ქრისტიანული ოჯახი
„ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ
ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა
წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან,
რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდით
პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა
მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6,31-33)
აი, მოვიდა ადამიანი ამქვეყნად... სამყაროს კიდევ ერთი ხანმოკლე მგზავრი მოევლინა, რომელსაც მარადიულობისაკენ მიმავალ გზაზე, ღვთის განგებით, უამრავი განსაცდელი ელოდება.
როგორც წესი, მას შემდეგ, რაც კაცი სრულწლოვანებას მიაღწევს, გვარის გასაგრძელებლად ოჯახის შექმნას ლამობს. უეჭველია, ჩნდება კითხვა: როგორც შევარჩიოთ ღირსეული თანამგზავრი, რომელიც შეძლებს ყველა ჩვენი სიხარული და მწუხარება გაიზიაროს?
მოჩვენებითია მიწიერი მისწრაფებები, წარმავალია ხილული ბედნიერება, და ნეტარ არს ის, ვინც თავის დროზე შეიცნობს ამას; ვინც შეიცნობს, რომ ყოველი ადამიანის ცხოვრების უმაღლესი მიზანი, რომელიც თავად უფალმა განუწესა, ცხონებაა.
რამდენი მიწიერი კეთილდღეობის მაგალითი დანგრეულა ჩვენს თვალწინ! რამდენ გაცრუებულ იმედსა და დამსხვრეულ ბედს ვაწყდებით ირგვლივ! ამ ყოველივეს მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები, ყველაზე ხშირად, თავიანთი ცხოვრების მოწყობას დამოუკიდებლად, ღვთის გარეშე ცდილობენ.
დასაბამიდან კაცი თავის ოჯახში ეძიებს საკუთარ, პატარა, მიწიერ ბედნიერებას. ოჯახი საზოგადოების ის ნაწილია, სადაც ადამიანთა ზნეობის საძირკველი იყრება. ეს ის სულიერი საწყისია, საიდანაც წარმოიშვნენ ერესები და სახელმწიფოები. მართლმადიდებელი ადამიანებისათვის ოჯახი მცირე ეკლესიაცაა, თუ ის კურთხეული ცოლქმრული სიყვარულით არის განმტკიცებული. ისევ და ისევ იბადება კითხვები: როგორ შევქმნათ მტკიცე, ჯანსაღი, კეთილზნეობრივი ოჯახი? როგორ დავიცვათ იგი მიწიერი საცდურებისგან? როგორ დავიფაროთ ჩვენი შვილები ამასოფლის სულის ზეგავლენისაგან და როგორ აღვზარდოთ ისინი კეთილზნეობრივ ქრისტიანებად? ამ და სხვა საჭირბოროტო კითხვებზე პასუხს ისევ და ისევ ეკლესიის ცხოველსმყოფელ სწავლებაში ვიპოვით. ეკლესიის სწავლება სწორედ ის მაცხოვნებელი აფრაა, რომელიც ყოველთვისს დაგვეხმარება, რომ ჩვენი ოჯახური „ნავი" ამქვეყნიურ ქარიშხლებს ავარიდოთ და უვნებლად მივიყვანოთ სამუდამო ნავთსაყუდელში.
პირველი ოჯახი
„და დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა მცხოვრებს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი" (შესაქმ. 2,20)
ადამმა ცხოველთა შორის ვერ იხილა ვერცერთი არსება, ვისაც აზრებსა და გრძნობებს გაუზიარებდა და ერთად „იუფლებდნენ" მიწიერ ქმნილებებზე.
გარშემო მხოლოდ უგუნური და უტყვი არსებები იყვნენ. ადამიანს ერთიც არ ჰგავდა. როდესაც ადამი ცხოველებს სახელებს არქმევდა, დანაწევრებულ ხმებს წარმოთქვამდა, რითაც თავის აზრებს ხმამაღლა გამოხატავდა. მაგრამ ეს ხმა ჰაერში იკარგებოდა და უპასუხოდ რჩებოდა. ადამს არ შეეძლო, არ ეგრძნო მარტოსულობა და თავისივე მსგავსის არსებობის საჭიროება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავდა, რომ ყველა ცხოველი წყვილად იყო შექმნილი. უეჭველია, მასაც გაუჩნდებოდა სურვილი, რომ გვერდში ჰყოლოდა ისეთი არსება, რომელიც ბუნებით მისი მსგავსი იქნებოდა.
„უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო" (შესაქ. 2,21).
ადამის „ძილქუში" ჩვეულებრივი არ იყო. მძინარე ადამს სულიერი ხედვა გაეხსნა, მსგავსად წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, რომლებიც სულიწმიდის მიერ იყვნენ შთაგონებულნი და ზუსტად ვერ ხვდებოდნენ, ამ დროს სხეულში რჩებოდა თუ არა მათი სული. მათ მსგავსად, ადამს უფალმა ისეთი მდგომარეობა მიანიჭა, რომ სული, გარეგანი გრძნობითი ქმედების გარეშე, ნათლად ხედავდა, თუ რას იქმოდა უფალი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ნეკნი მასზე შეზრდილ ხორცთან ერთად იქნა ამოღებული, ვინაიდან ადამი თავად ასე მიმართავს ევას: „ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი". თუმცა ნეკნის ადგილი ცარიელი კი არ დარჩა, არამედ მაშინვე, ღვთის ნებით ხორცით ამოივსო, ანუ ახალი ნეკნი წარმოიქმნა.
„ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა" (შექ. 2,22).
ადამისთვის ცოლის შექმნის განსაკუთრებული სახით უფალი გვიჩვენებს, რომ ცოლ-ქმარი ბევრად უფრო მჭიდრო თანაცხოვრებისთვის არიან განსაზღვრულნი, ვიდრე ცხოველთა წყვილები. მდედრობითი სქესის ცხოველები მამარობითი სქესის ცხოველებისგან დამოუკიდებლად შექმნა უფალმა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი სჯულით არ არიან დაკავშირებულნი განუყრელი თანაცხოვრებისათვის. ერთადერთი მიზანი ცხოველების წყვილების შექმნისა მათი გამრავლების საჭიროებაა, რისთვისაც სულაც არ არის აუცილებელი განუყრელი თანაცხოვრება. სულ სხვაგვარადაა საქმე ცოლ-ქმრის ურთიერთობაში. ქალის მამაკაცის სხეულისაგან შექმნა იმაზე მიანიშნებს, რომ განუყრელი ურთიერთბისათვის არიან შექმნილნი, რომ სიკვდილამდე ერთმანეთის ერთგულნი უნდა იყვნენ და ერთად არა მხოლოდ იმიტომ უნდა იცხოვრონ, რომ გამრავლდნენ, არამედ შვილები ერთად, ერთობლივი ძალისხმევით აღზარდონ. ხოლო ის გარემოება, რომ ქალი ადამის სხეულის სხვა რომელიმე ნაწილიდან კი არ შეიქმნა, არამედ გვერდიდან, იმაზე მიუთითებს, რომ ის მამაკაცის დასახმარებლად არის შექმნილი, მის გვერდით უნდა იყოს მუდმივად და არ დრტვინავდეს პირველობაზე ოჯახსა და საზოგადოებაში. ის, რომ ქალი ქმარზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორც მისი ერთგული შემწე, იქიდანაც ცხადია, რომ „კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ - ქალი კაცისაგან" (1 კორ. 11,8).
როდესაც უფალმა ქალი შექმნა, იგი მაშინვე ადამს მიუყვანა. ის ფაქტი, რომ ღმერთმა არა მხოლოდ შექმნა ქალი, არამედ თავად უბოძა იგი ადამს, იმაზე მეტყველებს, რომ მათ განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა მიანიჭა და განწმინდა ცოლქმრული კავშირი.
„თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული" (2,23).
ეს სიტყვები ადამმა იმ ხილვის გამო წარმოთქვა, რომელიც უფლისაგან ძილის დროს მიენიჭა. ცოლის დანახვა, რომლის შექმნასაც იგი ძილის დროს სხეულიდან განსვლის მდგომარეობაში უჭვრეტდა, ბუნებრივია, დიდ სიხარულს გამოიწვევდა მასში. ფრიად განიხარებდა, რომ ძილში ნანახი ნაოცნებარი თავისი წარმოსახვის ნაყოფი კი არ იყო, არამედ სრული რეალობა. ადამს უხაროდა, რომ ბოლოსდაბოლოს ჰპოვა მონათესავე არსება, რომელსაც ამაოდ ეძებდა ცხოველთა შორის. სახელი, რომელიც ადამმა ცოლს მიანიჭა, ებრაულ ენაზე კაცის მდედრობითი სქესის სიტყვაა. „დედაკაცი (ებრ. იშა) ერქვას მას, რაკი კაცისაგან (ებრ. იშ) არის გამოღებული".
„ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ" (შეს. 2,24).
ვინაიდან „ქალი მამაკაცისაგან არის გამოღებული", მათ შორის კავშირი ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე მშობლებსა და შვილებს შორის. დედ-მამა ცოდვის გარეშე შეუძლია მიატოვოს ძემ ქორწინებისას და შექმნას ცალკე ოჯახი. მაგრამ ცოლის თვითნებურად მიტოვება ან სხვაში გაცვლა ქმარს ცოდვის გარეშე არ შეუძლია. მათ შორის ერთხელ დამყარებული კავშირი დაურღვეველია. „ქმარი მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ", - ანუ მათი ურთიერთობა იმდენად მჭიდრო უნდა იყოს, რომ ისინი თითქოს ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება არიან. ამიტომაც მოციქულთან ნათქვამია: „ცოლი კი არ არის საკუთარი სხეულის უფალი, არამედ ქმარი; ასევე ქმარიც როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ ცოლი" (1 კორ. 7,4). და ეს არ არის მხოლოდ ადათი ან უბრალოდ ადამიანთა მიერ შექმნილი კანონი, არამედ - ღვთის დადგენილება. თავად შემოქმედმა დაადგინა მეუღლეთა შორის განუყრელი ურთიერთობა, ამიტომაც განქორწინება, გარდა სჯულში აღნიშნული განსაკუთრებული შემთხვევებისა, უსჯულოებაა და ღვთის ნებისადმი ურჩობად ითვლება. „რაც ღმერთმა შეაერთა, კაცი ნუ განაშორებნ", - თავად ბრძანა იესო ქრისტემ. ასევე მრავალცოლიანობაც ეწინააღმდეგება ღვთის რჯულს, რადგან ადამი და ევა ორნი იყვნენ, სწორედ ორნი, და არა მრავალნი. ასევე ორნი იყვნენ ერთხორც და არა მრავალნი.
ქორწინების სიწმიდე
არსებობს თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცთა მოდგმამ თავისი არსებობის ისტორია ველური მდგომარეობიდან დაიწყო და თითქოს აქედან იგი ნელ-ნელა, თანდათანობით გამოვიდა. ამ მოსაზრების მიხედვით, ათასეული წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ცხოველური ინსტინქტები გონიერი და ზნეობრივი მოთხოვნილებებით შეიცვალა. თავისთავად ცხადია, რომ ამ თეორიის მიხედვით, პირველყოფილ ადამიანებს წარმოდგენაც არ უნდა ჰქონოდათ ქორწინების შესახებ. შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ შემთხვევითი, ველური სქესობრივი ურთიერთობა, სქესთა კავშირი კი - არამყარი და ხანმოკლე, რომელსაც საფუძვლად არანაირი ზნეობრივი მოვალეობა არ ექნებოდა. თითქოსდა, ასეთი მშობლების შვილებმა არც კი იცოდნენ მამის ვინაობა და მხოლოდ დედას სცნობდნენ, ისიც მანამდე, სანამ მის ხელთ იყვნენ და ძუძუთი იკვებებოდნენ, ხოლო როგორც კი დამოუკიდებლად იწყებდნენ ცხოვრებას, ცხოველთა მსგავსად, მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტდნენ.
ეს თეორია თავისი არსებობის გასამართლებლად იმ ფაქტს იშველიებს, რომ დღეისათვის ზოგიერთ ველურ ტომს ქორწინება არ გააჩნია. ამგვარი მოსაზრება მხოლოდ ვარაუდებს, ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებებს, არქეოლოგიურ აღმოჩენებსა თუ გეოლოგიურ გამოკვლევებს (რომელთა უმრავლესობაც მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდება ხოლმე) ეყრდნობა.
საქმე ისაა, რომ ის ველური მდგომარეობა, რომელსაც ცდილობენ, რომ ადამიანის პირვანდელ სახედ მოგვაჩვენონ, სრულებითაც არ არის კაცობრიობის დასაბამი. სინამდვილეში მას წინ უსწრებდა მაღალი სულიერი სრულყოფილება. ადამიანი დაეცა ზნეობრივი სიმაღლიდან და ისე ღრმად, რომ ველურ მდგომარეობამდეც კი მივიდა. ასეთმა ადამიანებმა დაკარგეს ქორწინებაზე, როგორც ზნეობრივ კავშირზე, პირველადი შეხედულება, რაც უხეში, ცხოველური ინსტიქტების ბატონობამ შეცვალა (თუმცა ცხოველთა გარკვეულ ჯიშებსაც კი მონოგამიური ურთიერთობები ახასიათებთ). კაცთა მოდგმის ასეთი დეგრადაცია ნათლად აისახა დღევანდელი მსოფლიოს ე.წ. ელიტარულ საზოგადოებაშიც, როდესაც ქორწინებას ხშირად „გელ-ფრენდებსა" და „ბოი-ფრენდებთან" ურთიერთობით ანაცვლებენ და ამას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ.
შესაქმის წიგნს თუ გადავშლით, დავინახავთ, რომ ადამიანი ყველა მიწიერ ქმნილებათა გვირგვინია. თავად შექმნის განსაკუთრებული სახით იგი შეუდარებლად ამაღლებულია მათზე. სხვა მიწიერი არსებები ქვეყანას ღვთის ერთი ბრძანებით მოევლინენ, ცხოველთა სხეული და სამშვინველი ერთსა და იმავე წამს შეიქმნა, თანაც ერთი და იმავე ნივთიერებიდან - მიწისა და წყლისგან. ადამიანის შექმნაში კი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობის რთული ქმედება ჩანს. ადამიანის შექმნას წინ უსწრებს წმიდა სამების პირთა საუბარი. შემდეგ ადამიანის სხეული იქმნება მიწის მტვერისაგან (ფერფლისაგან), სული კი თავად ღვთის ბაგიდან შთაებერება. ყველა ცოცხალი არსებისაგან განსხვავებით, ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ანუ მიღებული აქვს ღვთის სულიერი სრულყოფილების დასაბამი და უსასრულო სულიერი განვითარების უნარი.
ადამისათვის ცოლის შექმნის პროცესიც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ცხოველზე აღმატებულია. მამრობითი სქესის ცხოველები მდედრობით სქესთან ერთად, ერთსა და იმავე დროს შეიქმნენ, და თანაც ერთბაშად, უამრავი რაოდენობით. ადამისთვისაც საჭირო გახდა მისივე მსგავსი მეწყვილის არსებობა. თავად უფალმა, რომელმაც ადამი სამოთხეში დაასახლა, ბრძანა: „არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ მას შემწეს, მის შესაფერს" (2,18). თუ რამდენი დრო გავიდა კაცის შექმნიდან დედაკაცის შექმნამდე, ცნობილი არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იყო დროის შუალედი, ხოლო ხანმოკლე იქნებოდა იგი თუ ხანგრძლივი, სულ ერთია: ეს გარემოება მეტად გასათვალისწინებელია ცოლ-ქმრული ცხოვრების მოწყობისას. ადამს ცოლი თავიდანვე იმიტომ არ მიეცა, როგორც ეს ცხოველთა სამყაროში მოხდა, რომ სანამ მიიღებდა, თავად უნდა დაფიქრებულიყო მის აუცილებლობაზე, თავად უნდა ეგრძნო მისი არსებობის საჭიროება. შემოქმედი მზად იყო, მიეცა მისთვის ქალი, მაგრამ ჯერ თავად მისგან ელოდა ამის სურვილს, რათა შემდეგ შეეთავაზებინა იგი. ძღვენს წინ უსწრებდა მისი მიღების თავისუფალი ნება და სურვილი. უფალი ადამს თავზე არ ახვევს თავის საჩუქარს, რითაც პატივს მიაგებს ზნეობრივ თავისუფლებას იმ არსებისა, რომელიც თავად დააჯილდოვა გონებითა და თავისუფალი ნებით. ამგვარი უფლება ცხოველებს იმიტომ არ მიეცათ, რომ ისინი ზნეობრივი თავისუფლების საწყისს იყვნენ მოკლებულნი.
თავისუფალი განსჯის ძალით ადამი მიხვდა, რომ მისი არსება სავსე არ იყო, შეიგრძნო აუცილებლობა იმისა, რომ თავისივე მსგავსი არსებით შევსებულიყო, რომელიც მის აზრებსა და გრძნობებს გაიზიარებდა. თანაშემწის, სულიერი მეგობრის აუცილებლობის შესახებ აზრი შეიძლება მხოლოდ ადამიანს გასჩენოდა და არა პირუტყვს. და მხოლოდ მეგობრის ყოლის საჭიროებას შეეძლო, ყოფილიყო ცოლ-ქმრული ურთიერთობის საფუძველი და კაცისა და ქალის თანაცხოვრება ზნეობრივ ღირებულებამდე აღემაღლებინა.
თავისთავად ცხადია, რომ ხორციელი ერთობა ამ შემთხვევაში ზნეობრივ საწყისს, ცოლქმრული ერთგულების, განუყრელი თანაცხოვრების მოვალეობის გაცნობიერებას ეფუძნება, ვინაიდან მხოლოდ ამის შემეცნება აკავებს ადამიანს წმიდა ცხოველური ვნებებისგან და მოთოკავს მის გრძნობით ინსტიქტებს.
ადამს, თუმცა არა სრულყოფილად, შეგნებული ჰქონდა ცოლთან ცხოვრების მოვალეობა, იმ არსებასთან, რომელსაც მისი მსგავსი სულიერი, ადამიანური ღირსებები ჰქონდა. მან იცოდა, რომ არ შეეძლო თავისი ინტერესები მისი ინტერესებისგან განესხვავებინა. მაგალითად, არ შეეძლო ისე დაემცირებინა ცოლი, რომ მასთან ერთად თავადაც არ დამცირებულიყო, ვინაიდან იყვნენ „ერთ ხორც". ადამი გრძნობდა, რომ უნდა ეზრუნა ცოლზე, ჰყვარებოდა იგი, ვითარცა თავი თვისი, ვინაიდან „არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა" (ეფ. 5,29).
ცოდვით დაცემის შემდეგ ცოლი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა ქმარზე, „ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე" (შეს. 3,16), - უთხრა უფალმა ევას, რადგან თავადაც დაარღვია მცნება უფლისა და ქმარსაც უბიძგა ცოდვისაკენ. ცოლის ქმარზე დამოკიდებულება განსაკუთრებით მძიმე იყო წარმართობის ხანაში. მას დამონებულად თვლიდნენ.
ქრისტიანობამ კი ცოლისა და ქმრის თანასწორობა დაამყარა, რადგან ქრისტეში „არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა" (გალ. 3,28; ეფ. 5,22), მაგრამ ქრისტიანული სარწმუნოებაც შთააგონებს ქალს, რომ იგი ქმრის თანასწორი მხოლოდ რელიგიურ ურთიერთობაშია, და არ უნდა უგულებელყოს მისდამი, როგორც ოჯახის თავისადმი მორჩილება, და ისე უნდა ემორჩილებოდეს ქმარს, ვითარცა უფალს (ეფ. 5,22).
ქორწინება არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ, უპირველესად, ზნეობრივი კავშირია; დაურღვეველი, ღვთისაგან კურთხეული ე.ი. წმიდა კავშირი.
მონოგამიური ქორწინების სჯულს წმიდად იცავდნენ წარღვნამდელი პატრიარქები. მხოლოდ ერთი გამონაკლისია ცნობილი ძველი აღთქმიდან - ესაა ლამექი (შესაქ. 4,19-22). წარღვნიდან მოყოლებული მოსემდეც ასე იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ აბრაამმა თავისი ქონების გადაცემა გარეშე პირისათვის გადაწყვიტა, ვინაიდან კანონიერი ცოლისგან შვილები არ ჰყავდა (შესაქ. 15,2). მრავალჯერ ქორწინების დაშვების შემთხვევაში კი მას სხვა ცოლისგანაც შეეძლებოდა მემკვიდრის ყოლა. აბრაამის ძეს ისააკსაც ერთი ცოლი ჰყავდა - რებეკა.
იაკობს თუმცა ორი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ეს, როგორც ცნობილია, მისი თავისუფალი ნებით არ მომხდარა. იაკობის ძმა ესავი რო ქანანელზე და ერთ თანატომელზე იყო დაქორწინებული (შესაქ. 28.9; 36,2), რაც მხოლოდ ესავის გრძნობების შეუკავებლობაზე მეტყველებს. ესავის ორ ქანაანელზე ქორწინებამ მრავალი მწუხარება მოუტანა მის მშობლებს, არა მარტო იმიტომ, რომ ეს იყო ადათის დარღვევა, არამედ იმიტომაც, რომ ქანაანი უწმინდურ ტომად ითვლებოდა. აი, ამიტომ ისააკმა იაკობს სთხოვა, ცოლად ქანანელი ქალი არ მოეყვანა. მხოლოდ ქორწინების ზნეობრივ-რელიგიური მნიშვნელობის პატივისცემით შეიძლება აიხსნას ის, რომ პატრიარქთა დროს ღვთის რჩეული ერი მიუღებლად თვლიდა უცხოტომელთნ საქორწინო კავშირის დამყარებას.
ამ დროისათვის განქორწინების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.
პატრიარქთა მომდევნო პერიოდში კი ქორწინების სიწმიდე მოსეს სჯულით იყო დაცული, ვინაიდან ღვთის რჩეულ ერში წარმართებისგან შემოჭრილ ზნეუკეთურობას, სხვა ყველაფერთან ერთად, შეეძლო, ცოლქმრულ ურთიერთობაზეც მოეხდინა მავნე ზეგავლენა.