ხიბლი
როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „მეტად დიდი ხიბლია ადამიანისთვის იმის დაშვება, რომ იგი ამ მდგომარეობაში არ იმყოფება, ყველა მოტყუებული ვართ, ცდუნებულნი, ყალბ მდგომარეობაში, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს". იმავეს ამბობს მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუკოვსკი): „თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას. გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი - უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებების გამოვლენაზე - ესეც ხიბლია, მიიღე შექება, დატკბი მისით - ესეც ხიბლია".
ამგვარი მიდგომა ადვილი შესაძლებელია გაზვიადებულად ჩათვალონ. თითქოს ასეთ განცდებს ვინ აცდება, თითოეულის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება ისინი. სულ იმაზე თუ იფიქრე, რომ ხიბლის, ამპარტავნების გამოვლენაა ეს, შეიძლება ზედმეტად დაიძაბო, დაბრკოლდე, ზოგ შემთხვევაში მართლაც კარგად გამოგივა რაღაც, როგორ გინდა არ შენიშნო, გონება თავისთავად აკეთებს ამას, გსიამოვნებს საკუთარი სიმარჯვის დანახვა, სხვამაც თუ შეგაქო, გიხარია. ძნელია ხშირად ამ ჩვეულებრივი, შენთვის სასიამოვნო განცდების მიღმა ხიბლი დაინახო, საშიშროება იგრძნო, მაგრამ როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი მამები სულ სხვაგვარად აღიქვამენ ამას ყველაფერს და ჩვენც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, როგორც ბრძენი, გამოცდილი ხალხის მიდგომა.
მამა ალექსი (სოლოვიოვი) წერს: „არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში საკუთარი არ არის, უფლისაა. პირადი არაფერი გაგვაჩნია. როცა თავში პატივმოყვრული, ქედმაღლური აზრი მოგივა შენს შესახებ ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე ის და თან თუ მარტო ხარ, შენდა გასაგონად თქვი: „მე ვიცი, როგორი კარგიც ხარ, ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა? - და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა - ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება".
რას წარმოადგენს ხიბლი? იგი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება, როცა ახდენენ რა თავისი შესაძლებლობების გადაფასებას, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე. თვლიან, რომ სულიერების ისეთ დონეს მიაღწიეს, იმდენი ცოდნა, გამოცდილება დააგროვეს რელიგიურ სფეროში, რომ ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი საქმეების ჩადენა, დიდი ღვაწლის აღება საკუთარ თავზე. მიიჩნევენ, რომ უფლის განსაკუთრებული წყალობაა მათთან, მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისგებლო მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ეს ხალხმა უნდა გაიგოს. გამოსაყოფია ხიბლის ორი ფორმა: ერთი - ჩვეულებრივი, არაშორსწასული, რომელიც ყველა მორწმუნესთან გვხვდება და მეორე - ამ მდგომარეობის მეტად საშიში, მკვეთრი გამოვლინების სახე. ჯერ შევჩერდეთ პირველ მათგანზე. იგი ერთგვარი სენივითაა, რომლისგანაც სიცოცხლის ბოლომდე არავინაა დაზღვეული, განთავისუფლებული, უბრალოდ სულიერების, რელიგიური გამოცდილების ზრდასთან ერთად უფრო ადვილად ატყობენ, იჭერენ ამპარტავნულ გამოვლინებებს საკუთარ თავში, გრძნობენ, ვარდებიან თუ არა ხიბლის მდგომარეობაში. უახლოვდებიან თუ არა ამ მხრივ კრიტიკულ ზღვარს.
მათგან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც უბრალო მორწმუნეთაგან, ვისაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცავს რელიგიურ წესებს, რომელს არ წარმოუდგენია, რომ მან უკვე გარკვეული სარწმუნოებრივი ცოდნა, გამოცდილება შეიძინა და ახლა სხვასაც შეუძლია ასწავლოს, დაარიგოს რაღაც, მოაქციოს ეკლესიისკენ, ჩაუთვლია, რომ მის ლოცვას უკვე ძალა აქვს და უფალი ისმენს მას, მიუჩნევია, რომ ხელეწიფება ეკლესიისთვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეებთან შეჭიდება. თავისთავად შეიძლება ისიც დაუშვა, რომ უბრალოდ, ყოველგვარი შეფარული მიზნის, საკუთარი თავის განდიდების გარეშე მოინდომო სხვისი დახმარება, რწმენისკენ შემობრუნება, ეკლესიისთვის სამსახურის გაწევა, მაგრამ ხშირად ამ განცდებს მაინც ამპარტავნული მომენტი ერევა. მოწყალება გავიღე, კეთილშობილება გამოვიჩინე, ღვთისთვის სათნო საქმე გავაკეთე, უფალი დამიფასებს, ალბათ სხვაც შეამჩნევს - გღრღნის სიამაყის ჭია და გიმახვილებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას. ერთ-ერთი გამორჩეული სქემოსანი ბერის სულიერი შვილის აღსარებაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: „მე სავსე ვარ ამპარტავნებით, გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი". ეს სიტყვები ძალიან ბევრს მიესადაგება. მართალია, მალავენ ამ თავის გულში ნაფიქრს, ესმით რა სასაცილო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხაზი რომ გაუსვან თავის რჩეულობას, როგორი ულამაზო გამოვა სხვის თვალში, ამბობენ ქრისტიანისთვის ჩვეულ სიტყვებს მე ვინ ვარ, ერთი ცოდვილი, უძლური არსება, მაგრამ სინამდვილეში კი ეს სიტყვები სულაც არ ასახავს მათ შინაგან მდგომარეობას. თავისთვის ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ალბათ დაიგრგვინებს მართლმადიდებლურ სამყაროში მათი სახელი. ამგვარი აზრები, შინაგანი განწყობა უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კაცებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისს არც ქალები წარმოადგენენ, ზოგჯერ ასაკოვნებიც.
ადამიანი თავისი ბუნებით ამპარტავანია, მაგრამ ხანდახან მაინც მისი ეს მხარე განსაკუთრებით იკვეთება, იწევს წინ და იგი უკვე ხიბლზე მიუთითებს. ამ დროს ხიბლის მდგომარეობის ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს, ორი მხარე იქნება მეტად თვალშისაცემი. ერთი - გამახვილება, გაძლიერება საკუთარი ღირსების შეგრძნების, რომ შეგიძლია სხვას დაარიგო, ასწავლო, გააკეთო ღვთისთვის სათნო საქმენი, დახმარება გაუწიო ეკლესიას და მეორე - სწრაფვა იმისკენ, რომ ირგვლივ დაინახონ, შეიტყონ შენ მიერ გაწეული ღვაწლი, ის, თუ რას აკეთებ ხალხისთვის. იგრძნობა ერთგვარი აღტყინება, დაძაბვა, ენთუზიაზმი, ენერგიის მოჭარბება და პირდაპირ თუ არა შეფარვით მაინც ყოველნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ზოგჯერ ვითომდა სიტუაციამ მოიტანა, საუბრისას უბრალოდ ითქვა, რით არიან დაკავებულნი, უნებურად გამახვილდა მასზე ყურადღება; ხანდახან კიდევ პირდაპირ, დაუფარავად ამბობენ სათქმელს, განა რა დიდი დანაშაული და სირცხვილია, სხვამაც გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ზომიერად, არც მაინცდამაინც თვალშისაცემად იქნება ეს ნათქვამი.
მეტად ძნელია ამპარტავნებასთან ბრძოლა. შეიძლება მთელი ცხოვრება წერდე მის შესახებ, ტომები გქონდეს შექმნილი, სხვას აფხიზლებდე, მოუწოდებდე ამ ვნების საშიშროების შესახებ, მიუთითებდე მის გამოვლინებებზე, ასწავლიდე დაპირისპირებას და თავად ისე ჩავარდე ხიბლის მდგომარეობაში, რომ ვერც კი შეატყო. არავინ არის ამ მხრივ დაზღვეული, იმათგანაც კი მრევლს ვინც არიგებდა, მრავალ სასულიერო პირს მოსვლია ასე. მაგრამ ერთი რამ მაინც გამოსაყოფია, სულიერი გამოცდილება ეხმარება ადამიანს დროულად შეამჩნიოს და ებრძოლოს ხიბლის გამოვლენას თავში და თუ საჭიროა, სხვასაც შეეშველოს ამ მხრივ.
ყველანი ხიბლში ვართ, დიდი წარმოადგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ჩვენს მისიაზე ამქვეყნად, მაგრამ მაინც ცალკეა გამოსაყოფი ხიბლის შორსწასული, შეიძლება ითქვას, მკვეთრი გამოვლინების ფორმები, რომლებიც უმრავლესს შემთხვევაში მეტად სავალალოდ თავდება ადამიანისთვის. წმინდა მამები ამგვარი ხიბლის ორ სახეს გამოყოფენ. პირველი, როცა იწყებენ წარმოსახვას იმისა, რომ ხედავენ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, ცის გახსნას, ზეციური სამყაროს სურათებს, ესმით რაღაც ხმები, აქვთ ნარკომანების მსგავსი მოლანდებები, თავში მოსდით ერთი შეხედვით ბრწყინვალე, შთამბეჭდავი იდეები და ჰგორნიათ ეს უფალი კარნახობს მათ. მიიჩნევენ, რომ უზენაესმა აირჩია ისინი, რათა კაცობრიობას მათი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი, მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენათა, სიბრძნეთა შესახებ, აუწყოს რა ელით, თუ იმას არ გააკეთებენ, რასაც მისი „რჩეული" ეუბნება. უნდა ითქვას, რომ ხიბლში მყოფის აზრები, იდეები უმთავრესად მხოლოდ მისთვის არის შთამბეჭდავი, ძალიან საყურადღებო, ბრძნული, სხვის თვალში კი ხშირად ისინი აბსურდულად, სასაცილოდ, გაზვიადებულად მოჩანან. მათი საუბარი არც თუ იშვიათად გაუგებარია, იყენებენ რაღაც განყენებულ, აბსტრაქტულ ტერმინებს, ლაპარაკობენ ქარაგმებით, ზოგჯერ მოჰყავთ ადგილები წმინდა წერილიდან, იმეორებენ ქრისტიან მამათა გამონათქვამებს, მაგრამ ყოველივე ეს საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთლიანობაში რასაც ამბობენ, უსიამოვნო, არამიმზიდველ, ხშირად გაუგებარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მსმენელს სურვილი უჩნდება, მალე განერიდოს მას. ცდუნებულის საუბარს ისეთი დაღი აზის თვითდაჯერების, ამპარტავნების, საკუთარ სიმართლეში დარწმუნების, რომ საღად მოაზროვნე კაცისთვის შემაძრწუნებელი სურათი იქმნება.
ღვთისმშობელმა მაუწყა, ანგელოზებმა განმიცხადეს, წმინდა გიორგი ვნახე ძილში და მან მითხრა - ისე წამოისვრიან, უბრალოდ იტყვიან, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი შეიძლება გაოგნდეს, ეს ვისთან მქონია საქმეო! „პლანეტები რომ ერთ ხაზზე განლაგდებიან, მაშინ დადგება ქვეყნის აღსასრული და რაღაც ხმა გარედან მკარნახობს, რომ ეს მალე იქნება. ვაი, ბედკრულო კაცობრიობავ, რომ იცოდე, რა გელოდება" - დღევანდელი რეალობიდან აღებული ერთ- ერთი ფრაზა ხიბლში მყოფის გამონათქვამებიდან. ზოგჯერ ვხვდებით აბსურდულ მტკიცებებს, როდის რა შეიძლება ჭამოს ადამიანმა და რის მიღებას უკრძალავენ მას ზემოდან, რომ ვთქვათ შემწვარი ნივრის ჭამა შეიძლება, ხახვის კი არაფრის დიდებით. ზემოთქმული მხოლოდ მაგალითია ხიბლში მყოფის წიაღსვლების, ასეთის კი მრავლის ჩამოთვლა შეიძლება.
მათ ხშირად აქვთ რაღაც უცნაური სიტკბოების, სიხარულის, აღტაცების გამომხატველი განცდები. ეს გრძნობები ცდუნებულისა არ ჯდება, ჩვეულებრივ ადამიანურ შეგრძნებათა, ემოციათა ჩარჩოში და ესეც ხიბლში მყოფისთვის იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად წყალობს უფალი, ახლოს არის მასთან. განა უბრალო მოკვდავს შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცდები, უკვე ამქვეყნად გრძნობდეს სამოთხისეულ ნეტარებას?
ზოგჯერ ხიბლში მყოფნი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, დადიან ზამთარში ფეხშიშველნი, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს. ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა, გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ესეც ცდუნებულისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე, განა სხვაგვარად შეძლებდა კი ამას?
ეპისკოპოსს ეგნატე ბრიანჩანინოვს ხიბლის ასეთი შემთხვევა მოყავს. ერთ-ერთი პეტერბურგელი ჩინოვნიკი არასწორი გაძლიერებული ლოცვით იყო დაკავებული, და ამის გამო განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლოცვის ეს არასწორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ამ დროს სხვადასხვა ზეციურ სურათს, წმინდანს, ანგელოზს წარმოიდგენდა, რაც მართლმადიდებელ მამათა მიხედვით მეტად საშიშად ითვლება. ლოცვის ეკლესიური წესი გულისხმობს არა წარმოსახვის გახელებას, არამედ იმ სიტყვების შინაარსის ყურადღებით აღქმას, რომელსაც ვკითხულობთ. ამ დროს ზეციურ სამყაროს მკვიდრთა წარმოდგენა მართლმადიდებლური გაგებით დიდი საშიშროების შემცველია და თუ ეს უნებურად მაინც მოხდა, ასეთი წარმოდგენები უნდა განიდევნოს გონებიდან. ჩინოვნიკს გარკვეული ხნის შემდეგ სხვადასხვა ჩვენებები დაეწყო. ლოცვისას ეჩვენებოდა, რომ ხედავდა ხატებიდან გამომავალ სინათლეს, გრძნობდა წარმტაც სურნელს, პირში ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტკბოების შეგრძნება. იგი რჩევისთვის მონასტერში მივიდა და ერთ-ერთ ბერს თავის შეგრძნებათა შესახებ მოუთხრო. ბერმა აუხსნა, რომ ეს დემონური გათამაშების შედეგი იყო და ურჩია, თავი დაენებებინა არასწორი ლოცვისთვის, რაზეც ცდუნებულმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. განა შემიძლია უარი ვთქვა ასეთ მადლზე? - მიუგო მან. ბერმა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა. თავის მოკვლის სურვილი ხომ არ გიჩნდებაო? როგორ არა, დავაპირე კიდეც, უთხრა ჩინოვნიკმა, მაგრამ გადამარჩინესო. როცა ცდუნებული წავიდა, მონასტრის ძმებმა ბერს ჰკითხეს. თუ საიდან მოუვიდა ასეთი კითხვის დასმა აზრად, რაზეც მან უპასუხა: „როგორც უფლისთვის მოთქმის დროს დგება სინდისის დამშვიდების წუთებიც, რომელიც აწყნარებს მონანულთ, ასევე დემონური ხიბლის ყალბი სიამოვნებისასაც დგება მომენტი, როდესაც ხიბლი თითქოს აშკარავდება და ადამიანს თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს. ამგვარი წუთები საშინელია, მათი სიმწარე და შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთა აუტანელი. ამით ცდუნებულმა ყველაზე ადვილად უნდა იგრძნოს თავის მდგომარეობა და შეეცადოს მისგან განთავისუფლებას. ხიბლის დასაწყისი სიამაყეა, ნაყოფი კი - დიდი ამპარტავნება. ცდუნებული თვლის რა ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად თავს, უგულებელყოფს ახლობელთა გაფრთხილებებს მის დასახსნელად. ამასთან სასოწარკვეთის შეტევები თანდათან უფრო ძლიერდება და ან ფსიქიკური აშლილობით, ან კიდევ თავის მოკვლით ბოლოვდება".
ჩინოვნიკი საბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა: - როცა დიდი სიტკბოებისგან პირში ნერწყვი მიმრავლდება, იქ აღარ ეტევა, იატაკზე მეწვეთება და ეს ცოდვა ხომ არ არისო - ჰკითხა მან ბერს. ასე ამასხარავებს, საცოდავს ხდის ბოროტი ხიბლში მყოფს.
ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: „ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღავართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.
შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემს წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მან მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა.
როცა ანგელოზი გამშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.
ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონზე მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.
ვფიქრობდი რა, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე, კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემს წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა. მიიღო უფალმა შენი მსხვერპლი, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ყოფილიყავი, საჭირო იყო მეორე თვალის დათმობაც.
როგორც პირველ შემთსევაში, ეჭვი არც ახლა შემპარვია, რომ ღმერთი მართლაც ბოლომდე მსხვერპლის გაღებას მოითხოვდა ჩემგან, მაგრამ ძალა არ მეყო დამეთმო მეორე თვალიც. ამის გამო დავნაღვლიანდი და ადგილს ვეღარ ვპოულობდი.
ჩემი ეს მდგომარეობა ბერებმა შეამჩნიეს, ისიც დაინახეს, რომ შევწყვიტე მოძღვართან სიარული და დაჟინებით დამიწყეს თხოვნა, მივსულიყავი მასთან. თანდათან უფრო და უფრო ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში, ამიტომაც ყურად ვიღე მათი დარიგება და მოძღვართან წავედი.
დამინახა თუ არა მოძღვარმა, მითხრა:
ჩემთან რატომ არ მოდიხარ? ვინღა გარიგებს ახლა? ანგელოზი ხომ არ გეცხადება და აკეთებს ამას?
მისმა სიტყვებმა გამაოგნეს. შეამჩნია რა ჩემი შეშფოთება, მოძღვარმა განაგრძო. ეს თვალიც ანგელოზის რჩევით ხომ არ დაკარგე? აქ გონება გამეხსნა, ჩავწვდი საკუთარ ცდუნებას და ცრემლის ღვრით მოძღვარს ფეხებში ჩავუვარდი."
ხიბლში მყოფის ერთ-ერთ მახასიათებლად სულიერი მოძღვრის რჩევების, დარიგებების უგულებელყოფა ითვლება. მოძღვრის იმ შეხედულებების, გამონათქვამების უკუგდება ხდება, რომელიც ცდუნებულის აზრს არ ემთხვევა. ეჩვენებათ, რომ აღარ საჭიროებენ დამრიგებლებს, თავად უფალია მათი მასწავლებელი, ღვთაებრივი მადლი უხსნით გონებას და რაში სჭირდებათ უბრალო ადამიანისგან, თუნდაც მოძღვრისგან რჩევების მიღება. მასთან, ღმერთის „რჩეულთან" შედარებით, მოძღვარი უკვე დიდ არაფრად მოჩანს და თან სულ ადვილი შესაძლებელია მცდარად ურჩიოს, დაარიგოს რამე. თუ ცდუნებულის გამონათქვამებს, სწავლებას ვერ იგებენ, სასაცილოდ იგდებენ, ამას იმით ხსნიან, რომ იმდენად გაუსწრეს დროს, ისე დიდია მათი სიბრძნე, რომ უბრალო მოკვდავნი ვერ ხვდებიან თუ რას ამბობენ. ისევე როგორც წმინდანებს, წინასწარმეტყველებს დევნიდნენ, ხშირად ჰქონდათ უფლის რჩეულებს ამგვარი ხვედრი, მათაც ასევე ავიწროვებს ხალხი. თუ შეეცდებიან დაუმტკიცონ, დაუსაბუთონ, რომ მათი შეხედულებები ეწინააღმდეგება ეკლესიის დაშვებებს, წმინდა მამათა გამონათქვამებს, ისინი თვლიან, რომ შეიძლება ღირსმა მამებმა სულიერების რაღაც დონეს მიაღწიეს, მაგრამ ისინი უფრო მაღლა დგანან და ამიტომაც საბოლოო სიტყვა მათ ეკუთვნის.
უნდა ითქვას, რომ ჩვეულებრივ, ცდუნებულნი ვერ ახერხებენ მდგომარეობიდან გამოსვლას. მხოლოდ უფლის განსაკუთრებულ მადლს შეუძლია, მარტოოდენ რაღაც მძლავრ, საშინელ შემთხვევას, ტრავმას ხიბლში მყოფის გამოფხიზლება, მორჩილებისკენ დაბრუნება, უფალთან კავშირის აღდგენა. თუ გხვდება განკურნების შემთხვევები, ისინი დიდი ტანჯვის, ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ღვთის განსაკუთრებული ჩარევის შედეგია.
ხიბლის მეორე, მკვეთრად გამოხატული ფორმა შემდეგნაირად ვლინდება: თავს დიდი სულიერებით გამორჩეულად წარმოისახავენ, თვლიან, რომ მარხულობენ სხვებისგან განსხვავებულად, აქვთ სასწაულმოქმედების უნარი, შეუძლიათ დიდი ღვაწლის აღება, მოწოდებულნი არიან უხელმძღვანელონ, დამოძღვრონ ხალხი.
გამოყოფილია ის ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რომლითაც დროულად შეიძლება იმის შემჩნევა უახლოვდებიან თუ არა ხიბლის კრიტიკულ ზღვარს.
1 . თვითდაჯერება, თავნებობა, მოძღვრისადმი, სულიერად გამოცდილი ხალხისადმი დამორჩილების სურვილის არქონა.
2. საკუთარი თავის განსაკუთრებულად გამოყოფა, ეგოცენტრიზმი ან ეგოიზმი, გარშემომყოფთა მიმართ სიყვარულის არქონა, ლმობიერების, შემწყნარებლობის გამოუვლინებლობა (შესაძლებელია ყველაზე ახლო ნათესავთა გამოკლებით).
3. სულიერი სფეროს ცალკეულ დაშვებებზე, აზრებზე ყურადღების გამახვილება. მათით ცხოვრებაში ხელმძღვანელობა, ხდება რა ამავდროულად უფლის უმთავრესს ცნებათა, ეკლესიურ სწავლებათა უგულებელყოფა. ცდუნებულის იდეები, აზრები შეიძლება აღებულ იქნას წმინდა წერილიდან, მაგრამ ამასთან ტოვებს სახარებისეული საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას. ყოველივე ეს ხიბლში მყოფს აშორებს უმთავრეს სათნოებებს - სიყვარულს, მორჩილებას და სიმშვიდეს.
ხიბლი დიდი დაბრკოლებაა უფლისკენ სავალ გზაზე. იგი მძლავრი იარაღია ეშმაკის ხელში, რომლის საშუალებითაც ბევრი დაუღუპავს. ამიტომაც ყველას უნდა ჰქონდეს მის გამოვლინებებზე ზოგადი წარმოდგენა მაინც, იცნობდეს ამ მდგომარეობაში ჩავარდნის სხვადასხვა შემთხვევას. ამასთან, აუცილებელია კავშირიც გამოცდილ მოძღვართან, სულიერებით გამორჩეულ ხალხთან, რომელთა რჩევებსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში.
დავით ციცქიშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი
„მართლმადიდებლური ფსიქოლოგია"