ისლამი

ისლამი ანუ მაჰმადიანობა ერთ-ერთი ე.წ. მსოფლიო რელიგიათაგანია, რომლის მიმდევართა რიცხვი დაახლოებით 1 მილიარდ კაცს უდრის. იგი დიდ როლს თამაშობს თანამედროვე პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. ისლამი თავისი აგრესიული სოციალ-პოლიტიკური დოქტრინისა და ძლიერი ემიგრაციის წყალობით სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს თვით დასავლეთის ქვეყნებშიც კი. ამასთან ერთად ისლამური პრობლემა სიმპტომატური იყო და არის ქართული სინამდვილისათვის, ერთი მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და მეორე მხრივ იმის გამო, რომ ქართველთა გარკვეული, არც თუ მცირე ნაწილი მუსლიმანური აღმსარებლობისაა.

ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაისახა VII საუკუნის დასაწყისში. მისი დამაარსებელი ყურეიშიტების გვარის ერთ-ერთი მექელი ხანიფა - მუჰამედია, რომელმაც თავი ერთი ღმერთის - ალაჰის მოციქულად გამოაცხადა. იმის გამო, რომ არაბი ტომები მრავალღმერთიანობას აღიარებდნენ და ყოველ ტომს თავისი „ღმერთი" ჰყავდა, მუჰამედის მოძღვრებამ, როგორც მონოთეისტურმა, მექაში გავრცელება ვერ ჰპოვა, რის გამოც 622 წელს ხანიფთა მცირე ჯგუფთან ერთად მუჰამედი მედინაში წავიდა, სადაც მან პირველი მუსლიმანური თემი დააარსა, რომელიც თანდათან გაძლიერდა და 630 წელს მექელი დიდკაცობა იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა და ახალი რელიგია მიეღო. ასე წარმოიქმნა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფო - ერთიანი იდეოლოგიის მქონე ხალიფატი, რომელმაც საზღვრების გაფართოებისა და გამდიდრების მიზნით დაპყრობითი ომები დაიწყო. ხალიფების ხელმძღვანელობით, რომელთა ხელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო ძალაუფლება ერთად იყო თავმოყრილი, არაბებმა უზარმაზარი ტერიტორია დაიპყრეს, რომელზედაც ძალით ინერგებოდა ისლამი.

ისლამის წარმოშობაში დიდი როლი ითამაშა, ერთი მხრივ, იუდაიზმმა, ხოლო, მეორე მხრივ, ნესტორიანელობამ და მონოფიზიტობამ, გარკვეული კვალი მასზე არაბი ტომების პოლითეიზმმაც დატოვა. ისლამის მთავარი დოგმა ერთი ღმერთის - ალაჰის აღიარება და მისდამი სრული მორჩილებაა (თვით სიტყვა „ისლამი" - მორჩილს ნიშნავს). მუსლიმთა რწმენის აღიარების ფორმულაა: „არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი".

მაჰმადიანური სარწმუნოების წყარო ყურანია (არაბ. ალ-ყურან - საკითხავი), რომელიც უზენაეს და უაღრესად სრულ წიგნად ითვლება თორასა და სახარებასთან ერთად. ისლამური ტრადიციის მიხედვით, ყურანი მუჰამედს ანგელოზმა ჯებრაილმა (გაბრიელმა) წაუკითხა. მისი ტექსტი პირველად ხალიფა ოსმანის დროს (644-665) გამოჩნდა. იგი 114 სურისაგან (თავი) შედგება. ყურანის შექმნიდან რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მასში ჩამოყალიბებული დებულებების, კერძოდ, ეთიკური მოძღვრების კონკრეტიზაცია, რის გამოც შეიქმნა ე.წ. სუნა ანუ ხადისების კრებული, რომელიც თავის მხრივ მუსლიმური სამართლის - შარიათის წყაროდ იქცა.

ყურანში ბიბლიურმა სიუჟეტებმა თავისებური ტრანსფორმაცია (1) განიცადეს.

ისლამი წინასწარმეტყველებად აღიარებს: ადამს, ნოეს (ნუხი), აბრაამს (იბრაჰიმი), მოსეს (მუსა) და იესოს (ისა). მუჰამედი, როგორც უკანასკნელი წინასწარმეტყველი, მათზე მაღლა დგას. იუდეურ-ქრისტიანული ტრადიციიდან ისესხა ისლამმა ერთღმერთიანობის, ანგელოზების, სულის უკვდავების, საიქიო მისაგებელის, მეორედ მოსვლის და სხვა იდეები, თუმცა ყოველ მათგანში საკუთარი შინაარსი ჩადო.

მექა

ისლამის სარწმუნოებრივ საფუძველს ე.წ. „5 ბურჯი" შეადგენს: 1. ერთი ღმერთისა და მუჰამედის წინასწარმეტყველური მისიის აღიარება; 2. ხუთგზის ყოველდღიური ლოცვა (ასსალათი, ანუ ნამაზი); 3. მარხვა (საუმი, ურაზა), 4. მოწყალების გაცემა (ზაქათი); 5. მოსალოცად წასვლა მექაში, სიცოცხლეში ერთხელ მაინც (ჰაჯი).

ისლამი არ არის ერთიანი რელიგია. მორწმუნეთა უმრავლესობა ტრადიციულ ისლამს - სუნიზმს აღიარებს, რომელიც სუნასა და ყურანს ემყარება. შიიტები ყურანს ქარაგმულად განმარტავენ, ხოლო სუნაში მხოლოდ იმ ხადისებს აღიარებენ, რომელიც მუჰამედის სიძის - მეოთხე ხალიფა ალის სახელს უკავშირდება, მათ აქვთ საკუთარი წმიდა გადმოცემა - ახბარი. ცნობილია აგრეთვე მუსლიმანური სექტები: ისმაილიტები, დრუზები, ვაჰაბიტები, ბაბიდები, ბაჰაულას მიმდევრები და სხვა.

მუსლიმანური თეოლოგიის საყრდენს ვოლუნტარიზმი და ფატალიზმი წამოადგენს. ისლამში ღმერთი მოიაზრება, როგორც სამყაროს შემოქმედი, მარადიული სული, იგია პირველი და უკანასკნელი, ამასთან იგი უპიროვნო არსია (ამაში ზოგიერთი მკვლევარი გნოსტიციზმის გავლენას ხედავს, ალაჰის, როგორც უპიროვნო ღმერთის განმარტება ჩვენს დროში სულ უფრო მეტ მომხრეს იძნენს მუსლიმან ღვთისმეტყველთა შორის). მუსლიმანურ მონოთეიზმთან მჭიდროდაა დაკავშირებული ალაჰისადმი აბსოლუტური მორჩილების იდეა, რომელიც ყოვლისმომცველ ხასიათს ატარებს. ღვთის მიერ დადგენილი წესრიგისადმი უსიტყვო მორჩილების მოთხოვნა აისახა ყოვლისშემძლე ღმერთისა და წინასწარგანსაზღვრულობის შესახებ მოძღვრებაში. თვითონ ყურანში სწავლება ღვთაებრივ და ადამიანურ ნებათა თანაფარდობის შესახებ წინააღმდეგობრივადაა ჩამოყალიბებული. აბსოლუტური წინასწარგანზრახულობის იდეისა და ადამიანის თავისუფლების იდეის მომხრენი ყურანში თავისი თვალსაზრისის დადასტურებას პოულობენ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ადრეულ პერიოდში მუჰამედი და მისი მიმდევრები მექის არისტოკრატიასთან ბრძოლის დროს ნების თავისუფლებას ქადაგებდნენ, ხოლო როცა ისლამი ოფიციალური რელიგია გახდა, წინასწარგანზრახულობის იდეა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად იქცა, რომელსაც უნდა გაემართლებინა როგორც ახალი, ფეოდალური წყობილების, ისე საღვთო ომის (ჯიჰადი) აუცილებლობა, როგორც ღვთის ნების გამოვლინება.

ამ პოზიციაზე დგას ისლამის ოფიციალური თეოლოგიური დოქტრინა ქალამი (მეცნიერება, მოძღვრება), რომლის ფუძემდებელია ალაშარი (783-835 წწ.). ქალამის მიხედვით, ალაჰს გააჩნია აბსოლუტური თავისუფალი ნება, რომლითაც ის უწყვეტად ქმნის და ამოძრავებს ყოველ ტომს. ყოველი მოვლენა განიხილება, როგორც ალაჰის შემოქმედებითი აქტის შედეგი. ნებისმიერი საგანი, მათ შორის ადამიანიც, იარაღია ღმერთის ხელში. ადამიანს არ გააჩნია თავისუფალი ნება, თუმცა პასუხისმგებელია საკუთარ საქციელზე.

ქალამი შეიქმნა VIII საუკუნეში წარმოშობილი მუთაზილიტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ბასილ-იბნ-ატა (699-748 წწ.), ალ-კანდი (800-860 წწ.) და ან-ნაზამი (-845 წწ.), ხოლო ხალიფა მამუნის (813-838 წწ.) დროს მუთაზილიზმი სახელმწიფო მოძღვრება გახდა. იგი ტრადიციულ ისლამს ზომიერი რაციონალიზმის პოზიციიდან დაუპირისპირდა. მუთალიზიტები ცდილობდნენ, ალაჰისათვის ანთროპომორფული ნიშნები ჩამოეცილებინათ, უარყოფდნენ ყურანის შეუქმნელობას და ამდენად მას აბსოლუტურ ხასიათს. მათვე წამოაყენეს ადამიანის ნების თავისუფლების პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანი თვითონ არის სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი (2).

რაც შეეხება ბოროტების საკითხს, ისლამის ვოლუნტარიზმისა და ფატალიზმიდან იმგვარი დასკვნა გამომდინარეობს, რომ სამყაროში არსებული ბოროტების მიზეზი თვით ალაჰია. მით უფრო, რომ მუსლიმანური ანთროპოლოგია ადამიანს სუსტ არსებად წარმოაჩენს, რომელიც არარაობაა, უგუნურია, ძლიერ და ბრძენ ალაჰთან შედარებით, რისი მიზეზიც საბოლოოდ თვითონ ალაჰია. გარდა ამისა, ყურანის ბოლო 113 სურაში პირდაპირაა ნათქვამი: „თქვი, მივმართავ უფალს განთიადისას, რომ დამიფაროს ყოველი ბოროტებისაგან, რაც გააჩინა", ამასთან ერთად, თვით ბოროტების ცნებაც ისლამში ფარდობითია, მაგ: კაცის კვლა საზოგადოდ - ბოროტებაა, მაგრამ იგივე კაცის კვლა ჯიჰადის დროს არა თუ ბოროტებად, არამედ პირიქით, წმინდა საქმედ ითვლება. ამგვარი თეოლოგიური წინამძღვარი შესაბამის მორალს აფუძნებს, რომელიც მუსლიმანური წესების ფორმალური და მექანიკური შესრულების ფარგლებს არ სცილდება და ყურანის მთელი ზნეობრივი მოძღვრებაც მხოლოდ ცხოვრების პრაქტიკული მხარის მოწესრიგებისაკენაა მიმართული.

ზემოხსენებულ ისლამური სექტებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია ვაჰაბიზმი და ბაჰაიზმი. პირველი მისი განსაკუთრებული აგრესიული ხასიათის გამო და მეორე იმიტომ, რომ მისი მიმდევრები საქართველოშიც არიან.

ვაჰაბიზმი, მომთაბარე არაბი ტომების იდეოლოგია, ჩაისახა XVIII საუკუნეში. მისი ფუძემდებელი იყო გამუსლიმანებული ებრაელი, მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბი. მისი სახელის გამო თანამოაზრეებს ვაჰაბიტებს ეძახდნენ. ეს რელიგიური გაერთიანება ითხოვდა მუჰამედის დროინდელი ისლამის აღდგენას და აღიარებდა მხოლოდ ყურანს. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარი შექმნილის, მათ შორის მუჰამედის საფლავის თაყვანისცემას. ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მუჰამედისა და მისი ოჯახის წევრების დაფიცებას. არ იყენებდნენ მათრობელა სასმელებს, თამბაქოს, არ უსმენდნენ მუსიკას, არ მღეროდნენ, არ მონაწილეობდნენ ცეკვებსა და სხვა თამაშებში, ე.ი. უარყოფდნენ ადამიანის აღმგზნებ ყოველგვარ საშუალებას. 1740 წელს ურთიერთშეთახმების საფუძველზე იბნ ვაჰაბმა და იბნ საუდმა გადაწყვიტეს, ერთად ემოქმედათ ვაჰაბიზმის გასავრცელებლად. გაიყვეს რა ძალაუფლება, ვაჰაბი სასულიერო ლიდერი გახდა, საუდი - საერო. მათ მიერ ნეჯდში შექმნილი სახელმწიფო უფრო ძალადობას ეყრდნობოდა, ვიდრე რელიგიურ ღვთისმოსაობას. მათ მუსლიმანთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვიეს, როდესაც ჯერ გაძარცვეს შიიტების სალოცავი, ხოლო 1806 წელს, ქ. მექა და დაარბიეს სალოცავები, არ შეეხნენ მხოლოდ ქააბას, სამაგიეროდ, შებილწეს მედინაში აიშას სახლი, სადაც სამი დიდი ადამიანის განსასვენებელი იყო. აქ ხომ ერთმანეთის გვერდით ესვენა მუჰამედი, აბუ ბაქრი და ომარი. დროთა მანძილზე ეს სექტა გავრცელდა მესოპოტამიასა და სომალში და ბევრი სირთულეებიც შეუქმნა ადგილობრივ ხელისუფლებას. ვაჰაბიტების მიერ უარყოფილი იყო მოლა, წმინდანები, წმინდა ადგილები. განსაკუთრებული ყურადღებდა დაეთმო ჯიჰადს ურწმუნოთა და რწმენაში დაბნეულთა წინააღმდეგ. როგორც რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანების საშუალება ვაჰაბიტური იდეები ადვილად გავრცელდა ინდოეთის მუსლიმებში. მათ მაშინვე იერიში მიიტანეს ადგილობრივ სიქხებზე (3). ბრძოლის რელიგიური მოტივი ის გახლდათ, რომ „მუსლიმს არ შეეძლო ეცხოვრა ურწმუნოების ქვეყანაში", ამიტომაც, მისი მიზანი იყო საღმრთო ომი წმინდა რწმენის, ალაჰის სუფთა სახელის რწმენის აღსადგენად.

ბაჰაიზმი ბაბიზმის შემდგომი განვითარების შედეგად აღმოცენდა. თვით ბაბიზმის წარმოშობა კი უკავშირდება სეიდ ალ მუჰამედის, შირაზელი ვაჭრის, სახელს, რომელმაც, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდამ, XIX საუკუნის 40-50-იან წლებში თავი გამოაცხადა ბაბად, რაც ნიშნავდა თავისებურ შუამავალს ალაჰსა და მორწმუნეს შორის, კარიბჭეს. ალი აგრძელებდა შეიხიტების სექტის ხელმძღვანელის სეიდ კაზემ რეშტის საქმეს. ეს უკანასკნელი ითვლებოდა მოსასვლელი მეთორმეტე იმამის წინამორბედად.

ბაბმა დამთავრებულად გამოაცხადა ყურანსა და შარიათზე დამყარებული კანონების ბატონობა. წამოაყენა მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპი; ადამიანთა უფლებების დაცვა, რითაც სწრაფად გახდა პოპულარული. აცხადებდა, რომ როგორც მოციქულის მემკვიდრე მოწოდებული იყო ახალი კანონების საუწყებლად. მის მოძღვრებაში დიდი ადგილი ეთმობოდა პანთეიზმისა და მისტიციზმის პრინციპებს. ბაბიზმი უარყოფდა ექსპლოატაციას და შიიტი სამღვდელოების თვითნებობას. ამ დროს დიდი უფლებები მოიპოვეს ადგილობრივმა ვაჭრებმა. ქვეყნიდან იდევნებოდნენ უცხოელი ვაჭარნი; რაც შეეხება რელიგიას, ბაბმა გაამარტივა ისლამური კულტი, შეამცირა ლოცვების რაოდენობა. ბაბისტურ მოძრაობაში დიდი როლი შეასრულა ქალმა ზაჰრე-ხანუმმა. ის იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელთაგანი, რომელიც ითხოვდა ქალთა ემანსიპაციას, ასევე მრავალცოლიანობისა და ქალების დამამცირებელი სხვა მუსლიმური ჩვეულებების გაუქმებას.

1850 წელს შაჰის ბრძანებით ბაბი სიკვდილით დასაჯეს თეირანში. პროტესტის ნიშნად ბაბისტურმა მოძრაობამ მოიცვა მთელი ირანი, მაგრამ, რადგანაც უშუალო ხელმძღვანელი აღარ იყო, მოძრაობა თანდათან შესუსტდა და მალე თავი იჩინა ახალმა დაჯგუფებამ, რომელშიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ჰუსეინ ალი, ბაჰაულას სახელით ცნობილი (ეს სახელი ნიშნავდა „ღმერთის ბწყინვალებას"). მოძრაობამ ბაჰაიზმის სახელწოდება მიიღო და გამოაცხადა რჯულშემწყნარებლობა. ცდილობდა ისეთი მსოფლიო რელიგიის შექმნას, რომელიც იქნებოდა სრულიად ახალი და შეძლებდა გართულებების გარეშე ხალხების გაერთიანებას. ამ რელიგიურმა მიმდევრობამ უკანა პლანზე დააყენა კულტი: ლოცვას არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და არც რელიგიური აკრძალვები მიუღია კანონად. სავალდებულოდ აღარ ითვლებოდა მეჩეთში ერთობლივი ღვთისმსახურება, გააუქმა მთელი რიგი ბაბისტური აკრძალვები და სხვ.

ბაჰაისტური ტაძარი

ბაჰაიზმი თანამედროვე რელიგიურ-სოციალური-პოლიტიკურ მიმდევრობად ჩამოყალიბდა, რომელმაც თავის მოწოდებებსა და საქმიანობაში სერიოზული ყურადღება დაუთმო ხალხის ეკონომიკურ მდგომარეობას, რითაც შეძლო ავტორიტეტის სწრაფად მოხვეჭა. ეს უარყოფდა ძალადობას და მოუწოდებდა სიყვარულისა და მიმტევებლობისაკენ. ბაჰაისტების რელიგიური წიგნი „ქითაბ აკდას" ანუ „უწმინდესი წიგნი" ამთლიანებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს. ბაჰაისტურ ტაძრებში ამ წიგნიდან ამოღებულ ცალკეულ გამონათქვამებს კედლებზეც კი ლოზუნგებად აწერდნენ. ბაჰაი უდიდეს სიყვარულს გამოხატავდა უქონელი და მოშიმშილე ხალხისადმი. ის ბევრს წერდა იმ ადამიანთა მომავალი კეთილდღეობის შესახებ, რომლებიც სოციალური უთანასწორობის მსხვერპლი გახდნენ. ერთი ბაჰაისტური წიგნი გარკვევით იუწყება: „იყო ბაჰაის მიმდევარი ეს იმას ნიშნავს გიყვარდეს მთელი კაცობრიოიბა, ემსახურო მას, იმუშაო საყოველთაო მშვიდობისა და ძმობისათვის. ბაჰაის მიმდევარი არის პიროვნება, რომელშიც შეთავსებულია ყველა საუკეთესო და სრულყოფილი თვისება. ბაჰაიზმი კრძალავს ადამიანების მხრივ ყველა ძალადობას, უსინდისობას და კაცობრიობას მოუწოდებს სიყვარულისაკენ. ამ ამაღელვებელი გრძნობის დაუფლებაში ადამიანებს ეხმარება უფლისადმი ლოცვა, რომელიც დღეში სამჯერ აღევლინება და მისი მეშვეობით მორწმუნეში „იბადება უფალი". ბაჰაიზმის ძირითადი რელიგიური და მორალური პრინციპები შემდეგია: ჭეშმარიტების ძიება; რელიგია, როგორც საშუალება ძმობისა და სიყვარულისა; რათა გამოირიცხოს ადამიანებს შორის რელიგიური წინააღმდეგობები, აუცილებელია საერთო რელიგია, ასეთი ბაჰაიზმი; რელიგიისა და მეცნიერების მტკიცე კავშირი; ცრურწმენის უარყოფა; სოციალურ და ეკონომიკურ საშუალებათა გათანაბრების გზით ადამიანთა თანასწორობის მიღწევა; ადამიანთა თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ; საყოველთაო მშვიდობა დედამიწაზე; რელიგიის ჩაურევლობა პოლიტიკაში; ქალისა და მამაკაცის თანსწორუფლებიანობა; და სხვ.

ბაჰაისტებს აქვთ საკუთარი კალენდარი, რომელიც ეყრდნობა მზის სისტემას; წელიწადი მოიცავს ცხრამეტდღიან თვეს, სულ 361 დღეს, ხოლო ოთხი დღე არის დამატებითი მეთვრამეტე და მეცხრამეტე თვეებს შორის; დღესასწაულების უმეტესობა ბაჰაის ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. მთელ რიგ სახელმწიფოებში მოქმედებს ბაჰაიზმის 8 „თაყვანისცემის სახლი" და იმედოვნებენ, რომ მათი რაოდენობა თანდათან გაიზრდება. დღეს ბაჰაიზმი გავრცელებულია მსოფლიოს 30 ქვეყანაში, 10 მილიონი მიმდევარი აღიარებს ამ რელიგიურ მოძღვრებას. მოქმედებს 250000-მდე ადგილობრივი და 800-მდე „ეროვნული სასულიერო საბჭოები". ბაჰაის საზოგადოება აქტიურად თანამშრომლობს გაეროს სხვადასხვა მისიებთან, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მათი გაერთიანება „სამართლიანობის მსოფლიო სახელი" ჩაბმულია ეკოლოგიური პრობლემების მოწესრიგებისათვის მოძრაობაში, განვითარებადი ქვეყნების, უპატრონო ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებაში.

ბაჰაიზმი მოქმედებს საქართველოშიც, 1992 წელს აქ მისი გავრცელება დაიწყეს ირანელმა როჰანმა და ინდოელმა აფშინმა. ისინი ასრულებდნენ ბაჰაიზმის „გავრცელების საერთაშორისო კომიტეტის" დავალებას. „ოთხი თვის მანძილზე თავიანთ რწმენაზე მოაქციეს საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების ოციოდე ადამიანი, ხოლო 1993 წელს თბილისში ჩაატარეს „ადგილობრივი სასულიერო საბჭოს" პირველი არჩევნები. 1994 წლიდან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან: ქუთაისში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, თელავში, გორში და ა.შ. დედაქალაქში მათი საკრებულო მოქმედებს აკაკი წერეთლის გამზირზე. ოთახში გაკრულია აბდულ ბაჰას დიდი სურათი, რწმენის 11 ძირითადი პრინციპი, ქარმალის მთის სურათი ბაბის განსასვენებელის გამოსახულებით და კალენდარი, აქვთ ბიბლიოთეკა და მათთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები. მოქმედებს ე.წ. „ბაჰაის აკადემია", თვეში ერთხელ გამოსცემენ გაზეთს „ახალი ერა". დღეისათვის თბილისში არის 200-მდე ბაჰაის მიმდევარი, მთალიანად საქართველოში - 2500.

„აპოლოგეტიკური წერილები", თბილისი, 2001 წ.
ავტორ-შემდგენელი: ზურაბ ეკალაძე


1. იუდეველები და ქრისტიანები ილამში მიჩნეულ არიან ღვთისგან ნაწყალობევი, მაგრამ დამახინჯებული „წერილის ადამიანებად", რის გამოც ისინი უფრო მაღლა დგანან ვიდრე წარმართები.

2. ისლამის წიაღში წარმოშობილ გავლენიან მიმართულებას წარმოადგენდა აგრეთვე სუფიზმი (სუფ - შალის მატყლის უხეში ქსოვილი, რომლითაც იმოსებოდნენ ამ მოძღვრების მიმდევრები). იგი VIII-IX ს. წარმოიშვა. სუფიზმი მისტიკური მოძღვრება იყო, რომელშიც ნეოპლატონიზმისა და ბუდიზმის ელემენტებიც შეიჭრა, რამაც მისი პანთეისტური ხასიათი განაპირობა. სუფიების მთავარ მიზანს ღმერთთან შერწყმა წარმოადგენდა, რაც მისტიკური ექსტაზის გზით ხორციელდებოდა, რომლის დროსაც ადამიანის სული ღმერთის იგივეობრივი ხდება და მისტიკოსის „მე" უერთდება აბსოლუტს. სუფიზმი თავშეკავებულობას, ასკეტიზმს, გარესამყაროსადმი გულგრილობას ქადაგებდა. დიდი ბიძგი მისცა პოეზიის განვითარებას (განსაკუთრებით სპარსეთში). ღვთის მისტიკური ჭვრეტისა და ღვთის შემეცნებაში გონების უძლურების იდეების ალ-ღაზალმა (1058-1111 წ.) ისლამშიც შეიტანა, თუმცა პანთეისტური კონცეფცია უკუაგდო.

3. სიქხები იყვნენ ერთ-ერთი ინდური რელიგიის სიქხიზმის წარმომადგენლები. ეს მიმდინარეობა აღმოცენდა XVI ს-ში ინდოეთში, როგორც ინდუიზმის სექტა.