ღმერთის სახელის თაობაზე
„იეღოვას მოწმეები" ღმერთის სახელის გარშემო დიდი ხმაურს ტეხენ. ისინი კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ მისი ერთადერთი სახელია „იეღოვა". ღმერთის ამ სახელს არავინ უარყოფს, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ამ სახელს ატარებს უფალი? იქნებ არსებობს კიდევ სხვა სახელი, რომელსაც შეგნებულად მალავენ იეღოველები?
რას უპასუხებს წმიდა წერილი
ძველი ებრალები პიროვნების თვისებების გადმოცემას სახელით ცდილობდნენ. ასე მაგალითად: აბრაამი ნიშნავს ერების მამას, ესავი - ბანჯგვლიან წითურს, იობი - დევნილს, საული - ღვთის მიერ შექმნილს, დავითი - საყვარელს, იოანე - ღვთისწყალობას, პეტრე - კლდეს და ა.შ.
ასევე ღმერთი, როდესაც ისრაიტელებს თავის სახელს აუწყებდა, ცდილობდა, ამ სახელით მისთვის დამახასიათებელი თვისებები გადმოეცა, ამიტომ, რადგანაც ერთი სახელი ვერ ასახავს ღვთაების ყველა თვისებას, ბიბლიაში უფალი თავის თავს რამდენიმე სახელით წარმოაჩენს.
იეღოვა ერთ-ერთი საღმრთო სახელია, რომელსაც ბიბლია გვიმხელს, რაც ებრაულად ნიშნავს „მყოფს", ანუ იმას, ვისაც თავის თავში აქვს მყოფობა, ე.ი. მუდმივად არსებობა. ქართულად იგი ასე ითარგმნება: „მე ვარ რომელი ვარ" (გამ. 3, 14), ანდა - „მე ვარ მყოფი" (რუსულად და ებრაულად, შესაბამისად, იქნება: Я есть сущий, JHWH, ჲჰვჰ). ამასთან, ებრაულში ეს ასოები ამ სიტყვათა პირველი ასოებია.
ებრაული დამწერლობა თავდაპირველად არ ითვალისწინებდა ხმოვნების წერას. ხმოვნებს კითხვის დროს მკითხველი სიტყვებში თვითონ უმატებდა. თუ ეწერა სიტყვა „ღმრთ", მას მკითხველი აღიქვამდა, როგორც „ღმერთი". როგორც ვთქვით, ღვთისა სახელი ჲჰვჰ ბიბლიაში პირველად გვხვდება გამოსვლათა მე-3 თავის მე-14 მუხლში, რომელიც უფალმა მოსეს სინას მთაზე აუწყა. შემდეგი დროის ებრაელები ამ სახელის წარმოთქმას დიდად ეკრძალებოდნენ, ისე რომ მას ხმამაღლა მღვდელმთავრის გარდა არავინ წარმოთქვამდა; ისიც ამ სახელს მხოლოდ იერუსალიმის ტაძრის წმიდათა წმიდაში შესვლისას ამბობდა. რომაელებმა ქრისტეს შობიდან 70 წელს ეს ტაძარი აჯანყებულ ებრაელთა დასჯის მიზნით დაანგრიეს . აქედან წყდება ებრაელთა ღვთისმსახურება, მღვდელმთავრობაც და, შესაბამისად, ამ სახელის წარმოთქმაც. ებრაელმა მწიგნობრებმა ქრისტეს შობიდან IX-X საუკუნეებში გადაწყვიტეს ბიბლიის გახმოვანება, ანუ მასში ხმოვნების შეტანა. ებრაულმა დამწერლობამ დაახლოებით ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს ყველა ევროპულ დამწერლობას.
აღმოჩნდა, რომ შეიძლება ბიბლიის მთელი ტექსტი გახმოვანდეს, ოთხი ასოსაგან შემდგარი სიტყვის ჲჰვჰ-ს გარდა. ამიტომაც იგი ასევე დატოვეს. დღეს მას სხვადასხვაგვარად კითხულობენ: „იაჰვე", „იეღოვა" და ა.შ. მისი ზუსტად წარმოთქმა კი არავის შეუძლია, - რასაც „იეღოვას მოწმეები" თავადვე აღიარებენ: „ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ძველ დროს როგორ გამოთქვამდნენ მოსე, დავითი და სხვები ოთხ თანხმოვანს, რომლისგანაც შედგება ღმერთის სახელი. ზოგიერთი სწავლული ვარაუდობს, რომ ღმერთის სახელი წარმოითქმებოდა, როგორც „იაჰვე", მაგრამ ისინი არ არიან ამაში დარწმუნებული" („შემეცნება", გვ. 24).
ჟურნალ „საგუშაგო კოშკში" ასევე მიუთითებენ, რომ ეს სახელი ან იეღოვად, ან რაღაც ამისდაგვარად გამოითქმებოდა („საგუშაგო კოშკი", 15/II - 1992). ჩვენ რომ ვეცადოთ ჲჰვჰ-ში შევიტანოთ ხმოვნები, მივიღებთ სიტყვების ათასობით ვარიანტს და „იეღოვაც" სწორედ ერთ-ერთი მათგანია.
ვნახოთ, როგორ ითარგმნება ჲჰვჰ ებრაულიდან ბერძნულად თარგმნილ ხელნაწერ „სეპტუაგინტაში", რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში 70 მთარგმნელის მიერ შესრულდა. თითქმის ყველგან, გარდა რამოდენიმე მუხლისა, წერია უფალი ღმერთი. იესო ქრისტეს როცა მოჰყავს ციტატები ძველი აღთქმიდან, ყოველთვის ამბობს: უფალი ღმერთი და არასოდეს უთქვამს იეღოვა ან სხვა რამე: „იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი შენი ერთი უფალია! და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გრძნობით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება" (მარკ. 12, 29-30). ამის პარალელურია რჯლ. 6, 4-5.
ასეთი მაგალითი ბევრია. უსაფუძვლოა იმის მტკიცება, სახელი იეღოვა თითქოს ვინმეს ახალი აღთქმიდან ამოეღოს და მის მაგიერ უფალი ღმერთი ჩაეწეროს. არ არსებობს ახალი აღთქმის არცერთი ხელნაწერი, რომლებშიც ნაცვლად უფალი ღმერთისა იეღოვა ეწეროს.
დასკვნა ერთადერთია: იესო ქრისტემ 70 მთარგმნელის მიერ გამოყენებული უფალი ღმერთი მოიწონა და აკურთხა. ეს თარგმანი სწორი რომ არ ყოფილიყო, იესო ხალხთან საუბრისას არ გამოიყენებდა სიტყვებს უფალი ღმერთი, არამედ იტყოდა იეღოვას.
არავინ უარყოფს, რომ ტეტრაგრამა ჲჰვჰ შეიძლება პირობითად, ხაზს ვუსვამთ, მხოლოდ და მხოლოდ პირობითად, „იეღოვად" ან „იაჰვედ" წავიკითხოთ.
ამ სახელის გარდა, ღმერთი თავის თავს ბიბლიაში სხვა სახელითაც წარმოაჩენს.
„აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე" (ფსალმ. 67, 5);
„და ნუ თაყუანის-სცემ უცხოსა მას ღმერთსა, რამეთუ უფალი ღმერთი სახელად საშურელ არს, ღმერთი მოშურნე არს" (გამ. 34, 14);
„ჩვენი მხსნელი - საბაოთ უფალია მისი სახელი - ისრაელის წმიდაა" (ეს. 47, 4).
იმავეს ღაღადებენ ბიბლიის შემდეგი მუხლებიც: ეს. 4, 82; ეს. 51, 15; იერ. 10, 16; იერ. 31, 34; იერ. 32, 18; იერ. 50, 34; ამოს. 4, 13; ამოს. 5, 27.
საბაოთი ნიშნავს - ღმერთი ძალთა, ანუ მხედრობათა.
ებრაულ ბიბლიაში ღმერთი მოიხსენიებოდა სახელით ადონაი, რაც ნიშნავს მეუფეს; ელი ნიშნავს ძლიერს; ელშადაი - ღმერთი ყოვლად ძლიერი.
წმიდა წერილში მოხსენიებულ ამ სახელებზე „იეღოვას მოწმეები" აცხადებენ, რომ ეს ღმერთის სახელები კი არ არის, არამედ მისი ტიტულებია. წმინდა წერილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. აქ არსად ნახსენებიც კი არ არის „ტიტულები" და რაიმე თანამდებობები. ღმერთი არანაირ ტიტულს არ საჭიროებს. ის მხოლოდ თავის თავს წარმოაჩენს ამ სახელებით.
„ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრაამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: „მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი" (დაბ. 17, 1).
„მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის" (გამ. 6, 3).
„უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ (Я есть сущий - რუსულად, JHWH- ჲჰვჰ ებრაულად). კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ (Сущий) მგზავნის თქვენთან. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე" (გამ. 3, 13-15).
წმინდა წერილის თანახმად, ღმერთის სახელია „მე ვარ, რომელიც ვარ" (Сущий - რუსულად, ჲჰვჰ - ებრაულად) და თანაც ესაა მისი სახელი უკუნითი უკუნისამდე. სახელი „მე ვარ, რომელიც ვარ" სხვაგვარად ნიშნავს „მე ვარ თვითარსი", „მე ვარ მყოფი", „მე ვარ მარადიული", „მე ვარ დაუსაბამო", ანუ ის, რომელიც არსებობდა ყოველთვის;
ასეთი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ღმერთი.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ სახელით მოხსენიებულია თვით იესო ქრისტეც: „მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის და იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი" (გამოცხ. 1, 8).
სხვა ადგილას უფალი ბრძანებს: „აბრაამზე უწინარეს მე ვარ" (იოან. 8, 58). არათუ ვიყავი, არამედ მე ვარ, რაც ნიშნავს მარადიულად მყოფობას, ანუ „იეღოვა" - ჲჰვჰ (შედარებისათვის ნახეთ რუსულ ბიბლიაში - Исх. 3, 14; Иоан. 8, 58; Иоан. 8, 24-25). სხვა ადგილას პავლე მოციქული წერს: „მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე, ამინ" (რომ. 9, 5). რუსულ ბიბლიაში წერის: „Сущий над всеми бог".
ამგვარად, ღმერთის სახელი მხოლოდ იეღოვა კი არ არის, არამედ მას ჰქვია ადონაი, საბაოთი, უფალი, ელი, ელოჰიმი, ელ-შადაი; თანაც ესენი არამხოლოდ მამა ღმერთის სახელებია, როგორც ამას „იეღოვას მოწმეები" ამბობენ, არამედ სამივესი ერთად - მამის, ძის და სულიწმიდის, რადგან „სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთნი არიან" (1 იოან. 5, 7).
ძველ აღთქმაში ესაია წინასწარმეტყველი ასე ამბობს: „ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: „აჰა, მე ვარ!" (ეს. 52, 6; იხ. იოან. 8, 58).
„დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ" (ეს. 62, 2).
ძველი აღთქმის ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა ახალ აღთქმაში.
იესო ქრისტემ არათუ შეახსენა ადამიანებს სახელი ღვთისა, არამედ გამოუცხადა, აუწყა ახალი სახელი, რომელიც ღვთის ჭეშმარიტი პიროვნული სახელია და მანამდე არავინ უწყოდა.
„გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყნისაგან" (იოან. 17, 6); „მე ვაუწყე მათ შენი სახელი" (იოან. 17, 26).
სიტყვებში გამოვუცხადე, ვაუწყე იგულისხმება არა ძველი სახელის შეხსენება, არამედ მანამდე დაფარულის გამომჟღავნება. და აი, ეს სახელიც: „წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმიდის სახელით" (მათ. 28, 19). ძველ ქართულ ტექსტში ასეა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნეთლ სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათ. 28, 19).
თუ ჩავხედავთ სახარების დედანს, ბერძნულ ტექსტს, იქაც ვნახავთ, რომ სიტყვა სახელითა მხოლობით რიცხვშია - Εις τò öνομα, რაც აუცილებლად ნიშნავს მამის, ძისა და სული წმიდის ერთიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა მრავლობით რიცხვში - Εις öνοματα, ანუ სახელითა მამისა, სახელითა ძისა და სახელითა სულიწმიდისა.
ამგვარად, ღმერთის პიროვნული სახელი ახალ აღთქმაში არის მამა, ძე და სულიწმიდა აღებული ერთად, „რადგან სამნი მოწმობენ ზეცად მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან" (1 იოან. 5, 7). მოცემულ მუხლთან დაკავშირებით იეღოველები ამბობენ, რომ იგი თითქოს გვიანდელი ჩამატებულია, რადგან 1985 წლის სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის გამოცემაში - „ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ფსალმუნები" - იგი ფრჩხილებშია ჩასმული. მაგრამ ამ გამოცემაში ასევე ფრჩხილებშია ჩასმული ლუკ. 11, 2-4 მუხლებში საუფლო ლოცვის „მამაო ჩვენოს" ზოგიერთი სიტყვაც, კერძოდ: „რომელი ხარ ცათა შინა"... „იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა"... „არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან". თუ ჩვენ იეღოველთა მტკიცებას მივყვებით, მაშინ ეს სიტყვებიც გვიანდელი ჩამატებული ყოფილა, რაც აბსურდული მტკიცებაა. ამასთან, იოანეს I ეპისტოლეს მე-5-7 მუხლები გვხვდება არა მარტო ძველ ბერძნულ, არამედ ძველ ლათინურ თარგმანებშიც. ამგვარ შემთხვევაში იეღოველები მიმართავენ ხერხს, რომელსაც ტექსტის დისკრედიტაცია ეწოდება.
ყოველივე ამის გარდა, პეტრე მოციქული იესო ქრისტე შესახებ გარკვევით ამბობს, რომ „სხვის მიერ არავისგან არის ხსნა, არც კაცთათვის მოცემული სხვა სახელი არის ცის ქვეშ, ვის მიერაც ვიხსნიდით თავს" (საქმე 4, 12). აქ ნახსენებია არა ძველი აღთქმის ღვთის სახელთა შორის ერთ-ერთი იეღოვა, არამედ ახალ აღთქმაში ხალხისათვის მანამდე დაფარული და აწ განცხადებული - იესო ქრისტე.
წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას", თბილის, 1998 წ.