კიდევ ერთი უძღები შვილი
ეს ამბავი საბერძნეთში მოხდა.
ათანასე დედისერთა იყო. ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. მამა ადრე გარდაიცვალა და დედას ძალიან უნდოდა მის შვილს ესწავლა. მაგრამ ათანასე ცუდ წრეში მოხვდა, სწავლას თავი დაანება და ცოდვიან ცხოვრებაში ყელამდე ჩაეფლო. ნარკოტიკებისა და სხვა საეჭვო გართობებისათვის ფული რომ შემოაკლდებოდა, დედას ჩამოაკითხავდა (ის ოჯახიდან მოშორებით, ქალაქში ცხოვრობდა), წესიერად არც კი მოიკითხავდა და ეტყოდა: „ეი, ფული გაქვს? მოიტა აქ, მეჩქარება". თუ საცოდავი ქალი რამის თქმას გაბედავდა, შვილი ცემდა, ფულს წაართმევდა და გაუჩინარდებოდა.
რვა წელი გრძელდებოდა ასე. დედა ჩემოდნა, ცოცხალ ჩონჩხს დაემსგავსა. იგი ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი შვილი ნარკომანების ბანდას ვერასდროს მიატოვებდა, როდისმე ციხეში ჩასვამდნენ და საბოლოოდ დაიღუპებოდა.
დარდისაგან გათანგულ მოხუცს კეთილმა ადამიანებმა ურჩიეს, წმ. იოანე რუსის ნაწილებთან წასულიყო და შვილისათვის ელოცა.
დედა ასეც მოიქცა. ტაძარში მისი თხოვნით წმიდანის წმიდა ნაწილებთან პარაკლისი გადაიხადეს. ქალმა მთელი გულით სთხოვა წმიდანს: „დამიბრუნე შვილი, წმიდაო იოანე, გონს მოიყვანე! გთხოვ, ისევ ისე დამიძახოს „დედა", როგორც ადრე მეძახდა".
დედა შინ დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ მისი სახლის კარი ღია იყო. დედას გაუკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო სახლში?! ქალი შინ შევიდა.
- დედა! - გამოეგება შვილი, - დავბრუნდი, შენ ხომ ეს გინდოდა. ყველაფერს ვნანობ, რაც კი ჩამიდენია. აქ უნდა ვიცხოვრო, ამ სახლში, მამაჩემის სახლში. მხოლოდ გუშინ მივხვდი, რაც ჩავიდინე შენს წინაშე და საკუთარი თავის წინაშეც. მაპატიე, დედა!
ქალი თვალებს და ყურებს არ უჯერებდა. თითქოს ენა წაერთვა, ხმას ვერ იღებდა. მხოლოს საღამოს შეძლო წარმოეთქვა: „კეთილი იყოს შენი მოსვლა, შვილო. ხვალ დილას წავალ იმასთან, ვინც შენ სახლში დაგაბრუნა. წავალ და მადლობას მოვუხდი".
ორი დღის შემდეგ მღვდლებმა ეს ქალი ისევ ტაძარში რომ დაინახეს, იფიქრეს, ჯერ არ წასულა სახლშიო. თურმე, არათუ წავიდა შინ, არამედ იპოვა კიდეც შვილი, რომელმაც ისევ დაუძახა მას: „დედა", როგორც ადრე. ასე გაცოცხლდა დედის ლოცვით ის, ვინც „მომკვდარ-იყო", ასე გადარჩა, ვინც „წაწყმედულ-იყო".
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.