საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ
23. ლოცვა მიცვალებულთათვის
ყველა ადამიანი ცოდვილია: „თუ ვამბობთ, რომ არ გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს
ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში" (1 იოანე 1,8). მოციქული აგრეთვე
მიგვითითებს: „აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა
განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას" (იაკობი 5,16). ე.ი.
რადგანაც ყველა ადამიანს აქვს ცოდვები და საჭიროა ვილოცოთ ერთმანეთის ცოდვების
მიტევებისათვის, მითუმეტეს, უნდა ვილოცოთ გარდაცვალებულთათვის, რადგან მათ უკვე
თავიანთი თავისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. გარდაცვალებულებს მხოლოდ
ღმრთისადმი ჩვენი ლოცვა და მათ სახელზე მოწყალების გაცემით შევეწევით.
ბიბლიიდან აშკარად მტკიცდება, რომ ადამიანის სული უკვდავია, კვდება მხოლოდ სხეული.
სიკვდილის შემდეგ მას ამქვეყნიური ცხოვრების მიხედვით მიეგება ან ჯოჯხეთი ან
სასუფეველი: „ხოლო ღმერთი მკვდრებისა დაკი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან
მისთვის ყველა ცოცხალია" (ლუკა 20,38). გარდაცვალებულის ხვედრის შემსუბუქებას
ემსახურება ჩვენი, ამ ქვეყნად დარჩენილთა, ღმრთისადმი ლოცვა-ვედრება, რადგანაც
უფალი გვპირდება: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ" (მათე
21,22).
მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
1 ტიმ. 2,1 | შეგაგონებთ ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისათვის. | გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს. | ე.ი. არ მარტო ცოცხლებისათვის, არამედ გარდაცვალებულთათვისაც, რადგანაც ქრისტიანები უფალს მინდობილნი არა მარტო ამ ქვეყენაში ვართ. |
1 კორ. 15,19 | და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. | უკუეთუ ამას ხოლო ცხორებასა ვართ მოსავ ქრისტესა, უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ. | |
2 მაკაბ. 12, 39-45 | მეორე დღეს, რადგან ეს აუცილებელი იყო იმ
დროისათვის, მოვიდა იუდას ხალხი, რომ წამოესვენებინათ ბრძოლაში დაცემულთა
გვამები და ნათესავებთან ერთად მშობლიური სამარხებისთვის მიებარებინათ. ყოველ მოკლულს ქიტონის ქვეშ იამნიის კერპთათვის შეწირული საგნები აღმოუჩინეს, რასაც უკრძალავს რჯული იუდეველებს. ყველასათვის ცხადი გახდა, რა მიზეზითაც დაიღუპა ეს ხალხი. და ყველამ განადიდა მართლმსაჯული უფალი, რომელმაც დაფარული განუცხადა მათ. დაიწყეს ლოცვა, ევედრებოდნენ ღმერთს, სრულად მიეტევებინა მათთვის ეს შეცოდება. ხოლო კეთილშობილი იუდა შთააგონებდა ყველას, ცოდვებს მორიდებოდნენ, რაკი თავისი თვალით ნახეს, თუ რა დაატყდათ თავს ბრძოლასი დაცემულ იუდაელებს შეცოდების მიზეზით. შეკრიბა თითოეული კაცისაგან ორიათასამდე ვერცხლის დრაქმა და იერუსალიმში გაგზავნა, რათა ჩადენილი ცოდვების გამო მსხვერპლი შეეწირათ. მეტად ღირსეულად და პატივისცემით მოიქცა, რადგან აღდგომაზე ფიქრობდა. ბრძოლაში დაცემულთა აღდგომის იმედი რომ არ ჰქონოდა იუდას, ზედმეტად და ამაოდ მიიჩნევდა იგი მიცვალებულთათვის ლოცვას. იმედი ჰქონდა, რომ ღვთისმოსაობაში გარდაცვლილთ დიდებული საზღაური მოელის. წმიდაა და ღვთიური ასეთი ფიქრი. ამიტომაც მოიტანა მაკაბელმა მკვდათათვის გამოსასყიდი მსხვერპლი ცოდვათაგან მათ სალხინებელად. |