ქალიშვილის განკურნება
ეს ამბავი ერთი მღვდლის - ლუბიმოვის ოჯახში მოხდა.
ერთ საღამოს მშობლებმა თავიანთი ქალიშვილი - ჩვიდმეტი წლის მარიამი სარდაფში გაგზავნეს რძის ქოთნის მოსატანად. გოგონა გაიქცა. ხუთი წუთიც არ გასულიყო, რომ იგი გაფითრებული დაბრუნდა უკან. შიშისაგან ერთიანად ცახცახებდა. ოთახში რომ შევიდა კედელს მიეყრდნო და ასე გაუნძრევლად იდგა. მშობლებს უნდოდათ საწოლში ჩაეწვინათ, მაგრამ ქალიშვილმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწიათ, რომ იძულებულნი გახდნენ საწოლზე მიებათ. გოგონა კრინტს არ ძრავდა.
გადიოდა კვირები, თვეები. მარიამი ხმას არ იღებდა. მშობლების მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. ქალიშვილის დედა განუწყვეტლივ ლოცულობდა - უფალს შვილის ხნას ემუდარებოდა.
ამ დროს გოგონას მამა, მღვდელი, ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით რაღაც საკითხზე მოსკოველ მიტროპოლიტ ფილარეტთან შევიდა. მოძღვრის მოხსენება რომ მოისმინა და შეხვედრა ფაქტობრივად დამთავრდა, მღვდელმთავარმა ლუბიმოვს ჰკითხა: „მგონი, რაღაც უნდა გაწუხებდეს. თუ საიდუმლო არ არის, მითხარი, რას დარდობ?"
ცრემლმორეულმა მღვდელმა მიტროპოლიტს თავისი ქალიშვილის ავადმყოფობის შესახებ მოუყვა.
- ბავშვებს აჩენთ, მათი აღზრდა კი არ იცით. რატომ გაგზავნეთ ყმაწვილი ქალი სარდაფში გვიან, სიბნელეში? ვინმე უფროსი არ იყო? მოახლე არა გყავთ? - გაუწყრა მიტროპოლიტი.
- ხელმოკლეობის გამო მოახლეები არ გვყავს. - უპასუხა მღვდელმა.
- მაშინ თვითონ წასულიყავი, ანდა დედამისი. - უსაყვედურა მიტროპოლიტმა.
- მეუფეო! ჩვენ შვილებს პატარაობიდანვე ვაჩვევთ საქმიანობას.
- ნუ სწუხარ, იქონიე ყოვლისშემძლე უფლის სასოება და სიმშვიდე დაგიბრუნდება. კიდევ როდის ჩამოხვალ მოსკოვში?
- როცა თქვენ ინებებთ.
მიტროპოლიტმა განაწამებ მამას ჩამოსვლის დრო დაუნიშნა - ერთი თვის შემდეგ ჩამოდი და ცოლი და ქალიშვილიც თან ჩამოიყვანეო.
ლუბიმოვი ასეც მოიქცა - მოსკოვში თავის ცოლთან და ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა და პირდაპირ მიტროპოლიტს მიაშურა.
მღვდელმთავარმა ფილარეტმა ყაზანის ღვთისმშობლის ხატით აკურთხა მთელი ოჯახი. „ახლა წადით წმიდა სერგის სავანეში. იქ ღვთის წყალობას მიიღებთ!" - უთხრა მათ.
წმიდანის სავანეში ლუბიმოვებს არავინ დახვდათ. ტაძარი ცარიელი იყო. თვალცრემლიანმა მშობლებმა ავადმყოფი შვილი წმიდანთან მიიყვანეს, წმ. სერგის თავთან თავი დაახრევინეს და თან გულმხურვალედ შესთხოვეს მას შვილის განკურნება.
როგორც კი ქალიშვილი წმიდანის ნაწილებს შეეხო, სახე გაუნათდა - ლოყები შეუფაკლდა. მერე თვალებგაბრწყინებული მშობლებს მიუბრუნდა.
- გრძნობთ, როგორი კეთილსურნელი ასდის წმიდა ნაწილებს? - თქვა მან. იმ წუთიდან მეტყველებაც დაუბრუნდა და სრულიად გაჯანმრთელდა კიდეც.
მშოლებმა ღრმა მადლიერების გრძნობით აღავლინეს სამადლობელი პარაკლისი დიდ წმიდანის - სერგი რადონეჟელის წმ. ნაწილებთან და ბედნიერები შინ დაბრუნდნენ.
„დედის ცრემლები", თბილისი, 2004 წ.