შესახებ, გულში შესაძლოა უსიამოვნოდ გაჰკრას, ხომ არ ვცოდავო, მაგრამ ხშირად ამას ყურადღებას არ აქცევენ. ხანდახან კარგად ხვდებიან, რომ არასწორად იქცევიან, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევენ საკუთარ თავს. იწყებენ საუბარს, განსაკუთრებით ეს ქალებს ეხება და თუ ერთხელ ჩაითრია, განკითხვის წამლეკავი ტალღა მიაქანებთ მათ. დასაწყისში შეიძლება გაბრძოლებასავით იყოს, მაგრამ მალევე, არცთუ იშვიათად ჩაიქნევენ ხელს და ყვებიან ამ ცოდვას.

სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონია ის, რომ განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ. როცა მრუშობის ვნებით დაცემულზე აუგს ამბობენ, ზოგჯერ უფალი უშვებს განმკითხველი თავად დაეცეს იმავე ცოდვით, რათა უფრო შემწყნარებელი, სულგრძელი, თანამგრძნობი გახდეს სხვისი გასაჭირისადმი, განთავისუფლდეს ქედმაღლობისგან, რომელიც სხვისი განკითხვისას მჟღავნდება. ერთი სასულიერო პირი განიკითხეს მისი ქადაგების მოსმენისას, რას ამბობს, ასე როგორ შეიძლება, თუ არ ეხერხება, რატომ გამოდის და ლაპარაკობსო. ცოტა ხანში თავად მიეცათ ხალხის წინ გამოსვლის საშუალება, ისე აბლუკუნდნენ, გაუჭირდათ სიტყვის სიტყვაზე მიბმა, გაუკვირდათ, ეს რა გვემართებაო. ასეთ რამესაც იხსენებენ: მოზარდის, ცუდი უმსგავსო საქციელის შეტყობისას გაიფიქრეს - მე ამ ასაკში ასე არ ვიქცეოდი, გაცილებით წესიერი ვიყავიო. მაშინვე საკუთარი უღირსი მოქმედება გაახსენდათ ბავშვობაში ჩადენილი, უფალმა უჩვენა: „რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ".

თვლიდნენ, რომ ერთ-ერთი ნაცნობი ზედმეტად ანგარებიანი, პრაქტიკული გახლდათ. ვინც სჭირდებოდა, მასთან თვალშისაცემად უფრო ყურადღებიანი, თბილი იყო იმასთან შედარებით, ვისგანაც გამორჩენას ნაკლებად ელოდა. მოციქული იაკობის სიტყვები ახსენდებოდათ: „ძმანო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი დიდების უფლის, იესო ქრისტეს რწმენა, რადგან თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ხელზე ოქროს ბეჭდით და ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილი და შემოვა აგრეთვე ღარიბი, ჭუჭყიანი სამოსით, შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: აქ დაბრძანდით კარგია, ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექ ანდა: აქ დაჯექ, ჩემს ფერხთით: განა არ ასხვავებთ თქვენში და ბოროტი აზრებით მოსამართლეები არ გახდით?" (იაკ. 2,1-4). ერთხელ ნაცნობი შეხვდათ ბავშვით, რომლისგანაც რაღაც დახმარებას მოელოდნენ. პატარას მიუალერსეს, მოეფერნენ და უცბად იგრძნეს, მისი მშობლისგან შეწევნის მოლოდინი რომ არა, ბავშვთან ურთიერთობაში ნაკლებ სითბოს გამოამჟღავნებდნენ. შეეცადნენ შემხვედრისთვის გამორჩენის მიზნით უფრო მეტად ესიამოვნებინათ და ის ნაცნობი წარმოუდგათ თვალწინ, რომელიც ზედმეტად ანგარებიანი ეჩვენებოდათ. საკუთარი თავის მსგავსება დაიჭირეს მასთან.

ესა თუ ის ნაკლი ზოგთან უფრო მეტად არის გამოხატული, ზოგთან ნაკლებად, რომელიღაც ვნება ერთს უფრო ებრძვის მეორესთან შედარებით, სხვისადმი ანგარებიანი დამოკიდებულებაც განსხვავებულად მჟღავნდება, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის განკითხვის არსს. ერთ-ერთი მოძღვარი წერს: „თუკი არავის განიკითხავ, მრავალი ცოდვაც რომ გამძიმებდეს, მაინც შეიძლება მოელოდე შეწყალებას, ხოლო თუ განიკითხავ, მაშინ თავშეკავებულ, ღირსეულ და წესიერ ცხოვრებაშიც ბევრი ცოდვა მოგეძებნება ისეთი, უმკაცრესად რომ მოგეკითხება. ამიტომაც ეშინოდათ მამებს ამ ცოდვის ასე ძალიან, ამიტომ ეკიდებოდნენ ასეთი სიფრთხილით ყოველ თავის სიტყვას, აზრს, გრძნობას, ამიტომ ცდილობდნენ, მსუბუქი საყვედურითაც კი არ განეკითხათ ვინმე".

როგორი მოწყალეა უფალი, რამდენ რამეს გვპატიობს მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდმივად გვიტევებს ცოდვებს, ხშირად ერთი და იმავეს, სულგრძელად ითმენს მრავალი ჩვენი ნაკლის გამოვლინებას, მონანიების შემთხვევაში ისევ და ისევ წყალობით გვავსებს. ასე გრძელდება ადამიანის მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ კი როგორ მეწვრილმანე, შეზღუდულ ბუნებას ვამჟღავნებთ, ერთი შეცდომისთვის ხშირად, ნაკლისთვის მზად ვართ ხაზი გადავუსვათ კაცს, არაფრად ჩავთვალოთ, დავცინოთ სასტიკად.

ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები უფრო მეტად არის შეზღუდული, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ერთი მხრივ, ცხოვრება, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა სპეციალური განათლება, ყველას გვამთავრებინებს ერთგვარ ფსიქოლოგიურ კურსებს, რომელიც ადამიანთა ცნობაში გაწაფვასაც გულისხმობს, მაგრამ უნდა ითქვას, ამ დროს დიდ შეცდომებსაც აქვს ხოლმე ადგილი. ეს კი ძალიან ხშირად სხვისი განკითხვისას იჩენს თავს. ზოგჯერ გგონია, კაცს იცნობ, მოგწონს, კარგ ადამიანად მიიჩნევ, მისი იმედი გაქვს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, გაჭირვებისას ისე უღირსად მოიქცევა, ვერც წარმოიდგენდი. ის კი, ვინც არ გესიმპატიურებოდა, მთლიანობაში მასზე ცუდი აზრის იყავი, ისე შეგეშველება, იმხელა სითბოს, ყურადღებას გამოიჩენს, ამოგიდგება გვერდში, იფიქრებ, როგორ ვცდებოდიო მასში. რამდენჯერ მოვუტყუვებივართ კაცის გაცნობისას პირველ შთაბეჭდილებას, დროთა განმავლობაში შეგვიცვლია იგი და გვიფიქრია, სულ სხვა აზრი მქონდაო დასაწყისში. განკითხვისას ხშირად ერთი ვიწრო კუთხით ხდება პიროვნების შეფასება, რომელიღაც ცოდვა, ნაკლოვანება არის წინ წამოწეული და ეს კაცის დადებითი თვისებების, ღირსეული მხარეების დანახვას უშლის ხელს. ერთ-ერთი ეპისკოპოსი იხსენებს: „სასულიერო პირს განვიკითხავდი, ღვინის ზედმეტად სმის გამო. ვფიქრობდი, უკადრისად იქცეოდა და უღირს მღვდლად, ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელაც ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შემთხვევით შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდა თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, იმდენი რამ დავინახე მასში, სულ სხვაგვარად წარმოდგა ჩემს წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".

ზოგჯერ თითქოს ადამიანთან გარეგნულად ყველაფერი წესრიგშია, ეკლესიურად ცხოვრობს, ისე არაფრით ცოდავს თვალშისაცემი რომ იყოს, მაგრამ თუ დაუკვირდები, იმგვარ ამპარტავნებას შეამჩნევ, ან ისეთ უყურადღებობას, გულცივობას, უხეშობას გამოავლენს, გული გეტკინება. სხვა კი ერთი შეხედვით ცოდვილი, ნაკლები სულიერების, როცა საჭიროა იმგვარად მოგესიყვარულება, გაჭირვებისას ხელს მოგიმართავს, ამოგიდგება მხარში, სირცხვილის გრძნობა შეგაწუხებს, რატომ ვუყურებდიო ამ კაცს ასე, დიდ მადლიერებას იგრძნობ მისადმი.

განკითხვისას ჩვენი განსჯის შეზღუდულობა ვლინდება იმაშიც, რომ ამ დროს ხშირად ვუყურებთ ადამიანის ნაკლს, ცოდვით დაცემას, იმ მიზეზებს კი, რითაც შეიძლება იყოს ეს განპირობებული, არ ვითვალისწინებთ. ავიღოთ თუნდაც ეკლესიური ცხოვრება. ვინც მორწმუნე ოჯახში იზრდება, ვისი მშობლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ, მისთვის ადვილია ქრისტიანული ცხოვრების დაწყება, ტაძარში მისვლა. გარემო, რომელიც სუფევს ოჯახში, თავიდანვე მცირე ასაკიდან, უფროსების მხრიდან შვილების ეკლესიური წეს-ჩვეულებების: ლოცვის, მარხვის შეჩვევა, მათი ზიარება, მართლმადიდებლური აღზრდის დიდი ხელშემწყობი პირობაა. ახლა კი წარმოვიდგინოთ ის ოჯახი, სადაც სულ სხვა ვითარებაა, მისი წევრების ცხოვრება შორს დგას ქრისტიანული ყოფისგან. იქ გაზრდილ კაცს ხომ მოსალოდნელია უფრო მეტად გაუძნელდეს ტაძარში მისვლა. ხშირად განიკითხავენ რა ამ კუთხით სხვას, არ იციან, რა წრეში გაატარა მან ბავშვობა, როგორი მშობლები ჰყავდა, შესაძლებელია იმ გარემოს, სადაც იგი გაიზარდა, არავითარი შეხება არ ჰქონდა ეკლესიასთან. ან დავუშვათ მის გვარს მრავალი მოუნანიებელი ცოდვა ამძიმებს, ეს კი შთამომავლებზეც მოქმედებს, უშლის ხელს, მივიდეს ღმერთთან. მარტივი განსჯით ყურადღებას მიაქცევ კაცის არაეკლესიურ ყოფას, ხოლო რა მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული ეს, ამას ვერ გაიგებ. მართალია, საბოლოოდ ვერავითარი მიზეზი ვერ გაამართლებს მას, ვინც არ ცდილობს, იცხოვროს ღვთისთვის სათნოდ, დაიცვას ეკლესიური წესები, კაცს გააჩნია თავისუფალი ნება და უფალი ყველას აძლევს საშუალებას, წარმომავლობის თუ ოჯახური გარემოს მიუხედავად, მივიდეს მასთან, მაგრამ მაინც ერთს ბევრი რამ უწყობს ხელს, დაიწყოს მართლმადიდებლური ცხოვრება, მეორეს კი არა.

იმ მშობლების შვილთან, რომლებიც ქორწინებამდე, შესაძლოა შემდეგაც, მრუშობის ცოდვით ეცემოდნენ, გაზრდილია შანსი იმისა, რომ ისიც მათ გზას გაყვეს. არცთუ იშვიათად შეიმხნევა ამ კანონზომიერების გამოვლენის შემთხვევები ცხოვრებაში. იმ ოჯახში, სადაც დაძაბული ატმოსფეროა, ხშირად ჩხუბობენ, ლანძღავენ ერთმანეთს, ხომ ხელსაყრელი გარემოა, ბავშვებიც ნერვიულები გამოვიდნენ. რომ გაიზრდებიან, მოსალოდნელია უფრო მეტად ჩავარდნენ მრისხანებაში იმათთან შედარებით, ვინც მშვიდ, წყნარ გარემოში გაატარა ბავშვობა. განკითხვისას ხშირად წინ მხოლოდ ადამიანის ჩრდილოვანი მხარე, ნაკლოვანება, ცოდვა მოდის, იმის იქით კი რა ხდება, უკვე აღარ აინტერესებთ. არადა იმავე პირობებში განმკითხველი რომ მოხვედრილიყო, ძნელი სათქმელია, აიცილებდა თუ არა იმ ცოდვას, რომელიც მის თვალში ასე მიუღებლად მოჩანს. როცა განიკითხავენ, ამ დროს ერთგვარად ამპარტავნულად უშვებენ, იმ ვითარებაში სხვამ რომ შესცოდა, ისინი მსგავს საქციელს არ ჩაიდენდნენ და ამიტომაც ზოგჯერ მისთვის რომ ამ სიამაყისგან განთავისუფლდნენ, უფალი უშვებს იმას, რომ განმკითხველი ისევე დაეცეს იმ ცოდვით, როგორც ის, ვისაც ასე აუგად იხსენიებდა. ეს განკითხვისთვის უფლისმიერი სასჯელის ერთ-ერთი ფორმაა, რაც კარგად უწყის სულიერი გამოცდილების ხალხმა.

ერთ-ერთ ჟურნალში ასეთი ამბავი გამოქვეყნდა, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან, სამოციან წლებში მოხდა. ორმა გოგონამ ერთმანეთი გაიცნო, დამეგობრდა და აღმოჩნდა, რომ მათი მშობლებიც ადრე იცნობდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთის მამა სტალინური ეპოქის ბანაკის ზედამხედველი გახლდათ, რომელიც სასტიკად აწამებდა ხალხს, მათ შორის, მაშინ იქ მყოფ მეორე გოგონას მშობლებს. როდესაც კომუნისტურ ბანაკში ნაწამებმა ხალხმა შეიტყო, თუ ვის შვილს დაუმეგობრდა მათი ქალიშვილი, ელდა ეცათ, მაგრამ ჩათვალეს, შვილმა რა დააშავაო და თავის გოგონას არ აუკრძალეს ამხანაგთან ურთიერთობა. როცა გოგონები წამოიზარდნენ, ორივეს ერთი ვაჟი მოეწონა. ბანაკის სასტიკი ზედამხედველის შვილმა მისთვის, რომ მეგობარი გოგონასთვის ეჯობნა, იმ ბიჭს თავბრუ დაახვია და შესთავაზა, მოეკლა თავისი ამხანაგი. ორმა დამნაშავემ უდანაშაულო ქალიშვილი მძიმედ დაჭრა. ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ყველანაირი წარმომავლობის პირობებში იგი ვალდებულია წინ აღუდგეს დანაშაულის ჩადენის სურვილს, მაგრამ ის ბოროტი, მავნე მიდრეკილებები, რომლებიც მშობლებისგან მოსდევს, მაინც მოქმედებენ მასზე, სხვებზე მეტად უძნელებენ ცხოვრებას. სტალინური ეპოქის ბანაკის სასტიკი ზედამხედველის შვილი, რომელსაც მაშინ, საბჭოთა ხანაში, უნდა ვივარაუდოთ არავითარი შეხება არ ჰქონდა ეკლესიასთან, რომ იქ დავანებულ მადლს დაეცვა იგი, ხომ მოსალოდნელი იყო, გაიმრუდებდა თავის ცხოვრებისეულ გზას. ცოდვა მართლმადიდებლური გაგებით შთამომავალთა რამდენიმე თაობას გადაეცემა. ცნობილი გამოთქმაა „ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო". მართალია, როცა ადამიანი ინათლება, იგი ყველა ადრე თავის მიერ ჩადენილი თუ წინაპრების ცოდვისგან თავისუფლდება, მას უკვე აღარაფერი მოეკითხება, მაგრამ ის მიდრეკილებები, რომელიც შთამომავლობით გენეტიკურად გადაეცემა, აღზრდისას მიღებული მავნე ჩვევები მასში მაინც რჩება. ის არ თავისუფლდება ამა თუ იმ ცოდვისკენ სწრაფვისგანაც და ამ მხრივ დაცემის რისკის სიდიდე, რა თქმა უნდა, სახეზეა.

განკითხვა ხშირად ჩვენი ამპარტავნების ფარული გამოვლენაა. სხვისი ნაკლის, ცოდვების წარმოჩენის ფონზე, ერთგვარად თითქოსდა იკვეთება, ჩანს განმკითხველის ღირსებები, ის ხომ არ სჩადის ასეთ რამეს, ეს კი ერთგვარ სიამოვნების შეგრძნებას იწვევს, რომლის წარმოშობის მიზეზსაც შეიძლება ვერც კი ამჩნევდნენ, აცნობიერებდნენ. ლექტორი არამჭევრმეტყველად საუბრობს, არ შეიმჩნევა მასში ორატორული ნიჭი, მე რომ მის ადგილას ვიყო, ფიქრობენ ზოგჯერ, ხომ უკეთესად გადმოვცემდი სათქმელს, ვილაპარაკებდი საინტერესოდ, ეს კი რას ბლუკუნებს. მეორესთან სხვა რამ არ მოსწონთ. გულში სხვისი ნაკლის დანახვის ბოროტ სიხარულს გრძნობენ. არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებაში: „ღმერთის და ადამიანის სიყვარულის შესახებ" ერთ-ერთი ბერი თავის აღსარებაში ამბობს: „წმინდა წერილში ნათქვამია: „გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ" და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან" (რომ. 12,15). მაგრამ მე ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება, მე გულგრილი ვარ მათ მიმართ, მაგრამ მე ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში: ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია". მისმა სულიერებამ ბერს საშუალება მისცა, საკუთარ თავში დაენახა ადამიანის ეს ამაზრზენი თვისება, რომელიც უნდა ვივარაუდოთ ყველასთან შეიმჩნევა, მაგრამ ვერ პოულობს ჩვენში გამოძახილს, არ ვაქცევთ მას სათანადო ყურადღებას. ეს რომ გავაკეთოთ, ხომ შეიძლება საკმაოდ გაფერმკრთალდეს საკუთარი თავის პატივისცემა. თანაც ადამიანს ერთგვარი სწრაფვა აქვს აირეკლოს, განდევნოს მისი ღირსების შემლახავი უსიამოვნო ფიქრები, განცდები.

სხვისი სიცუდის, ნაკლოვანებების, შეცდომების დანახვის ბოროტი სიხარული ხშირად გასდევს განკითხვის ცოდვას. სასულიერო პირი ეწევა, ღვინოს ეტანება, რა სამწუხაროა! გარეგნულად თითქოსდა წუხდებიან, გულში კი ფიქრობენ, ამ ფონზე მე თუნდაც უბრალო ერისკაცი ხომ უკეთესი ვჩანვარ, მასზე კარგი გამოვდივარ. ნაცნობმა ასეთი უმსგავსო საქციელი ჩაიდინა, მე ამას არ გავაკეთებდი ე.ი. მასთან შედარებით რამდენად წესიერი ვარ, ვცხოვრობ ღვთისთვის სათნოდ. წმინდა მამები გვირჩევენ, კი არ განვიკითხოთ ცოდვაში ჩავარდნილები, არამედ თანავუგრძნოთ, სინანული გამოვხატოთ მათდამი, გულისტკივილი, როგორც ამას ავადმყოფისადმი ვაკეთებთ ხოლმე.

ზოგჯერ მართლაც აწუხებთ სხვისი ცუდი საქციელი და სურთ, გამოსწორდეს ის ადამიანი. ამიტომაც შესაძლებელია მიუთითონ, ხაზი გაუსვან მის ნაკლოვანებას, უარყოფით მხარეს. მაგრამ ეს სიყვარულით, სიფრთხილით, დიდი ტაქტით უნდა გაკეთდეს, მხილებული რომ არ დაბრკოლდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმას, თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი აიტანს პირდაპირ თქმას, ზოგიერთი კი ვერა. წმინდა სებასტიანე ყარაგანდელი ამბობდა: „აი, იმ ხალხის შეხება არ შეიძლება, რადგან თავისი სიამაყის გამო ვერ აიტანენ ვერც შენიშვნას, ვერც საყვედურს, სხვებს კი, მათი მორჩილებიდან გამომდინარე, შეიძლება უთხრა". ზოგჯერ იგი რომელიმეს ტუქსავდა ყველას დასანახად (ხანდახან უდანაშაულოსაც, მაგრამ მომთმენს და მორჩილს) რათა სხვას შეეგნო, ვისთვისაც არ შეიძლებოდა თავის ნაკლოვანებების, ცდომილებების შესახებ პირდაპირ თქმა. ასეთ ხალხს ის არ საყვედურობდა, არ ამხელდა და სხვასაც არ აძლევდა ამის უფლებას. არამედ იცდიდა მოთმინებით და ლოცულობდა, სანამ ადამიანი თვითონ არ შეიგნებდა და მოუბრუნდებოდა სინანულით ღმერთს, სულიერ მოძღვარს.

უნდა განვასხვავოთ მხილება, რომელიც კეთილშობილურ მიზანს ემსახურება განკითხვისგან. ეს ხშირად ძნელი გასარჩევია და მისთვის რომ განსხვავების დაჭერა შევძლოთ, ალბათ საჭიროა უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს ამ დროს, განვსაჯოთ, როცა სხვის ნაკლზე, ცოდვაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რა გვამოძრავებს ასეთ შემთხვევაში: ამპარტავნება, ბოროტი სიხარული თუ მისდამი დახმარების სურვილი.

უფალთან ვერ მიხვალ საკუთარი სრულყოფისკენ სწრაფვის გარეშე. ეს კი მრავალი ნაკლის, ცოდვის აღმოფხვრის სურვილს, მონდომებას გულისხმობს. ერთ-ერთი მათგანი განკითხვაა, რომელიც ესოდენ გავრცელებულია ირგვლივ და რასაც ხშირად არ ექცევა ყურადღება.

„მართლმადიდებლური ფსიქოლოგია", თბილისი, 2005 წ.